fbpx

რა არის ტენდერი და როგორ იყენებს მას მთავრობა?

რა არის ტენდერი

სახელმწიფოს მართვისას მთავრობას სჭირდება პროდუქციის ან მომსახურების შეძენა, რაშიც ბიუჯეტის თანხას იხდის ხოლმე. შესყიდვის პროცესი რომ უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული იყოს, ამისთვის არსებობს ტენდერი.

მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება პოლიციელების ფორმების ყიდვა. სამინისტრო აცხადებს ღია ტენდერს, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს, რომელიც თვლის, რომ ამ ფორმების სამინისტროსთვის მიწოდებას იმ ფასში შეძლებს, რა ფასსაც დამკვეთი იხდის.

შემდეგ სამინისტროს შესყიდვების სამსახურმა ან სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი კომპანია უკეთ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნას და მას მიანიჭონ გამარჯვებულის სტატუსი. წესით, ეს პროცესი ღია, გამჭვირვალე და კონკურენტული უნდა იყოს. თუმცა, ქართულ რეალობაში ტენდერები კორუფციის მთავარი წყაროა, რომელშიც ხშირად იმარჯვებენ ნეპოტისტური ნიშნით შერჩეული სუბიექტები.

აი, ფაქტი“ არაერთხელ გიყვებოდათ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელშიც გაიფლანგა ჩვენი, ყველას საერთო ყულაბიდან ანუ ბიუჯეტიდან ფული, სამუშაო არ შესრულდა, ან შესრულდა ისეთი ხარვეზებით, რომლის გამოსწორებაზეც დამატებით კიდევ ათიათასობით ლარი დაიხარჯა.

მაგალითად, ლენტეხის მერიაში დასაქმებული პირი დედამისს აგებინებდა ტენდერებს და შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოსაც არ ასრულებდა. ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მერმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა.

რა სახის ტენდერი არსებობს?

არსებობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელიც მართავს ერთიან ელექტრონულ სისტემას, სადაც ნებისმიერმა საბიუჯეტო ორგანიზაციამ უნდა განათავსოს განცხადება მის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესახებ. ამ ვებგვერდზე რეგისტრირდებიან კომპანიები ანუ მიმწოდებლები და თვალს ადევნებენ გამოცხადებულ შესყიდვებს.

ელექტრონული ტენდერი 

ელექტრონული ტენდერი ვაჭრობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს ვაჭრობა ღიაა და ყველა მონაწილეს აქვს მასში მონაწილეობის უფლება. გამოცხადებულ შესყიდვაზე რამდენიმე კომპანია აფიქსირებს საკუთარ ფასს და შემდეგ შემსყიდველი თავად ირჩევს მათ შორის ყველაზე სასურველს. თუმცა, კანონის თანახმად, საჭიროა შემსყიდველმა შეარჩიოს ის ვინც აკმაყოფილებს მათ მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს ფასის, გამოცდილებისა და ხარისხის თვალსაზრისით. წესით, იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე დაბალ და ადეკვატურ ფასს შესთავაზებს ხოლმე.

კონსოლიფდირებული ტენდერი

თუმცა, აქ ვხვდებით ძალიან დიდ პრობლემას. კომპანიები, რომლებიც დაბალ ფასს სთავაზობენ შემსყიდველს, შემდეგ ვერ უზრუნველყოფენ ამ დაბალ ფასად სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულებას. ამიტომ გვაქვს ქვეყანაში რემონტიდან ერთ თვეში გაფუჭებული გზა, ხიდი, სკოლა და ბაღი.

„აი, ფაქტი“ ასეთ ამბებს გიყვებათ თითქმის ყოველკვირეულად. მაგალითად, გორში წლები მოუნდნენ საბავშვო ბაღის დასრულებას, ხაშურში ვერ დაასრულეს კულტურის სახლის რემონტი, ზუგდიდში სტადიონი, ქუთაისში თეთრი ხიდი და ა.შ. მხოლოდ ჩვენი მასალებიდან გამომდინარეც კი, ეს სია ძალიან გრძელი გამოდის. 

მეორე პრობლემაა ის, თუ როგორ ამოწმებს დამკვეთი შესრულებულ სამუშაოს და რამდენად ზრუნავს მის ხარისხზე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიმწოდებელს შეუძლია, დამკვეთს უთხრას, რომ თუ ბაღს ავაშენებ, ხარისხს შევამოწმებინებ იმ კომპანიას, რომელიც მე მინდა. ან დამკვეთს შეუძლია მოითხოვოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში.

რეალობაში კი ისე ხდება, რომ დამკვეთი, ანუ მთავრობა ხშირად არც ინტერესდება იმით, თუ როგორი ხარისხით შესრულდა სამუშაო. ან კმაყოფილდებიან მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტების შემოწმებით და რეალურად სამუშაოების ადგილზე არავინ მიდის არსებული მდგომარეობის შესამოწმებლად. მაგალითად, „აი, ფაქტმა“ იპოვა, რომ ასე ჩაიბარა მერიამ ანაკლიაში დაუსრულებელი შენობა.

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ანუ გამარტივებული შესყიდვა

გამარტივებული შესყიდვა არის პროცესი, როდესაც შემსყიდველი არ აცხადებს ღია, კონკურენტულ შესყიდვას და პირდაპირ, მოლაპარაკების საფუძველზე არჩევს კომპანიას ან კერძო პირს, რომელთანაც ხელშეკრულებას აფორმებს. კორუფციისა და ნეპოტიზმის ძირითადი წყარო სწორედ ამ ტიპის ტენდერია.

გამარტივებული ელექტორნული ტენდერი, იგივე გამარტივებული შესყიდვა

გამარტივებული შესყიდვა საბიუჯეტო ორგანიზაციამ უნდა გამოიყენოს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ყიდულობს 5,000 ლარამდე ღირებულების მოსმახურებასს ან პროდუქტს;
  • თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა;
  • საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამშენებლო სამუშაოს შესრულება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
  • სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები და ა.შ.

ახლა რას აკეთებენ ჩვენი სამთავრობო ორგანიზაციები? შესყიდვების დიდ ნაწილს მიაწერენ ხოლმე გადაუდებელ აუცილებლობას, ან სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებას და ამ მიზეზებით ხელშეკრულებას აფორმებენ იმ პირთან, რომელთანაც თავად მოისურვებენ.

„აი, ფაქტი“ ამგვარ შემთხვევებზეც ხშირად გიყვებათ, როცა მთავრობის რჩეულები მათივე მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრებიც კი არიან. მაგალითად, მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი სასტუმროს მომსახურების ტენდერს უფორმებდა საკუთარ დას. კახეთში, სიღნაღის მერია უფორმებდა გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას საკრებულოს წევრის შვილს. ჭიათურის მერის მოადგილის ბიძაშვილსაც მერია გამარტივებულ შესყიდვებს უფორმებს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებების სია, რომელშიც ნეპოტიზმი და კორუფცია ჩანს, აქაც საკმაოდ გრძელია.

იმისთვის, რომ მერიამ ან რომელიმე დამკვეთმა მომსახურების ან პროდუქციის შესაძენად  გამარტივებული შესყიდვის ფორმა გამოიყენოს, საჭიროა, თანხმობა შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოდან. მაგალითად, როცა ჭიათურის მერიას მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება უნდა, ჯერ უნდა მიმართოს სააგენტოს, დაასაბუთოს, რატომ სჭირდება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ამ სამუშაოს შესრულება და თუ სააგენტო დათანხმდება, შემდეგ გააფორმოს ხელშეკრულება. პრობლემა ისაა, რომ სააგენტო კრიტიკულად არ განიხილავს შესულ განაცხადებს და ყველას თანხმობას აძლევს გამარტივებული შესყიდვის გამოყენებაზე.

მაგალითად, როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ყოველ წელს ჯანდაცვის სამინისტრო სამხედრო გაწვევისთვის საჭირო სამედიცინო შემოწმების მომსახურებას უკვეთავს ერთსა და იმავე პირს და ყოველთვის გამარტივებულ შესყიდვას იყენებს? და ამას ამართლებენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარების აუცილებლობით. არადა, წინსწრებით იციან, რომ ეს სერვისი დასჭირდებათ, შეუძლიათ გამოაცხადონ კონკურენტული ტენდერი და ისე შეარჩიონ მიმწოდებელი. მაგრამ არა. 

შესაბამისად არის შავი ხვრელები კანონში, რომელიც საჯარო მოხელეებს ჩვენი გასულელებისა და ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვის საშუალებას აძლევს. საგამოძიებო მასალებზე მუშაობისას საჯარო მოხელეებს ჩვენი ჟურნალისტებისთვის ხშირად უთქვამთ, რომ კანონი მათ ამ ტიპის საქმიანობას არ უკრძალავთ და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება

კონსოლიდირებული ტენდერი

კონსოლიდირებული ტენდერი გულისხმობს შესყიდვის ცენტრალიზებულად განხორციელებას. თუ რა შემთხვევებში უნდა ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერი, ამას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო ტენდერს ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და არა რომელიმე კონკრეტული დამკვეთი.

ტენდერი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მაგალითად, მთავრობამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ცენტრალიზებულად სჭირდება ნავთობის, ფიჭური სატელეფონო მომსახურების, საბურავების ან სატელევიზიო ეთერების დროის შესყიდვა. ამ შემთხვევაში შესყიდვის პროცესს სრულად მართავს შესყიდვების სააგენტო და არა მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ან რომელიმე სხვა უწყება, ისე როგორც ხდება ხოლმე სხვა, ჩვეულებრივი ტენდერის შემთხვევაში.

კონსოლიდირებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ცალკეა თავმოყრილი http://procurement.gov.ge/ka/page/konsolidirebuli-ზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ქუთაისში მუსიკალური სასწავლებლის რეაბილიტაცია შუა გზაზე მიატოვეს
ქუთაისის მუსიკალური სკოლა - რეაბილტიაცია შუა გზაზეა მიტოვებული

ქუთაისში მუსიკალური სასწავლებლის რეაბილიტაცია შუა გზაზე მიატოვეს

სამუშაოების დასრულება შარშან ოქტომბერში იგეგმებოდა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share