პირადობის მოწმობა, ანუ ID ბარათი, საქართველოს მოქალაქის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ეს მცირე ზომის, მაგრამ აუცილებელი დოკუმენტი არა მხოლოდ ადასტურებს თქვენს ვინაობას, არამედ გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ მრავალი სახელმწიფო თუ კერძო სერვისით.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ID ბარათის დანიშნულებას, მისი გაცემის პროცედურას, უსაფრთხოების საკითხებს და პასუხს გავცემთ ხშირად დასმულ კითხვებს.
პირადობის მოწმობის დანიშნულება და მახასიათებლები
ID ბარათი თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული დოკუმენტია, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ მოქალაქეებს უსაფრთხო და მრავალფუნქციური საიდენტიფიკაციო საშუალება ჰქონდეთ.
პირადობის დამადასტურებელ მოწყობილობაზე დატანილია მფლობელის ძირითადი პერსონალური მონაცემები:
- სახელი, გვარი
- დაბადების თარიღი და ადგილი
- მოქალაქეობა
- სქესი
- პირადი ნომერი
ასევე, ბარათზე მოცემულია მფლობელის ფოტოსურათი და პირადი ხელმოწერა. ეს ინფორმაცია საშუალებას აძლევს სხვადასხვა დაწესებულებას სწრაფად და მარტივად შეძლოს პიროვნების იდენტიფიკაცია.
ID ბარათის (პირადობის მოწმობა) უნიკალურობა მის ელექტრონულ კომპონენტშია. ბარათში ჩაშენებული მიკროჩიპი ინახავს დამატებით ინფორმაციას. ეს საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ისარგებლონ სხვადასხვა ელექტრონული სერვისით, მაგალითად, ონლაინ საბანკო მომსახურებით ან სახელმწიფო პორტალებზე წვდომით.
მაგალითად, 2024 წლის ელექტრონული არჩევნებისათვის, სწორედ პირადობის მოწმობით ხდება ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მოქალაქეების გადამოწმება. ამისათვის, ეწვიეთ ვებგვერდს – https://voters.cec.gov.ge/ შეიყვანეთ პირადი მონაცემები – პირადი ნომერი, გვარი და იხილეთ ის საარჩევნო უბანი, სადაც ხმის მისაცემად ხართ რეგისტრირებული.
პირადობის მოწმობის მიღების პროცედურა
პირადობის მოწმობის მიღება საქართველოში მარტივი და გამჭვირვალე პროცესია. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირადობის მოწმობა სავალდებულოა 14 წელს მიღწეული ყველა მოქალაქისთვის. თუმცა, საჭიროების და სურვილის შემთხვევაში, მისი აღება, მეურვის თანხლებით, 14 წლამდე პირსაც შეუძლია.
ID ბარათის მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სახლის რომელიმე ფილიალს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის კი ეს სერვისი საკონსულო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებშია ხელმისაწვდომი.
ეს მრავალფეროვანი არჩევანი უზრუნველყოფს სერვისის ხელმისაწვდომობას ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.
იმისათვის, რომ პირადობის მოწმობა აიღოთ, რამდენიმე დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, ესენია:
- ელექტრონული მოწმობის თაობაზე დადგენილი ფორმის განცხადება;
- ბიომეტრიული ფოტოსურათი;
- დაბადების მოწმობა და მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.
თუმცა, თუ ეს ინფორმაცია უკვე ასახულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, მათი ფიზიკურად წარდგენა აღარ არის საჭირო.
პირადობის მოწმობის ფასი 2024 წლის მონაცემებით
- სტანდარტული სერვისი, რომელიც 10 სამუშაო დღეს მოიცავს – 60 ლარი ღირს.
- თუ გსურთ, მოწმობა უფრო სწრაფად მიიღოთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ დაჩქარებული სერვისით – 5 სამუშაო დღეში დამზადებული პირადობის მოწმობა – 80 ლარი ღირს,
- 3 დღეში – 100 ლარი,
- 24 საათში – 120 ლარი,
- ხოლო იმავე დღეს – 150 ლარი.
სრულად თავისუფლდებიან გადასახადისგან სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ს არ აღემატება.
ასევე, უფასოა პირადობის მოწმობა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ფიზიკურად დაშავებული პირებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოქალაქეობა პირადად საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიენიჭათ.
დროებითი და მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობები
ბინადრობის მოწმობა პირადობის მოწმობის გარკვეული ტიპია, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის. ის ადასტურებს პირის მოქალაქეობას, ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე. არსებობს ორი ტიპის ბინადრობის მოწმობა: დროებითი და მუდმივი.
დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებზე და დროებითი ცხოვრების უფლებით გაცემული ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებზე. დოკუმენტის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.
მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა კი გაიცემა იმ პირებზე, რომლებსაც საქართველოში დაუდგინდათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი მუდმივი ცხოვრების უფლებით; ან უცხოელებზე, რომლებზეც გაცემულია ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით.
ორივე ტიპის მოწმობის მისაღებად საჭიროა წარადგინოთ:
- პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი;
- ბინადრობის ნებართვა;
- ბიომეტრიული ფოტოსურათი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- არასრულწლოვანებისთვის დამატებით საჭიროა დაბადების მოწმობა.
დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა დამოკიდებულია პირის სტატუსზე და შეიძლება იყოს 3 წელი ან შესაბამისი სტატუსის მიხედვით განისაზღვროს. მუდმივი ბინადრობის მოწმობა კი გაიცემა 5 წლის ვადით.
ორივე ტიპის მოწმობის გაცემის ვადა და საფასური ერთნაირია:
- 10 სამუშაო დღეში – 60 ლარი.
- 5 სამუშაო დღეში – 80 ლარი.
- 3 სამუშაო დღეში – 100 ლარი.
- 24 საათში – 120 ლარი.
- იმავე დღეს კი – 150 ლარი.
არსებობს გარკვეული შეღავათებიც. მაგალითად, სოციალურად დაუცველი პირებისთვის და სტუდენტებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ პირმა ბინადრობის ნებართვის მიღებიდან ან სტატუსის დადგენიდან 1 თვის ვადაში აიღოს შესაბამისი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა. ასევე, 9 წლის ასაკიდან სავალდებულოა მოწმობაზე პირადი ხელმოწერა.
ბინადრობის მოწმობები ექვემდებარება ჩანაცვლებას ვადის გასვლისას, გამოყენებისთვის უვარგისობისას ან დაკარგვისას, სახელის ან გვარის შეცვლისას, ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას…
პირადობის მოწმობა და უსაფრთხოების საკითხები
ID ბარათი, როგორც მნიშვნელოვანი პერსონალური ინფორმაციის მატარებელი დოკუმენტი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. პირადი ნომერი, რომელიც ID ბარათზეა დატანილი, წარმოადგენს პირის უნიკალურ იდენტიფიკატორს და მისი არასათანადო გამოყენება შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ID ბარათი თავისთავად უსაფრთხო დოკუმენტია, მისი არასწორი გამოყენება მაინც შეიცავს გარკვეულ რისკებს. მაგალითად, პირადი ნომრის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა ონლაინ სერვისის მიღება (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებაზე ინფორმაციის გაცემა), ფინანსური ვალდებულებების აღება (ონლაინ სესხი) ან თქვენი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა არ გაუმჟღავნონ თავიანთი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს, განსაკუთრებით, ინტერნეტ გვერდების მეშვეობით.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:
- ყურადღებით მოეკიდეთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს;
- შეინახეთ ID ბარათი და მისი ასლები უსაფრთხო და დაცულ ადგილას;
- არ დატოვოთ პირადობის მოწმობა/ასლი უყურადღებოდ;
- არ გადასცეთ ბარათი სხვა პირებს, თუნდაც დროებით (რაიმე ნივთის დაბრუნების პირობით)
- გაანადგურეთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები მათი გამოყენების შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აღმოაჩენს, რომ მისი პერსონალური მონაცემები არაკანონიერად დამუშავდა, მას უფლება აქვს მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მაკონტროლებელ ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
ეს ორგანო დაიცავს თქვენს უფლებებს და რეაგირებას მოახდენს პერსონალური მონაცემების არაკანონიერი დამუშავების ფაქტებზე, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია ჰიბრიდული ომის საფრთხეების ფონზე.
ხშირად დასმული კითხვები
ID ბარათის მფლობელებს ხშირად უჩნდებათ კითხვები ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესახებ. ყველაზე გავრცელებული კითხვებია:
რა უნდა გავაკეთოთ ID ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?
თუ თქვენ დაკარგეთ პირადობის მოწმობა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.
მათ შეუძლიათ გააუქმონ დაკარგული ბარათი და გასცენ ახალი. ეს პროცედურა მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად და შესაძლო თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.
როგორ შევცვალოთ ვადაგასული მოწმობა?
პირადობის მოწმობას აქვს მოქმედების განსაზღვრული ვადა – სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის 10, ხოლო არასრულწლოვანებისთვის 4 წელი. ვადის გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა მიმართოთ შესაბამის სამსახურს ახალი ბარათის მისაღებად.
დამატებით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის განახლება ონლაინ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეცაა შესაძლებელი. დისტანციური სერვისების განყოფილებაში შეგიძლიათ აირჩიოთ პირადობის ელექტრონული მოწმობის განახლების შესაძლებლობა და შეავსოთ განაცხადი.
პროცესისთვის დაგჭირდებათ ბიომეტრიული ფოტოსურათი. ვადაგასული პირადობის მოწმობა კარგავს თავის ფუნქციას და ვეღარ გამოიყენებთ მას ოფიციალური პროცედურებისთვის, მაგალითად, ვერ შეასრულებთ მთავარ მოქალაქეობრივ მოვალეობას და ვერ მიიღებთ პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას.
შეიძლება თუ არა ID ბარათის გამოყენება საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის?
ამჟამად, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ID ბარათით, პასპორტის გარეშე გადაკვეთონ მხოლოდ საქართველო-თურქეთის საზღვარი. სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის კვლავ საჭიროა პასპორტი.
რა უნდა გააკეთოთ, თუ ID ბარათზე დატანილ ინფორმაციაში შეცდომას ამოაჩენთ?
ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ დოკუმენტში შეცდომით დაფიქსირებული ან მოძველებული პერსონალური მონაცემის გასწორება და განახლება.
საბოლოოდ, პირადობის მოწმობა, იგივე ID ბარათი არის არა მხოლოდ იდენტიფიკაციის საშუალება, არამედ მოქალაქის იდენტობის ნაწილი, რომელიც აადვილებს ურთიერთობას სახელმწიფოსთან და ხელს უწყობს თანამედროვე, ეფექტური სერვისების ხელმისაწვდომობას.