#აიფაქტი: მიტროპოლიტ იობ აქიაშვილისთვის რეზიდენციის მოსაწყობად სახელმწიფომ 2018 წლის მარტში ქარელში, ცაბაძის ქუჩაზე 7,000 კვ.მ.-ზე მეტი მიწა და მასზე არსებული 1,153 კვ.მ შენობა-ნაგებობა საპატრიარქოს აჩუქა.
მომდევნო წლებში კი ქარელის მერიამ მიტროპოლიტს სამ ეტაპად 250,000 ლარი გადასცა შენობის შესარემონტებლად:
2018 წელს – 50,000 ლარი (რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის სულ 53,000 ლარი დაიხარჯა);
2019 წელს – 100,000 ლარი (რელიგიური ორგანიზაციებისთვის სულ 113,000 ლარი დაიხარჯა);
2020 წლის დასაწყისში – 100,000 ლარი (რელიგიური ორგანიზაციებისთვის სულ 113,000 ლარის დახარჯვა იგეგმება).
ქარელის მერიის საქმიანობა ცხადყოფს, რომ მერიას მიტროპოლიტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ორჯერ მეტი თანხა აქვს დახარჯული, ვიდრე ადგილობრივების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. მაგალითად, ქარელში 2018 წლიდან დღემდე მოსახლეობის კორპუსების შეკეთებაზე დაიხარჯა 125,082 ლარი. 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე მერიამ მოქალაქის ქირის ანაზღაურების შესახებ მხოლოდ ერთი განცხადება მიიღო, ამ წლის მაისში და მისი შესწავლა ახლაც მიმდინარეობს.