fbpx
მდინარეების დასუფთავება - ქუთაისი

ვინ არ/ზრუნავს ქუთაისის მდინარეების დასუფთავებაზე?

ქუთაისმა კონკურს “სუფთა რეგიონი 2020”-ში გაიმარჯვა და იმ წლის ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა. ახლა რიონთან ახლოს თუ ჩაივლით, მარტივად მიხვდებით, რომ ქუთაისს ამ გამარჯვების განმეორება გაუჭირდება.

ქალაქის ცენტრში, წითელ ხიდზე ერთი ურნა დგას, ხოლო ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ – არც ერთი. მდინარის ნაპირი სტიქიურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. ეს ადგილები ტურისტებს ყველა სეზონზე იზიდავს, განსაკუთრებით პოპულარული კი მარტშია, ქუთაისის სავიზიტო ბარათის, მაგნოლიას ყვავილობისას.

მის ფონზე, რიონის პირას თავმოყრილი პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები დიდად სასიამოვნო სანახაობა არ უნდა იყოს. ადგილობრივი მთავრობა კი მდინარეების გასაწმენდად თავს არ იწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის სისუფთავე ქუთაის მერიის ა (ა)იპ “სპეციალურ სერვისებს” ევალება.

oghaskura
მდინარე ოღასკურას სანაპირო. ფოტო გადაღებულია 18 აპრილს

მოუვლელია მდინარე ოღასკურას ნაპირიც. მის მიმდებარედ, დანიელ ჭონქაძის ქუჩაზე მხოლოდ ერთი ნაგვის ურნა დგას. ყველა ნარჩენი, რასაც ურნა ვერ იტევს, წყალში იყრება.

აქვე მცხოვრები მარიამ გულბიანი გვიყვება, მდინარეს ადგილობრივი მთავრობა არასოდეს ასუფთავებს, ზოგჯერ მოსახლეობა წმენდს, საკუთარი ხელითო. მარიამის ეზო ქუთაისის შემაღლებულ უბანს, გორას ესაზღვრება. იქედან დაბლობისკენ გადმოყრილი ნაგავი კი მის ეზოში იფანტება და ვერაფერს ახერხებს, რადგან უკონტროლოდ დანაგვიანებაზე ჯარიმა არ არსებობს.

“ყველაფერ უბედურებას ყრიან. რამდენჯერ ვთხოვეთ ხალხს… გადმოყრის პროცესს ვერ ვხედავთ და ყველა ერთმანეთს აბრალებს, მე არ ვყრი, მე არ ვყრიო. უნდა დავწერო განცხადება მერიაში, რომ ჯარიმა დააწესონ,”- გვითხრა მარიამ გულბიანმა.

მოქალაქეების დაჯარიმებაში ხედავს გამოსავალს ქუთაისელი არჩილ გეგენავაც. მას მეგობრებთან ერთად რიონის ნაპირები ბევრჯერ მოხალისეობრივად დაუსუფთავებია, თუმცა ეს პრობლემას ვერ აგვარებს.

“ნაგვის დაგროვების პრობლემა არის საზოგადოებრივი უკულტურობაა. წლებია მიეჩვივნენ, რომ ნაგავს თუ გადაყრის მიტოვებულ ადგილებში, რიონის ნაპირებზე, ხიდიდან, ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ასე თავისუფლად მოახერხებს ნაგვის გადაყრას. ამაზე პირველ რიგში ქალაქის მთავრობამ უნდა იზრუნოს. დასუფთავების სამსახურმა რაღაც კამპანია უნდა წამოიწყოს,”- ამბობს არჩილ გეგენავა.

ამ სტატიით მოგიყვებით, რას ფიქრობენ ქუთაისელები უთავბოლოდ დაყრილ ნარჩენებზე და რას არ/აკეთებს ადგილობრივი მთავრობა ქალაქის მდინარეების სისუფთავისთვის?

როგორ იქცა სანაპიროები ნაგავსაყრელად?

ქუთაისელები ყველაზე მეტად წუხან ხიდების ქვემოთ, პირდაპირ მდინარეებთან თავმოყრილ ნაგავზე. ამაში თანაქალაქელებს ადანაშაულებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ პრობლემის გადაჭრა  ადგილობრივ მთავრობას მარტივად შეუძლია – საკმარისი რაოდენობის ნაგვის ურნების განთავსებით, უპასუხისმგებლო მოქალაქეების დაჯარიმებით, გამაფრთხილებელი ბანერებით და სისუფთავისკენ მოწოდებებით. ახლა მსგავსი არაფერი ხდება.

დაბინძურებული რიონის სანაპირო
მდინარე რიონი რუსთაველის და წითელ ხიდებს შორის.
ფოტო: ქეთი ბერძენიშვილი, 2023 წლის იანვარი.

“მანდ [წითელ ხიდთან] ხშირად მიწევს გავლა. თვალში მომხვდა ეს სიბინძურე, მაგრამ, “ბუნკერს” ვერ შევხედე ვერსად, ახლო-მახლოს. არადა, ისეთი აქტიური ადგილია,”- წერდა ქუთაისელი დავით მარგველაშვილი ფეისბუქ ჯგუფში.

ურნები არ აქვთ არც მწვანეყვავილაზე, რიონის ნაპირას მდებარე ძველ ისტორიულ უბანში. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ნაგვის წასაღებად მანქანა კვირაში ერთხელ მოდის. იქვე ჩამომდინარე რიონი კი საყოფაცხოვრებოს გარდა, სამშენებლო ნარჩენებითაც ბინძურდება.

“მოდიან სატვირთო მანქანები და ცლიან სამშენებლო ნაგავს პირდაპირ რიონში. ეს ყველაფერი ეკოსისტემას აზიანებს და ვიზუალურადაც ამახინჯებს… არ დგას არც ბანერი, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ ნაგვის დაყრა აკრძალულია. ეს ჩვენი, მოსახლეობის შეგნების დაბალ დონეზე მეტყველებს, მაგრამ თუ ვინმეს არ ესმის, სახელმწიფომ ხომ უნდა გააგებინოს?” – გვითხრა მწვანეყვავილას უბნელმა სალომე ჩუბინიძემ.

დაბინძურებული მწვანეყვავილა ქუთაისში
დაბინძურებული რიონი მწვანეყვავილას უბანში.
ფოტო: სალომე ჩუბინიძე, 2023 წლის 4 აპრილი

ქალაქის მოსახლეობის ნაწილმა ჩვენთან საუბარი მხოლოდ ანონიმურად ისურვა. ყველა მათგანის აზრით, მოქალაქები უპასუხისმგებლოდ უკონტროლო სიტუაციის გამო იქცევიან. არ აქვთ შიში და რიდი, რომ ვინმე დააჯარიმებთ, ეს ქაოსი კი ადგილობრივი მთავრობის დაუდევრობითაა გამოწვეული.

“რიონისპირა ტერიტორიების დაბინძურების პრობლემა ყოველთვის იყო და იქნება მანამ, სანამ პირველ რიგში მოსახლეობა არ მივა შეგნებამდე, რომ ნაგავი მდინარეში არ უნდა გადაყარონ. მეორე რიგში, სანამ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი არ ამოქმედდება. არ ვიცი ახლა ვის ეხება, მაგრამ ძველი დროიდან მახსოვს, ქალაქის მერი ამბობდა, რომ რიონისპირა ტერიტორიის დასუფთავება მათ არ ეხებოდათ,”- გვითხრა რიონთან ახლოს, ლესელიძის ქუჩის მკვიდრმა, ვინაობის გასაჯაროვების გარეშე.

“რიონის პირას ნაგავი მართლაც მრავლადაა. აქ არც საკმარისი ნაგვის ურნებია. დაბინძურებულია წითელი ხიდის ქვემოთა ტერიტორიაც. ხალხი ვერ შეიგნებს, თუ ვინმემ არ დააჯარიმა, კაციშვილი არ მოდის და არ აჯარიმებს. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს. არც დასუფთავებული მინახავს მაგ ადგილი, ვერ ვიხსენებ,”- გვითხრა ანონიმურად ქუთაისის კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქუჩაზე ცხოვრობს.

“ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” ხელმძღვანელი, გიდი ლაშა ბერეკაშვილი გვეუბნება, რომ სტიქიურ ნაგავსაყრელებს წლებია აწყდება ტურისტულად მიმზიდველ მარშრუტებზეც.

“მოსახლეობას ნაგავსაყრელები ქაოტურად აქვს მოწყობილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე. არ არის ესთეტიური და მისაღები ტურისტებისთვის, ბინძურდება ქალაქი. ამიტომ, არ არის საინტერესო ეს ადგილები ამოვარდნილია მარშრუტებიდან. აქტივისტებიდან თუ არ ამოიღო ვინმემ ხმა, ისე [პასუხისმგებელი პირები] არ რეაგირებენ, მოსახლეობას არც აჯარიმებენ, არც ესაუბრებიან,”- გვითხრა ლაშა ბერეკაშვილმა.

დაბინძურებული წითელი ხიდის ტერიტორია ქუთაისში
რიონის სანაპირო წითელ ხიდთან.
ფოტო: ქეთი ბერძენიშვილი, 2023 წლის 26 მარტი

ბუნებრივია, დანაგვიანებული მდინარეები უარყოფითად მხოლოდ ქალაქის იერსახეზე არ მოქმედებს. ღია სივრცეში თავმოყრილი ნარჩენები ჰაერსაც აბინძურებს და საფრთხეს უქმნის ცოცხალ არსებებს, როგორც ხმელეთზე, ისე წყალში.

ეკოლოგი ქეთევან ცხაკაია გვიყვება, რომ წყალში, ძირითადად, პლასტმასის ნარჩენები იყრება. პლასტმასი მდგრადია, ზოგიერთი 500-1000 წლის განმავლობაშიც არ იშლება და ხშირად ჩიტების და თევზების დაღუპვას იწვევს. გარდა ამისა, მიკროპლასტიკი, ანუ 5 მილიმეტრამდე ზომის პლასტმასის ნარჩენები ხვდება ადამიანის ორგანიზმშიც. ადამიანზე მისი საზიანო ფაქტორები კი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.

“წითელ ხიდთან კონტეინერებიც დგას და ყრიან პირდაპირ მდინარეში. დასუფთავების აქციები ხშირად ტარდება. დაქანებული ადგილია და რთულია დასუფთავება, მაგრამ ცოტა ხანში ისევ იწყებენ ნარჩენების დაყრას. ეს ცნობიერებასთან არის დაკავშირებული და ვერ დავაბრალებთ ვინმე სხვას. ჯარიმები კანონით არის გათვალისწინებული, საკმაოდ დიდი ნუსხაა ამ სანქციების და ზოგადად, ეს სანქციები მუნიციპალიტეტებში არ მუშაობს ისე აქტიურად,”- გვითხრა ქეთევან ცხაკაიამ.

საქართველოში ბუნების, მათ შორის მდინარეების დაბინძურებისგან უნდა გვიცავდეს კანონი გარემოს დაცვის შესახებ. ცალკე გვაქვს კანონი წყლის დაცვის შესახებ. როგორც ჩანს, სამართლით თითის ქნევა ქუთაისელებისათვის არაფერს ნიშნავს, რადგან მისი აღმსრულებელი და მაკონტროლებელი ადგილობრივ მთავრობაში არავინაა.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს გარემოს დაცვის თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

ვინ და როგორ უნდა აღკვეთოს მდინარეების დაბინძურება?

ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა ევალება ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებს, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. წესდების მიხედვით, ა(ა)იპ-ის საქმიანობის საგანი ქუთაისის ტერიტორიის დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და ნაგავსაყრელზე გადატანაა.

მათივე მოვალეობაა ქუთაისის ცენტრალური ქუჩების და მოედნების მორწყვა-ჩარეცხვა, ღვარსადენების შეკეთება, სანიაღვრე სისტემის ჭის თავების და ცხაურების შეკეთება-გასწორება. ა(ა)იპ-ის შინაგანაწესში იმასაც ვკითხულობთ, რომ მათი პასუხისმგებლობაა ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ხიდების მოაჯირების მოვლა-პატრონობა. თუმცა, არაფერია ნათქვამი იმაზე, ვინ უნდა გაწმინდოს ხიდის ქვეშ მოგროვებული ნარჩენები, ან რა გზით.

ამ ა(ა)იპ-ში 2022 წლის ბოლოს 555 თანამშრომელი მუშაობდა. მათ ხელფასებზე 430 ათასი ლარი დაიხარჯა. ა(ა)იპ-ში დასაქმებულები არიან მეეზოვეები, ცალკეა დასუფთავების უზრუნველყოფის განყოფილება. როგორც ჩანს, ისინი მდინარეებთან დაყრილ ნარჩენებს არ ეხებიან. ა(ა)იპ სპეციალური სერვისების პრესსამსახურში გვითხრეს, მდინარის სანაპირო ზოლის დასუფთავებას კანონი ჩვენ არ გვავალებს და ნაგვის დამყრელის დაჯარიმებაც მერიის საქმეაო.

“თვითნებური ნაგავსაყრელების ტერიტორიის გაწმენდა [ჩვენს მიერ] დასუფავების აქციის ფარგლებში ხორციელდება, მაგრამ ამის ვალდებულება, სამართლებრივად დაკისრებული, ჩვენ არ გაგვაჩნია. ქალაქის მასშტაბით გვაქვს კონკრეტული ნუსხა, სია, საიდანაც გვევალება ყოველდღიურ რეჟიმში ქუჩის დაგვა თუ ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა,”- გვითხრა გიორგი მჟავანაძემ, ა(ა)იპ-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

სიამოვნებით მოვისმენდით, რას ფიქრობენ ქუთაისის მერიაში, რას უპირებენ ნაგავსაყრელად ქცეულ სანაპირო ზოლს, აქვთ თუ არა გეგმა, როგორ გააკონტროლონ მოქალაქეები და საჭიროების შემთხვევაში, დააჯარიმონ კიდეც. ან საერთოდ, რატომ არ ზრუნავენ გარემოს დაცვის კანონმდებლობის აღსრულებაზე. ეს ყველაფერი მერიას ვკითხეთ. პასუხები ზედამხედველობის სამსახურს უნდა მოეცა. საჯარო ინფორმაციის გამოგზავნის ვადა ამოიწურა, თუმცა წერილზე პასუხი არ მიგვიღია.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს გარემოს დაცვის თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
ბექა ოდიშარია 
Beka Odisharia

ბექა ოდიშარია 

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share