fbpx

ცესკოს “ნეიტრალური” საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” სამსახურში

Screenshot 2024 10 18 at 20.24.00

26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე რომ მიხვალთ, საუბნო კომისიის წევრები დაგხვდებიან. ისინი გაგიკეთებენ მარკირებას, მოგაწვდიან ბიულეტენს და საღამოს, ყველანი რომ ხმის მიცემას მოვრჩებით, ამ ხმებსაც ისინი დაითვლიან. ამ საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიებს უბანზე თავიანთი დანიშნული თითო-თითო წევრი ეყოლებათ, ცესკო კი, მინიმუმ, 8 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი. ცესკოს შემადგენელი საოლქო კომისია ირჩევს საუბნო კომისიის თავმჯდომარესაც, თავმჯდომარის მოადგილესაც და მდივანიც. ანუ, უბანზე ყველა საკვანძო პოზიცია ცესკოს ხელშია. 

საუბნო კომისიის ზემდგომია საოლქო კომისია. შესაბამისად, თუ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება გვინდა, აუცილებელია, რომ ორივე ამ რგოლში, საუბნო თუ საოლქო კომისიებში სანდო და პარტიებისგან მიუკერძოებელი ხალხი გვყავდეს. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ ეს ასე არ ხდება. 

ცესკომ იმერეთში “მიუკერძოებელი” კომისიის წევრები აირჩია და დანიშნა. მათ რიგებში არიან: “ქართული ოცნების” ღია მხარდამჭერები, სამთავრობო პროპაგანდის რუპორი საჯარო მოხელეები, მერიებში, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულები ან მათი ოჯახის წევრები. 

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და წევრები 7 სექტემბერს აირჩიეს, საოლქო კომისიის დროებითი წევრები (მხოლოდ ამ არჩევნებისთვის რომ იმუშავებენ) კი 31 აგვისტოს. 

ასეთ დროს, საქართველოს საარჩევნო კოდექსი მკაცრი არ არის და როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” ეს სულაც არ აწუხებს. ფაქტია, მათ სასიკეთოდ მუშაობს კანონის შემდეგი ნორმა:

ნებადართულია, საარჩევნო კომისიის წევრები ან ხელმძღვანელები, იმავდროულად, მერიაში ან მერიის ა(ა)იპ-ებში მუშაობდნენ. საარჩევნო კომისიის წევრობა არ შეუძლია და ეს თანამდებობრივ შეუთავსებლობად ეთვლება – მინისტრს, მის მოადგილეს, პარლამენტის წევრს ან აპარატის უფროსს, სამინისტროს დეპარტამენტის/სამმართველოს ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს/მოადგილეს, მერს და მერის მოადგილეს, მოსამართლეს, მის თანაშეწმეს ან პროკურატურის თანამშრომელს.

ჩვენ შევისწავლეთ ვინ აირჩია/დანიშნა ცესკომ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიების შემადგენლობებში თორმეტივე ოლქსა და 74 უბანში. შევამოწმეთ როგორც ოლქის შემადგენლობა, ისე ქალაქის და სოფლის უბნების 750-ზე მეტი კომისიის წევრის ვინაობა და აღმოჩნდა, რომ:

  • საუბნო კომისიების 62 წევრი მერიის, საკრებულოს, სახელმწიფო დაწესებულებების ან მუნიციპალური ა(ა)იპ-ის თანამშრომელია;
  • საუბნო კომისიების 185 წევრი სკოლაში ან საბავშვო ბაღშია დასაქმებული (მასწავლებელი, აღმზრდელი, ბიბლიოთეკარი, დირექტორი/გამგე);
  • საუბნო კომისიების 21 წევრი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდამჭერი, მათი ოჯახის წევრი ან/და სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელია;
  • საოლქო კომისიების 18 წევრი მერიის, ა(ა)იპ-ის, სკოლის, ან ბაღის თანამშრომელია;
  • საოლქო კომისიების 7 წევრი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. 

არადა, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი ამბობს:

“დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს. კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური, პროფესიონალი და პოლიტიკურად ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის არსებობას”.

ვის ნახავთ “პოლიტიკურად ნეიტრალურ” საარჩევნო კომისიაში?

სკოლის და საბავშვო ბაღის მასწავლებლები 

იმერეთის მუნიციპალიტეტებში 185 საუბნო კომისიის წევრი საჯარო სკოლაში ან ბაღში მუშაობს.მათი უმრავლესობა მასწავლებელი ან აღმზრდელია, ნაწილი – დირექტორი ან გამგე. 

რამდენიმე მუნიციპალიტეტში ასეთი სქემა მეორდება: სკოლის შენობაში გახსნილ უბნებზე თავმჯდომარეობას ანდობენ ამავე სკოლის დირექტორებს, რიგით კომისიის წევრებად კი კვლავ ამ სკოლის მასწავლებლებს გაამწესებენ ხოლმე. 

ექსპერიმენტის აუდიოჩანაწერი:

სუზანა ბიწაძე ჭიათურის სოფელ შუქრუთის სკოლის ისტორიის პედაგოგია. 26 ოქტომბერს ჭიათურის მე-2 უბნის კომისიის წევრი იქნება, საარჩევნო ადმინისტრაციის კვოტით. 

ჟურნალისტი: ოპოზიციურად განწყობილი ხალხი რამდენად გყავთ?

მასწავლებელი: არ არიან ბევრი, ყოველ შემთხვევაში… 

ჟურნალისტი: ანუ, არიან ხომ ჩვენი მხარდამჭერები მრავლად?

მასწავლებელი: კი, კი, კი, კი…. კი, გენაცვალე… 

ჟურნალისტი: ხომ იცით, 26-ში პროვოკაციები იქნება და“ქართული ოცნების” ხმები ბოლომდე უნდა დაიცვათ. 

მასწავლებელი: კი, მზად ვართ, რა ვიცი ახლა… ჩვენთან ვინც არიან წევრები, არავისგან ველოდებით პროვოკაციას. 

ჟურნალისტი: ანუ, მოკლედ, გვქონდეს თქვენი იმედი ამ უბანზე…

მასწავლებელი: კი…

ზარნაძე
თამარ ზარნაძე

დავურეკეთ თამარ ზარნაძესაც. ის კურსების საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სოფელში 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარეა. ჯერ გვითხრა, განწყობებზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგ მიმართულებით ,აგიტატორები უფრო მუშაობენ, მე პოლიტიკურად არ ვერევიო. თუმცა, შემდეგ მაინც შინაურულად გვირჩია, კურსებს მეტი მუშაობა სჭირდებაო:

“ნახევარი-ნახევარზე, ალბათ. ზოგი კი გეუბნება [გპირდება] რაღაცას, მარა მაინც მერე… ასე… ვერ იტყვი ახლა ასე იმათ, ვნახოთ, რა იქნება… ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და ღმერთმა მშვიდობით… ცოტა კურსები ისეთი უბანია, კარგი მუშაობა უნდა, მუშაობს ხალხი [აგიტატორები] და ვნახოთ რა იქნება, ყველაფერი კარგად უნდა იყვეს ჩვენი გადმოსახედიდან ამ ეტაპზე.“მასაც ვკითხეთ, 26-ში ჩვენს ხმებს ხომ დაიცავთ-თქო? რაზეც ომახიანად მოგვიგო: “კი ბატონო, კი ბატონო… რა თქმა უნდა, აბა? ყველანაირად ვეცდები, რაზეა ლაპარაკი…”. 

ოპოზიციის და ხელისუფლების მომხრეებს შორის როგორი რიცხობრივი სხვაობაა-თქო, ვიკითხეთ ვანსა და სამტრედიაშიც. 

“სავარაუდოდ, მცირე სხვაობაა, სამწუხაროდ…ასე ვატყობ… ალბათ, მაქსიმუმ, 60 პროცენტი [ოცნების მხარდამჭერი], ესეც ძალიან, ძალიან მაქსიმუმი, ისეთი გადათვლით… ვინც ხმხმაღლა ვერაფერს გეუბნება, იქედან, სავარაუდოდ, გაურკვეველია… “, – გვპასუხობს ცესკოს მიერ არჩეული “ნეიტრალური” კომისიის თავმჯდომარე ნინო ონიანი. ის სამტრედიის მე-7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და მე-12 საჯარო სკოლის დირექტორია. 

“ჩვენ სოფელში უფრო მეტი, რა თქმა უნდა, ისაა… “ქართული ოცნება”… მეც მაგათ გვერდით ვარ, ასე გამოდის და ყველა… [ჟურნალისტი: ესეიგი, მთელი უბანი ჩვენ გვერდით ხართ?] – “კი, კი, კი, გენაცვალე! წარმატებები და წარმატებული თვე, მთლიანად ჩვენს საქართველოს”,- ასე დაგვემშვიდობა ზემინარ შარაშენიძე, ვანის სოფელ გადიდში მე-11 უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და სკოლის მასწავლებელი. 

ქობულია
მაია ქობულია

წყალტუბოს მე-2 უბნის კომისიას მაია ქობულია ხელმძღვანელობს. ის, ამავდროულად, წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის დირექტორია. კოლეგების მსგავსად, არც მას გაკვირვებია, რატომ ვურეკავდით “ქართული ოცნების” შტაბიდან, როცა ისინი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩეული წევრები არიან და პოლიტიკური პარტია, წესით, არაფერ შუაში უნდა იყოს. 

-ჟურნალისტი: ხომ არ არის რაიმე კონფლიქტი წევრებს შორის, რაც არჩევნებზე ხელს შეგვიშლის?

-მასწავლებელი: როგორც ყოველთვის, დიდი პრეტენზიებით გამოირჩევიან, სად ნახულობენ ასეთებს არ ვიცი, “ნაციონალები”, რომლებიც ყოველთვის პროვოკაციაზე მიდიან და ამიტომ ვცდილობთ, რომ იყოს ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული გარემო. 

-ჟურნალისტი: ჩვენი მომხრეები უფრო მეტნი არიან თუ ოპოზიციურად განწყობილები? რეალური შეფასება მაინტერესებს…

-მასწავლებელი: ჩვენები! იმიტომ, რომ მე სადაც ვმუშაობ იქაც და ყველგან, ძალიან ბევრი დადებითადაა რა თქმა უნდა, განწყობილი სამთავრობო… 

ჟურნალისტი: ხომ გახსოვთ, “ქართული ოცნების” ხმები რომ უნდა დაიცვათ… 

-მასწავლებელი: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, კი ბატონო…

მანანა მიქაძე ხონის სოფელ პატარა ჯიხაიშის სკოლის დირექტორი და 21-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა. მასაც ვკითხეთ, ჩვენი მომხრეები მეტი არიან თუ ოპოზიციის-თქო? რაზეც გვიპასუხა:

“რეალურად, ჩვენს სოფელში, ჩვენი … არ იქნება არანაირი პრობლემა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და წელს განსაკუთრებულად, როცა ვხედავთ, რომ შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია…“. ბოლოს, თითქოს შევახსენეთ, ხომ იცით, “ქართული ოცნების” ხმები რომ უნდა დაიცვათ-თქო? – “კი, გასაგებია”, – გვითხრა სკოლის დირექტორმა და იმედიანად დაგვემშვიდობა. 

მაყვალა რევია წყალტუბოს 57-ე უბნის კომისიის წევრი და მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელია. როგორც წყარო გვეუბნება, ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მაყვალა რევიას საუბრის ბოლოს ვთხოვეთ, აბა თქვენ იცით, 26-ში “ქართული ოცნების” ხმები დაიცავით-თქო, რაზეც გვიპასუხა: “…ჩემი იმედი გქონდეთ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა… წარმატებებს გისურვებთ.”

“საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით”, – ვკითხულობთ საარჩევნო კოდექსში. 

“საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით”, – ვკითხულობთ საარჩევნო კოდექსში. 

სკოლის დირექტორების თუ მასწავლებლების მხრიდან პარტიის ერთგულება და საარჩევნო დავალებებზე “თავის ქნევა” რომ ნორმა არ არის, ამაში მათივე კოლეგების კეთილსინდისიერი ქცევა გვარწმუნებს. სამტრედიის, ბაღდათის და ვანის სკოლების დირექტორებმა და მასწავლებელმა გვითხრა, “ოცნების” მომხრეების თვლა ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის, მიუკერძოებლები უნდა ვიყოთო. 

“ეგ ჩემი საქმე არ არის, ქალბატონო, ვინ ვისი მომხრეა. ეგ უკვე ჩემი პრეროგატივა არ არის, არც ვკითხულობ და არც მაინტერესებს”, – გვეუბნება ვენერა ოდილავაძე, სამტრედიის მე-3 სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის შენობაში გახსნილი მე-3 უბნის თავმჯდომარე.

“[მომხრეების რაოდენობაზე კითხვის შემდეგ] … ვერ გეტყვით მაგას, წინასწარ შეტყობით, არ ვიცი… მე პირადად, მაგ დებატებში არ შევდივარ, ჩემთვის ეს არ შეიძლება,ზოგადად. დაველოდოთ არჩევნებს. ჩვენ, ზოგადად, კომისიის წევრები ვინც ვართ საოლქოდან, ნეიტრალურ დამოკიდებულებაში ვართ, ასე რომ ვერაფერს გეტყვით, დიდი ბოდიში. ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველას ხმა დავიცვათ სამართლიანად, ობიექტურად…”, – გვპასუხობს მანანა ჩაჩუა, ვანის სოფელ მთისძირის უბნის თავმჯდომარე და სოფელ დაბლა გომის სკოლის მასწავლებელი. 

საოლქო საარჩევნო კომისიებში არაუმეტეს 17 წევრია. აქედან რვას ცესკო ირჩევს, დანარჩენს – პოლიტიკური პარტიები. ცესკო 5 წევრს, ხუთი წლის ვადით, ხოლო 3 წევრს დროებით, კონკრეტული არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ნიშნავს. სწორედ ასეთ დროებით წევრთა რიგებში გვხვდებიან “ოცნების” მომხრე საჯარო მოხელეები. კომისიის წევრობის მსურველები ჯერ კონკურსს გადიან, შერჩეულ კანდიდატებს კი კენჭს უყრიან. 

საუბნო საარჩევნო კომისიებშიც არაუმეტეს 17 წევრია. აქედან რვას შესაბამისი საოლქო კომისია კონკურსის წესით ირჩევს, დანარჩენ 9 წევრსკი პარტიები ნიშნავენ – თითო პარტია თითოს. 

“ეს პროცესი ჩვენთან ფორმალურია. ვაკანსიაზე ზუსტად იმდენ ადამიანს შეაქვს განაცხადი, რამდენი ვაკანსიაცაა… წინასწარ ორგანიზებული და მობილიზებული ადამიანები შედიან ამ კონკურსებში, ანუ ფაქტობრივად “ქართულმა ოცნებამ” წინასწარ იცის, ვინ იქნება უბანზე თუ ოლქში მსურველი… წესიერ, ნორმალურ სახელმწიფოებში ეს უნდა ხდებოდეს რეალური კონკურსით, რეალური კონკურენციის პირობებში”, – ამბობს თენგო თევზაძე, “კოალიცია ცვლილებისთვის” და პარტია “ახალის” წევრი. 2022 წელს ის ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო. 

26 ოქტომბრის ელექტრონულ არჩევნებზე იმერეთის საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება ასე გამოყურება:

grafika - cesko -komisiebi

პარტიის ერთგული საჯარო მოხელეები “ნეიტრალურ” კომისიაში

ახლა რამდენიმე მაგალითს დაწვრილებით მოგიყვებით და თავად განსაჯეთ, ვის ინტერესს დაიცავენს ცესკოს მიერ დანიშნული ეს კომისიის წევრები არჩევნების დღეს. 

sofo gigineishvili torti
სოფიო გიგინეიშვილი, ფოტო: 2016 წელი

სოფიო გიგინეიშვილი სამტრედიის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში, იურიდიულ განყოფილებაში მუშაობს. ამავდროულად, სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია. შეიძლება იფიქროთ, ხომ შეიძლება, საჯარო მოხელე ნეიტრალური დარჩეს, მმართველ პარტიას არ ემხრობოდეს და მისი ყოფნა კომისიაშიც, ამ ფონზე, დიდ ინტერესთა კონფლიქტს არ ქმნიდეს. საქმე ისაა, რომ სოფო გიგინეიშვილი “ქართული ოცნების” ღია მხარდამჭერია. ფეისბუქზე არაერთხელ გაუზიარებია პარტიის განცხადებები, მათ შორის, მთავრობის პროპაგანდისტის, დიტო სამხარაძის პოსტი “რუსულ კანონზე”; “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ჭიჭინაძის კამპანიის პოსტები; ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ გაპრემიერების ვიდეო და სხვა. 

“თვითონაც იურისტია და არჩევნებში ყოველთვის ძალიან ცუდად ერეოდა, პირველი გამყალბებელია. ესეიგი, თავდადებული ქოცია”, – გვეუბნება “აი, ფაქტის” წყარო სამტრედიიდან, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია და სოფიო გიგინეიშვილს პირადად იცნობს.

sopo gigineishvili
სოფიო გიგინეიშვილი (მარცხნიდან პირველი, უკანა რიგში)
სამტრედიის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძესთან ერთად კომისიის შეკრებაზე.
ფოტო: 2024 წლის 16 ოქტომბერი, წყარო: მერიის თანამშრომელ ია ბერძეულის ფეისბუქი

სოფიო გიგინეიშვილს დავურეკეთ, რომ გვეკითხა, თუ იცის, ნეიტრალურობა რომ მოეთხოვება. მან დაგვიდასტურა, რომ მერიის იურიდიულ სამსახურში მუშაობს, მაგრამ კომისიის წევრობა რომ ვუხსენეთ, გაღიზიანდა და გვითხრა: 

“რა გნებავთ თქვენ, ვერ გავიგე. გამიმეორეთ, ვინ ბრძანდებით? მე რა ვიცი, ვინ შეიძლება მირეკავდეს… თქვენი იდენტიფიცირება რომ შემეძლოს, მე გაგცემდით ამომწურავ პასუხს, მაგრამ არ ვიცი რეალურად ვინ ბრძანდებით და ჩემს შესახებ ინფორმაცია რატომ უნდა მოგაწოდოთ?” ვუთხარით, რომ მარტივად შეეძლო დაეგუგლა ჩვენი სახელი და გვარი და დარწმუნდებოდა, რომ “აი, ფაქტიდან” ვურეკავდით. თუმცა, ამაზეც არ დაგვთანხმდა, “დაგემშვიდობებით, ბევრი საქმე მაქვსო” გვითხრა და ტელეფონი გაგვითიშა.

პარტიის ერთგული საჯარო მოხელეა წყალტუბოს მე-5 უბნის კომისიის მდივანი სოფიო ყანჩაველიც. ის, ამავრდოულად, წყალტუბოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელია და პროპაგანდის გავრცელებაში კოლეგებს ნამდვილად არ ჩამორჩება. ყანჩაველის ფეისბუქის კედელზე ნახავთ: “ოცნების” წარმომადგენელი მერის, გენადი ბალანჩივაძის და “ოცნების” დელეგატობის კანდიდატ გივი ჭიჭინაძის მხარდასაჭერ პოსტებს; “ტვ იმედის” დაკვეთილი “გორბის” კვლევის შედეგებს, რომლითაც “ქართული ოცნება” 60%-ს იღებდა, არჩევნები აპრილში რომ ჩატარებულიყო; ისევ და ისევ დიტო სამხარაძის პოსტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების “შავ ფულზე” და საპროტესტო აქციებზე, თითქოსდა, გაზაფხულზე თბილისში ათი ათასობით ადამიანი არ იკრიბებოდა.

სოფიო ყანჩაველმაც დაგვიდასტურა კომისიის მდივნობა და გვითხრა: “ძალიან კარგად ვიცი ჩემი უფლებები, ნეიტრალური ვარ სრულიად და პრობლემაა რამე? ამ წუთში, ვიმყოფები ოფიციალურად შვებულებაში, [მერიაში] უფლებამოსილება შეწყვეტილი მაქვს.”

“ჩემი აზრით, ეს კანონი რუსული, ფრანგული, ამერიკული და აფრიკული კიარა, ჯადოსნურია…” – “პოსტვ”-ის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ნათია ბერიძის ეს პოსტი 6 მაისს გააზიარა და ავტორი გულის “ემოჯით” მონიშნა ნინო საღარეიშვილმა. ის ხონის 26-ე უბნის კომისიის წევრია, ამავდროულად კი მუნიციპალურ ა(ა)იპ “მადლიერების სახლში” მუშაობს.

dito samxaradzeze

როგორც თვითონ ამბობს, 2011 წელს ხონში“ქართული ოცნება” მან მეგობრებთან ერთად შექმნა და 5 ათასი ხელმოწერაც შეაგროვა. გარდა ამისა, აშკარაა, რომ საღარეიშვილს ახლო ურთიერთობა აქვს “ქართული ოცნების” დეპუტატ და საპარლამენტო სიის წევრ დიტო სამხარაძესთან. ის ახლა პარტიის რეგიონული მდივანია.(სქრინები) 

sagareishvili ditoze

2024 წლის 2 ოქტომბერს, როცა საღარეიშვილი უკვე არჩეული იყო კომისიის წევრად, სოციალური ქსელით აგიტაციას მაინც აგრძელებდა და აზიარებდა ვიდეოს წარწერით – “რატომ უნდა წავიდეთ ყველა არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქართულ ოცნებას!!”. არადა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსით ასეთი ქმედება დაუშვებელია:

“მოხელეს (პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში),ეკრძალება საჯაროდ, მათ შორის სოციალურ მედიაში და სოციალური ქსელების გამოყენებით, საჯარო მოწოდება ან ნებისმიერი ისეთი ქმედება ან/და სოციალური აქტივობა, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს საარჩევნო სუბიექტის, პარტიის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, იმ ორგანიზაციის/პირის, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი, ინტერესების გატარებად, მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო განცხადებად, ქმედებად ანდა აქტივობად…”,- ვკითხულობთ 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილებაში. როგორც ჩანს, კომისიის წევრები ეთიკის კოდექსს არ იცნობენ. ამას ნინო საღარეიშვილის პასუხიც მოწმობს. 

რომ დავურეკეთ, გვითხრა, ინტერესთა კონფლიქტს ვეღარ ვხედავ, რადგან უკვე შვებულებაში ვარო. აგიტაციის ხსენებისთანავე კი გაბრაზებულმა გვითხრა:

“თქვენ ახლა მე მაშაყირებთ თუ რა კანონდარღვევაზე მესაუბრებით? მე მაქვს უფლება, მქონდეს ჩემი აზრი ჩემს სოციალურ გვერდზე, კონკრეტულ მოცემულობაში არასოდეს დამირღვევია მე სუბორდინაცია. რა არის დარღვევა? ძალიან გთხოვთ, ახლა [გვიყვირის], სად წაიკითხეთ, რომ მოვუწოდე ვინმეს, ხმა მიეცი “ქართულ ოცნებას-თქო”? კარგად ბრძანდებოდე, მეორედ არ აკრიბო ჩემი ნომერი”.

giorgi mjavanadze 9 oktomberi

ფეისბუქზე “ოცნების” მხარდამჭერი ვიდეორგოლი კომისიის წევრად არჩევის შემდეგ გააზიარა გიორგი მჟავანაძემაც. ის ქუთაისის 71-ე უბნის კომისიის თავმჯდომარეა და ქუთაისი მერიის ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში მუშაობს. ის ფეისბუქზე აქტიურად აზიარებს ოპოზიციის სალანძღავ ყალბ ინფორმაციას და მმართველი პარტიის გულის მოსაგებ პოსტებს. მისი საქციელის ფონზე, წესით, დამოუკიდებელ ცესკო-ს კომისიაში ყოფნა პრობლემა არც მას ჰგონია.

“რატომ არის ინტერესთა კონფლიქტი? მე ცესკოს წარმომადგენელი ვარ, ვმუშაობ ა(ა)იპ-ში და არ ვარ საჯარო მოხელე, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. რატომ ვერ დავითვლი ხმებს? ჩემთან ერთად 16 კომისიის წევრი აკონტროლებს ხმების დათვლის პროცესს და ალბათ ერთი ამდენი დამკვირვებელი, რომელიც იქნება საარჩევნო დღეს”, – გვითხრა გიორგი მჟავანაძემ.

2024 წლის 29 აპრილს, “საყოველთაო ყრილობაზე” ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის სრული ტექსტი ფიესბუქზე გააზიარა რუსუდან ზარნაძემ. ის თერჯოლის მე-2 უბანზე კომისიის თავმჯდომარეა და ამავდროულად მერიაში, საფინანსო-სახაზინო სამსახურში მუშაობს. მანაც გვითხრა, რომ შვებულებაშია და ამიტომ ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. 

ცესკოს მიერ არჩეული წევრებიდან ზოგიერთი მერიებში რიგითი სპეციალისტი არ არის, მთლიან სამსახურებს ხელმძღვანელობენ. მაგალითად, ირინა შალამბერიძე – ხონის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსი და ხონის 26-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე. 

“მაღალი სტანდარტისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა იყვნენ ნეიტრალურები და აპოლიტიკურები… მიუკერძოებელი უნდა იყოს, მათ შორის, ის, ვისაც პირდაპირ პოლიტიკური პარტია ნიშნავს. სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც საუბნო კომისიის წევრები პირდაპირ კამპანიაში ერთვებიან. ეს უკვე კანონდარღვევაა და ამის შესახებ არაერთი საჩივარი გვაქვს წარდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას”, – გვიხსნის ISFED/“სამართლიანი არჩევნების” მკვლევარი გიორგი ონიანი. 

რას აპირებს ოპოზიცია მიკერძოებული კომისიის წევრების პირობებში? 

ოპოზიციურ პარტიებს ვკითხეთ, რას აკეთებენ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, რა რისკებს ხედავენ იმაში, რომ 26 ოქტომბერს, “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნება და პარტიული წევრების გარდა, ცესკო-ს მიერ დანიშნულებიც მის სასიკეთოდ იმოქმედებენ.

ყველა მათგანი გვეუბნება, რომ ეს სცენარი მხოლოდ იმერეთში კიარა, მთელ საქართველოში მეორდება და კომისიებში მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი საგანგაშოდ მასშტაბურია. ოპოზიციის თქმით, წესით, ნეიტრალურ კომისიაში შეფარულად “ოცნების” მომხრეების ყოფნა ზრდის გაყალბების და საარჩევნო დარღვევების რისკებს – მაგალითად, რიგის მოწესრიგების, ბიულეტენების დარიგების, ხმების დათვლის თუ ხმების გაბათილებისას.

rusuli kanonis qardi- kanchaveli
კომისიის მდივან სოფიო ყანჩაველის ფეისბუქ პოსტი

“ეს ადამიანები, რეალურად, ‘ოცნების’ პარტაქტივია, რომელიც ჩანერგილი ჰყავთ საჯარო სამსახურში და იქედან ანაწილებენ კომისიებში… თუ ისინი დამოუკიდებლები არ იქნებიან, გააკეთებენ არასწორ განმარტებებს ბიულეტენის შევსების შესახებ, რაც გამოიწვევს ბიულეტენის ბათილობას. ან რიგის მოწესრიგების პროცესში იქნება მანიპულაციები ‘ოცნების’ დაკვეთით, რომ უბნებთან დააყენონ რიგები და დაიწყოს მათი მხარდამჭერების მობილიზება, თუ დაინახავენ, რომ აქტივობაში უჭირთ… ან, როცა კომისიის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ ბათილია თუ არა ოპოზიციის ამომრჩევლის ბიულეტენი, იქაც შესაძლებელია მიიღონ ‘ოცნების’ სასარგებლო გადაწყვეტილება… “, – ნათია მეზვრიშვილი, “გახარია-საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე.

“ჩვენ ეს ყველაფერი აღვრიცხეთ და მკაცრად გავაფრთხილეთ “ქართული ოცნება”, რომ თუ ეს ადამიანები რაიმე სახით მანიპულაციას ან შედეგებზე ზემოქმედებას ეცდებიან, ძალიან მკაცრი მიდგომა გვექნება. ველოდებით, როგორ მოიქცევიან კენჭისყრის დღეს.ნეიტრალურები რომ არ არიან, ეს კი ვიცით. ნდობა იმიტომ არ არის, რომ მოშლილია ზღვარი სახელმწიფოსა და “ქართულ ოცნებას” შორის, ანუ პარტიასა და ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ინსტიტუტებს შორის, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში. ეს ადამიანები დამოკიდებულები არიან ხელისუფლებაზე და ხელისუფლებამაც სწორედ ამ ნიშნით შეარჩია ისინი”, – გვეუბნება პარტია “ახალის” წევრი თენგო თევზაძე. 

გიორგი სიორიძესაც ვკითხეთ, რას ფიქრობს საარჩევნო უბნებზე შექმნილ სიტუაციაზე, რადგან თავადაც ცესკოს წევრია და თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილეც იყო.

“მე პირადად, როგორც ცესკოს წევრი, უნდა დავრწმუნდე, რომ ისინი იქნებიან მიუკერძოებლები, თუმცა სწორედ ასეთი ფაქტები განაპირობებენ ჩემს რწმენას, რომ არ არიან დამოუკიდებლები. ეს არის მრავალწლიანი პრაქტიკა, როგორც საუბნო, ისე საოლქო დონეზე. ამ პირებს მხოლოდ სერიოზული ფილტრების გავლის შემდეგ ირჩევენ, რომ დარწმუნებული იყვნენ, ისინი შეასრულებენ ყველა დირექტივას და მოემსახურებიან ხელისუფლების ინტერესებს. ყოველთვის ფარსია ეს პროცესი, ყველა წინასწარ შერჩეული პირია, შეიძლება იყოს ერთეული გამონაკლისები, თითზე ჩამოსათვლელი”, – გვითხრა “ძლიერი საქართველოს” პოლიტ საბჭოს წევრმა გიორგი სიორიძემ. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამ ამბიდან გამოსავალი ერთადერთია – დამკვირვებლების გაფაციცებული ყურადღება ყველა საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრთა ყველა ნაბიჯის მეთვალყურეობა და სათანადაო რეაგირება მათ დარღვევაზე – იქნება ის რეგისტრატორი თუ უბრალოდ რიგის მომწესრიგებელი. 

ცესკო-სთვის გვსურდა გვეკითხა, რას ფიქრობენ იმაზე, რომ მათივე დადგენილი წესებით აუცილებელი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ირღვევა და კომისიის წევრები მმართველი პარტიის მხარდაჭერას არ მალავენ. პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, კონკრეტული მაგალითები მოგვიყვანეთ და შესაბამისად გიპასუხებთო. ცესკო-ს მივწერეთ დეტალურად, თუ ვინ არის მათ მიერ არჩეული/დანიშნული წევრებიდან საჯარო მოხელე, ვინ “ოცნების” მომხრე თუ პროპაგანდის გამავრცელებელი. ისიც დაწვრილებით მოვუყევით, რა გვითხრეს ექსპერიმენტისას სკოლის დირექტორებმა. 

პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა წერილობით გამოგვიგზავნა შაბლონური, ზედაპირული პასუხი და გვითხრა, რომ კომისიის წევრები კანონის შესაბამისად აირჩიეს, რომ ყველა მათგანს აქვს სერტიფიკატი, ხოლო მათი სამსახური ვერ იქნება მათ მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საბაბი. 

“…წარსულში განხორციელებული ქმედებით, მათ შორის სოციალურ ქსელში ამა თუ იმ პოსტის გაზიარებით არ უნდა შეფასდეს რომელიმე კომისიის წევრი. აღნიშნული პირების საქმიანობა უნდა შეფასდეს მათ მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებით და განხორციელებული ქმედებებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის მედიას, დააკვირდნენ არჩეულ პირთა საქმიანობას და მხოლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით/ქმედებებით შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული წარმომადგენელი. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია ადასტურებს მზაობას რაიმე დარღვევის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება თითოეულ ასეთ შემთხვევაზე”, – მოგვწერეს ცესკო-დან. 

სტატიაზე მუშაობდნენ: (ჟურნალისტები) შორენა ლაღაძე, თამუნა ქიმაძე, ია ასათიანი, მარიამ კაჭკაჭაშვილი, ნათია მიხელიძე; (რედაქტორები) მანანა ღოღობერიძე და ნინო ბაქრაძე; (ვიდეოგრაფი) რობი ზარიძე; (გრაფიკული დიზაინერი) ნინო გაგუა

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები 

logo
მასალა მომზადებულია New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მასალაზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს დონორის ხედვას.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სოციალურად დაუცველების დაშინება და შანტაჟი – როგორ ემზადება “ქართული  ოცნება” არჩევნებისთვის
სოციალურად დაუცველების შანტაჟი წინასაარჩევნოდ

სოციალურად დაუცველების დაშინება და შანტაჟი – როგორ ემზადება “ქართული  ოცნება” არჩევნებისთვის

ავტორები: ნინო აფაქიძე და ეთო მიდელაშვილი ქმარი: ის უფრო ყურადღებიანი მთავრობა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share