რა მოხდა პროტესტის პირველ კვირაში?
28 ნოემბერს, თვითგამოცხადებულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი 2028 წლამდე შეაჩერა.
კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებამ და საგარეო კურსიდან გადახვევამ ხალხი გააბრაზა. ქუჩებში მასობრივი, უწყვეტი პროტესტი დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე რეგიონების და უცხოეთის ქალაქებში. “ქართული ოცნება” კი ცდილობს, პროტესტი დაშინებით და არაპროპორციული ძალის გამოყენებით ჩაახშოს.
28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იყო:
ძალადობა/რეპრესიები
- აქციების სასტიკი და დანაშაულებრივი დარბევისას, დაშავდა 300-ზე მეტი პირი, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია;
- სისხლის სამართლის წესით დააკავეს 18 პირი; (ემუქრებათ 4-დან 7 წლამდე, ან 9-დან 12 წლამდე პატიმრობა);
- ადმინისტრაციული წესით დააკავეს 325 დემონსტრანტი; ისინი 3-დან 8 დღემდე პატიმრობაში დატოვეს, ან დააკისრეს ჯარიმა (500-დან 4500 ლარამდე)
- დაისაჯა აქციის სასტიკ დარბევებში მონაწილე 0 “სამართალდამცავი”;
- დარბევისას დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედიიდან)
- სპეცრაზმელების თავდასხმის შედეგად განსაკუთრებით დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა სამ ჟურნალისტს;
- ამ დრომდე დაკავებულია ოპოზიციონერი ლიდერები – ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სულ ცოტა 8 წევრი.
- გაჩხრიკეს ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების ოფისები. ასევე, აქტივისტების სახლები.
საპროტესტო ტალღა
- ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და უკრაინამ სანქციები დაუწესა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, თვითგამოცხადებულ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, შსს-ს მაღალჩინოსნებს და “ქართული ოცნების” წევრებს; სანქციები დააანონსა კანადამ და აშშ-მ.
- ქვეყნის გარუსების მცდელობას და საგარეო კურსის ცვლილებას გაემიჯნა მინიმუმ 3 400 საჯარო მოსამსახურე, 20-მდე სახელმწიფო უწყებიდან;
- აქციის მონაწილეების დაჟინებული მოთხოვნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი დაეთმო ხალხს. საზოგადოებრივი მაუწყებლის 77-მა თანამშრომელმა კი მოქალაქეების მხარი დაიჭირა;
- საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისში და რეგიონების 40-მდე ქალაქში;
- სახელმწიფო თანამდებობა დატოვა სულ მცირე 10-მა პირმა. (მათ შორის, ექვსმა ელჩმა, სამინისტროების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა);
- გაიფიცა 10-მდე უნივერსიტეტი, მათი ასეულობით სტუდენტი და ლექტორი;
- გაიფიცა სასკოლო კლასები და მოსწავლე-მასწავლებლები;
- გაიფიცა სამი თეატრი და ათეულობით მსახიობი;
- გამოაშკარავდა აქციის დარბევაში მონაწილე 102 სპეცრაზმელის სია.
ეს მონაცემები მუდმივად ცვალებადია და მას პროტესტის განვითარების შესაბამისად განვაახლებთ.