fbpx
რა არის ელექტრონული არჩევნები 2024 საქართველოში

ელექტრონული არჩევნები 2024 საქართველოში: ინოვაცია, გამოწვევები და პერსპექტივები

ელექტრონული არჩევნები  ტრადიციული საარჩევნო პროცესის თანამედროვე, ტექნოლოგიური ალტერნატივაა, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სიზუსტისა და ეფექტიანობის გაზრდას. 

ელექტრონული არჩევნების პროცესი სამ ძირითად ეტაპს მოიცავს:

  1. ამომრჩევლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია: ბიომეტრიული პირადობის მოწმობით ან/და თითის ანაბეჭდით ამომრჩევლის ვინაობის დადგენა და რეგისტრაცია;
  2. ხმის მიცემა: ამომრჩეველი აფიქსირებს თავის არჩევანს სპეციალურ ბლანკზე, შემდეგ კი მას ათავსებს არა საარჩევნო ყუთში, არამედ სპეციალურ სკანერში. ეს აპარატი ამომრჩევლის არჩევანს “ხედავს”, ინახავს და დანარჩენ შედეგებს ათვლის. 
  3. ხმების დათვლა: ხმები ავტომატურად ითვლება და ჯამდება ელექტრონული სისტემების მიერ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომების ალბათობას და აჩქარებს შედეგების გამოცხადებას;

ელექტრონული არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ორი ძირითადი ფორმით:

  • საარჩევნო უბანზე: ამომრჩეველი მიდის ადგილზე და იქ არსებულ ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებს;
  • დისტანციურად: ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნოლოგიებით, ნებისმიერი ადგილიდან.

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა შესაძლებელია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ზოგიერთ უბანსა თუ ოლქში – პილოტირების მიზნით.

საქართველოს კონტექსტში, 2024 წლისთვის, პროპორციულ არჩევნებში მოქალაქეთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს. იგულისხმება, რომ საარჩევნო უბნები ვერიფიკაციის სპეციალური აპარატებით აღიჭურვება. მოწყობილობები მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილ ინფორმაციას MRZ წამკითხველის საშუალებით წაიკითხავს. 

გარდა ამისა, დაგეგმილია ხმის მთვლელი მოწყობილობების გამოყენებაც. ეს აპარატები კონკრეტული უბნის ბიულეტენებს აღრიცხავს, დაითვლის თითოეული კანდიდატის მიერ მიღებულ ხმებს და ბათილ ბიულეტენებს.

ელექტრონული არჩევნების უპირატესობები – სწრაფი, ზუსტი, გამჭვირვალე პროცესი

ელექტრონულ არჩევნებს აქვს ისეთი უპირატესობები, რომელიც არსებითად ცვლის საარჩევნო პროცესს და აუმჯობესებს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას.

შედეგების სწრაფი და ზუსტი დათვლა

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისას მცირდება ადამიანური შეცდომების ან შედეგების მანიპულაციის შესაძლებლობა. დამთვლელი მოწყობილობები ცალ-ცალკე თუ ინტეგრირებულად აღიქვამს ამომრჩევლის გაკეთებულ არჩევანს და უბნის დახურვიდან უმოკლეს დროში შეჯამებულ შედეგებს იძლევა. ეს სრულიად განსხვავდება იმ რეალობისგან, როცა უბნის დახურვის შემდეგ ხმების დათვლა საათობით იწელება და პირველადი შედეგების გამოქვეყნებაც გვიანდება. 

არჩევნების გაყალბების ეფექტიანი პრევენცია

ელექტრონული ტექნოლოგიები მიუკერძოებელია, რაც მათ გრძელვადიან პერსპექტივაში სანდოსა და ეფექტიანს ხდის. ამ სისტემით შესაძლებელია საარჩევნო ყუთებში ,,ბიულეტენების ჩაყრის” მავნე გამოცდილების აღკვეთა. ასევე, იდენტიფიკაციის ელექტრონული ტექნოლოგიები აღმოფხვრის მრავალჯერადი ხმის მიცემის პრაქტიკასაც.

საარჩევნო პროცესის გრძელვადიანი ხარჯეფექტიანობა

არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯი საკმაოდ მაღალია. გრძელვადიან პერსპექტივაში, ელექტრონულ არჩევნებს ბიულეტენების ბეჭდვისა და დისტრიბუციის, ასევე, სხვა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება შეუძლია. მაგალითად, ბრაზილიაში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ ხარჯი ერთ ამომრჩეველზე 5-დან 3 აშშ დოლარამდე შემცირდა. ესტონეთში კი, ონლაინ ხმის მიცემის პრაქტიკის დანერგვით, ხარჯმა ერთ ამომრჩეველზე 1-5-დან 0.1-0.5 ევრომდე იკლო.

საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ამაღლება

სისტემისადმი ნდობის შექმნა ყველაზე კრიტიკული გამოწვევაა. ელექტრონული სისტემები ეფექტურია იმდენად, რამდენადაც ხალხი მათ ენდობა. უფრო მოქნილი, ინკლუზიური, სწრაფი და მანიპულაციისგან დაზღვეული სისტემა მოქალაქეებში ელექტრონული არჩევნებისადმი ნდობასა და ინტერესს აამაღლებს. თუმცა, ნდობის დამკვიდრებას შესაბამისი სოციალური კონტექსტი და პოლიტიკური კონსენსუსიც სჭირდება.

საერთაშორისო გამოცდილება – რას გვასწავლის სხვა ქვეყნების მაგალითები?

საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს სომხეთის, მოლდოვასა და ყირგიზეთის მაგალითები. ეს ქვეყნები, საქართველოს მსგავსად, პოსტსაბჭოთა სივრცეს მიეკუთვნებიან და მსგავსი პოლიტიკური თუ სოციალური გამოწვევების წინაშე დგანან. მათი გამოცდილება აჩვენებს როგორც წარმატებებს, ასევე პრობლემებს, რომლებიც შეიძლება მსგავსი სისტემების დანერგვამ წარმოიქმნას.

სომხეთმა 2017 წელს დანერგა ამომრჩეველთა აუთენტიფიკაციის მოწყობილობები (VADs). ეს სისტემა მოიცავს ამომრჩეველთა სიის ელექტრონულ ბაზას, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამკითხველსა და თითის ანაბეჭდის სკანერს. VADs-ის იმპლემენტაციამ გაზარდა ამომრჩეველთა ნდობა – ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” საყოველთაო გამოკითხვაში 62% აცხადებდა, რომ პროცესები გაცილებით გამჭვირვალე გახდა. თუმცა, გამოვლინდა გარკვეული ტექნიკური ხარვეზებიც – მაგალითად, სკანერი თითის ანაბეჭდს სრულყოფილად ვერ აღიქვამდა.

მოლდოვა 2008 წლიდან ეტაპობრივად ავითარებდა საარჩევნო სისტემაში ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს. 2014 წელს სახელმწიფო ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემა SAISE შემოიღეს. თავდაპირველად გამოვლინდა სერიოზული ხარვეზები – სისტემა გადაიტვირთა და უბნების 59%-ზე გაითიშა. თუმცა, შემდგომში პროგრამა განვითარდა და ბოლო წლების არჩევნებზე ეფექტურად ფუნქციონირებდა.

ყირგიზეთმა ამომრჩეველთა ბიომეტრიული იდენტიფიკაციის სისტემა და ავტომატური ბიულეტენების სკანერები 2015 წლიდან დანერგა. ეს სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტრონული არჩევნების გაყალბების რისკებს. თუმცა, თავდაპირველად საზოგადოება სკეპტიკურად იყო განწყობილი, ინფორმაციის ნაკლებობის გამო.

საპილოტე ელექტრონული არჩევნები საქართველოში  2023 წლის აპრილში შუალედური/რიგგარეშე კენჭისყრისას ჩატარდა. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე დადებითი ასპექტი გამოვლინდა. მაგალითად, ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა გაამარტივა და დააჩქარა საარჩევნო პროცედურები, განსაკუთრებით ამომრჩევლის იდენტიფიცირების ნაწილში. უმეტეს შემთხვევებში, საარჩევნო კომისიებმა შეძლეს წინასწარი შედეგების ქვითრების უპრობლემოდ ამობეჭდვა ელექტრონული აპაეატებიდან, რამაც პროცესის გამჭვირვალობა განაპირობა.

თუმცა, სისტემის დანერგვამ გამოავლინა გარკვეული გამოწვევებიც. რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ვერიფიკაციისა და ხმის მიცემის/დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობის ხარვეზები, რამაც ზოგ შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი შეაფერხა. 

ზოგიერთ უბანზე კომისიის წევრებს, განსაკუთრებით კენჭისყრის პროცესის დასაწყისში, უჭირდათ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება და სჭირდებოდათ ზემდგომების დახმარება. ასევე, ამომრჩევლების დიდ ნაწილსაც გაუჭირდა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენება და საჭიროებდა დახმარებას ბიულეტენის სკანირების პროცესში.

მაშინ,  როცა ამომრჩეველს  აპარატში ბიულეტენის განმეორებით მოთავსება უწევდა, ან როცა ბიულეტენი ფუჭდებოდა და ცალკე ინახებოდა, არ არსებობდა ეფექტური მექანიზმი, რომელიც დაიცავდა ამომრჩევლის არჩევანის ფარულობას. რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა სისტემის სანდოობისთვის.

ეს მაგალითები აჩვენებს, რომ ელექტრონული საარჩევნო პროცესის დანერგვა შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის გასაზრდელად. თუმცა, ამავდროულად მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსებს – საზოგადოების მომზადებას, ინფორმირებულობას და ტექნიკურ მზაობას. 

ამომრჩევლის გზამკვლევი – როგორ მოვემზადოთ ელექტრონული ხმის მიცემისთვის

ელექტრონული არჩევნების დროს საარჩევნო პროცედურები მნიშვნელოვნად იცვლება. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისას გადის შემდეგ ეტაპებს:

  1. ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრთან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან პასპორტს წარადგენს  და მარკირების პროცედურას გადის;
  2. შემდეგ მიემართება სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც რეგისტრატორი პირადობის მოწმობას ვერიფიკაციის აპარატში ატარებს. თუ ამომრჩეველს აქვს არაელექტრონული პირადობა ან წარადგინა პასპორტი, მონაცემები ხელით შეჰყავთ; 
  3. მოქალაქე ხელს აწერს ამომრჩევლის ვინაობის დამადასტურებელ ქვითარს, იღებს ბიულეტენს და სპეციალურ კონვერტს;
  4. საარჩევნო კაბინაში შესვლის შემდეგ, ამომრჩეველი მარკერით აფერადებს და არ ხაზავს არჩევანს, შემდეგ კი შევსებულ ბიულეტენს ათავსებს კონვერტში;
  5. ბოლო ეტაპზე, მოქალაქე ბიულეტენს ხმის დამთვლელ აპარატში ათავსებს. 
როგორ წარიმართება ხმის მიცემის პროცესი იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება?

შშმ პირთა მონაწილეობა ელექტრონულ არჩევნებში 

შშმ პირებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური პროცედურები:

  • ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმა მისცენ შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ ადაპტირებულ უბანზე. ამისათვის, მათ უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო/საუბნო კომისიას არჩევნებამდე არაუგვიანეს 11 დღისა;
  • ზედა კიდურების არმქონე პირები არ გადიან მარკირების პროცედურას და შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ სხვა პირის დახმარებით;
  • უსინათლო მოქალაქეებისთვის არსებობს სპეციალური ბიულეტენები, რაც მათ დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ხოლო მცირემხედველ ამომრჩეველს შეუძლია მოითხოვოს გამადიდებელი ლინზა. 

საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურა შემდეგნაირია:

  • ხმის მიცემა ხდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე;
  • მონაწილეობისთვის საჭიროა საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა ან საარჩევნო რეგისტრაციის გავლა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი);
  • ხმის მისაცემად აუცილებელია საქართველოს მოქალაქის მოქმედი ვადიანი პასპორტი ან პირადობის მოწმობა;
  • ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ უბანზე პირადად გამოცხადებით და არა დისტანციურად;
  • საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, თუ დადგება საკონსულო აღრიცხვაზე  ან გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, კანონიერად იმყოფება საზღვარგარეთ თუ უკანონოდ.

ელექტრონული არჩევნების სისტემა საქართველოში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია უფრო სწრაფი, ზუსტი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისკენ. მიუხედავად გამოწვევებისა, როგორიცაა ტექნიკური ხარვეზები და ხმის მიცემის ფარულობის დაცვა, სისტემას აქვს პოტენციალი,  გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესები.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა არჩევნებამდე საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები ცესკოს ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში გადაამოწმონ, რათა თავიდან აიცილონ პრობლემები არჩევნების დღეს. სისტემის წარმატება დამოკიდებულია როგორც სახელმწიფოს ძალისხმევაზე, ისე მოქალაქეების აქტიურ ჩართულობაზე. 

გამოყენებული წყაროები

იხილეთ ასევე:

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რას გვპირდება “ალტ-ინფოსა” და “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ალიანსი? 
qaveri alt-info

რას გვპირდება “ალტ-ინფოსა” და “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ალიანსი? 

16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს მთავრობამ კონსტანტინე მორგოშია და ზურა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share