ავტორები: ნინო შონია, www.ifact.ge და ათანას ჩობანოვი, www.bivol.bg
ეროვნულ ლატარიას ახალი კომპანია ჩაატარებს. კომპანიის თანამფლობელი ბულგარელი ვასილ ბოჟკოვია, მეტსახელად “თავის ქალა.”
4 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ლატარიის ორგანიზების ლიცენზია შპს “ჯი ენ ელ”-ს გადასცა. კომპანიის 25 პროცენტის მფლობელი ვასილ ბოჟკოვია. ის ბულგარეთში აზარტული თამაშების ბიზნესითა და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირებით არის ცნობილი.
საქართველოში დაფუძნებულ კომპანიაში ბოჟკოვის პარტნიორი კობა ღურწკაიაა (75%).
ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღურწკაიასა და ბოჟკოვს ლიცენზიაში მინიმუმ 5 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ. 2011 წლის აგვისტოდან დღემდე სახელმწიფომ, დაახლოებით, 90 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა, რადგან ლიცენზიის ყოფილ მფლობელს, შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიას” კონტრაქტით გათვალისწინებული გადასახადების გადახდა არ შეეძლო. ამ კომპანიას სათავეში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ყიფიანი ედგა.
2017 წლის პირველ სექტემბერს ლატარიის კომპანია დროებით დაიხურა. ლატარიის ბიზნესის შესახებ “აი, ფაქტი” გასულ თვეებშიც წერდა.
ამჯერად სამინისტროს მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ახალ მფლობელს ლატარიის ბიზნესის მართვის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა, რაც ბულგარელ ბოჟკოვს ნამდვილად აქვს.
მეტსახელი “თავის ქალა” ბოჟკოვს არასტანდარტული თავის ფორმის გამო შეარქვეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ერთ-ერთ ანგარიშში, რომელიც ვიკილიქსით გავრცელდა, ბოჟკოვის საქმიანობა ფულის გათეთრებას, პრივატიზაციასთან დაკავშირებულ თაღლითობას, დაშინებას, გამოძალვასა და რეკეტირებას უკავშირდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოჟკოვი დაკავშირებული იყო ორგანიზებული კრიმინალის სხვა ჯგუფებთანაც.
საქართველოში ბოჟკოვის გამოჩენისა და ქართულ ლატარიასთან მისი კავშირების შესახებ პირველად ინფორმაცია On.ge-მ გამოაქვეყნა.
ბოჟკოვმა ბულგარეთში აზარტული თამაშების ბიზნესი 90-ანი წლების დასაწყისში, ქვეყნის საბჭოთა კავშირის გავლენისგან საბოლოოდ გათავისუფლების შემდეგ წამოიწყო. 1992 წელს დაარეგისტრირა ფინანსური კომპანია “Nove,” ხოლო 1993 წელს – კომპანია “Eurofootball.” ორივე კომპანია, განსხვავებული სახელებით, დღემდე ფუნქციონირებს.
1993 წელს ბოჟკოვმა, პარტნიორებთან ერთად, კაზინო IGM დააფუძნა. ამ ბიზნესში მისი პარტნიორი იყო ილია პავლოვი, რომელიც 2003 წელს მოკლეს. ერთი დღით ადრე კი პავლოვმა ბულგარეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ანდრეი ლუკანოვის მკვლელობის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა. წლების განმავლობაში IGM ბულგარეთის აზარტული თამაშების ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშე იყო.
ლატარიის ლიცენზიის მფლობელი ახალი კომპანიის მეწილე, ბოჟკოვთან ერთად, კობა ღურწკაიაცაა. იგი შპს “სი ბი ეს ჯგუფის” (CBS Group) აღმასრულებელი დირექტორია. “სი ბი ეს ჯგუფი” ჰოლდინგში აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა “კავკასუს ონლაინი,” “ბილაინი,” “რკინიგზის ტელეკომი,” GMC ჯგუფი, რომელშიც შედის თბილისის მაღალი კლასის რესტორნები და თბილისის მუნიციპალური მიკროავტობუსი. ღურწკაია “Iberia Wine Company”-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელიცაა.
“კავკასუს ონლაინი” ფლობს ქალაქ სოფიაში რეგისტრირებული “Caucasus Cable System Bulgaria”-ს 100 პროცენტს. “კავკასუს ონლაინმა” და ბულგარულმა “Sofia Connect”-მა შექმნეს კომპანია “Caucasus Cable System” შავი ზღვის სანაპიროზე წყალქვეშა კაბელის გასაყვანად. ეს არის მნიშვნელოვანი ინტერნეტ მარშრუტი ევროპის, კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის.
ჰოლდინგ “სი ბი ეს ჯგუფის” წევრია შპს “Georgian Service Network”-ც, რომელიც ბულგარული კომპანია Daisy Technology-ის წარმომადგენელია საქართველოში. GSN-ის 50 პროცენტს ბულგარელები ფლობენ: შპს “Daisy Technology” (1%) და ბულგარეთის მოქალაქე ივაილო ველევი (49%). კომპანიის საქმიანობა საქართველოში ახალი GPRS სისტემის საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციასა და ტექნიკურ-საგარანტიო მომსახურებას უკავშირდება.
ლატარიის კომპანია ბილეთების გაყიდვას თებერვლიდან გეგმავს. ფინანსთა სამინისტრომ არ გვიპასუხა, რატომ გადასცა ბოჟკოვის კომპანიას ლატარიის ჩატარების ლიცენზია. ბოჟკოვთან პარტნიორობის შესახებ კითხვებს არც “სი ბი ეს ჯგუფმა” უპასუხა.