ჩოხატაურში, სადაც მოსახლეობის 23 პროცენტი საარსებო შემწეობას იღებს, მერია ორი-სამი წლის წინ აშენებული შენობების კვლავ გასარემონტებლად ათასობით ლარის დახარჯვას აპირებს.
2016 წლიდან დღემდე სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღისა და ჩოხატაურის კულტურის სახლის ასაშენებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2.6 მილიონი ლარი დაიხარჯა. ბაღის შენობა შპს “ვექტორმა” ააშენა და მისი ღირებულება 194 ათასი ლარია. დღეს ბაღის შენობაში წყალი ჩამოდის, დაზიანებულია გარე და შიდა ფასადი, ჭერი და იატაკი, კედლებზე ბზარებიც შეიმჩნევა. ამ ბაღში ყოველდღიურად 22 ბავშვი დადის.
შპს “ვექტორმა” ააშენა კულტურის სახლიც და ამ პროექტში 2.5 მილიონი ჩოხატაურის მერიამ გადაიხადა. კულტურის სახლიც გასარემონტებელია. მასაც ბზარები აქვს, კედლები ნესტისგან დაზიანებულია. შენობის გახსნის შემდეგ წყალი აქაც ჩამოდიოდა, ოღონდ კომპანიამ ეს პრობლემა საკუთარი ხარჯით მოაგვარა, რადგან საგარანტიო ვადა გასული არ იყო.
ახლა ბაღის და კულტურის სახლის შემთხვევაში საგარანტიო ვადა გასულია და კომპანია ვალდებული აღარაა ხარვეზები აღმოფხვრას. მერიაში კი ამბობენ, რომ შესარემონტებლად მიზერული თანხა ეყოფათ.
ჩოხატაურელებს კულტურის სახლი 2007 წელს დაეწვათ. 2012 წელს მათ მთავრობა დაჰპირდა, რომ ახალი კულტურის სახლი ექნებოდათ. თუმცა, 2016 წლამდე დაპირება ვერ შესრულდა.
მშენებლობა 2014 წელს შპს NBG-მ დაიწყო, რომელიც უნაკლო რეპუტაციით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. იმ დროისთვის მას უკვე ათამდე შეწყვეტილი და ნახევრად შესრულებული ტენდერი ჰქონდა. ჩოხატაურშიც კომპანიამ მხოლოდ საძირკველი გათხარა და სამუშაოები მიატოვა. მუნიციპალიტეტმა პრობლემების აღმოჩენის შემდეგ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. ადგილობრივ მთავრობაში “აი, ფაქტს” უთხრეს, რომ NBG-სთვის გადახდილი ნახევარი მილიონი ლარი და ასევე, პირგასამტეხლო, 30 ათასი ლარი სადაზღვევო კომპანია „არდიმ“ მათ სრულად დაუბრუნა.
შემდეგ მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განკარგულება გამოსცა და ჩოხატაურში კულტურის სახლის დაჩქარებული წესით მშენებლობა მოითხოვა. განკარგულების საფუძველზე ჩოხატაურის მთავრობამ ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანია „ვექტორთან“ გააფორმა. მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ მაშინ კომპანიებისთვის ღია კარის დღე გამართეს და შპს „ვექტორი“ ერთადერთი იყო, რომელმაც შესაბამისი საბუთები წარადგინა. დაიდო ხელშეკრულება. აშენდა შენობაც.
ახლა კულტურის სახლი ფუნქციონირებს, თუმცა დაზიანებული ფასადითა და შიდა ინტერიერით. თეთრ შენობაზე მკვეთრად შესამჩნევია ბზარები და წყლისგან დაზიანებული კედლები.
ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შენობის დასრულება ვერ მოესწრო და წითელი ლენტი საზეიმოდ მომდევნო პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წელს გაჭრა. გახსნიდან 6 თვეში ადგილობრივი გამოცემა „გურიის ამბები“ წერდა, რომ კულტურის სახლის კედლებს, ჭერსა და საკეტებს უკვე ჰქონდა პრობლემები. ამას მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის 20 ივნისს „ვექტორისთვის“ მიწერილი წერილიც ადასტურებს.
შენობას პრობლემები ისევ აქვს. კულტურის სახლის დირექტორს ჰგონია, რომ ამ ზაფხულს კომპანია მათაც გამოასწორებს. თუმცა, ხელშეკრულების საგარანტიო ვადა გასულია და “ვექტორი” ვალდებული აღარაა იქ რაიმე შეაკეთოს.
ჩოხატაურის მერიაში კი სხვა გეგმა აქვთ. გვითხრეს, რომ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად წლევანდელ ბიუჯეტში ხარჯი გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში მაინც დგას.
„არ არის ახლა ისეთ მდგომარეობაში ეს შენობა, რომ აუცილებლად ახლავე სჭირდებოდეს შეკეთება. თუმცა, ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და ძალიან მიზერულ თანხებთან იქნება დაკავშირებული,” – გვითხრა ჩოხატაურის მერის მოადგილემ, მინდია ჟღერიამ.
კულტურის სახლთან ერთად გასარემონტებელია ხიდისთავის ბაღიც. ახლა ამ შენობაში ამოყრილია ფილები, ჩამოსულია წყალი, დაზიანებულია შიდა კედლები, არის ბზარები, დაზიანებულია გარე ფასადიც.
საბავშვო ბაღის დირექტორი, ნანი გოგიბერიძე ამბობს, რომ შენობაში წყალი რამდენჯერმე ჩამოვიდა. მშენებელ კომპანია „ვექტორს“ ხელშეკრულების მიხედვით ხარვეზების აღმოსაფხვრელად აქაც 2 წლის ვადა ჰქონდა. როგორც ბაღის დირექტორი ამბობს, კომპანიამ ხარვეზები გასულ წელს გამოასწორა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ ისევ პრობლემა შეიქმნა. ბოლო რამდენიმე თვეა, კიდევ ერთ ოთახში ჩამოვიდა წყალი, დაზიანდა ჭერი და მეორე სართულზე ფილებიც ამოიყარა.
ჩოხატაურის მერია ბაღის შერემონტებას ზაფხულში აპირებს. მანამდე თანხას მოვიძიებთ და თან სააღმზრდელო პროცესსაც არ შეეშლება ხელიო, ასე გვითხრეს.
„ძალიან მიზერულ თანხებზე იქნება, სავარაუდოდ, საუბარი. ვინაიდან დაზიანებები უმნიშვნელოა, როგორც გვაქვს ინფორმაცია. მაქსიმუმ, ალბათ, ხარჯთაღრიცხვა იქნება 5,000-ლარიანი,“ – გვითხრა მერის მოადგილემ, მინდია ჟღერიამ.
კომპანია „ვექტორის“ წარმომადგენელ სოსო მამულაიშვილსაც ვკითხეთ, რატომ შეექმნა მათ ნამუშევარს ამდენი პრობლემა. ”ბინას რომ გაარემონტებ, თქვენს საკუთარს, თუ არ მოუარე, გაფუჭდება ხომ? შენობას სჭირდება მოვლა-შენახვა. ჩვენ, მშენებლები საექსპლუატაციო კანტორები არა ვართ,” – ასეთი პასუხი გაგვცა. სხვა დეტალებზე საუბარი კი აღარ ისურვა.
არადა, კულტურის სახლის დირექტორმა, თემურ კოროშინაძემ გვითხრა, რომ ამ შენობას რომ ვუვლით და ვუყურებთ თითოეულ ბზარს, ისე საკუთარ სახლში გაჩენილ ბზარებს არ დავდევთო.
თუ პროექტი საგარანტიო ვადის გასვლამდე ზიანდება და განმეორებით შეკეთების შემდეგაც პრობლემები იჩენს თავს, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ იგი ხარვეზითაა შესრულებული. ამ შემთხვევაში ამას არც დამკვეთი ეთანხმება და არც შემსრულებელი. დაზარალებული კი ისევ მოსახლეობა რჩება, რადგან ხარვეზების გამოსასწორებლად ბიუჯეტიდან ისევ ჩვენს ფულს დახარჯავენ.
სტატია მომზადებულია თამთა ჯიჯავაძის და რუსუდან ეფაძის მიერ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.
მთავარი ფოტოს წყარო: Georgian Travel Guide