კოჰაბიტაცია დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური ძალების თანაარსებობის უნარს ამოწმებს. ეს მოდელი, ერთი მხრივ, სისტემის მოქნილობას წარმოაჩენს, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური კულტურის სიმწიფეს ცდის.
როდესაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, მათი თანამშრომლობის წარმატება თუ წარუმატებლობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. საფრანგეთის, რუსეთისა და საქართველოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კოჰაბიტაციის ხარისხი შეიძლება გახდეს როგორც დემოკრატიის გაძლიერების, ისე მისი დასუსტების წყარო.
კოჰაბიტაციის წარმოშობა
კოჰაბიტაცია ფრანგული სიტყვაა და თანაცხოვრებას, თანაარსებობას ნიშნავს. ის სათავეს საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს. პოლიტიკური ფენომენი მხოლოდ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის დროს მკვიდრდება, მაშინ, როდესაც პარლამენტს უნდობლობის ვოტუმით მთავრობის გადაყენება შეუძლია, ხოლო პრეზიდენტს — პარლამენტის დათხოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ კოჰაბიტაცია თავისი არსით კონფლიქტურ თანაცხოვრებას წარმოადგენდა, ის არ გამორიცხავდა თანამშრომლობას იმ საკითხებში, სადაც მხარეთა პოზიციები ემთხვეოდა. ამ პერიოდში, მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ძირითადად, საშინაო პოლიტიკით იყო დაკავებული, ხოლო პრეზიდენტი არბიტრის როლს ასრულებდა. თუმცა, მისი გავლენის სფეროში საგარეო და ევროპული პოლიტიკა, თავდაცვა და ბირთვული სტრატეგია რჩებოდა.
საფრანგეთის შემდეგ კოჰაბიტაციის პრაქტიკა გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც, როგორებიცაა ფინეთი, რუმინეთი და უკრაინა. ეს მოდელი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკებში, სადაც შესაძლებელია პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ.
კოჰაბიტაციის ორი მხარე
ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემაში, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, ბუნებრივად ჩნდება ძალაუფლების გაზიარებისა და თანამშრომლობის საჭიროება. კოჰაბიტაციის პირობებში პრეზიდენტი და მთავრობა იძულებულები არიან აწარმოონ მოლაპარაკებები, მოძებნონ კომპრომისი და ერთად მიიღონ გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება გამოწვევებს, ამ პირობებში შესაძლოა ჩიხური სიტუაციები წარმოიქმნას. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა საკითხებზე ვერ თანხმდება, ეფექტური მმართველობა ფერხდება. განსაკუთრებით პრობლემურია საგარეო პოლიტიკის სფერო, სადაც ხშირად ჩნდება კონფლიქტი იმის შესახებ, თუ ვის აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
როგორ ვლინდება დადებითი მხარეები და გამოწვევები პრაქტიკაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ საფრანგეთისა და რუსეთის მაგალითები.
საფრანგეთის გამოცდილება: ძალაუფლების გაყოფიდან თანამშრომლობამდე
საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში კოჰაბიტაციის სამი მნიშვნელოვანი პერიოდი 1986-1988, 1993-1995 და 1997-2002 წლებში იყო.
პირველი კოჰაბიტაცია საფრანგეთში 1986 წელს დამყარდა, როდესაც სოციალისტი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის მმართველობის პერიოდში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებში მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს. მიტერანი იძულებული გახდა პრემიერ-მინისტრად თავისი პოლიტიკური კონკურენტი, ჟაკ შირაკი დაენიშნა.

ეს იყო სერიოზული გამოცდა მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციისთვის, რადგან ხელისუფლების გადანაწილება პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის ბუნდოვან და ურთიერთგამომრიცხავ პროცესად მოჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის იყო უთანხმოება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პრივატიზაცია და საარჩევნო რეფორმა, ამ პერიოდში, თანამშრომლობის შედეგად, 105 კანონი იქნა მიღებული.
1993 წელს მიტერანის მეორე პრეზიდენტობის პერიოდში დამყარებული კოჰაბიტაცია ნაკლებად დაძაბული იყო, ვიდრე პირველი. ამას კი ის განაპირობებდა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთის კონკურენტები არ იყვნენ. გარდა ამისა, მიტერანი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პოლიტიკურად დასუსტებული იყო, რამაც პრემიერ-მინისტრს მეტი მოქმედების თავისუფლება მისცა.
ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები. 1993 წლის ივლისში მიღებულ იქნა კანონი 21 კომპანიის პრივატიზაციის შესახებ. ასევე, განხორციელდა საპენსიო რეფორმა, რომლის მიხედვითაც სრული პენსიის მისაღებად საჭირო სამუშაო სტაჟი 37.5 წლიდან 40 წლამდე გაიზარდა. პენსიის გამოთვლა დაიწყო ბოლო 25 წლის ხელფასის საფუძველზე, ნაცვლად მანამდე არსებული 10 წლისა.
განსაკუთრებით საინტერესოა მესამე კოჰაბიტაციის პერიოდი (1997-2002), როდესაც პრეზიდენტ ჟაკ შირაკსა და სოციალისტ პრემიერ-მინისტრ ლიონელ ჟოსპენს შორის თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმების გატარება გახადა შესაძლებელი. მათ შორის იყო 35-საათიანი სამუშაო კვირის შემოღება და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დანერგვა.
საფრანგეთის კოჰაბიტაციის გამოცდილება აჩვენებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ლიდერებს შეუძლიათ ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. ამის საფუძველი კონსტიტუციით მკაფიოდ გამიჯნული უფლებამოსილებები და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევაზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურა იყო.
საინტერესოა, რომ კოჰაბიტაციის პერიოდებში საზოგადოების მხარდაჭერა როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრის მიმართ მაღალი იყო — დაახლოებით 60%. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობა დადებითად აფასებდა პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობას.
რუსეთის კოჰაბიტაცია: ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა
ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემა რუსეთში, ლიდერის ხელში ცენტრალიზებული ძალაუფლების შეზღუდვის მიზნით, 1990-იანი წლების დასაწყისში დამკვიდრდა. თავდაპირველად არსებობდა იმედი, რომ ფართოდ წარმომადგენლობით პარლამენტს შესწევდა ძალა, ძლიერ აღმასრულებელ პრეზიდენტთან წონასწორობა დაემყარებინა.
მართლაც, 1993-2001 წლების პერიოდში, როდესაც პრეზიდენტის პარტიას არ ჰქონდა უმრავლესობა სახელმწიფო სათათბიროში (დუმაში), არსებობდა ძალაუფლების განაწილების რეალური შესაძლებლობა, თუმცა ეს არ მომხდარა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1998-1999 წლების პერიოდი, როდესაც პრეზიდენტ ბორის ელცინის ხელმძღვანელობით, თანამშრომლობის ნაცვლად, ხუთი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა. ეს გადაწყვეტილებები უმეტესად ელცინის პირადი ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა.

მაგალითად, მან გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა დაიწყეს საუბარი ჩერნომირდინზე, როგორც მომავალ პრეზიდენტზე. ასევე გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი, ევგენი პრიმაკოვი, მისი მზარდი პოპულარობის გამო.
ამ, არც თუ ისე იშვიათი ცვლილებების გამო რუსეთი ხშირად რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობის გარეშე რჩებოდა. შექმნილმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ კი დააზიანა როგორც გარდამავალი დემოკრატია, ისე ეკონომიკა.
სისტემის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჰქონდა როგორც პრემიერ-მინისტრის დანიშვნის, ისე მისი გათავისუფლების უფლება. ეს კი პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტის მარიონეტად აქცევდა. შედეგად, რუსეთმა ვერ შეძლო რეალური ორმაგი აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბება, რადგან პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პრეზიდენტის მანიპულაციისა და კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
საბოლოოდ, არასტაბილური ურთიერთობა საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტს შორის 2001 წელს დასრულდა, როდესაც ვლადიმირ პუტინმა პარლამენტში მხარდამჭერი უმრავლესობა ჩამოაყალიბა. მართალია, რეჟიმმა სტაბილურობა მოიპოვა, მაგრამ დემოკრატიის ხარჯზე, რადგან თანამედროვე რუსული სისტემა დიქტატურად იქცა, სადაც პრეზიდენტის ძალაუფლება კონსტიტუციით არ იზღუდება და არ მოქმედებს ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმები.
კოჰაბიტაცია საქართველოში: დიალოგი, რომელიც ვერ შედგა
საქართველოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის პირველად გაჩნდა კოჰაბიტაციის შესაძლებლობა. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა ურთიერთდაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენდნენ.

თუმცა, ქართული კოჰაბიტაცია რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაღალჩინოსანთა დაკავებების ტალღა აღმოჩნდა, რასაც უცხოელი მაღალჩინოსნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებები, შერჩევითი სამართლის გამორიცხვისა და გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვის თაობაზე, მოჰყვა.
ამ პერიოდში დაპატიმრებული იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თბილისის მერის მოადგილე; სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსისა და სხვა მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ.
პრემიერმა ივანიშვილმა 2013 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ – “კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენ კრიმინალებთან დავამყაროთ ურთიერთობა. სამართლიანობის აღდგენის რეჟიმს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ოპოზიციის ისტერიული გამონათქვამები”.
რიტორიკა არც შემდგომ შეცვლილა. 2024 წლის 5 დეკემბერს, გამწვავებული პოლარიზაციის ფონზე, მმართველი გუნდის წევრებმა კოჰაბიტაციის დასრულება თავიანთი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად გამოაცხადეს.
ეს მიდგომა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიული განვითარების პრინციპებს, სადაც პოლიტიკური ძალების მშვიდობიანი თანაარსებობა და კონსტრუქციული თანამშრომლობა სისტემის ერთ-ერთი ფუნდამენტია.
საბოლოოდ, საფრანგეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური მოწიფულობისა და კარგად გაწერილი საკონსტიტუციო ჩარჩოს პირობებში, განსხვავებული პოლიტიკური ძალების თანაარსებობამ შეიძლება მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას შეუწყოს ხელი.
მეორე მხრივ, რუსეთისა და საქართველოს მაგალითები აჩვენებს, რომ კოჰაბიტაციის წარუმატებლობა ხშირად პოლიტიკური კულტურის სიმწირის, ძალაუფლების მონოპოლიზების სურვილისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტის შედეგია.