fbpx
ra mokhdeba sakartveloshi

რა მოხდება საქართველოში 2-3 თვეში? 

ავტორი: ნინო აფაქიძე

თუ წელს “ქართული ოცნების” მიერ ახლახანს მიღებული ყველა კანონი ამოქმედდა, ხმის ამოღებას ვეღარ შეძლებთ და საჯარო პროტესტიც ისტორიის ნაწილი გახდება. შეგვეძლება მხოლოდ ჩურჩულით გამოვხატოთ უკმაყოფილება ხელისუფლებაში მოკალათებულთა მიმართ, რადგან ახალი “კანონით” საჯარო მოსამსახურისა და პოლიტიკური პირის მიმართ სიტყვერი შეურაცხყოფა დაისჯება 1 500 – 4 000 ლარით ან 45 დღემდე პატიმრობით. 

ხალხის პრობლემებზე ვეღარც მედიაში მოისმენთ. მთავრობა მათ „ობიექტურობის სტანდარტს“ დაუწესებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსება შეუწყდება, რაც ბევრისთვის საქმიანობის შეწყვეტას ნიშნავს. თუმცა, ხელისუფლება გრანტების სამინისტროს შექმნის, რომელიც მხოლოდ იმ პროექტებს დააფინანსებს, რომლებიც მათ მიზნებს მოერგება.

ასე კრიტიკული ხმა გაქრება და საღამოს ტელევიზორი ყველა არხზე ერთსა და იმავეს გვაჩვენებს – “მშვიდობა, ერთიანობა, პროგრესი.” “ქართული ოცნება” ამ ცვლილებებს „სტაბილურობისთვის აუცილებელ ზომებად“ შემოგვასაღებს. ჩვენ ამ რეალობამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

მოვლენების მსგავსი განვითარება უცხო არ არის. როცა მოქალაქეების უკმაყოფილება იზრდება და ქუჩებში მასობრივი პროტესტი იწყება, ავტორიტარული რეჟიმები პანიკას არ ეძლევიან – მათ უკვე აქვთ გეგმა. 

უპირველესად, პროტესტი უკანონოდ უნდა გამოცხადდეს – ამისთვის ხელისუფლება ახალ კანონებს იღებს, რომლითაც ნებისმიერი დემონსტრაცია „სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებად“ ცხადდება. შემდეგ მოდის მასობრივი დაკავებები – ლიდერების, აქტიური დემონსტრანტების დასჯა, ხალხის დაშინება. ბოლოს, ძალადობა და პროპაგანდა – მთავრობა დემონსტრანტებს და კრიტიკულ ორგანიზაციებს „უცხოელ აგენტებად“ ნათლავს და ცდილობს, საზოგადოება მათ წინააღმდეგ განაწყოს.

როგორ მოქმედებს ეს სცენარი რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის და უკვე საქართველოს მაგალითზეც ვნახეთ. 

კრიტიკული მედია და დაანონსებული შეზღუდვები

იგეგმება აგენტების კანონის “მესამედ მოსვლა”. ქართულმა ოცნებამ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ინიცირება იჩქარა. დოკუმენტის ტექსტში შეხვდებით ტრემინებს: “კონგრესი” “აშშ-ის ფარგლებს მიღმა მცხოვრები პირი”,”პრინციპალი”, ალბათ იმის დასამტკიცებლად, რომ კანონი ამერიკული FARA-სგან სიტყვა-სიტყვითაა ნათარგმნი. სწორედ ეს ტერმინები ტექსტს ბუნდოვანს ხდის და მისი ქართულ რეალობასთან სრული შერწყმა რთულდება.

კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 19 თებერვალს დარეგისტირდა. “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” შეეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კანონი “უცხოურ აგენტებად” რეგისტრაციას ავალდებულებს. მოთხოვნა ვრცელდება ორგანიზაციებსა და სხვა სუბიექტებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და საჯარო საქმიანობაში მონაწილეობენ. მოთხოვნების ჯეროვნად არ შესრულების შემთხვევაში ფიზიკური პირები ჯარიმით ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო იურიდიული პირები ჯარიმებით დაისჯებიან.

კანონპროექტის ტექსტიდან გამომდინარე, იგი, შესაძლოა, მედიაზეც გავრცელდეს, თუ ისინი “უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე” მოქმედებენ. მაგალითად:

  • თუ მედიასაშუალება დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს (უცხოური მთავრობისგან, ორგანიზაციისგან ან სხვა უცხოური წყაროდან); 
  • თუ მისი საქმიანობა, შეიძლება, ჩაითვალოს საზოგადოებაზე ან პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენად, რაც კანონპროექტში პირდაპირ არის აღნიშნული;
  • თუკი ის მონაწილეობს “პოლიტიკურ საქმიანობაში”, რაც კანონპროექტის მიხედვით ფართოდ განიმარტება და შესაძლოა მოიცავდეს ისეთ საქმიანობებს, რასაც ჟურნალისტებიც ეწევიან.

“ქართული ოცნების” გათვლით, კანონის განხილვა 4 აპრილს პლენარულ სხდომაზე დასრულდება და გამოქვეყნებიდან 60 დღეში ამოქმედდება – ანუ, 4 ივნისიდან. 

ამერიკელი იურისტის, ტედ ჯონასის თქმით, თუ მთავრობა მართლაც მიიღებს აშშ-ის FARA-ს, ამას მარტივად გადავიტანთ, რადგან ეს კანონი მხოლოდ თვითრეგისტრაციას მოითხოვს და არ არსებობს სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ორგანიზაციებს ზედამხედველობას გაუწევს. გარდა ამისა, ამერიკული კანონი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ რეალურ კონტროლსა და აგენტობაზე – და არა დაფინანსებაზე.

„შეგიძლიათ თქვენი მთლიანი ბიუჯეტის 100% გრანტის სახით მიიღოთ უცხოური ორგანიზაციისგან, მაგრამ თუ არ ჯდებით “აგენტის” მკაცრად განსაზღვრულ იურიდიულ დეფინიციაში, რეგისტრაცია არ გჭირდებათ. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ასევე, ამერიკული კანონი არ ვრცელდება სამეცნიერო, აკადემიურ, რელიგიურ, სახელოვნებო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეების აგენტი ორგანიზაციები არიან. ამასთან, ამჟამინდელი რუსული კანონისგან განსხვავებით, FARA არ ვრცელდება მედიაზე, რომელიც უცხოური ძალის მიერ ფინანსდება, მაგრამ არ ძალის მიერ არ იმართება.

თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც ფორმალურად ემსგავსება აშშ-ის FARA-ს, მაგრამ შემდეგ სხვა კანონების მეშვეობით დააწესებს შეზღუდვებს, მაგალითად, მაუწყებლობის კანონში შესატანი ცვლილებების გზით.“

რას მოიტანს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები? 

პარლამენტში მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების ორი პაკეტი განიხილება, რომლებიც მედიას ახალ რეგულაციებს უწესებს. მაუწყებლად მოიაზრება ტელევიზია და რადიო, რომელსაც სამაუწყებლო ლიცენზია სჭირდება. 

კანონში შესატანი ცვლილების ერთ-ერთი პროექტი ითვალისწინებს „ობიექტურობის სტანდარტის“ დაწესებას, ბალანსის დაცვის ვალდებულებას და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას.პროექტის ინიიციატორები “ქართული ოცნების” პარლამენტის წევრები, ნოდარ ტურძელაძე და გიორგი გაბუნია არიან. 

სიზუსტის დაცვის ფარგლებში კანონმდებელი მოითხოვს, რომ “ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად იქნეს გადაცემული”. ასევე, “ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა”. 

გარდა ამისა, ცვლილებები მაუწყებელს თხოვს “ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას” ბალანსის დაცვას და უკრძალავს პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვას. მეტიც, კანონს ემატება ვალდებულება, “მაუწყებელი ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს”. 

ცვლილებით რეგულირდება პირდაპირ ეთერში შემოსული ზარების შინაარსიც. ისინი “სამართლიანობის პრინციპით” უნდა იქნეს არჩეული და დაუშვებელია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა. მაუწყებელს ასევე მოიეთხოვება “პატივი სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის”.

ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე მედიაორგანიზაციებისთვის (ტელევიზია, რადიო) იკრძალება „უცხოური ძალის“ მხრიდან დაფინანსება ნებისმიერი ფორმით, ფულადი სახსრებით, ქონებით ან სხვა მატერიალური სარგებლით, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად. ასევე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა).

ამ მუხლის მიხედვით, „უცხოური ძალა“ გულისხმობს:

 ა) უცხო ქვეყნის ხელისუფლების სისტემის ნებისმიერ უწყებას;
ბ) ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიულ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ნებისმიერ ორგანიზაციულ ერთეულს (ფონდს, ასოციაციას, კორპორაციას, კავშირს ან სხვა სახის გაერთიანებას), რომელიც დაფუძნებულია უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

ინიციატორების თქმით, “ბრიტანული სტანდარტის” კანონპროექტი მიზნად ისახავს მედიაში ხარისხიანი და ობიექტური მაუწყებლობის უზრუნველყოფას. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით კი, ცვლილებები უხეშად ეწინააღმდეგება საქართელოს კონსტიტუციას და გამოხატვის თავისუფლებას. 

პირველი მათგანის ამოცანაა გადაუჭრას კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების საშუალებები იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო, მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე, კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება. 

მეორე პაკეტის ამოცანაა გააფართოვოს და უფრო შემზღუდველი გახადოს დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს ისევ კრიტიკული მედიიის ფინანსურ მდგრადობას შეუქმნის”, – წერია TI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

რუსული რეპრესიების ქრონოლოგია

ის რაც ახლა საქართველოში ხდება, უკვე მოხდა რუსეთში. პუტინს მეტი კი არაფერი უკეთებია მთავრობაში მოსვლის შემდეგ. რუსეთში, „უცხოური აგენტის“ სტატუსის მქონე  დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. 

“რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთში თითქმის ყველა დამოუკიდებელი მედია აიკრძალა, დაიბლოკა ან „უცხოელ აგენტად“ და „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა. დანარჩენები კი სამხედრო ცენზურის ქვეშ იმყოფებიან”, – წერს “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”.

“დიახ, ეს მთელი რეპრესიული მექანიზმია. ეს იგივე მეთოდია, რაც 1937 წელს სტალინური რეპრესიების დროს გამოიყენებოდა: „Был бы человек, а статья найдется.“ („ადამიანი იყოს, მუხლს ყოველთვის ვუპოვით.“) ანუ, თუ ხელისუფლებას ვინმეს გაჩუმება სურს, ამის საბაბს აუცილებლად მოძებნის,” – გვეუბნება ალიონა ვანდიშევა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთის“ დირექტორი.

ალიონა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ცხოვრობს. იგი ჩვენთან საუბარში იხსენებს, როგორ დაიწყო და როგორ გახდა ყოვლისმომცველი რუსული რეპრესიები. პროცესის საწყისი წერტილად 2006 წელს მიიჩნევს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შეზღუდა. ამას 2010-2012 წლებში „უცხოელი აგენტის“ სტატუსის შემოღება მოჰყვა, რაც საბოლოოდ მასშტაბურ პოლიტიკურ დევნაში გადაიზარდა და შეეხო როგორც მედიას, ისე ცალკეულ პირებს. დღეს, უკვე ათასობით ადამიანი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლისთვისაა დასჯილი.

რეპრესია

რეპრესიული ცვლილებები პირდაპირ შეეხო „საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთს“. ორგანიზაციას „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიენიჭა. ამ სტატუსით, ორგანიზაციას ვალდებულება დაეკისრა, იუსტიციის სამინისტროსთვის რეგულარულად წარედგინა დეტალური ანგარიშები და გამოქვეყნებულ მასალებზე საჯარო აღნიშვნა გაეკეთებინა, რომ ისინი „უცხოელი აგენტის“ მიერ იყო მომზადებული.

დროდადრო ზეწოლა უფრო გაძლიერდა, ორგანიზაცია ჩამოაშორეს საარჩევნო მონიტორინგის პროცესს, ხოლო სახელმწიფო უწყებებმა მის წარმომადგენლებთან ნებისმიერი პროფესიული კომუნიკაცია აკრძალეს. მედიასაშუალებებმა, შიშით, რომ თავადაც მოხვდებოდნენ „უცხოელ აგენტთა“ სიაში, უარი თქვეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთის“ კვლევებისა და ანალიტიკური მასალების გამოქვეყნებაზე. ფინანსური ზეწოლის მისაყენებლად, დაბლოკეს ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელებში გაშვებული რეკლამები. 

საბოლოოდ, 2023 წლის მარტში რუსეთის ხელისუფლებამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთი“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, რაც პრაქტიკულად ქვეყანაში მისი საქმიანობის სრულად აკრძალვას ნიშნავდა.

ალიონა გვიყვება, რომ რუსეთის ხელისუფლებას უამრავი ბერკეტი აქვს ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი აქტივისტების დასათრგუნად. “პირველ რიგში, ისინი აჯარიმებენ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს არღვევენ. გარდა იმისა, ყინავენ საბანკო ანგარიშებს, მასობრივად აპატიმრებს ჟურნალისტებს, ასევე მათ წინააღმდეგ იყენებენ “ექსტრემისტისა” და “ტერორისტის” იარლიყებს. სამხედრო ცენზურაც ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, თუ ვინმე ავრცელებს ინფორმაციას უკრაინასთან ომის შესახებ და არ ეყრდნობა ოფიციალურ სახელმწიფო წყაროებს, მას „მონაცემების გაყალბების“ ბრალდებით სერიოზული სასჯელი ემუქრება.”

შედეგად, “ვერც ერთი ჟურნალისტი, თუნდაც ემიგრაციაში მყოფი, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, რადგან მათ სერიოზული ბრალდებები ემუქრებათ ბუნდოვნად ფორმულირებული და მკაცრი კანონების საფუძველზე. უკრაინაში შეჭრამ ამ პროცესს ახალი ბიძგი მისცა, რის შედეგადაც პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანოს შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელება 15 წლამდე პატიმრობით ისჯება,” – ვკითხულობთ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს დასკვნაში.

მკვლევარი და იურისტი, რომელმაც რეპრესიების ძალა საკუთარ თავზეც გამოსცადა, ქართულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას თავის გამოცდილებას უზიარებს:

“განავითარეთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის სერვისები და ინსტრუმენტები, რომლებიც საჯარო შესყიდვების, ბიუჯეტის ხარჯვისა და მთავრობის საქმიანობის ანალიზს უზრუნველყოფს. რაც უფრო კარგად იქნებით აღჭურვილი ინფორმაციით, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი შანსი.

ერთი შეცდომა, რომელიც დავუშვით, ის იყო, რომ მხოლოდ იმ ადამიანებთან ვმუშაობდით, რომლებიც უკვე იზიარებდნენ ჩვენს ღირებულებებს. არ ვცდილობდით, უფრო ფართო აუდიტორიისთვის მიგვეწვდინა ხმა. შესაძლოა, ეს გაკვეთილი იყოს სხვებისთვისაც, მათ შორის ქართული საზოგადოებისათვის.”

რა გზა გაიარა სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ ყირგიზეთში?

10 თებერვალს ყირგიზეთის ხელისუფლებამ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში ცილისწამებასა და შეურაცხყოფას კრიმინალად მიიჩნევს. ორგანიზაციებს 750 აშშ დოლარით, ხოლო ფიზიკურ პირებს 230 აშშ დოლარით დააჯარიმებენ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ბრალდებით. საჩივრებს პოლიცია განიხილავს, ხოლო განაჩენებს ადმინისტრაციული სასამართლოები დაჩქარებული წესით გამოიტანენ.

“ყირგიზეთის მიერ მიღებული კანონი, რომელიც მედიასაშუალებების დაჯარიმებას გაამარტივებს, აღმაშფოთებელია”, – განაცხადა გულნოზა საიდმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა. მისი თქმით, ეს ცვლილებები კიდევ ერთი დარტყმაა ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილ დამოუკიდებელ მედიაზე, რომელიც პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვის ავტორიტარული მმართველობის პირობებში სულ უფრო იზღუდება.

ეს ცვლილებები 2021 წელს მიღებულ კანონს მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებას „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელების საბაბით დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ვებსაიტების დაბლოკვის უფლებას აძლევს.

მას შემდეგ, რაც სადირ ჯაფაროვი 2020 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ყირგიზეთში მედიაზე უპრეცედენტო ზეწოლა დაიწყო.

  • დაიხურა ძირითადი მედიასაშუალებები;
  • ჟურნალისტები დააპატიმრეს;
  • რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის საბანკო ანგარიშები გაყინეს;
  • ბოლოტ ტემიროვს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს, რადგან მისი საგამოძიებო პლატფორმა Temirov Live მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობას აშუქებდა.

გასულ წელს, ყირგიზეთის პოლიციამ დააკავა 11 ჟურნალისტი, რომლებიც Temirov Live-თან იყვნენ დაკავშირებულები. მათ ბრალად ედებათ „დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობებისკენ მოწოდება“. ასევე, სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა (UKMK) დააკავა 24.kg-ის დირექტორი და ორი რედაქტორი. მათ წინააღმდეგ საქმე „ომის პროპაგანდის“ ბრალდებით აღიძრა, რადგან სააგენტო აშუქებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

ასევე, ბიშკეკის სასამართლომ Kloop Media Public Foundation-ის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. Kloop, რომელიც 2010 წლიდან ყირგიზეთის ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო პლატფორმა იყო, ცნობილია მთავრობის კორუფციული საქმიანობის გაშუქებით.

Kloop-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესისას, ხელისუფლების მოწმეებმა მედიის წინააღმდეგ შემდეგი არგუმენტები მოიყვანეს.

  • ერთ-ერთმა მოწმემ მედიას ბრალი დასდო „ნეგატიური საინფორმაციო ამბების“ გავრცელებაში;
  • მეორე მოწმემ განაცხადა, რომ „ცუდი ამბების გაშუქება ხელს უწყობს მოსახლეობაში მენტალური დაავადებების გავრცელებას“.

გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი საკამათო კანონპროექტს, რომელიც ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადოს. კრიტიკოსების შეფასებით, ეს კანონი საეჭვოდ ჰგავს რუსეთში მოქმედ „აგენტების“ კანონს, რომელიც წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის გასაქრობად გამოიყენებოდა.

რეპრესია

იმის შანსი, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია ყირგიზეთისა და რუსეთის ბედს გაიზიარებს, უკვე ძალიან გაზრდილია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაანონსებულ რეპრესიულ კანონმდებლობას ასე ეხმაურება: “ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას”. 

მაგრამ არის კი “ქართული ოცნების” ინტერესი თანხვედრაში დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან? ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებმა მანამდე უნდა უპასუხონ, ვიდრე საქართველოც რუსეთი გახდება. 

მასალა მომზადებულია ForSet-ის მონაცემთა კომუნიკაციის პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები
Total
0
Shares
თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share