ბოლნისის მუნიციპალიტეტმა კაზრეთში, კომპანია Rich Metals Group (RMG)-ს ფაბრიკისკენ მიმავალი საავტომობილო გზის აღსადგენად 693,000 ლარი უნდა გადაიხადოს.
ამ გზაზე მადნით დატვირთული ათეულობით მანქანა მოძრაობს, რომელთა წონა 60 ტონას მაინც აღემატება. გზას მოსახლეობაც იყენებს.
“თვლა არ აქვს, იმდენი სატვირთო დადის. ერთი რომ გაივლის, ისეთი მტვერი დგება, რომ არც მანქანა ჩანს და არც ადამიანი,” – ამბობს კაზრეთელი ლამარა აბრამიშვილი.
ტენდერი გზის რეაბილიტაციაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის 26 აპრილს გამოაცხადა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია იღებდა მონაწილეობას და გამარჯვებულადაც ის გამოვლინდა. დაკვეთა შპს “გ&კ ტექნოლოგმა” 11 ოქტომბრამდე უნდა დაასრულოს.
შეკეთდება გზის ორკილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ბოლნისის მთავარი მაგისტრალიდან დაბა კაზრეთამდე ადის.
გზის რეაბილიტაციის პროექტს მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს: 250,000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო, 450,000 ლარი – ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტი 18,3 მილიონი ლარია. ამ გზის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი ხარჯები კი მთელი ბიუჯეტის, თითქმის, 4 პროცენტს შეადგენს.
სატენდერო კომისია, რომელმაც დოკუმენტაცია შეადგინა, 6 წევრისგან შედგებოდა. ყველა მათგანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელია.
კონსტანტინე კორძაძე, კომისიის ერთ-ერთი წევრი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსია. ამბობს, რომ გზის აღდგენითი სამუშაოები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმა.
“ეს გზა პრობლემური იყო კაზრეთის მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ აქ დიდი მანქანები მოძრაობენ. არის მტვერი და ჰაერი ბინძურდება. წლებია, კორპუსებში ხალხი სარეცხს ვერ ჰფენს. ისე, ეს გზაც კეთილი უნდა ენება და კომპანიას უნდა განეხორციელებინა,” – ამბობს კორძაძე.
გზის რეაბილიტაციის ეს პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტს 2015 წლიდან ჰქონდა და განსაზღვრული იყო მისი მთლიანად აღდგენა. მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი ბიუჯეტისთვის გამოყოფილი სუბსიდიის შემცირების გამო ობიექტის აღდგენის პროცესი ორად გაიყო. ახლა მხოლოდ გზის საწყისი ერთი კილომეტრი გარემონტდება. დარჩენილი 1 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ფაბრიკამდე მიდის, ამ ეტაპზე არ აღდგება.
დავით შერაზადაშვილის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის თქმით, მათ ტენდერი გზის იმ მონაკვეთის შესაკეთებლად გამოაცხადეს, რომელიც მოსახლეობას ემსახურება.
შესთავაზა თუ არა მუნიციპალიტეტმა კომპანიას გზის შეკეთებაში ფინანსური მონაწილეობა?
“თვითონ არ მოუმართავთ, სურვილი არ გამოუთქვამთ და არც მე, ჩემი ინიციატივით, მოლაპარაკებები არ მქონია,” – ამბობს გამგებელი. “ახლა ნახავენ, რომ ჩვენ დავიწყეთ. ვფიქრობთ, რომ თვითონ გააგრძელებენ თავიანთ გასაკეთებელს – ვგულისხმობ გზის დარჩენილ მონაკვეთს.”
“სასურველი იყო, რომ კონტრიბუტორი კომპანიაც ყოფილიყო. მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტის მთავარი არტერია ეგ კომპანიაა და კიდევ რომ დაგვევალდებულებინა აქ წილობრივი შემოსვლა, მორალურადაც არ ვიქნებოდით მართლები,” – ამბობს კონსტანტინე კორძაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსი.
კორძაძის სიტყვებში დასარწმუნებლად 4 მაისს “აი, ფაქტმა” ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან RMG-ის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში გადახდილი გადასახადების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. წერილის მიღება დაგვიდასტურეს, მაგრამ ორი თვის გასვლისა და არაერთი დაპირების მიუხედავად, ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.
კომპანია RMG-ში კი “აი, ფაქტს” უთხრეს, რომ გზის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაციას ამ ეტაპზე არ გეგმავენ.
ევალება თუ არა RMG-ს საავტომობილო გზის მორწყვა?
დიდი სატვირთოების ხშირი მოძრაობა გზის დაზიანებასთან ერთად ჰაერის მტვერით დაბინძურებასაც იწვევს. მტვერის შემცირების მიზნით კომპანიამ გზა უნდა მორწყას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებში ვერ ვიპოვეთ განმარტება იმის შესახებ, თუ რა ინტენსივობითა უნდა მორწყას გზა RMG-მ.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ერთ-ერთი დოკუმენტის ქვეთავში, რომელიც წყლის რესურსების მართვას აღწერს აღნიშნულია, რომ კომპანია საწარმოოდ საჭირო წყლის 15%-ს გზების მოსარწყავად გამოიყენებს.
“გეთანხმებით, რომ კონკრეტულად არაა მოცემული, რა პერიოდულობით, რა სიხშირით, რა მოცულობით უნდა ხდებოდეს რწყვა,” – ამბობს თამარ შარაშიძე, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი. “მიუხედავად ამისა, კომპანია მაინც ვალდებულია, რომ გზები მორწყას.”
“თუმცა, ეს 2009 წელს გაცემული გზშ-ა და მას მერე უფრო დაიხვეწა ექსპერტიზის პროცესი. ახლა გზშ-ში უფრო კონკრეტულად ვწერთ პროცედურებს,” – ამბობს შარაშიძე.
შარაშიძის თქმით, ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი დამდეგი წლის 1 იანვრიდან სამინისტროს გზს-ის პირობების შეცვლა-გამკაცრების საშუალებას მისცემს: თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გზების მორწყვა არასათანადოდ ხდება და ჰაერის დაბინძურება სახეზეა, შესაძლოა, გზშ-ს პირობები გადაიხედოს და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს კიდეც.
კომპანია RMG-ს მიერ “აი, ფაქტისთვის” გაცემულ პასუხში ვკითხულობთ:
“სპეციალურად გამოყოფილი მანქანით, ყოველდღიურად ირწყვება დაბის და სოფელ ბალიჭის ყველა ცენტრალური გზა. გზის მორწყვის ინტენსივობა დამოკიდებულია სეზონსა და ამინდზე. ზაფხულის პერიოდში, საჭიროებიდან გამომდინარე, გზის მორწყვის სიხშირე იმატებს.”
“ბავშვი რომ ავტობუსის გაჩერებასთან დგას, როგორია? მთელი კაზრეთი მტვერშია გახვეული. დღეს, მაგალითად, გზა საერთოდ არ მორწყულა,” – ამბობს კაზრეთელი ლამარა აბრამიშვილი.
“ეს მძიმე მეტალებია. რომ შეისუნთქავ, ფილტვებიდან აღარ გამოდის. რწყავენ, მაგრამ არ შველის. მორწყავ და 15 წუთში ისევ შრება. გზა სულ სველი უნდა იყოს – დღე და ღამე. თან, განა მხოლოდ უნდა მორწყას – უნდა გარეცხოს კიდეც,” – გვითხრა კაზრეთელმა თამაზ ასლანიშვილმა.
“სხვათა შორის, აქ მეორე გზაც არის და იმითაც შეუძლიათ იარონ, მაგრამ არ დადიან,” – დააყოლა ასლანიშვილმა.
კაზრეთელი თამაზ ასლანიშვილის ნათქვამი გადავამოწმეთ და მთავარი გზის გადასახვევთან მიმავალ მეორე, ალტერნატიულ გზას მანქანით დავუყევით. აღმოჩნდა, რომ მეორე გზა, მთავარ გზასთან შედარებით ვიწროა და მოასფალტებული არ არის, თუმცა, იქ სატვირთო მანქანებს სიარული შეუძლიათ. ამ გზაზე კომპანიის შედარებით პატარა, ლურჯი სატვირთოები დადიან და ძირითადად, ფუჭი, გამოუყენებელი მადანი ფაბრიკიდან სანაყაროზე გადააქვთ.
ფოტოების ავტორია იანა ყორბეზაშვილი