fbpx
kompaniebi

ჩვენი ბიუჯეტის ფულით რუსული კომპანიები მდიდრდებიან

2012 წლიდან დღემდე რუსულმა კომპანიებმა საქართველოს ბიუჯეტიდან 159 მილიონი ლარი მიიღეს. ქართული სახელმწიფო სამსახურების ნაწილი მათ პირდაპირ უფორმებს ხელშეკრულებას, ნაწილი კი ტენდერის გზით იმარჯვებს.

“აი, ფაქტმა” საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა იმ კომპანიების სია, რომლებსაც რუსეთში დაფუძნებული ორგანიზაციები ფლობენ. ასეთი სულ 194 იურიდიული პირია. მათგან 33 კი ჩვენს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაშიც აქტიურია.

2012 წლიდან დღემდე რუსულ კომპანიებთან 213 ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან 43 პირდაპირი შერჩევის გზით, ანუ კონკურსის გარეშე.

საჯარო სამსახურები რუსული კომპანიებისგან, ძირითადად, სამშენებლო სამუშაოებს ყიდულობენ. 213 გაფორმებული ხელშეკრულებიდან 158 სწორედ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ეხება. საერთო ჯამში, ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან დახარჯულია 157.7 მილიონი ლარი.

რუსული კომპანიების მომსახურებით სარგებლობენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, ისე საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები. სრული სია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

მათთვის, ვინც სიას არ იხილავს, რამდენიმე შემთხვევას დავასახელებთ:

1. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016-2017 წლებში სამშენებლო კომპანია “გრადსტროის” ფილიალისგან სამშენებლო სამუშაოები ოთხჯერ შეისყიდა, რაშიც 646 ათასი ლარი გადაიხადა;
2. თბილისის მერიამ 2014-2018 წლებში ექვსი სხვადასხვა რუსული კომპანიისგან 10.9 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა;
3. ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 2018 წელს შპს “პასაჟი-საქართველოსთან” პირდაპირი წესით გააფორმა ორი ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. ჯამში 214 ათას ლარის ღირებულების;
4. სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013-2016 წლებში შპს “მედინტორგისგან” შეიძინა 1 მილიონ ლარზე მეტის ფარმაცევტული პროდუქტი. სააგენტომ რუსულ კომპანიასთან ჯამში 6 კონტრაქტი გააფორმა.

ზემოთნახსენები კომპანიების საბოლოო მფლობელები რუსული იურიდიული პირები არიან, რომლებიც ტენდერებიდან მოგებას იღებენ. შემდეგ გადასახადებს რუსეთის ბიუჯეტში რიცხავენ. რა შედეგს იღებს საქართველო ამ ჯაჭვიდან, ალბათ, თავადაც მიხვდებით ან ჩვენი ინფოგრაფიკიდან გაიგებთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დაუტბორავი ბათუმი? – “იქნება,” მაგრამ არ ვიცით, როდის
batumi

დაუტბორავი ბათუმი? – “იქნება,” მაგრამ არ ვიცით, როდის

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share