ავტორი: საიმონ ბაუერსი
საქართველო აპირებს, საზღვარგარეთ მყოფ წყვილებს, რომლებსაც უშვილობის პრობლემა აქვთ, აუკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა და სუროგატი ქალების დაქირავება.
ეს ამბავი დარტყმას მიაყენებს სუროგაციის ტურიზმის იაფფასიან ინდუსტრიას, რომელიც ხშირად ხმაურიანი განხილვის საგანია. ის მთელ მსოფლიოს მოიცავს და უამრავ ადამიანს ეხმარება გახდეს მშობელი საკუთარი ქვეყნის გარეთ.
ეს რეგულირება პრობლემებს შეუქმნის “ნიუ ლაიფს”, მსოფლიოს წამყვან იაფფასიან სააგენტოს, რომელზეც გასული წლის დეკემბერში კოლაბორაციული ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა, საერთაშორისო გამოცემა “finance uncovered”-ის ხელმძღვანელობით.
“ნიუ ლაიფმა” უარყო რაიმე სახის დარღვევა, მისმა დამფუძნებელმა კი ჟურნალისტები სიცრუის გავრცელებასა და “ფსიქოლოგიურ ფაშიზმში” დაადანაშაულა.
“ნიუ ლაიფი”2008 წელს თბილისში დარეგისტრირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოში სუროგაციის ინდუსტრიის 89%-ს. ეს საქმიანობა კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა დააზარალა, მაგრამ ძალები აღიდგინეს.
ბოლო 15 წლის განმავლობაში, “ნიუ ლაიფმა” ფილიალები გახსნა ინდოეთში, ტაილანდში, კამბოჯაში, უკრაინაში, კენიაში, ნეპალში, სამხრეთ აფრიკაში, კოლუმბიასა და მექსიკაში, თუმცა ზოგიერთი მათგანი დაიხურა, ადგილობრივი კანონების ცვლილებების შედეგად.
არის რისკი, რომ საქართველოში უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია კანონმდებლობით აიკრძალება. ამ ფონზე, “ნიუ ლაიფმა” შესაძლოა საქმიანობის გაფართოება გადაწყვიტოს. სააგენტომ უკვე განაახლა ონლაინ მარკეტინგი კენიის ფილიალისთვის, რომელიც 2019 წელს დახურა.
პანდემიის დაწყებამდე სააგენტოს დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი ამტკიცებდა, რომ “ნიუ ლაიფი” სუროგატებად დაქირავებულ ქალებს თვეში 80-დან 100-მდე ემბრიონს გადასცემდა, რაც ეხმარებოდა მომავალ მშობლებს 73 სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველო გახდა სუროგაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება საშუალო შემოსავლის მქონე წყვილებისთვის, რომლებიც არიან მდიდარი ქვეყნებიდან. ძირითადად, ეს ის ქვეყნებია, სადაც ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული კანონები კრძალავს სუროგაციის ანაზღაურებას.
ბრიტანეთში, სადაც სუროგაცია კანონით არის აკრძალული, ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ 2021 წელს, მარტის თვემდე, ბრიტანელმა წყვილებმა საქართველოში სუროგაციით 22 ბავშვი გააჩინეს და თავინთ ქვეყანაში შეიყვანეს. შვედეთის მონაცემებით კი 2019 წელს საქართველოში დაბადებულ 21 ბავშვს ჰქონდა შვედური პასპორტი.
პრემიერ ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოში სუროგაციის ტურიზმს კრძალავს, ხელისშემშლელი იქნება ბევრი ღარიბი და დაუცველი ქალისთვის, რომ გააფორმონ კომერციული ხელშეკრულებები.
მსოფლიო ბანკის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 42 პროცენტი ცხოვრობს დღეში 5,5 დოლარზე ნაკლებით და 3.8 პროცენტი 1,9 აშშ დოლარზე ნაკლებით. ეს რიცხვები კი უკიდურეს სიღარიბეზე მეტყველებს.
იმავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წელს საქართველოში მშობიარობისას გარდაცვლილი ქალების რაოდენობა ყოველ 100,000 ახალდაბადებულზე 28-ის ტოლი იყო. ეს მაჩვენებელი ბრიტანეთში არის 10, შვედეთში 5, ესპანეთსა და ისრაელში კი 3-3.
„საზოგადოების დიდი ნაწილი წუხს და ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ქვეყნის იმიჯს,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამ რეგულირების დაანონსებისას პრემიერმინისტრმა კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა. 2014 წლიდან უცხოელ გეი წყვილებს ეკრძალებათ საქართველოში სუროგატების აყვანა. ამის მიუხედავად ღარიბაშვილი, რომელსაც ჰომოფობიური გზავნილები ადრეც გაუჟღერებია, ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობა გეი წყვილების შემთხვევაში ეფექტურად არ მუშაობდა. თუმცა, ამ სიტყვების მტკიცებულება არ მოუყვანია.
“ნიუ ლაიფის” გამოაშკარავება
“ნიუ ლაიფის” საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში “ბავშვების მაკლერი”, ჩართული იყვნენ ჟურნალისტები მექსიკური გამოცემა “animal politico-დან, ქართული “აი, ფაქტიდან”, ბრიტანული “ the observer-დან და ესტონური “eesti päevaleht”-დან. გამოძიებას ჰყავდა შტატგარეშე რეპორტიორები კენიიდან და კამბოჯიდან.
პროექტის კოორდინატორი იყო საერთაშორისო გამოცემა “finance uncovered”, ფინანსური მხარდამჭერი კი პულიცერის ცენტრი.
რეპორტიორებმა “ნიუ ლაიფის” შესახებ დაადგინეს:
- სუროგატებად აყვანილი ჰყავდათ მოწყვლადი ქალები, როგორიცაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები.
- გაზარდეს ბავშვის გაჩენის ალბათობა იმით, რომ სუროგატებს 2-3 ემბრიონს გადასცემდნენ. ექსპერტების აზრით ეს სარისკოა, რადგან ჩნდება მშობიარობისას სუროგატი დედების გარდაცვალების რისკი.
- ურჩიეს შვილის ყოლის მსურველ მშობლებს, რომ თუ ბავშვი დაუნის სინდრომით დაიბადებოდა, უკრაინის ობოლთა თავშესაფარში ჩაებარებინათ.
- ნება დართეს ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ყოფილ თანამშრომელს, რომ ემოქმედა, როგორც ბრიტანეთში რეგისტრირებული სათაო იფისის ხელმძღვანელს. ეს კომპანია “ნიუ ლაიფის” სუროგატ ქალებს ხელშეკრულებებს უმზადებდა.
მოგვიანებით, “ნიუ ლაიფმა” ვებგვერდიდან წაშალა რეკლამა და განცხადება ერთზე მეტი ემბრიონის გადატანის შესახებ. ამავდროულად, სააგენტო ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ ამ პრაქტიკას აღარ მიმართავდნენ, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.
ამავდროულად, “ნიუ ლაიფის” საიტებიდან 2015 წლის შემდეგ გაქრა განცხადება დაუნის სინდრომიანი ბავშვების თავშესაფარში დატოვების შესახებ.
ღარიბი და მოწყვლადი ქალების შესახებ კი სააგენტომ ჟურნალისტებს უთხრა, ვამაყობთ იმით, რომ “ბევრ ადამიანს დავეხმარეთ სიღარიბის დაძლევაში და საარსებო წყაროს გამომუშავებაშიო.”
რეპორტიორები ესაუბრნენ ირაკლი ხვიჩიას, თბილისში მდებარე კლინიკა ivf-ის ყოფილ მძღოლს. მას არ სურდა ეპასუხა კითხვებზე, რომელიც ეხებოდა მის საქმიანობას ბრიტანეთში მდებარე ე.წ ჭურვ კომპანიაში, სახელად “new life global networks llp”.
ხვიჩიას და რეპორტიორების საუბრის შემდეგ “ნიუ ლაიფმა” ბრიტანეთის რეესტრში წარადგინა კომპანიის რეგისტრაციის ახალი დოკუმენტები, რომლითაც ირაკლი ხვიჩია ხელმძღვანელის პოზიციას ჩამოაშორეს.
“ნიუ ლაიფმა” გამომძიებელი ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ თქვა, ჩვენი კომპანიები მთელ მსოფლიოში საკანონმდებლო ჩარჩოს მიხევდით მოქმედებენო.
მათ განცხადებაში ნათქვამია: „‘ნიუ ლაიფის’ ასობით თანამშრომელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს, ჩვენ ღრმად გვჯერა მათი პატიოსანი შრომის და გვჯერა ისიც, რომ კიდევ უფრო მეტი რეგულაციები მეტ ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ბავშვების, მშობლებისა და სუროგატი დედების უფლებების დაცვას.”
მოგვიანებით, მიმდინარე წლის თებერვალში, კუკუნაშვილი რეპორტიორების მიმართ კიდევ უფრო მტრულად განეწყო “ბავშვების მაკლერის” გამოძიებაში ჩართულ 11 რეპორტიორს ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა. მან ისინი “ტყუილისა და მახინჯი სათაურების” შეთხზვაში დაადანაშაულა. ისიც დააყოლა, ეს ყველაფერი არაფრითაა ნაკლები “ფსიქოლოგიურ ფაშიზმზეო”.
პოპულისტური ზეწოლა
გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს სუროგაციის ტურიზმის აკრძალვას. ამის საპასუხო მარიამ კუკუნაშვილმა ფეიბუქზე კიდევ ერთი გაბრაზებული პოსტი გამოაქვეყნა. მისი პოსტი პრემიერ ღარიბაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას წინააღმდეგ იყო მიმართული. მან სუროგაციის ტურიზმის შესაძლო აკრძალვას “უნიჭო საბჭოური კანონპროექტი” უწოდა.
ქართული დამოკიდებულება სუროგაცია-ტურიზმის ინდუსტრიისადმი დიდი ხანია ხასიათდება ლგბტ+ თემის მიმართ პოლარიზებული დამოკიდებულებით და უცხოური, განსაკუთრებით დასავლური გავლენის აღქმით.
ქართველების დამოკიდებულებას სუროგაციის ინდუსტრიისადმი განაპირობებს ლგბტ+ თემის მიმართ პოლარიზებული განწყობები, ასევე აღქმები დასავლური გავლენების შესახებ.
ბევრ დასავლურ ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი ან მესამედია ისეთი გეი მამაკაცი, რომელსაც სურს გახდეს მშობელი სუროგაციის საშუალებით. საქართველოში კი გეი მშობლის იდეა კონსერვატორული ჯგუფებისთვის “ანათემაზე გადაცემის” ტოლფასია, განსაკუთრებით ეკლესიასთან დაკავშირებული ჯგუფებისთვის.
2014 წელს, საქართველოს მთავრობამ მოისმინა რელიგიური ლიდერის, პატრიარქ ილია მეორის მწვავე კრიტიკა სუროგაციის ინდუსტრიისადმი. ამის საპასუხოდ, პოლიტიკოსებმა დააინიცირეს მკაცრი კონტროლის მექანიზმები, რომელიც გეი წყვილებს სუროგაციაზე წვდომას უზღუდავს.
პრემიერ ღარიბაშვილს ლგბტ+ თემის მიმართ მტრული განწყობა ადრეც გამოუვლენია. 2021 წელს მან მხარი დაუჭირა კონსერვატიულ ჯგუფებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თბილისში პრაიდის ჩატარებას. წელს მაისში კი ღარიბაშვილი დაესწრო კონსერვატორთა კონფერენციას უნგრეთში.
მიუხედავად იმისა, რომ გეი წყვილები დიდი ხანია გარიყულნი არიან საქართველოში სუროგაციის ტურიზმიდან, ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მაინც არსებობს რისკი, არასათანადოდ რეგულირებულმა ქართულმა ინდუსტრიამ ხელი შეუწყოს გეი მამაკაცების მშობლობას.
“არსებობს ინფორმაცია, რომ ერთსქესიანმა წყვილებმა შეიძლება წაიყვანონ აქ დაბადებული ბავშვები და შეიძლება ბევრი პრობლემა იყოს,”- განაცხადა ღარიბაშვილმა ივნისში, კანონპროექტის დაანონსებისას.
პრემიერის პოლიტიკური ოპონენტები შიშობენ, რომ ღარიბაშვილი წინასაარჩევნოდ პროვოკაციულ და პოპულისტურ ნაბიჯებს დგამს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ოფიციალურად აგრძელებს ევროკავშირთან და დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობებს, ღარიბაშვილის ნაბიჯები პუტინის რუსეთთან კავშირზე უფრო მეტყველებს.
სუროგაციის ტურიზმის კერები
ანაზღაურებადი სუროგაცია აკრძალულია მსოფლიოს ბევრ მდიდარ ქვეყანაში, სადაც კანონმდებლებმა დაასკვნეს, რომ კომერციალიზაცია ღარიბ და დაუცველ ქალებს ექსპლუატაციის საფრთხის წინაშე აყენებს.
ამ აკრძალვების საპასუხოდ, მაინც იზრდება იმ მშობლების რაოდენობა, რომლებიც შვილის ყოლისთვის სუროგატ ქალებს საზღვარგარეთ ეძებენ, ისეთ ქვეყნებში სადაც სუროგაცია კანონიერია.
სუროგაციული ტურიზმის მიმართულებით ყველაზე პოპულარულია შეერთებული შტატები, სადაც ზოგიერთ შტატში, მაგალითად, კალიფორნიაში, ნებადართულია კომერციული კონტრაქტები. თუმცა, ამერიკაში არსებობს მაღალი სამედიცინო გდასახადები და მკაცრი რეგულაციები, რომლის მიზანიც არის ქალების ექსპლუატაციისგან დაცვა.
ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით პოპულარული გახდა დაბალფასიანი ალტერნატიული მიმართულებები, როგორიცაა ინ-ვიტრო. ეს არის განაყოფიერების პროცესი, როდესაც კვერცხუჯრედი ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიაში ნაყოფიერდება.
სუროგაციის ტურიზმის იაფფასიანი მიმართულებები კიდევ უფრო ააყვავა იაფმა ავია-მოგზაურობებმა და ინტერნეტით ქალების დაქირავების შესაძლებლობამ.
უკრაინა წამყვანი იყო დაბალფასიანი სუროგაციის მიმართულებით, 2022 წლის თებერვლამდე, ვიდრე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყებოდა. შედეგად, ბევრი სუროგაციის სააგენტო გადავიდა საქართველოში, რომელიც უკვე საკმაოდ პოპულარული იყო იაფფასინი სუროგაციის მხრივ.
19-დან 35 წლამდე ქალებს, რომელთაც უკვე გაჩენილი ჰყავთ ჯანმრთელი ბავშვები, “ნიუ ლაიფისთვის” სუროგატი დედების ანაზღაურება 12,500 აშშ დოლარს შეადგენდა. ახლა კი სააგენტოს ფეისბუქ გვერდის მიხედვით ეს თანხა 20-22 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამას ემატება 500 აშშ დოლარი ყოველთვიურად, საკვებისა და სამედიცინო პროცედურებისთვის.