დასაქმება საჯარო სამსახურში მიმზიდველი კარიერული არჩევანია. ეს გასაგებიცაა — სტაბილური სამუშაო გარემო და კარიერული განვითარების შესაძლებლობები მნიშვნელოვანი ფაქტორებია პროფესიული არჩევანის გაკეთებისას. თუმცა, რეალობა უფრო კომპლექსურია. რა არის საჯარო სამსახური, როგორ ხდება დასაქმება და რა გამოწვევები არსებობს ამ სფეროში?
ამ ბლოგში გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემის, არსებული რეგულაციების, პრაქტიკისა და იმ რეალობის შესახებ, რომელშიც დღეს საჯარო მოხელეებს უწევთ მუშაობა.
საჯარო სამსახურის სისტემა: რა უნდა იცოდეთ
საჯარო სამსახური გულისხმობს საქმიანობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში. მარტივად რომ ვთქვათ, დამსაქმებელი სახელმწიფო სტრუქტურაა, მაგალითად, რომელიმე სამინისტრო, პარლამენტი, მერია ან სხვა უწყება, რომელიც ბიუჯეტით ფინანსდება.
დასაქმება საჯარო სამსახურში კონკურსის საფუძველზე ხდება. ამის მიზანია, ერთი მხრივ, დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის – გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, კანდიდატებისთვის თანაბარი და კონკურენტული გარემოს შექმნა.
თუმცა, არსებობს გარკვეული თანამდებობები, სადაც კანონი უკონკურსოდ დანიშვნის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. მაგალითად, ასეთია პოლიტიკური თანამდებობები, რომელზეც კადრებს პრეზიდენტი, პარლამენტი, პარლამენტის თავმდჯომარე ან პრემიერმინისტრი ნიშნავს.
საჯარო სამსახურში გარკვეულ პოზიციებს უკონკურსოდ იკავებენ ის პირებიც, რომლებიც დროებით დანიშნული არიან. ასეთი თანამდებობებია, მაგალითად, მინისტრის მოადგილე, მრჩეველი, თანაშემწე…
პირს, რომელსაც აქვს უფლება, რომ საჯარო სამსახურში ახალი კადრი აიყვანოს, შეუძლია ეს ადამიანი გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს, 6 თვით დაასაქმოს. ამ პერიოდში აფასებენ მის პროფესიულ უნარებს და პიროვნულ თვისებებს, რომ დაადგინონ, რამდენად შეესაბამება ის დაკავებელ თანამდებობას.
არსებობს გამონაკლისი – გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება პრეზიდენტის, პარლამენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერმინისტრისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ არჩეულ მოხელეებზე.
დასაქმება საჯარო სამსახურში განსაკუთრებულ პასუხისმგებლობებთან ერთად გარკვეულ შეზღუდვებსაც მოიცავს.
- საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, ანუ კომპანიის ხელმძღვანელი, ან მისი საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს (საბჭოს) წევრი.
- საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება, ჩართული იყოს სამეწარმეო საქმიანობაში ან იყოს კომპანიის ხელმძღვანელი. შეუძლია ფლობდეს მხოლოდ აქციებს და წილებს.
- ასევე, აკრძალულია შემოსავლის მიღება იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც ის სამსახურებრივად ზედამხედველობს.
ეს შეზღუდვები ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებასა და საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
დასაქმება საჯარო სამსახურში: კონკურსის პროცესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საჯარო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება HR.GOV.GE-ზე. განაცხადების მიღება მეორე დღეს იწყება და კანდიდატებს არანაკლებ 10 დღე ეძლევათ დოკუმენტების წარსადგენად. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია როგორც განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი, ისე საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია, მაგალითად, პირადობის მოწმობა.
HR.GOV.GE-ზე გამოქვეყნებული განცხადება მოიცავს დეტალურ ინფორმაციას: დაწესებულებისა და თანამდებობის დასახელებას, კანდიდატისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, შესასრულებელ სამუშაოს, თანამდებობრივ სარგოს და განაცხადის წარდგენის ვადებს.
კონკურსს წარმართავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც კანდიდატების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან აფასებს. მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, კომისია შედგება როგორც უწყების წარმომადგენლებისგან, ასევე მოწვეული ექსპერტებისა და პროფესიული კავშირების წევრებისგან.
კონკურსის დასრულების შემდეგ, კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატს ირჩევს. წარმატებულ კანდიდატს ეძლევა ორი კვირა, რათა წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია. დანიშვნის შემდეგ მოხელე საჯარო სამსახურში პროფესიულ საქმიანობას იწყებს.
ნეპოტიზმი, როგორც გამოწვევა
კანონმდებლობის დონეზე, თითქოს, ყველაფერი რიგზეა — დეტალურადაა გაწერილი პროცედურები, მოთხოვნები, მაქსიმალური გამჭვირვალობისათვის პლატფორმაც კი შეიქმნა. თუმცა, საჯარო სექტორში ნეპოტიზმის არსებობაზე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ჟურნალისტური გამოძიება მიუთითებს. სანამ აქამდე მივალთ, გავიხსენოთ, რომ 2020 წელს, აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ საჯაროდ განაცხადა – არაფერია განსაცვიფრებელი იმაში, თუ ვიღაცამ ვიღაცას “ქართულ ჯიგრულ პონტში” რაღაც გაუკეთაო.
რეალურად კი ნეპოტიზმი კორუფციის ფორმაა და თავს იჩენს მაშინ, როდესაც ახლობლებს პრივილეგიებს ან თანამდებობებს კვალიფიკაციის გარეშე ანიჭებენ. ეს მანკიერი პრაქტიკა ამცირებს გამჭვირვალობას, ზიანს აყენებს კონკურენციას და ხელს უწყობს არაეფექტურ მმართველობას.
გარდა ამისა, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ არჩევნები საქართველოში 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ნეპოტიზმით დანიშნული, შესაბამისად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი საჯარო მოხელეები ადმინისტრაციული რესურსის სახით ხშირად გამოიყენებიან.
საჯარო სექტორში ნეპოტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი მესტიის მუნიციპალიტეტშია, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 11 მაღალჩინოსნის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული.
აი,ფაქტები:
- პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები მესტიის მერიასა და საკრებულოში არიან დასაქმებულები;
- მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ძმა ერთ-ერთი ა (ა) იპ-ის აღმასრულებელი დირექტორია;
- საკრებულოს თავმჯდომარის, მაიზერ ჯაფარიძის შვილი, მესტიის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი სპეციალისტია.
TI აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევები უტყუარად არ გულისხმობს, რომ დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით მოხდა, თუმცა ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს შორის ნათესავური კავშირების დიდი რაოდენობა აძლიერებს ეჭვებს ნეპოტიზმის არსებობის შესახებ.
ასევე, ნათქვამია, რომ ნეპოტიზმი განსაკუთრებით პრობლემურია მუნიციპალურ იურიდიულ პირებში, სადაც დასაქმება საჯარო მოხელეთა დანიშვნისგან განსხვავებით, კონკურსის გამოცხადების ვალდებულებას არ ითვალისწინებს.
მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტშიც, სადაც მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მერად არჩევიდან სულ რაღაც ორ თვეში, პირადი ბრძანებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თავმჯდომარედ საკუთარი მეგობარი და “ნათლიმამა” – გიორგი შათირიშვილი დანიშნა. შათირიშვილმა კი, რვა თვის შემდეგ, გორის #1 ბაღის დირექტორად უკონკურსოდ დაასაქმა საკუთარი სიდედრი.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის 2021 წლის კვლევის მიხედვით, რომელმაც შეისწავლა საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილება, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას სწორედ ნეპოტიზმის გამო გამოთქვამენ.
შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც აჩვენებს, რომ ნეპოტიზმი ადგილობრივი ხელისუფლებებისადმი უნდობლობისა და უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
2024 წელს ძალაში შესული ცვლილებები — რა უნდა იცოდეს საჯარო მოხელემ
ნეპოტიზმის გარდა, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს საჯარო სამსახურის სისტემაში მიმდინარე ბოლოდროინდელი ცვლილებები. 2024 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არსებითად ცვლის საჯარო სამსახურის სისტემას და მნიშვნელოვნად ამცირებს მოხელეთა სამართლებრივ გარანტიებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ცვლილებები, რომელიც საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს შეეხო. ისინი აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. ისინი იქნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, რაც მათ პოზიციებს არასტაბილურს ხდის. მაგალითად, ეს ნიშნავს, რომ დეპარტამენტის უფროსებს ხელშეკრულება შეიძლება შეუწყდეთ ნებისმიერ დროს, 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით.
გამკაცრდა შეფასების სისტემაც. მოხელეები ახლა ყოველ 6 თვეში ერთხელ შემოწმდებიან. ადრე, ეს წელიწადში ერთხელ ხდებოდა. შესაბამისად, ახალი ცვლილებით, ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდება. გარდა ამისა, არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მოხელეს თანამდებობრივი სარგოს 20% უკავდება.
განსაკუთრებით პრობლემურია რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები. ახალი ცვლილებით, რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურე, სხვა საჯარო უწყებაში ვეღარ იმუშავებს. გარდა ამისა, ამ დროს, მას არ მისცემენ კომპენსაციას, ხოლო გასაჩივრევის შემთხვევაში, სამსახურში მაინც არ აღადგენენ. თუ სასამართლო გადაწყვეტს, საჯარო უწყება მათ მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის.
ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ასუსტებს საჯარო სამსახურის სტაბილურობას და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპებს – კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, მიუკერძოებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე დაფუძნებული სისტემის ჩამოყალიბებას.