გელათის მონასტერი, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორიის თვალსაჩინოებაა, განადგურებამდეა მიყვანილი. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ძეგლი შელახა, დააზიანა და არსებობს რისკი, რომ მისი უნიკალური, შუა საუკუნეების მხატვრობა საერთოდ დავკარგოთ.
სიტუაცია გაამწვავა თებერვლის სტიქიამ, როცა იმერეთს ქარბუქმა გადაუარა და უხვი ნალექის გამო გელათის კომპლექსის ორ ტაძარში წყალი ჩავიდა. შედეგად, ისტორიული ფრესკები მორიგ ჯერზე დაზიანდა.
მარტში გელათს მხატვრობის ბრიტანელი სპეციალისტები – ლიზა შეკედე და სტივენ რიკერბი ეწვივნენ, მდგომარეობის შესაფასებლად, კრიტიკულ ადგილებზე პირველადი ჩარევების დასაწყებად და მომავალი სამუშაოების დასაგეგმად. მათი მიზანი ფრესკების გადარჩენა და სიტუაციის გაუარესების თავიდან არიდებაა. ბრიტანელების სამუშაოების გარშემო ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანია, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, გამჭვირვალობას ისევ ვერ ვაღწევთ.
გელათის რეაბილიტაცია ბურუსით იყო მოცული მაშინ, როცა ეს საქმე კულტურის სამინისტროს ებარა – არც კითხვებზე გვპასუხობდნენ და არც საჯარო ინფორმაციას გვიზიარებდნენ. ახლა, როცა რეაბილიტაციის პროცესი საპატრიარქოს ხელშია, კვლავ ბევრი უპასუხო კითხვა გვაქვს.
2022 წლის შემოდგომაზე გელათის ირგვლივ ახალი ბუნდოვანება გაჩნდა. მხატვრობაზე სამუშაოები მოულოდნელად შეაწყვეტინეს და ქვეყნიდან გააძევეს “ჯოვანი სეკკო სუარდოს” იტალიელ სპეციალისტთა გუნდი.
როგორც გავარკვიეთ, მათი გაშვება საპატრიარქოს ყველა ჯგუფის და კულტურის სამინისტროს ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
იტალიელი სპეციალისტები გააძევა არქიმანდრიტმა კირიონმა და ანდრია ჯაღმაიძემ. თუმცა, ეს არ სურდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს და საპატრიარქოს ხურორთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს, დავით (აბბა) ალავერდელის ხელმძღვანელობით.
არადა, ამ დროს საპატრიარქოს პროცესში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობდა.
“ჯოვანი სეკკო სუარდოს” წასვლა საკამათო საკითხი გახდა. საპატრიარქო იტალიელების პრობლემად მიიჩნევდა კონსერვაციის მასალებს – პოლიმერებს და აკრილს. მათი აზრით, ამან ტენი შეაკავა და მხატვრობა უარესად დააზიანა.
თუმცა, იტალიელი სპეციალისტები ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. გვიყვებიან, რომ გელათის მხატვრობის გადასარჩენად ისინი საგანგაშო სიტუაციაში მოიწვიეს, სასწრაფოდ ჩამოდიოდნენ და გადაუდებელი ჩარევები ევალებოდათ. ამიტომ, არასწორი ჰგონიათ აპელირება, თითქოს, სრული კონსერვაცია მიდიოდა და მხატვრობას აფუჭებდნენ.
“ჩვენი მისიები ძალიან ხანმოკლე პერიოდს მოიცავდა… ეს იყო, ფაქტობრივად, “ემერჯენსი” ჩართვები ”, – გვითხრა კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტმა მარკო პულიერმა.
იტალიელების გაძევების შემდეგ, ანუ 2022 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტამდე გელათის მხატვრობის გადაუდებელი სამუშაოებისთვის ხელი არავის უხლია.
მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური გვეუბნება, რომ ეს წელიწადნახევრიანი პაუზა ტაძრის დაზიანებული ფერწერისთვის კატასტროფული შედეგების მომტანია, რადგან ფერწერამ ცხელი ზაფხული გამოიარა, შრებოდა, ფუჭდებოდა, საპატრიარქო კი დაზიანებებს ხელს არ კიდებდა და მხოლოდ აკვირდებოდა.
“მონიტორინგი არ ნიშნავს, რომ დააფიქსირო – რა ცუდები იყვნენ ისინი. მათ რომ არ იცოდნენ, ბუჩუკურმა და სუარდომ, შენ იქ იმიტომ ხარ, რომ დააფიქსირო – ეს გაფუჭებულია, მაგრამ მე გავაკეთებ”.
ახლა, ბრიტანელი სპეციალისტები არ ეხებიან იმ სცენებს, რომელზეც მათი წინამორბედი, “სუარდო” მუშაობდა. არქიმანდრიტმა კირიონმა გელათის ეზოში საუბრისას გვითხრა, რომ ის მხატვრობა ბოლომდე უნდა დაზიანდეს, დაინახონ სრული რეგრესი და მერე ჩაერევიან.
ეს ქიშპობა გელათის უნიკალური მხატვრობისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. არსებობს რისკი, რომ ნაწილობრივ დავკარგოთ მე-16 საუკუნის სცენები: “ფერხთა ბანა”, “საიდუმლო სერობა” და “ქრისტე კაიფასთან”.
ახლა, გელათის და მისი უნიკალური ფრესკების გადარჩენა საპატრიარქოს ხელშია. თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები და მხატვრობის რესტავრატორები პრობლემას ხედავენ სწორედ რეაბილიტაციის მართვაში.
მაგალითად, ამ დრომდე უცნობია საკონსერვაციო გეგმა, არ არსებობს სრულყოფილი დოკუმენტი, სადაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი არგუმენტირებულად აღწერდა დაგეგმილ სამუშაოებს, მათ რიგითობას, მხატვრობის გადარჩენის კონკრეტულ ღონისძიებებს, მათი დაკარგვის მიზეზებს და რისკებს.
ხარვეზები სახეზეა, კრიტიკას არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო ექსპერტები იშურებენ. ახლა საპატრიარქოს გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებს – რჩევებს შეისმენს და პროცესს გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართავს, თუ ისევ რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის უნიკალურ მემკვიდრეობას.