ადგილობრივი თვითმმართველობის გამართულად მუშაობისთვის კვალიფიციური საჯარო მოხელეებია საჭირო, რომლებმაც უნდა იცოდნენ პროფესიული ეთიკა, კომუნიკაცია, საჯარო სამსახურის ფუნქციონირების საბაზისო წესები. თანამშრომლებს რომ ეს ყველაფერი ასწავლონ, ამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტებში ყოველწლიურად ათიათასობით ლარია ხოლმე გამოყოფილი.
ქუთაისის მერია თანამშრომლების გადასამზადებლად ყოველწელს 50 ათას ლარს გამოჰყოფს. ამ სტატიაში გიყვებით როგორ მუშაობს ეს პროგრამა იმერეთის დედაქალაქში.
საჯარო მოხელეების გადამზადება 2018 წლიდან გახდა სავალდებულო. კანონის მიხედვით, მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამები ორი სახისაა, საბაზისო და დამატებითი. საბაზისო პროგრამას ახალდანიშნული საჯარო მოხელე გადის. დამატებითი პროგრამების შინაარსი კი უკვე დასაქმებულთა საჭიროების მიხედვით დგინდება.
საჯარო მოხელეებს მათი რანგების მიხედვით გადაამზადებენ ხოლმე. I რანგს მიეკუთვნება მაღალი მმართველობითი დონე, II რანგს საშუალო მმართველობითი დონე წარმოადგენს, III რანგი უფროსი სპეციალისტის დონეა, ხოლო IV რანგს უმცროსი სპეციალისტები მიეკუთვნებიან.
მე-3 და მე-4 რანგის მოხელის პოზიციაზე ახალი კადრის დანიშვნისას, პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა მას 24-საათიან კურსს სთავაზობს. ასწავლიან შემდეგ საგნებს:
- ადმინისტრაციული წარმოება;
- ეთიკა საჯარო სამსახურში;
- პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
- ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა;
II და I რანგის მოხელის პოზიციაზე ახალი კადრის დანიშვნისას კი მას „მოხელის მენეჯერული უნარები” 40-საათიან კურსს სთავაზობს მერია. კურსი შემდეგ საგნებს მოიცავს:
- სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნების და ამოცანების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება);
- მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა;
- გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე;
- პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა;
- საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები.
ნინო დოლიძე საჯარო მმართველობის ექსპერტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. გვეუბნება, რომ საბაზისო ტრენინგები ზოგადი და ზედაპირულია.
“თვითმმართველობას რაც ევალება, იმას აკეთებს, საბაზისო ტრენინგებს გადიან. პრობლემა ისაა, რომ საბაზისო პროგრამა არის ძალიან მწირი, მაგალითად, სტრატეგიული დაგეგმვა, ლიდერობა, მოტივაცია, ყველაფერი ის, რაც მაღალი რგოლის მენეჯერებმა უნდა გაიარონ, სულ, ჯამში, არის 40 საათი. 40 საათი მარტო ერთ სტრატეგიულ დაგეგმვას შეიძლება არ ეყოს. საბაზისო პროგრამების სისტემა არის ზედაპირული,” – გვითხრა ნინო დოლიძემ.
ახალდანიშნული მოხელისთვის საბაზისო პროგრამების გავლა სავალდებულოა. ასევე საბაზისო პროგრამებს გადის ის მოხელე, რომელიც დაწინაურდა და ერთი რანგიდან მეორეში გადადის.
პროფესიული საჯარო მოხელის განვითარების გეგმას მუნიციპალიტეტების მერიები ყოველწლიურად უნდა ადგენდნენ. მუდმივად დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის უნდა ტარდებოდეს დამატებითი ტრენინგებიც. თუ რაში უნდა გადამზადდნენ საჯარო მოხელეები, ამას მათი საჭიროებიდან გამომდინარე მერია თავად ადგენს.
“ტრენინგსაჭიროებების ანალიზი ხდება ასე: hr დაუგზავნის დეპარტამენტის უფროსებს კითხვარებს თუ რა ტრენინგები სჭირდებათ, ისინი თვითონ წერენ. მოხელემდე არავინ აღარ ჩადის, არ ეკითხება იმას რა სჭირდება”, – გვეუბნება ნინო დოლიძე.
საჯარო მოხელეებს ყოველწლიურად აფასებენ. შეფასებისას ყველაზე დაბალი ქულა 1-ია, ხოლო მაღალი 4. შეფასების მეთოდს დაწესებულება საზღვრავს. საჯარო მოხელე შეიძლება შეფასდეს მისი მიზნების (რა მიზნები აქვს დასახული და მიაღწია თუ არა), კომპეტენციის (მის თანამდებობაზე რა კომპეტენციაა საჭირო და აკმაყოფილებს თუ არა), ან ფუნქციების მიხედვით.
ამ შეფასების დროს თუ საჯარო მოხელე მიიღებს დაბალ ქულას, მისი უშუალო ხელმძღვანელი უნდა აანალიზებდეს, რა კომპეტენციები აკლია მას. ამის მიხედვით, უნდა იდებოდეს ინდივიდუალური განვითარების გეგმა.
გადამზადების პოლიტიკა ქუთაისის მერიაში
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საბაზისო პროგრამა სულ 64 საჯარო მოხელემ გაიარა. ამისთვის სახელფასო ფონდიდან 20,544 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება მუდმივად დასაქმებული საჯარო მოხელეების დამატებით ტრენინგებს:
- 2018 წელს 68 ტრენინგი ჩატარადა, რომელსაც 68 საჯარო მოხელე დაესწრო. დაიხარჯა 31,777 ლარი.
- 2019 წელს 36 ტრენინგი ჩატარადა. 57 საჯარო მოხელე დაესწრო. დაიხარჯა 28,259 ლარი.
- 2020 წელს 39 ტრენინგი ჩატარადა. 114 მოხელე დაესწრო. დაიხარჯა 23,653 ლარი.
- 2021 წელს 15 ტრენინგი ჩატარადა. 24 საჯარო მოხელე დაესწრო. 11,371 ლარი დაიხარჯა.
მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018-2021 წლებში სასწავლო პროგრამებს ძირითადად მერი, მისი მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურების უფროსები და პირველი და მეორე კატეგორიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ქუთაისის მერიაში საჯარო მოხელეებს ორჯერ “აფასებენ”, არსებობს შუალედური და წლის ბოლოს შეფასება. წესით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა შეფასებას იმსახურებენ მათ მიერ დაქირავებულები. მერიამ გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არაა.
ქუთაისის მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, შორენა ხურციძე გვეუბნება, რომ პრიორიტეტი ახალდანიშნული საჯარო მოხელეების საბაზისო პროგრამებში გადამზადებას ენიჭება.
“დანარჩენი თანხა ნაწილდება სხვა საჯარო მოხელეებზე. რამდენად შედეგიანია ესა თუ ის ტრენინგი, ყოველდღიური ურთიერთობა გვაჩვენებს ამას თანამშრომლებთან. მაგითი ხო არ ვცხოვრობთ, რომ მხოლოდ ტრენინგი იყოს. მოსახლეობასთან გვაქვს უშუალო კონტაქტი, სხვადასხვა თემები და სხვადასხვა განცხადებებია, ყოველდღიური სამუშაოა”, – გვითხრა შორენა ხურციძემ.
მიუხედავად არსებული გადამზადების პროგრამებისა, ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათი მუშაობის ხარვეზებზე საუბრობენ. აკაკი საღინაძე ორგანიზაციას “რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის” ხელმძღვანელობს. გვეუბნება რომ ქუთაისის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ.
“სერიოზული პრობლემა გვაქვს, ეს იქნება საჯარო მოხელის უნარ-ჩვევებისა და ეთიკის, თუ საკუთარ საკითხში კომპეტენტურების. მათ მთავარია ანგარიშვალდებულება მოიხადონ, ელემენტარული დოკუმენტაციები და საბუთები დაალაგონ და იმის იქეთ რა ტიპის შედეგებზე მიდის საქმე, დიდ ყურადღებას არ აქცევენ”.
ქუთაისის საჯარო მოხელეების არაპროფესიონალიზმზე საუბრობს საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძეც: “ბევრმა თავისი უფლება-მოვალეობები არ იცის. კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. იგივე მდგომარეობაა დღეს, რაც ადრე წლებში იყო, ყველა პასუხისმგებლობას ერიდება”.