fbpx
vere

ვერეს ხეობაში ხავსს მოჭიდებული ოჯახები

ავტორები: ნინო აბდალაძე და ნანუკა ბრეგაძე

ბოლო სამი წლის მანძილზე თბილისის მერიამ 13 ივნისის სტიქიით განცდილი ზიანის ასანაზღაურებლად 69 მილიონამდე ლარი დახარჯა. ამას ემატება 23 მილიონ ლარამდე შემოწირულობა, რომელიც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაიღეს.

ამ თანხით დედაქალაქის მთავრობამ ოჯახებს კომპენსაცია მისცა, დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღადგინა და პრევენციული ღონისძიებები გაატარა. მიუხედავად ამისა, კომპენსაციას ახლაც ელის 14 ოჯახი. ისინი დღემდე ვაკისა და საბურთალოს გამგეობების მიერ გადახდილი ქირით ცხოვრობენ.

სტიქიით დაზარალებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპენსაციის თანხები გაუმჭვირვალედ და არამიზნობრივად განაწილდა. ამას ადასტურებს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი,” რომელიც სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხების ხარჯვის პროცესს, თითქმის, ერთი წელი სწავლობდა.

2018 წლის მარტში თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, დარჩენილი დაზარალებულების უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილება სთხოვა. თუმცა, ჩვენი რეპონდენტების თქმით, ზარალის ანაზღაურების შესახებ ქალაქის მთავრობიდან მათ ჯერ არავინ დაკავშირებიათ.

სამი წლის წინ თბილისში წყალდიდობის შედეგად გარდაიცვალა 22 ადამიანი, 2 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 246 ოჯახი დაზარალდა, სტიქიამ ნაწილობრივ გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ასევე მნიშვნელოვანად დააზიანა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა.


სადავო კომპენსაციები

თბილისის საკრებულომ 2015 წლის 5 ივლისს სპეციალური დადგენილებით სტიქიით დაზარალებულები ორ კატეგორიად დაყო. პირველ კატეგორიას მიაკუთვნა ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაინგრა და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება; მეორე კატეგორიას კი ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენა შესაძლებელია. პირველი კატეგორიის დაზარალებულებისთვის კომპენსაცია მერიის ქონების მართვის სააგენტომ გასცა, ხოლო მეორე კატეგორიისთვის საბურთალოსა და ვაკის რაიონების გამგეობებმა.

პირველი კატეგორიის დაზარალებულ პირებს შეეძლოთ, აერჩიათ ფულად დახმარებას ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით აიღებდნენ თუ ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით. მაგალითად, თუ ოჯახი სტიქიამდე 20 კვ.მ. ფართობის ქონებას ფლობდა, წყალდიდობის შემდეგ მას შეეძლო, მინიმუმ, 45 კვ.მ. ფართის ღირებულების ანაზღაურება მიეღო.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ მეორე კატეგორიის დაზარალებულად ცნო წყნეთის ხევში მცხოვრები აზა ჯავოევას ოჯახი, რომელსაც შესაბამისი ფულადი დამხარება ვაკის გამგეობამ გაუწია. თუმცა, ჯავოევა მერიისგან პირველ კატეგორიაში გადაყვანასა და ზარალის შესაბამის კომპენსაციას დღემდე ითხოვს. დაზარალებულთა სიაში მისი სტატუსი განსაზღვრულია როგორც “კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრები.”

ჯავოევას სადავო ნაკვეთი, ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფციის თანახმად, სარეკრეაციო ზონაშია და იქ შენობა-ნაგებობების განთავსება დაუშვებელია. ეს დოკუმენტი თბილისის მერიის დაკვეთით შპს “არქიტექტურულმა ბიურომ” 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ მოამზადა. ამჟამად, ჯავოევების ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ყოველთვიურ ქირას – 900 ლარს კი ვაკის რაიონის გამგეობა იხდის. მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გამგეობამ 2015 წლიდან დღემდე დაახლოებით 32,000 ლარი გადაიხადა.

თბილისის მუნიციპალიტეტთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი და პარლამენტის ამჟამინდელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კომისიას არ შეეძლო ჯავოევას ნაკვეთზე საკუთრების უფლება ეღიარებინა, რადგან ტერიტორია სარეკრეაციო ზონაში ხვდებოდა.

თუმცა, კომისიამ ქონების რეგისტრაციაზე უარი არ უთხრა ლეილა თხელიძეს, გიორგი და თამთა დევიძეებს, რომელთა სახლი ჯავოევას მოსაზღვრედ, იმავე ზონაში მდებარეობს. მათ ქონება წყალდიდობიდან ნახევარი წლის შემდეგ, 2016 წლის 5 იანვარს საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს. ამ დროს ვერეს ხეობის ტერიტორიული განვითარების კონცეფცია, რომლის გამოც ჯავოევას საკუთრების რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, უკვე არსებობდა.

მერიისგან კომპენსაციას ითხოვენ ის მოქალაქეებიც, რომელთა სახლები სტიქიის შედეგად უშუალოდ არ დაზიანდა, მაგრამ საფრთხე შეექმნა. ლალი იობიძის ქონება აზა ჯავოევას მეზობლად, ტერასაზე მდებარეობს. ჩამოშლილ მიწასა და სახლს შორის მანძილი მხოლოდ 1 მეტრია და ამის გამო წვიმის დროს წყალი სახლში შედის.


კომპენსაციის გაცემის საეჭვო სქემა

თბილისის მერიამ კომპენსაციები სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე გასცა. ბიურომ სტიქიის ზონაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებად 1 კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ, 1,000 დოლარი დაადგინა. სამხარაულის ბიუროს მიერ “კონსტიტუციის 42-ე მუხლისთვის” გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ ქონების ღირებულება ინდივიდუალური გამოკვლევების შედეგად განისაზღვრა და სხვა ფაქტორებთან ერთად გათვალისწინებულია საკუთრების ადგილმდებარეობა, მდგომარეობა და ფართობი.

თუმცა, რამდენიმე მაგალითი ცხადყოფს, რომ მერია კომპენსაციების გაცემისას მხოლოდ საბაზრო პრინციპებით არ ხელმძღვანელობდა.

ლილი დაბრუნდაშვილი წყნეთის ხევში სტიქიამდე 28.89 კვ.მ. ქონებას ფლობდა. მან კომპენსაციის სახით 216,459 ლარი აიღო, რაც 1 კვ.მ.-ზე 7,462 ლარია. ამ ტერიტორიაზე 1 კვ.მ.-ის ფასი დღეს დაახლოებით 2,100 ლარს შეადგენს, 3-ჯერ ნაკლებს, ვიდრე დაბრუნდაშვილს 2015 წელს გადაუხადეს.

ნუნუ ზანგურაშვილი სვანიძის ქუჩაზე 20 კვ.მ. ქონებას ფლობდა. კომპენსაციის სახით მან 147,199 ლარი აიღო, ანუ 1 კვ.მ.-ზე 7,359 ლარი. სვანიძის ქუჩაზე 1 კვ.მ. უძრავი ქონების ფასი დღეს დაახლოებით 2,000 ლარია. გამოდის, რომ ზანგურაშვილს დაზიანებული ქონების რეალურ ღირებულებაზე 3-ჯერ მეტი გადაუხადეს.

თეიმურაზ ბუხულეიშვილის 16 კვ.მ. ავტოფარეხი, რომელსაც საცხოვრებლად იყენებდა, სტიქიამ გაანადგურა. მან ამ უძრავი ქონების სანაცვლოდ 103,698 ლარი მიიღო. წყალდიდობიდან ორ დღეში მან ავტოფარეხი საჯარო რეესტრში საცხოვრებელ ფართად დაარეგისტრირა. ბუხულეიშვილის ქონების მეზობლად მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, გიორგი ნათაძე ამბობს, რომ ბუხულეიშვილი ავტოფარეხში ცხოვრობდა, რომელიც მან 2012 წელს 3,000 დოლარად შეიძინა.

ჩიქოვანის ქუჩაზე, სადაც ბუხულეიშვილის ავტოფარეხი მდებარეობდა, საცხოვრებელი ფართის ფასი 1 კვ.მ.-ზე 1,000-დან 3,000 ლარამდეა მან კი 1 კვ.მ.-ში საბაზრო ფასზე ორჯერ მეტი – 6,149 ლარი აიღო.

ჩვენ თბილისის მერიისგან გვაინტერესებდა, რატომ გადაიხადეს კომპენსაციის სახით საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტი თანხა და თუ გადაამოწმეს სამხარაულის ბიუროს მიერ დათვლილი ფასი. მერიაში ინტერვიუზე უარი გვითხრეს და კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვეს. პასუხად კი მოგვწერეს, რომ კომპენსაციის გაცემის წესი საკრებულომ განსაზღვრა და ისინი სწორედ ამ წესს ემორჩილებოდნენ, სამხარაულის დასკვნა კი ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.


ქირა რეაბილიტაციის ნაცვლად

სტიქიის შედეგად დაზიანებული 14 ოჯახი სამი წელია ქირით ცხოვრობს. გამგეობებმა ამ მიზნით უკვე დახარჯეს 1.4 მილიონი ლარი. დღემდე არაა გარკვეული ამ ოჯახებს რა სახით უნდა აუნაზღაურდეს ზიანი: მისცემენ დაკარგული ქონების ღირებულების თანაბარ თანხას თუ შეუკეთებენ დაზიანებულ სახლებს. “ქირის გადახდა გაგრძელდება მანამ, ვიდრე თითოეული ოჯახის საკითხი არ გადაწყდება,” – ამბობს ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე.

დაზარალებულების მტკიცებით, სახლების რეაბილიტაციის პროცესი ჭიანურდება. ფიქრობენ, რომ ქირაში გადახდილი თანხა ბინის შესაძენად ან სახლის აღსადგენად შეეძლოთ გამოეყენებინათ. ნათელა მნაცაკანიანი, რომელიც მეორე კატეგორიის დაზარალებულთა სიაშია, სტიქიის ზონაში 3 სართულიან სახლში, პირველ და მეორე სართულებს ფლობდა. ვაკის გამგეობა თანახმაა სახლის რეაბილიტაციაზე, თუმცა, ოჯახი უკვე 3 წელია ქირით ცხოვრობს. მხარეები რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის რაოდენობაზე ვერ თანხმდებიან. კერძო კომპანიის შპს “ანა მარიას” შეფასებით, სახლის აღსადგენად დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია საჭირო. ვაკის რაიონის გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის თქმით, ეს თანხა არ ასახავს რეაბილიტაციის რეალურ ხარჯებს და მნაცაკანიანს ახალი დოკუმენტის წარდგენას სთხოვს.


რა გააკეთა მერიამ პრევენციისთვის

დაზარალებულთა კომპენსაციების გარდა, დაახლოებით, 40.5 მილიონი ლარი დაიხარჯა სტიქიის ზონაში გზების აღდგენის, საყრდენი კედლების გამაგრების, გვირაბების რეაბილიტაციის, გაწმენდითი და სხვა სამუშაოებისთვის.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მდ. ვერეს ხეობაში აშენდა ნატანდამჭერი ცხაურები და ნაპირდამცავი ჯებირები. აშენდა საყრდენი კედელი წყნეთის ქუჩის მიმდებარედ. თუმცა, მოპირდაპირე მხარეს, წყნეთის ხევში, სადაც ლალი იობიძე და რამდენიმე ოჯახი დღემდე ცხოვრობს, დამცავი კედელი არ აუშენებიათ. სახლებსა და მდინარეს შორის მხოლოდ მიწის მასაა, რომელსაც წყლის ადიდების შემთხვევაში სწორედ ეს კედელი უნდა იცავდეს. აქ მცხოვრებ ოჯახებს აქვთ “გარემოს ეროვნული სააგენტოს” დასკვნა, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს ამგვარი კედლის არსებობას. დასკვნის მომზადებიდან თითქმის 3 წელი გავიდა, კედელი კი დღემდე არ აშენებულა.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს” დასკვნა აქვს ნათელა მნაცაკანიანსაც, რომლის მიხედვით მისი საცხოვრებელი სახლი საფრთხეშია. ამიტომ აუცილებელია საყრდენი კედლის მოწყობა და საძირკვლის გამაგრება. დასკვნა 2016 წლის 12 აპრილსაა შედგენილი. ვაკის რაიონის გამგეობაში ამბობენ, რომ ეს დასკვნა მათთვის აქამდე უცნობი იყო.

მერიისგან მოწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, თუ რა გააკეთა მთავრობამ სამომავლოდ სტიქიის შემთხვევაში ზარალის შემცირების მიზნით:

  • თბილისის მერიამ 118 ათას ლარზე მეტი დახარჯა მდინარე ვერეზე ატმოსფერული ნალექებისა და მდინარეში წყლის დონის საზომისა და მეტეოროლოგიური საგუშაგოების დასამონტაჟებლად. ჰიდროლოგებისა და გეოლოგების აზრი ამ სისტემასთან დაკავშირებით ორად იყოფა: ნაწილი თვლის, რომ ამ დანადგარებს არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ მოსალოდნელი სტიქიის რისკი, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სისტემა საუკეთესოა ბუნებრივი კატასტროფის პროგნოზირებისთვის;
  • ააშენა სამი საყრდენი კედელი;
  • უჩანეიშვილის ქუჩაზე ააშენა საავტომობილო მილ–ხიდი;
  • ჭავჭავაძის ქუჩაზე ჩაატარა კლდის დაფერდვის სამუშაოები;
  • ზემო ვეძისში მოაწყო სანიაღვრე ქსელი;
  • მდინარე ვერეს ხეობაში ააშენა ცხაურის ტიპის ნატანდამჭერი ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

ჯამში, ზემოთჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის ბიუჯეტს 6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეომორფოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ ვერეს ხეობაში მეწყერი, სავარაუდოდ, მომავალშიც ჩამოწვება, რადგან ეს ხეობისთვის დამახასიათებელია. ამიტომ მდინარე ვერეს ხეობაში მრავალფუნქციური შენობების აღმართვა სახიფათოა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ხეობაში მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს.

გეოლოგი ზურაბ კაკულიაც ფიქრობს, რომ ვერეს ხეობის ფერდობებზე მიმდინარე მშენებლობები და არსებული ნაგებობები კვლავ რისკის ქვეშაა.

სპეციალისტების რეკომენდაციების და გამოცდილების მიუხედავად, ვერეს ხეობაში, სტიქიის ზონაში 2017 წელს მერიამ მრავალფუნქციური შენობისა და სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მაინც გასცა.

პ.ს. მასალაზე მუშაობისას მერიის სხვადასხვა სამსახურები და ვაკე-საბურთალოს გამგეობები საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებულ ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაცემებს გვაწვდიდნენ და რეალური ციფრების დადგენას დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობა პარლამენტში
parliament

“პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობა პარლამენტში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share