ავტორი: ნინო აფაქიძე
რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლოს თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, თეთრიწყაროს მაგალითზე გამოჩნდა. 4 ნოემბერს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დაადგინა, რომ რიგ უბნებზე ხმის მიცემის ფარულობა იყო დარღვეული, რადგან ბიულეტენის უკან მხარეს გაფერადებული ადგილი ჩანდა.
ამ საქმეში მოსარჩელეები არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები იყვნენ, მათ შორის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. მათ მსგავსი სარჩელი ჯამში 24 საქალაქო/რაიონულ სასამართლოში შეიტანეს, თუმცა საქმის განხილვას პროფესიონალურად მხოლოდ თეთრიწყაროს მოსამართლე მიუდგა, ადგილზე მოატანინა ცესკოს ინვენტარი და ექსპერიმენტი ჩაატარა, რათა ხმის ფარულობის დარღვევა კიდევ უფრო ნათელი გამხდარიყო.
ასეთი მოსამართლეები სისტემაში გამონაკლისია. სასამართლო რომ კლანურად და მიკერძოებულად იმართება, ამას აკრიტიკებს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. და მაშინ, როცა სასამართლო მიკერძოებულია, არჩევნების ბედი საიმედო ხელში ვერ იქნება.
“თუ ხელისუფლებას არჩევნებზე სასამართლო დაქვემდებარებული არ ეყოლება, საშიში ხდება, თუ როგორ დაამთავრებს არჩევნებს“, – გვითხრა ვრცელი ინტერვიუსას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. ახლა მას დამოუკიდებელი ორგანიზაცია აქვს – “სასამართლოს გუშაგი”, რომელიც სისტემაში არსებულ პრობლემებს სწავლობს.
“თუკი ქვეყანაში არ გაქვს სასამართლო და არ გაქვს იმის გარანტია, რომ თუნდაც შენ საარჩევნო ხმას სადმე დაიცავ, მაშინ იმ არჩევნებსაც რეალურად აზრი ეკარგება, იმიტომ რომ ხელისუფლებას, რომლის ხელშიც არის ეს განუსაზღვრელი ბერკეტი, შეუძლია ნებისმიერი ციფრი დაიწეროს”, – გვითხრა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა, გვანცა წულუკიძემ.
გვანცა, რომელიც 2008-2013 წლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა, ახლა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პროცესს არასამთავრობო სექტორიდან აკვირდება:
“[წინა წლებში] სასამართლოში მიდიოდნენ რეალური ოქმებით, სადაც უბრალოდ ბალანსი არ ჯდებოდა, ამას აჩვენებენ მოსამართლეს, და მოსამართლე არ ცნობდა ოქმს ბათილად, იმიტომ რომ იცოდა – არ უნდა ეცნო.”
ამ არჩევნების ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს, რადგან საქმეები განხილვის პროცესშია. თუმცა, შეგვიძლია, წინა წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით ვნახოთ, რას აკეთებდა სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვისას.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე (როგორც პირველ, ისე მეორე ტურზე, ჯამურად) სასამართლომ, ჯამში, 113 საქმე განიხილა. აქედან: 87 – არ დაკმაყოფილდა, 2 – განუხილველი დარჩა, 6 – ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 12 – დაკმაყოფილდა. ამ მონაცემების მიხედვით, სარჩელთა დაკმაყოფილების/ნაწილობრივ დაკმაყოფილების მაჩვენებელმა მხოლოდ 16% შეადგინა.
იურისტები სალომე რურუა და თამუნა მენაბდე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მუშაობენ. ისინი 2020 წლის (საპარლამენტო) და 2021 წლის (თვითმმართველობის) არჩევნებს აკვირდებოდნენ. თვითმმართელობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიამ სასამართლოში, ჯამში, 44 სარჩელი შეიტანა. სასამართლოს პირველ ინსტანციაში შეტანილი 44 სარჩელიდან მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოში შეტანილი 11 სარჩელიდან კი – არცერთი.
“სასამართლო სისტემაში გაგრძელდა საარჩევნო დავების განხილვის ძველი პრაქტიკა, როდესაც ვერცერთ მნიშვნელოვან განხილვაში მოსამართლეები “დარღვევებს ვერ ხედავენ” […] საარჩევნო ადმინისტრაცია და სასამართლო, იმეორებდნენ 2020 წლის არჩევნების პრაქტიკას და მიიჩნევდნენ, რომ არც ერთი საჩივარი „არ არის დასაბუთებული”, – ასე აფასებს ენმ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
რთული გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო, ოქტომბრის პროპორციული არჩევნების შედეგების გასაჩივრებისას, ვის მხარეს დადგებოდა ქართული სასამართლო. თან მაშინ, როცა მის მიკერძოებულობაზე და კლანურობაზე მთელი ევროპა და აშშ მიგვითითებს. მხოლოდ კი არ მიგვითითეს, არამედ იმ 9 ნაბიჯში, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, თუ ევროკავშირის წევრობა უნდა, ერთ-ერთი სწორედ მართლმსაჯულების სრული და ძირეული რეფორმაა.
რას მოიცავს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა
2023 წლის 14 დეკემბერს, ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსს 9 ნაბიჯი მოაყოლა. ერთ-ერთი მათგანი, მე-6 ნაწილი სწორედ სასამართლოს ეხება და შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
- ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
- ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელება;
- გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფა.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესასრულებლად მთავრობამ სამოქმედო დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც ამ კონკრეტული დათქმის შესრულება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიანდო. განსახორციელებელ ქმედებათა სია და ვადები ასე გამოიყურება:
- სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე – 2024 წლის იანვარი;
- შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება – 2024 წლის 31 იანვარი;
- შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება – 2024 წლის 7 მარტი.
სამუშაო ფორმატის ფარგლებში ორი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილი დაესწრო. პარტია “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ შეხვედრებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
“რაღაც [საკითხები] იყო, რაც თვითონ უნდოდათ რომ გამოეტანათ, მაგიტომ გააკეთეს ეგ ჯგუფი, მერე ეგ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს კიდეც, რაც იყო იქ წარდგენილი. ოპოზიციის თუ არასამთავრობო სექტორის არცერთი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებიათ.”
პოლიტიკურმა პარტია “ლელომ” პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი განაცხადა. ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ ფორმატს არ უერთდება, რადგან “‘რუსული ოცნება” მთავარი პრობლემაა საქართველოს განვითარების და ევრო ინტეგრაციის გზაზე”. “ენმ”-ის იურისტები, თამუნა მენაბდე და სალომე რურუა, სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ.
“შეხვედრებს შედეგი არ ჰქონია, იმიტომ, რომ არც ერთი ინიციატივა, არც ერთი რეკომენდაცია, რომელიც ოპოზიციურმა პარტიის წევრებმა დააყენეს, სახელისუფლებო ძალების მიერ მიღებული არ ყოფილა”, – გვითხრა თამუნა მენაბდემ. “პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციაც ხომ ერთ-ერთი მოთხოვნაა, სწორედ ამიტომ გამოთქვა ოპოზიციამ მზაობა, რომ ამ ნაწილში თავიანთი წვლილი შეეტანათ, მაგრამ როდესაც შეხვედრაზე მიდიხარ და ყველა შენს ინიციატივას წითელი დიდი ხაზი აქვს გადასმული ხელისუფლების მხრიდან, იქ რა დეპოლარიზაციაზეა საუბარი”.
“სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტიამ მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, თუმცა სამუშაო შეხვედრაზე არცერთი მათგანი არ განხილულა.
“ეს იყო ფასადური პროცესი. თანდათანობით ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი გააძევეს, ვინც პროცესში ჩართული იყო. […] მხოლოდ პირველ შეხვედრას დავესწარით, “ქართული ოცნების” მიზანი არასდროს ყოფილა რეკომენდაციების შესრულება და შედეგებზე გასვლა”.
არასამთავრობო ორგანიზაციის, “სასამართლოს გუშაგის” შეფასებით, პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობა უზრუნველყოფილი არ ყოფილა. შეხვედრებს მიღმა დარჩნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ეროვნულ პლატფორმაზე გაწევრიანებულნი არ არიან. შეხვედრებში მონაწილეობა ვერ მიიღო კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წევრის, გვანცა წულუკიძის შეფასებითაც პროცესებს მიღმა დარჩნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია მართლმსაჯულების საკითხზე მუშაობენ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მართლმსაჯულების რეფორმასთან მიმართებით კონკრეტული კითხვები დავუსვით, მათივე შემუშავებული გეგმის მიდმინარეობის შესახებ. ოფიციალურ წერილზე პასუხი არ მიგვიღია. პარლამენტის სასზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უგულებელყო ჩვენი არაერთი თხოვნა და არ დაგვიგეგმა ინტერვიუ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან.
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრია, რომელმაც სასამართლოს სამდკვირებლო ორგანიზაცია, “სასამართლოს გუშაგი” დააფუძნა. ორგანიზაციამ მიმდინარე წლის აპრილში სხვა ngo-ებთან თანამშრომლობით ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ჯანეზაშვილმა “აი, ფაქტთან” ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ამჟამინდელ გამოწვევებზე ისაუბრა.
“პროგრესი ფაქტობრივად არ გვაქვს. ერთ ერთი მთავარი საკითხი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, რაც არ გაკეთებულა. სისტემის გაუმჯობესების ნაცვლად მდგომარეობა დამძიმდა.”
მიმდინარე რეფორმით და გადადგმული ნაბიჯებით კმაყოფილი ისინი არ არიან, ვინც საქართველო ევრკავშირში უნდა მიიღოს. ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს პროგრესი 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით. ევროკომისია ერთი წლის თავზე შეუსრულებლად მიიჩნევს შემდეგ პუნქტებს:
- “2024 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში, რომელიც არ ითვალისწინებს 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის სისტემურ და არსებით რეკომენდაციებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ, მათ შორის კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემასთან დაკავშირებით.
- შესწორებები არ მოიცავს სასამართლო რეფორმის განსახორციელებელ ერთიან და ეფექტიან მიდგომას და არანაირი მომზადება არ ჩატარდა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემის დასანერგად.
- 2024 წლის ივლისში უბრალო უმრავლესობით დაინიშნა ახალი გენერალური პროკურორი, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ და 2024 წლის ივლისში ახალი წევრების დანიშვნა ხუთი თვით აუკრძალა.
- მეტიც, 2024 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა შერჩევის პროცესისთვის ევროპულ სტანდარტებს სრულად არ შეესაბამება.
- საკანონმდებლო ცვლილებებს საკანონმდებლო ბაზა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოჰყავს, მათ შორის ეს ეხება გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურას და პროკურორების შიდა დამოუკიდებლობას და მათ მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას.”
როგორი უნდა იყოს იუსტიციის საბჭოს მოწყობა, რეკომენდაცია რომ შესრულებულად ჩაითვალოს
მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები თანხმდებიან, რომ სასამართლო სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა და ყველა შესაბამის დასკვნაში სწორედ ამ სისტემის ძირეულ რეფორმაზეა საუბარი. გვანცა წულუკიძე მიიჩნევს, რომ მეექვსე პუნქტის შესრულების აუცილებელი წინაპირობა სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმაა, რომელიც შეეხება მისი დაკომპლექტების წესს, უფლებამოსილების საკითხს და გადაწყვეტილების მიღების წესს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰყავს 9 მოსამართლე და 6 არამოსამართლე წევრი. არამოსამართლე წევრებიდან ერთს ნიშნავს პრეზიდენტი, ხოლო ხუთს ნიშნავს პარლამენტი. ორი წლის წინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ირჩევდნენ, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები სავარაუდოდ მოისყიდა და ამ გზით დაამტკიცა სასბჭოს სასურველი წევრები. ამ თემაზე “აი, ფაქტს” ვრცელი გამოძიებაც ჰქონდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ორი წევრის დანიშვნა უარყოფითად შეაფასა ევროკომისიამაც.
“პრეზიდენტმა წარადგინა ერთი კანდიდატი, კახა წიქარიშვილი, მას მრავალი წელია სამოქალაქო საზოგადოება ვიცნობთ, იმიტომ, რომ საკმაოდ აქტიური ადამიანია, საკმაოდ ღიად საუბრობდა იმ პრობლემებზე, რომელიც სასამართლოში არსებობდა. უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა, ერთ-ერთმა კანდიდატმა გაასაჩივრა ეს და პრეზიდენტის დანიშვნის ბრძანება შეაჩერეს. ერთი ადამიანის შესვლაც კი დააბრკოლეს, იმიტომ რომ მათთვის არასასურველი იყო”, – გვითხრა გვანცა წულუკიძემ.
ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს გაჯანსაღებისთვის ისურვებდა, რომ მის შემადგენლობაში უმრავლესობა არჩეული არამოსამართლე წევრები იყვნენ. თუმცა, მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი და შესასცვლელია საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესიც. ახლა იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა ⅔-ით იღებს, ანუ საჭიროა 10 ხმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად.
გვანცა წულუკიძეც თვლის, რომ საბჭოს დაკომპლექტება და გადაწყვეტილების მიღების წესი სრულიად შესაცვლელია. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორმაგი ორი მესამედის პრინციპი უფრო მართებულია. ეს გულისხმობს, რომ ცხრა მოსამართლე წევრიდან ექვსმა მაინც უნდა მისცეს ხმა გადაწყვეტილებას და 6 არამოსამართლე წევრიდან ოთხმა მაინც. საბოლოოდ აქაც 10-ია, მაგრამ ასე გადაზღვევა ხდება იმის, რომ მარტო მოსამართლე წევრებს და პლიუს ერთს კი არ შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს, არამედ არა მოსამართლე წევრთაგან ოთხმა მაინც უნდა დაადასტუროს. ეს იქნებოდა ოპტიმალური ვარიანტი”, – გვიხსნის წულუკიძე.
“სასამართლოს გუშაგის” შეფასებით, იმისთვის, რომ ევროკომისიის მე-6 პუნქტი შესრულებულად ჩაითვალოს, აუცილებელია მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება და ე.წ. ვეტინგი, რა დროსაც უნდა გამოიკვლიონ მოსამართლეთა ქონება და შემოსავლები. ნაზი ჯანეზაშვილის ორგანიზაც ამ თემაზე არაერთხელ საუბრობდა, განცხადებებით მიმართეს მთავრობასაც, მაგრამ მათგან ქმედითი ნაბიჯები არ მიუღიათ. სამაგიეროდ, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა თქვეს, რომ მათთვის ეს საკითხი დახურულია.
დამოუკიდებელი სასამართლო რომ ოლიგარქიული მართვის მოდელს ეწინააღმდეგება, ცხადია. ამიტომ აქაც ჯერი ისევ ქართველ ხალხზეა, აირჩიოს, უნდა და სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის პირობების შესრულება თუ ისევ ოლიგარქის ნება-სურვილზე ცხოვრება ურჩევნია.