fbpx
raiot-cover

გარუსების საწინააღმდეგო აქციები: რა მოხდა პროტესტის მეორე კვირაში?

სასტიკი ძალადობის, დაშინების, რეპრესიების და კანონების გამკაცრების ფონზე, თბილისსა და რეგიონებში პროევროპული აქციები გრძელდება. უკვე ორი კვირაა, მოქალაქეები უწყვეტად აპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას, რაც 28 ნოემბერს, თვითგამოცხადებული პრემიერის განცხადებიდან გავიგეთ.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაა. ხელისუფლება, ჯერჯერობით, საპროტესტო მოთხოვნებს აიგნორებს და დათმობაზე არ მოდის. პირიქით, მოქალაქეებს სჯის და სიტყვის მასობრივი შეკრებების შესაზღუდად, კანონებს ამკაცრებს. 


28 ნოემბერი-12 დეკემბრის პერიოდში:

  • აქციების ძალადობრივი დარბევისას დაშავდა 300-ზე მეტი პირი. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია;
  • სისხლის სამართლის წესით დააკავეს, სულ მცირე, 36 მოქალაქე;
  • ადმინისტრაციული წესით დააკავეს 430 დემონსტრანტი (მათ ნაწილი 3-დან 8 დღემდე პატიმრობაში დატოვეს, ან დააკისრეს ჯარიმა და გაათავისუფლეს. ნაწილი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას დღემდე ელის);
  • დაკავებულთაგან 80-ზე მეტი პირი კლინიკაში მოხვდა. 300-ზე მეტი პირი კი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელმა ხაზმა შეტყონინება მიიღო, სულ მცირე, 319 პირის უფლებების დარღვევის შესახებ;
  • ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორის ახალ ფორმებს იყენებს: პოლიცია მოქალაქეებს პირდაპირ საცხოვრებელ სახლებში აკითხავს და იძულებით გადაჰყავს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.  სახლში შესაშვებად, მოტყუებით ურეკავენ აქციის მონაწილეებს ან მათ ოჯახის წევრებს. ეუბნებიან, რომ უწყების ჩასაბარებლად არიან მოსულები;
  • წამოიწყეს ტერორის კიდევ ერთი ფორმა – მოქალაქეების გატაცება პირდაპირ ქუჩიდან და მათი იზოლატორებში გადაყვანა. მაგალითად, დღეს,12 დეკემბერს, ქუჩიდან აიყვანეს მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი ვატო ბჟალავა;
  • განაახლეს ტერორის შარშან ნაცადი პრაქტიკა – მოქალაქეებთან რეკავენ უცხო პირები, უცხო ქვეყნის ნომრებით და იწყებენ დაშინებას, მუქარას, სიტყვიერ შეურაცხყოფას;
  • დაშავდა, დააკავეს ან პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს/ოპერატორს/ფოტოგრაფს (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედიიდან);
  • საპატრულო პოლიციამ დაიწყო კრიმინალზე “თვალის დახუჭვა” და არაფორმალურ ბანდებთან, ე.წ ტიტუშკებთან ერთად მოქმედება. ასე მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევაშიც. 
  • 6 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხნენ თავს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს. პოლიცია შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იდგა, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ. თვითმხილველებმა პოლიციას მოუწოდეს, მიეღოთ შესაბამისი ზომები, მაგრამ უშედეგოდ. 
  • 7 დეკემბრის ღამეს, “ქართული ოცნების” “ტიტუშკები” პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. თავდასხმის ფაქტზე, რომელიც პირდაპირ ეთერში მთელმა საქართველომ ნახა, ჯერ არავინ დაუკავებიათ.  
  • გრძელდება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმები და მათი დაკავებები. 
  • პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პარიზში, სადაც შეხვდა და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე მოუყვა საფრანგეთის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს. 
  • 10 დეკემბერს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სამოქალაქო თავდადეებისთვის მედლებით დააჯილდოვა.
  • 11 დეკემბერს ემანუელ მაკრონი ოლიგარქ ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ელისეის სასახლის ინფორმაციით, მან პატიმრების გათავისუფლება,  გამოხატვის და შეკრების თავისუფლების პატივისცემას მოითხოვა. ზარი რამდენიმე დღეში ისევ შედგება და “მიღწეულ პროგრესს” შეაფასებენ. 
  • ამავე დღეს საქართველოში ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ. ისინი პრეზიდენტს, ოპოზიციას, მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, 12 დეკემბრის საღამოს კი ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.
  • “ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც უნდა აიკრძალოს აქციებზე ნიღბების, პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება.  ცვლილებების მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და გაყიდვა მხოლოდ სპეციალური ნებართვით ან ლიცენზიით იქნება ნებადართული. დემონსტრაციებზე პიროტექნიკის გამოყენება აიკრძალება, ხოლო აკრძალული ნივთების ჩამონათვალს დაემატება პიროტექნიკური ნაწარმი. შემდეგი მოსმენისას დაამატებენ, რომ აქციებზე აიკრძალოს ნიღბების და ლაზერების გამოყენება. ამ რეგულაციების ნაწილი ამოქმედდება 2025 წლის 1 თებერვალს, ნაწილი კი 1 აპრილს. „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებით, პოლიციაში, როგორც წესი, პირი მიიღება კონკურსის გავლის შემდეგ, თუმცა მინისტრს ექნება უფლება, განსაზღვროს კონკურსის გარეშე მიღების წესები.
  • პროტესტის დაწყებიდან დღემდე დაისაჯა აქციის სასტიკ დარბევებში მონაწილე 0 “სამართალდამცავი.”


შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და ზესტაფონში მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 11-ში საპროტესტო მსვლელობა გამართეს მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოხელეებმა, 12 დეკემბერს, ხელოვანებმა და IT/TECH სფეროს წარმომადგენლებმა. 13 დეკემბერს კი დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში აქციებს/მსველელობებს/მარშებს აანონსებენ სტუდენტები, სტარტაპერები, HR-ები, მარკეტერები, ფსიქოლოგები, ექიმები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ:

თუ გამოკითხვაზე დაგიბარეს


რა უნდა იცოდე, თუ გაფიცვას აპირებ

როგორ უნდა მოიქცე, თუ მეტროში ან ქუჩაში პოლიციამ ზედაპირული გადამოწმების/დათვალიერების მიზნით გაგაჩერა

კომენტარები
Total
0
Shares
Next
იყენებთ ტელეგრამს? – მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა
telegram

იყენებთ ტელეგრამს? – მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა

სოციალური მედია პლატფორმა ტელეგრამი საქართველოში სულ უფრო პოპულარული და

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share