fbpx

ქონების ძებნა პირადი ნომრით და საკადასტრო კოდით – სრული გზამკვლევი

უძრავი ქონების ძებნა პირადი ნომრით - აი, ფაქტის გზამკვლევი

უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიების საჭიროება სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება წარმოიქმნას. ზოგჯერ, ეს აუცილებელია გარიგების უსაფრთხოებისთვის, ხშირად – სამართლებრივი პროცესებისთვის, ზოგჯერ კი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

საქართველოში ქონების ძებნა პირადი ნომრით, საკადასტრო კოდით ან/და მისამართით მარტივი პროცესია და მის მოპოვებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვება?

უძრავი ქონების ძიება ხშირად ხდება საჭირო არა მხოლოდ პირადი მიზნებისთვის, არამედ სხვადასხვა ფინანსური და სამართლებრივი ოპერაციების განსახორციელებლად. მაგალითად:

  • კორუფციული სქემების გამოვლენა: უძრავი ქონებით ვაჭრობა კორუფციისა და ფულის გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.  ამიტომ, ქონების ძებნა პირადი ნომრით ან სხვა მონაცემით ხშირად ჟურნალისტების დამხმარე მექანიზმი ხდება; 
  • სამართლებრივი უსაფრთხოება: ქონების ყიდვისას აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ გამყიდველი ნამდვილად არის მესაკუთრე და უძრავი ქონება არ არის დაყადაღებული. ამისთვის კი საკადასტრო კოდით მფლობელის ძებნა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა;
  • საზოგადოებრივი კონტროლი: მოქალაქეებს აქვთ უფლება და შესაძლებლობა გადაამოწმონ საჯარო პირების ქონებრივი დეკლარაციების სისწორე.

უძრავი ქონების ძიება – სად და როგორ? 

საქართველოში არსებობს ორი ძირითადი გზა, რომლითაც უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი:

  1. დოკუმენტური ძიება (my.gov.ge): თუ გაქვთ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ქონების ძებნა შეგიძლიათ მესაკუთრის პირადი ნომრით, სახელით და გვარით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ან მისამართით. 
  2. ვიზუალური ძიება (maps.gov.ge): მიწის ნაკვეთის, ბინის, სახლის ან ფართის ძებნა საკადასტრო კოდით, მისამართით ან მესაკუთრის პირადი ნომრით.

ამ გზამკვლევში ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით, თუ  როგორ უნდა  გამოიყენოთ ორივე მეთოდი ეფექტურად.

ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი (my.gov.ge)

უძრავი ქონების ძებნა პირადი ნომრით ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ეფექტური მეთოდია სასურველი ინფორმაციის მისაღებად. ეს პროცესი გაცილებით მარტივია, ვიდრე ბევრს ჰგონია.

პირველ რიგში, უნდა შეხვიდეთ სახელმწიფოს ელექტრონული სერვისების პორტალზე my.gov.ge, შემდეგ მოძებნოთ უძრავი ქონების რეესტრი – napr.gov.ge, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული ყველა უძრავი ქონების შესახებ.

my.gov.ge-ზე შესვლისთანავე აირჩევთ “უძრავი ქონების რეესტრში განაცხადების ძებნის სერვისს”. 

უძრავი ქონების ძებნა პირადი ნომრით my.gov.ge-ზე

სისტემა შემდეგნაირად მუშაობს: გრაფაში “პიროვნება/ორგანიზაცია” ჩაწერთ იმ ადამიანის პირად ნომერს, რომლის ქონებასაც ეძებთ და დააწვებით ღილაკს – “განცხადების ძებნა”. ამის შემდეგ კი გახსნით მარჯვენა მხარეს ჩამოშლილ ქონების განაცხადებს, თარიღების მიხედვით. 

პირადი ნომრით ძიება მოგცემთ სრულ სურათს იმის შესახებ თუ რა უძრავი ქონება არის (ან ოდესმე ყოფილა) რეგისტრირებული ამ პირზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც გსურთ გაარკვიოთ არა მხოლოდ ამჟამინდელი, არამედ წარსული საკუთრებაც, მაგალითად, თუ იკვლევთ საეჭვო ქონებრივ გარიგებებს ან გაინტერესებთ კონკრეტული პირის ქონებრივი ისტორია.

ქონების ძებნა პირადი ნომრით - my.gov.ge

my.gov.ge-ზე მიწის ნაკვეთის ძებნა საკადასტრო კოდით ინფორმაციის მიღების ალტერნატიული გზაა.  როდესაც საკადასტრო კოდს შეიყვანთ, სისტემა გიჩვენებთ სრულ ინფორმაციას მოცემული ქონების შესახებ – არა მხოლოდ მიმდინარე მდგომარეობას, არამედ ძველ მონაცემებსაც. მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ, ვინ იყო ქონების წინა მესაკუთრე, როდის მოხდა საკუთრების უფლების გადაცემა, ან რა ტიპის გარიგებით – მაგალითად: ჩუქებით, ნასყიდობით… 

განსაკუთრებით მოსახერხებელია მისამართით ძიება, როდესაც არ იცით საკადასტრო კოდი, მაგრამ გაქვთ ქონების ზუსტი მისამართი. სისტემაში მისამართის შეყვანისას მნიშვნელოვანია მაქსიმალურად სრული ინფორმაციის მითითება – ქალაქი, ქუჩა, კორპუსი, ბინის ნომერი და ა.შ.

სისტემა გიჩვენებთ დეტალურ ინფორმაციას ამ მისამართზე არსებული თითოეული ქონების შესახებ. ეს მოიცავს არა მხოლოდ ძირითად მონაცემებს (ამონაწერი, ფართობი, მისამართი, საკადასტრო კოდი), არამედ უფრო სიღრმისეულ ინფორმაციასაც – მაგალითად, არის თუ არა ქონება იპოთეკით დატვირთული, არსებობს თუ არა მასზე რაიმე შეზღუდვა ან ყადაღა, ან ხომ არ არის გაცემული იჯარით.

უძრავი ქონების ძებნა მისამართით

ამონაწერის გახსნისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ გრაფას: “უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები”, საიდანაც ჩანს ქონების შეძენის საფუძველი – ი ნასყიდობა, ჩუქება, მემკვიდრეობა თუ სხვა. 

საქართველოს საკადასტრო რუკა (maps.gov.ge)

Maps.gov.ge – ეს არის საჯარო რეესტრის ციფრული რუკა, უნიკალური პლატფორმა,  რომელიც საშუალებას გაძლევთ ვიზუალურად დაათვალიეროთ და მოიძიოთ ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა დაახლოებით იცით სად მდებარეობს თქვენთვის საინტერესო მიწის ნაკვეთი ან უძრავი ქონების სხვა ტიპი, მაგრამ არ გაქვთ ზუსტი მისამართი, ქუჩის ნომერი, ან საკადასტრო კოდი. შეგიძლიათ რუკა “დაზუმოთ”, ამოიცნოთ მდებარეობა და ისე მოძებნოთ სასურველი ქონება. 

Maps.gov.ge გამორჩეულია თავისი მრავალფუნქციურობით – შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მოწყობილობა (მობილური, პლანშეტი თუ კომპიუტერი) და მარტივად მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია. თუმცა, მაქსიმალური ეფექტურობისთვის, მნიშვნელოვანია იცოდეთ რამდენიმე მთავარი ასპექტი.

მიწის ნაკვეთის ძებნა რუკაზე

უპირველეს ყოვლისა, როდესაც რუკას იყენებთ, აუცილებელია გააქტიუროთ საკადასტრო მონაცემების ველი. საკადასტრო ველის გააქტიურების გარეშე ვერ დაინახავთ ნაკვეთების საზღვრებს და მათ საიდენტიფიკაციო კოდებს.

მიწის ნაკვეთის ძებნა რუკაზე რამდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი:

  • კონკრეტულ ტერიტორიაზე პირდაპირი ზუმირებით;
  • საძიებო ველში მისამართის მითითებით;
  • საძიებო ველში საკადასტრო კოდის მითითებით;
  • კოორდინატების გამოყენებით ძიება;
  • მესაკუთრის პირადი ნომრით ძიება. 

განსაკუთრებით მოსახერხებელია რუკის გამოყენება მაშინ, როცა კონკრეტული ტერიტორიის მიმდებარე ნაკვეთებით ხართ დაინტერესებული. მაგალითად, თუ იცით ერთი ნაკვეთის მდებარეობა, მარტივად შეგიძლიათ დაათვალიეროთ მეზობელი ტერიტორიაც და მფლობელების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ.

მიწის ნაკვეთის ძებნა საკადასტრო კოდით

როდესაც რუკაზე იპოვით თქვენთვის საინტერესო ნაკვეთს, მასზე დაწკაპუნებით გამოჩნდება საკადასტრო კოდი. ეს კოდი უნიკალურია და წარმოადგენს ნაკვეთის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც მოცემულია რიცხვებისა და წერტილების კომბინაციით. ამით კი დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ, მაგალითად, საკადასტრო კოდით მფლობელის ძებნა მარტივი ამოცანაა.

უძრავი ქონების ძიების მეთოდების შედარება 

მიწის ნაკვეთის ძებნა პირადი ნომრით, როგორც წესი, ყველაზე ზუსტ შედეგს იძლევა. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც გჭირდებათ კონკრეტული პირის ქონებრივი პროფილის სრული სურათი. ჟურნალისტური გამოძიებების დროს, ბიზნეს პარტნიორის შემოწმებისას ან სამართლებრივი პროცედურებისთვის ეს მეთოდი შეუცვლელია. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი შეზღუდვა – საჭიროებს ზუსტ 11 ნიშნა პირად ნომერს.

მიწის ნაკვეთის რუკაზე ძიება ვიზუალური, სრულიად განსხვავებული შესაძლებლობაა. ამ პლატფორმის გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც კონკრეტულ უძრავ ქონებასთან ერთად მთლიანი ტერიტორიული სურათიც გაინტერესებთ, მაგალითად; 

  • გჭირდებათ მეზობელი ნაკვეთების იდენტიფიცირება;
  • გაინტერესებთ მიმდებარე ინფრასტრუქტურა;
  • გსურთ ფართობის გაზომვა.

საუკეთესო შედეგის მისაღებად ხშირად საჭიროა რამდენიმე მეთოდის კომბინირება. მაგალითად, შეგიძლიათ დაიწყოთ პირადი ნომრით ძიებით, შემდეგ გადაამოწმოთ ნაპოვნი ინფორმაცია რუკაზე და საბოლოოდ, მისამართის მიხედვით მოიძიოთ დამატებითი დეტალები.

ან  მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით მოძებნოთ, გაიგოთ მისი მფლობელის ვინაობა, პირადი ნომრით კი დამატებითი ინფორმაცია მოიძიოთ. ასეთი კომპლექსური მიდგომა საშუალებას გაძლევთ უფრო სრული და სანდო ინფორმაცია მიიღოთ.

პრაქტიკული რჩევები ეფექტური ძიებისთვის

1. დაიწყეთ იმ ინფორმაციით, რაც გაქვთ: თუ იცით პირადი ნომერი, გამოიყენეთ my.gov.ge; თუ იცით მდებარეობა, გამოიყენეთ maps.gov.ge;

2. გამოიყენეთ კომბინირებული მიდგომა: დაიწყეთ ერთი მეთოდით და შემდეგ გადაამოწმეთ მეორით;

3. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს: უძრავი ქონების ძიებისას ზუსტად ჩაწერეთ პირადი ნომრები, საკადასტრო კოდები და მისამართები;

4. რეგულარულად განაახლეთ ინფორმაცია: უძრავი ქონების მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ პერიოდულად გადაამოწმეთ ინფორმაცია;

5. გაითვალისწინეთ კონფიდენციალურობა: მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთის ძებნა რუკაზე და სხვა მეთოდებით მოპოვებული ინფორმაცია საჯაროა, პატივი ეცით სხვების პირად მონაცემებს.

ამრიგად, პირადი ნომრით, საკადასტრო კოდით თუ მისამართით ძიება საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ სრული და სანდო ინფორმაცია ნებისმიერი უძრავი ქონების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც პირადი გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე პროფესიული საქმიანობისთვის. 

გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის ფლობა არის ძალა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ დაიცვათ საკუთარი ინტერესები და მიიღოთ გააზრებული გადაწყვეტილებები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რიკოთის გზა: “საუკუნის პროექტი” თუ ხიფათით სავსე ავტობანი
rikoti nawili 2

რიკოთის გზა: “საუკუნის პროექტი” თუ ხიფათით სავსე ავტობანი

რა ხარვეზები აქვს ჰიდროგეოლოგიის კვლევას

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share