fbpx
არჩევნები საქართველოში 2024

9 ნაბიჯის კვალდაკვალ: “ოცნება” ცდილობს, საარჩევნო სისტემა  თავის მიზნებს მოარგოს

ავტორი: ეთო მიდელაშვილი

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მართალია, პოლიტიკოსები ყოველთვის ასე გვეუბნებიან, წინ გადამწყვეტი არჩევნები გველისო, მაგრამ ეს არჩევნები, თავისი არსით, მართლაც გადამწყვეტი იქნება. ამ არჩევნებზეა დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაც და ქვეყნის საგარეო კურსიც.

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება გახდა ერთ-ერთი იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც 2023 წლის ბოლოს ევროკავშირმა დაადგინა საქართველოსთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ჯერ არ ჩანს იმის ნიშანი, რომ საქართველოს მთავრობა ამ 9 ნაბიჯიდან რომელიმეს შესრულებას სრულად და ეფექტიანად აპირებს. მათ შორის არც არჩევნების საკითხია გამონაკლისი.

რას ითხოვდა ევროკავშირი ჩვენგან და რა ნაბიჯები გადადგა “ქართულმა ოცნებამ”?

ევროკავშირი ჩვენგან რეფორმებს, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას ითხოვდა. ეუთო/ოდირი, რომელიც საქართველოში არჩევნებს 1999 წლიდან აკვირდება, გვირჩევდა, ცესკოს დაკომპლექტების წესი ისე შეგვეცვალა, რომ ერთი პარტიის დომინაცია აღკვეთილიყო.

დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ ბრალდებებისთვის ხელისუფლებას ქმედითი ზომებით უნდა ეპასუხა. ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლისთვის სამართლებრივი ჩარჩო უნდა გაგვეუმჯობესებინა.

მმართველი გუნდი კი, რომელსაც ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩენა სურს, მათ შესრულებას არ ჩქარობს. მეტიც, კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ?

ცვლილება N1. ცესკოს დაკომპლექტების წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არაუმეტეს 17 წევრისგან შედგება – 9 წევრს პარტიები ნიშნავენ, 7-ს და თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ან პრეზიდენტი ნიშნავს. მის თავმჯდომარესა და პროფესიულ წევრებს მაღალი კვორუმით, კონსენსუსისა და მოლაპარაკებების გზით უნდა ვირჩევდეთ. ეს შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტიც იყო, რომელზეც პარტიებიც შეთანხმდნენ და დასავლელმა პარტნიორებმაც მოგვიწონეს.

მმართველმა გუნდმა ეს შეთანხმება გააუქმა, ცესკოს დაკომპლექტების წესი კი რამდენჯერმე ისე შეცვალა, რომ რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებია. ახლა ცესკოს თავმჯდომარესა და პროფესიულ წევრებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს, რომელიც მმართველი გუნდიდანაა. პარლამენტსვე გადაეცა საკონკურსო კომისიის შექმნის ფუნქციაც. 9-წევრიან კომისიაში პრეზიდენტს მხოლოდ ერთი წარმომადგენლის წარდგენა შეუძლია.

“ღია სივრცე კავკასია” ორგანიზაციაა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას წლებია სწავლობს და არჩევნების პროცესსაც აკვირდება. მისი თავმჯდომარის, ირმა პავლიაშვილის შეფასებით, მიღებული ცვლილებებით ცესკოს დაკომპლექტების სტანდარტი გაუარესდა. “მას შემდეგ, რაც მიშელის დოკუმენტი შედგა, რამდენიმე ცვლილება შევიდა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესში… ეს ცვლილებები ყოველთვის მიმართული იყო იმისკენ, რომ მმართველ პარტიას დარჩენოდა საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი”, – ამბობს პავლიაშვილი.

“აი, ფაქტთან” საუბრისას ცესკოს დაკომპლექტების მოქმედ წესს უარყოფითად აფასებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანალიტიკოსი, ნიკა ოდიკაძეც: “უბრალო უმრავლესობით მმართველ პარტიას შესაძლებლობა აქვს, რომ კონსულტაციებისა და კონსენსუსის ძიების გარეშე, ერთპარტიულად, 5 წლის ვადით დანიშნოს კომისიის წევრები”.

2024 წლის 20 თებერვალს მიღებული ცვლილებებით გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ის თანამდებობაც, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვის იყო განკუთვნილი.

“ეს პოსტი შეიქმნა იმისთვის, რომ ძალთა ბალანსი ყოფილიყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თუმცა, “ქართული ოცნება” ერთპარტიული მმართველობისკენ წავიდა და არავის არ დაუტოვა სივრცე იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს”, – გვითხრა “რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გულად ქანთარიამ.

ცვლილება N2. დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად?

“ქართულმა ოცნებამ” 15 მაისს მესამე მოსმენით მიიღო კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელმაც კითხვის ნიშნები გააჩინა. საარჩევნო კოდექსში გაჩნდა ასეთი ჩანაწერი: პარტიას უფლება მიეცა, სიის შედგენისას პარლამენტის წევრობის კანდიდატი დამატებით დელეგატობის კანდიდატადაც განსაზღვროს. თუ პარტია აღნიშნული ოლქის ტერიტორიაზე ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, დელეგატად მისი კანდიდატი მიიჩნევა.

დელეგატებისთვის განსაზღვრული 30 ოლქი თითქმის სრულად ემთხვევა პროპორციული სისტემის ამოქმედებამდე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებულ 30 მაჟორიტარულ ოლქს. როგორც “ღია სივრცე კავკასიის” თავმჯდომარე გვიხსნის, ამ ცვლილებით მმართველი პარტია პროპორციულ არჩევნებზე მაჟორიტარული კომპონენტის აღდგენას შეეცადა, რადგან ის მისთვის სარგებლის მომტანი იყო.

“ამ პროპორციული სისტემის შემთხვევაშიც, ჩემი აზრით, გაგრძელება და სურვილია იმის, რომ ე.წ. ფეოდალური მართვის სტილი არ დაიკარგოს და კვლავ იყოს ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

საარჩევნო პროცესს სწავლობს და აკვირდება ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED). მათი შეფასებით, დელეგატების შესახებ ჩანაწერი პროპორციული საარჩევნო სისტემის არსსა და ერთიანი მრავალმანდატიანი ოლქის არსებობას ეწინააღმდეგება:

“დელეგატების გაუგებარი ასპექტის შემოღება, რა თქმა უნდა, ჩრდილს აყენებს არჩევნებს და გარკვეულ ეჭვებს/კითხვებს აჩენს, რამდენად არის შესაბამისობაში პროპორციული არჩევნების პრინციპებთან”, – ამბობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილი.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანალიტიკოსი კი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში მაჟორიტარული ელემენტის დაბრუნება პარტიას ამომრჩეველთან კომუნიკაციას გაუადვილებს. “გარკვეულწილად პროპორციული არჩევნების ლოგიკა იცვლება და ეს ვერ შეფასდება პოზიტიურად. მმართველი პარტია ცდილობს, არ დაკარგოს ის უპირატესობები, რასაც მას აძლევდა მაჟორიტარული სისტემა წლების განმავლობაში”, – გვითხრა ნიკა ოდიკაძემ.

ცვლილება N3. ცესკოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი

30 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ცესკოს მუშაობის წესი შეცვალა. 27 ივნისს კი პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ახალი წესის მიხედვით, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ⅔-ის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობითაც გახდა შესაძლებელი. ცესკოს ოპოზიციის ხმების გარეშეც შეუძლია დადგენილებების მიღება, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. ამით კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა შემცირდა და ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის შეფასებით, სტანდარტი ამ შემთხვევაშიც გაუარესდა.

“გადაწყვეტილებები, რომლებსაც საჭიროებდა მაღალ კვორუმს, იყო იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია და ნდობა ჰქონოდა. კვორუმის დაწევა, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ხელს არ უწყობს, როგორც მინიმუმ”, – ამბობს ლევან ნატროშვილი.

ცესკოში კი ფიქრობენ, რომ ცესკოს დაკომპლექტება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ეს პარლამენტის პრეროგატივაა. მათმა პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა, სატელეფონო ინტერვიუსას გვითხრა, რომ რა კანონიც იარსებებს იმ მომენტისთვის, იმით იხელმძღვანელებენ.

“რა კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაცია წარსულშიც და ახლაც მიიღებს კანონზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ატარებდა და ჩაატარებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებს. ეს ხელს არ შეუშლის,” – გვითხრა იოსელიანმა.

ამას გარდა, გვაინტერესებდა რა ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, რაზეც იოსელიანმა გვიპასუხა, ტექნიკური და ლოჯისტიკური ღონისძიებების გარდა, ინტენსიური ინფორმირების კამპანია ჩავატარეთ, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვაო. ასევე, ვატარებთ საგანმანათლებლო პროექტებს, სამუშაო შეხვედრებს, პარალელურად, ვთანამშრომლობთ ჩართულ მხარეებთან და მედიასთანო.

“ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქამდე, რომ ის არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება იქნება თავისუფალი, იქნება სამართლიანი, იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი”, – დაგვპირდა ცესკოს პრესსპიკერი.

ცვლილება N4. გენდერული კვოტირების გაუქმება

პარლამენტში მყოფი “გირჩისა” და მმართველი გუნდის გარიგების შედეგად, დაჩქარებული წესით გაუქმდა გენდერული კვოტირების მექანიზმიც – საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებდა, რომ პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი ქალი მაინც ჰყოლოდათ. არადა სწორედ გენდერულ თანასწორობას შეეხებოდა ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შესრულებულად გვეთვლებოდა.

პარლამენტის წევრი თამარ კორძაია “აი, ფაქტთან” საუბრისას ამბობს, რომ კვოტირების გაუქმებით კონსტიტუციის მე-11 მუხლიც დაირღვა, რომელიც თანასწორობას შეეხება. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობასა და თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. მისი თქმით, უკანა პლანზე გადაინაცვლებს თემები, რომლებზეც ქალები აქტიურად ლაპარაკობდნენ. ეს იქნება ბავშვთა უფლებების დაცვა თუ ოჯახში ძალადობის საკითხები.

“თავად “ქართულ ოცნებას” არ უნდა პოლიტიკაში ქალებით შეიწუხოს თავი. როდესაც მაჟორიტარული სისტემა გაუქმდა, მაჟორიტარმა კაცებმა დაინახეს რისკი, რომ სიაში შეიძლება არ იყოს მათი ადგილი… უბრალოდ, ისინი ამას არ აღიარებენ… მაგრამ, რომ გადავხედოთ სტატისტიკას, კაცები არიან 95% მაჟორიტარების. იმიტომ, რომ მათ აქვთ ფული, მათ აქვთ რესურსი და, შესაბამისად, სამაჟორიტარო კამპანიას აბარებენ კაცებს”, – ამბობს კორძაია.

მისი ვარაუდი ნაწილობრივ უკვე გამართლდა – “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა დელეგატების სია, რომელიც მხოლოდ კაცებითაა დაკომპლექტებული.

პრეზიდენტმა კვოტირების გაუქმებაზეც ვეტოს უფლება გამოიყენა, რადგან, მისი აზრით, ეს ცვლილება “ევროპულ გზასთან” წინააღმდეგობაში იყო. “ქართულმა ოცნებამ” ეს ვეტოც დაძლია.

ვენეციის კომისიის განცხადებით, არჩევნებამდე დაჩქარებული წესით მიღებული ეს ფუნდამენტური ცვლილებები ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობასა და საზოგადოების ნდობას. დასავლელმა პარტნიორებმა ხაზი არაერთხელ გაუსვეს იმას, რომ ხელისუფლებას მათი არცერთი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია.

როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები საქართველოში?

როგორ წარიმართება ხმის მიცემის პროცესი იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება?

საარჩევნო პროცესში ორი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს.

  • წელს საქართველოს ისტორიაში პირველად, საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, რაც მაჟორიტარული სისტემისგან განსხვავებით, უფრო მეტად უზრუნველყოფს პარლამენტის მრავალპარტიულობას. პროპორციული სისტემის მთავარი პრინციპია ის, რომ პარტიის მიერ მიღებული ხმები ავტომატურად კონვერტირდება პარლამენტში არსებული მანდატების შესაბამის რაოდენობაზე.
  • წელს პირველად, ამომრჩევლების თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. თქვენთვის სასურველი კანდიდატის გასწვრივ არსებული წრე წელს კი არ უნდა შემოხაზოთ, არამედ სრულად უნდა გააფერადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ბიულეტენი გაბათილდება.
    ელექტრონული აპარატების გამოყენებით წარიმართება ხმის დათვლის პროცესიც.

    კენჭისყრისას თითოეული აპარატი დამოუკიდებლად დაითვლის მიღებული ბიულეტენების შედეგებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ კი მიღებული ხმების დაჯამება აპარატებს შორის პირდაპირი კავშირით მოხდება. თუმცა, კომისიის წევრებს მათი გადათვლა მაინც მოუწევთ.
არჩევნები 2024 საქართველოში - გააფერადე სასურველი კადიდატი, არ შემოხაზო

რა შესაძლო დარღვევებს უნდა ველოდოთ და როგორ შევუწყოთ ხელი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას?

რეგიონებში ყოფნისას და ხალხთან საუბრისას ამ ბოლო ხანებში ხშირად გვესმის, რომ ადამიანების ნაწილი მთავრობის მხრიდან არჩევნების გაყალბების მოლოდინში არიან და ეს გარკვეულწილად ნიჰილიზმსა და უიმედობასაც უწყობს ხელს. სტატიის ეს თავი სწორედ იმას ემსახურება, რომ საარჩევნო პროცესისა და მოსალოდნელი დარღვევების შესახებ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ და ამით ამაღლდეს ადამიანებში ცოდნა. მეტი ვიცოდეთ შესაძლო პრევენციული ზომების შესახებაც.

აი, ფაქტის” კითხვას, თუ რა შესაძლო დარღვევებს უნდა ველოდოთ და რა შეიძლება გავაკეთოთ მოქალაქეებმა, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომლებიც არჩევნებს წლებია აკვირდებიან. ეს კითხვა დავუსვით ოთხი გამოცდილი ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ესენი არიან: “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ღია სივრცე კავკასია”, “სამართლიანი არჩევნები,” “რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი”.

“რუსული კანონის” ამოქმედების გამო, ისინი შიშობენ, რამდენად მიეცემათ არჩევნებზე სრულყოფილად დაკვირვების საშუალება. ამას გარდა, მათი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში შემდეგ გამოწვევებს უნდა ველოდოთ: ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, ამომრჩევლის მოსყიდვას/დაშინებას/შანტაჟს, უკანონო აგიტაციას, ძალადობრივი ინსტრუმენტების გამოყენებას, უთანასწორობას პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებში, პოლარიზებულ გარემოს და ა.შ.

უშუალოდ არჩევნების დღეს კი საარჩევნო უბნებზე შესაძლოა შემდეგი პროცედურული დარღვევები დაფიქსირდეს:

  • ცესკოს ახალი წესის მიხედვით, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადასანაწილებლად წილისყრა 7 დღით ადრე ჩატარდება, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას დააზიანებს. “აქამდე მოქმედი წესით ზემოაღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის დილის 7:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდში იმართებოდა.

    შესაბამისად, ამ პროცედურას აკვირდებოდა ყველა ჩართული მხარე, ვისაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება აქვს: ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მედიების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ეს უზრუნველყოფდა წილისყრის პროცესზე სრულყოფილ დაკვირვებას ყველა საარჩევნო უბანზე.

    ცესკოს მიერ მიღებული ახალი წესის შედეგად, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რომ არჩევნებამდე 7 ან მეტი დღით ადრე საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გახსნილ 3 000-ზე მეტ უბანზე, მხოლოდ წილისყრის პროცედურის დასაკვირვებლად მოხდეს მასშტაბური სადამკვირვებლო რესურსის მობილიზება.

    ცვლილების შედეგად გარანტირებულად დაზიანდება წილისყრის პროცედურაზე დაკვირვების ხარისხი, რაც უდავოდ შეამცირეს პროცესის გამჭვირვალობას”, – წერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა “საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.
  • ფარულობის პრინციპის დარღვევა – სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი ხმა იყოს ფარული. თუმცა, ეს პრინციპი შეიძლება დაირღვეს, თუ თავად ამომრჩეველი არ დაიცავს შესაბამის წესებს.

    წელს ამომრჩეველმა სასურველი კანდიდატის გაფერადების შემდეგ ბიულეტენი ჯერ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში ამობრუნებული უნდა მოათავსოს, შემდეგ კი მისი დახმარებით ხმის მთვლელ აპარატში. ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენს სრულად არ ფარავს. თუ ამ წესს მოქალაქე სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, შესაძლოა მისი ბიულეტენი სხვა პირებმაც დაინახონ.

    ამ პრინციპის დარღვევის რისკი იქნება მაშინაც, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო ხმის მთვლელი აპარატი ბიულეტენს პირველ ან მეორე ცდაზე არ მიიღებს. ამიტომაც, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ბიულეტენი აპარატში ნამდვილად მოთავსდა და უბანი შემდეგ დავტოვოთ. ან თუ არ მოთავსდება, მისი შეცვლა მოვითხოვოთ და ხელახლა მივცეთ ხმა ჩვენთვის სასურველ კანდიდატს;
  • სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ე.წ. კარუსელების “დატრიალების” რისკი იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, მინიმუმამდეა შემცირებული. თუმცა, მათი თქმით, გარკვეულწილად არსებობს იმ ამომრჩევლების ნაცვლად ხმის მიცემის რისკი, რომლებიც არჩევნებზე არ წავლენ (თუ რომელიმე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი და რეგისტრატორი მსგავს რამეს დაუშვებს);
  • შესაძლოა, დაირღვეს ან არასრულყოფილად ჩატარდეს მარკირების პროცედურა;
  • კვლავ არსებობს ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და ბიულეტენებს შორის დისბალანსის ალბათობა;
  • წინა არჩევნების მსგავსად, შესაძლოა დარღვევები დაფიქსირდეს საარჩევნო უბნების გარეთაც – ეს იქნება უბნებზე გარკვეული ადამიანების/ჯგუფების მობილიზება, საარჩევნო სუბიექტების ატრიბუტიკის ტარება, უკანონო აგიტაცია თუ სხვა.

ვინაიდან, წელს პირველად ტარდება არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლოა სხვა ტიპის დარღვევებიც გამოიკვეთოს. ამ ყოველივეს თავიდან ასარიდებლად, დაცული უნდა იყოს საჯაროობის პრინციპი, კომისიის წევრებმა პროცესი სწორად უნდა წარმართონ, საარჩევნო პროცესში ჩართულმა სხვა მხარეებმა კი მათ თვალი ყურადღებით ადევნონ. 

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკუთარი მეთოდოლოგიის მიხედვით, აქტიურად უნდა დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე უშუალოდ არჩევნების დღესა და პროცედურებს. დარღვევებზე უნდა ჰქონდეთ სათანადო რეაგირება – ეს იქნება ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირება, საჩივრის დაწერა, რეაგირების არქონის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრება თუ სასამართლო დავა.

სტატიკური დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე უნდა დარჩნენ ბოლომდე, თვალი ადევნონ როგორც ხმის გადათვლის, ასევე შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესსა და მის სიზუსტეს.

რაც შეეხებათ მოქალაქეებს, ისინი კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი და სურვილის შემთხვევაში, თავადაც გახდნენ დამკვირვებლები. ან თუ უბანზე ყოფნისას რაიმე პროცედურულ დარღვევას დააფიქსირებენ, ამის შესახებ სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ან მედიას აცნობონ.

ისინი შესაძლოა ინფორმაციას ფლობდნენ იძულების, მოსყიდვის ან ძალადობის შემთხვევების შესახებაც ან თავად იყვნენ მსხვერპლნი, რის შესახებ საუბარიც კვლავ პირდაპირი გზით, ან მედიისა და ორგანიზაციების დახმარებით შეუძლიათ (მათ შორის, კონფიდენციალურადაც).

და ბოლოს, ჩვენი ყველა რესპონდენტი ერთხმად ამბობს, რომ ყველაზე მთავარი მოქალაქეების არჩევნებზე მისვლა, საკუთარი ნების გამოხატვა და მაღალი აქტივობაა.

ლევან ნატროშვილი, ISFED: “მოქალაქეები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი პროცესში, არჩევნებზე უნდა მივიდნენ. მაღალი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური პარტიებიც უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ ამ საკითხს და მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ ჰქონდეს არჩევანი ამომრჩეველს არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ კარგსა და უკეთესს შორის”.

გულად ქანთარია, RRG: “ბევრი მოქალაქის მისვლა საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს და საკუთარი დასავლური, ქართული, ევროპული ღირებულებების მქონე არჩევნების გაკეთება იქნება გადამწყვეტი ამ პროცესში… ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ამოცანაა, ადამიანები დავარწმუნოთ იმაში, რომ არჩევნებზე რეალურად შეუძლიათ ქვეყნის ბედის გადაწყვეტა”.

ნონა ქურდოვანიძე, საია: “არჩევნებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული ადამიანის ხმა არის გადამწყვეტი და ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ ზუსტად ერთ ხმას გადაუწყვეტია არჩევნების ბედი. ამიტომ, მოქალაქემ საკუთარ და ქვეყნის მომავალზე პოზიცია უნდა დააფიქსიროს, მისთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემის გზით. თუ არჩევნებზე არ მივა, მის და ჩვენი ქვეყნის მომავალს არჩევნებზე მისული მოქალაქეები გადაუწყვეტენ… მოქალაქეს პროცედურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და იცოდეს, რომ მისი ხმა არის დაცული და ფარული, თუ თავად არ გაასაჯაროებს მას”.

გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რას გვპირდება “ალტ-ინფოსა” და “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ალიანსი? 
qaveri alt-info

რას გვპირდება “ალტ-ინფოსა” და “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ალიანსი? 

16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს მთავრობამ კონსტანტინე მორგოშია და ზურა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share