fbpx
sport 4 1024x615 1

ცრუ სპორტული საიტები

ნუკრი კვირიკიძემ 2019 წლის ზაფხულიდან 2020 წლის ზაფხულამდე რუსულ IP მისამართზე 5 ვებგვერდი დაარეგისტრირა. თავდაპირველად, ამ საიტებზე სპორტული ამბები ქვეყნდებოდა. მერე კი, ნელ-ნელა პოლიტიკური და სოციალური თემებიც გამოჩნდა, ოღონდ ყალბი ინფორმაციით გაჯერებული. 

კვირიკიძე ვებინტერფეისის დიზაინერია, 25 წლის. ბათუმში ცხოვრობს. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ეს საიტები მან შემოსავლის წყაროდ აქცია. აქ გამოქვეყნებული მასალები ფეისბუქზე სწრაფად ვრცელდება და საიტზე გადასული ყოველი მნახველი კვირიკიძისთვის შემოსავლის ზრდას ნიშნავს. 

გვერდების ძირითადი ნაწილი “ქლიქბაიტ” სისტემაზე მუშაობს. “ქლიქბაიტ” სისტემა გულისხმობს საიტზე სხვადასხვა კომპანიის რეკლამების განთავსებისას მიღებულ შემოსავალს. ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი რეკლამაზე გადადის, საიტის მფლობელი/მმართველი ამაში თანხას იღებს რეკლამის დამკვეთი კომპანიისგან.  

Screenshot 2021 02 24 at 13.36.41

თუმცა, გვერდის ვიზიტორების რაოდენობის ზრდაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მონაცემების დახმარებით საიტი უფრო მიმზიდველი და სარფიანი ხდება. სწორედ ამიტომ იყენებენ “მყვირალა,” სკანდალურ სათაურებს და ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც ბევრ ადამიანს მიიზიდავს. ამ დროს კი გვერდზე რჩება ინფორმაციის სიზუსტე, ჟურნალისტური ეთიკა და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების პასუხისმგებლობა. 

კვირიკიძის მიერ შექმნილი საიტები სპორტული თემატიკისაა და წესით, მხოლოდ სპორტულ სიახლეებს უნდა აქვეყნებდნენ. მათი დასახელებებიც სწორედ ამას მიანიშნებს: videosports.ge; kingbet.com.ge sport.ntv.ge, kingbet.ge და ა.შ.  მიუხედავად ამისა, ჯგუფებსა და სოციალურ ქსელში ვხვდებით ამ “სპორტული გვერდებზე” გამოქვეყნებულ პოლიტიკურ თუ სოციალურ ამბებს.

ვერ ვიტყვით, რომ ეს გვერდები რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა თუ პიროვნების სასარგებლოდ მუშაობს, თუმცა “მყვირალა” სათაურებით, ხშირად, მოსახლეობაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიან. არც პანდემიისა და ვაქცინაციის თემებს ერიდებიან და დათესილ პანიკას კიდევ უფრო აღრმავებენ. 

Screenshot 2021 02 14 at 05.21.24

ეს ინფორმაცია არის გადაუმოწმებელი და დეზინფორმაციული. ის სწრაფად  ვრცელდება სოციალურ ქსელში და ამის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი სწორედ ეს “სპორტული” გვერდები არიან. 

კვირიკიძის საიტებია: 

  • Sport.ntv.ge  (გადამისამართებულია ntv.გე-ზე,)
  • kingbet.ntv.ge
  • kingbet.com.ge
  • kingbet.ge
  • videosports.ge (ვიდეოსპორტის საიტი ამჟამად გადამისამართებულია პირდაპირ ntv.გე-ზე, მანამდე ის დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა).

ეს გვერდები ntv.ge-ს საფარქვეშ არის გაერთიანებული და რომელიმეს თუ ტექნიკური პრობლემა ექმნება, მომხმარებელს ntv.ge-ზე ამისამართებს. ntv.ge საინფორმაციო პორტალია, რომელიც სანკტ-პეტერბურგის IP მისამართზეა რეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ მან, ვინც ეს გვერდები დაარეგისტრირა, დამხმარედ რუსეთის, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგის მისამართი გამოიყენა. 

კვირიკიძე გვიხსნის, რომ რუსულ IP-ს მხოლოდ ჰოსტინგისთვის იყენებს. “რაც შეეხება რუსულ მისამართს, ეს ჰოსტინგია უბრალოდ, სერვერი რომელსაც ვიყენებ. ქართულ სერვერზე რამდენი დავაყენე, ყველა გაითიშა, ვერ გაუძლო. არახარისხიანია ქართული სერვერი და რუსულ სერვერზე ვარ. თან ენა რომ ვიცი, მიადვილდება კომუნიკაცია. ntv.ge -ის დაარსების დღიდან რუსულ სერვერზე ვარ, ქართულზე 2 თვით გადმოვედი და დავბრუნდი უკან,” – გვიყვება კვირიკიძე. 

Screenshot 2021 02 14 at 06.00.22

ამ საიტებზე შესვლისას, მთავარ გვერდებზე ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ინფორმაციების პოვნა, რომელიც სპორტს არ ეხება. თუმცა, სულ სხვა რეალობაა ამ გვერდების სოციალურ ქსელში აქტივობებზე. აქ სტატიებად გაზიარებული მასალები, ძირითადად, პოლიტიკას ან სოციალურ თემებს ეხება და რამდენიმე კვირის შემდეგ იშლება. წაშლის მიზეზი ძალიან მარტივია. ასე სერვერზე თავისუფლდება ადგილი ახალი მასალის განსათავსებლად. წაშლილ მასალებზე ვეღარ გადახვალთ, თუმცა ფეისბუქზე რჩება სათაურები და გვერდის სახელები. 

ntv.ge-ს, top.ge-ის მონაცემების თანახმად, თვეში, სულ მცირე, 375 ათასი ადამიანი სტუმრობს. 

ჩვენ დავუკავშირდით ნუკრი კვირიკიძეს. გვაინტერესებდა, რა მიზნით ავრცელებს მისი სპორტული საიტები პოლიტიკურ სიახლეებს. “თავიდან მარტო სპორტის სიახლეებზე ვმუშაობდი, მერე სხვებიც დავამატე და იმიტომ. kingbet-ს რაც შეეხება, ის მთლიანად მეგობარს გადავეცი და ჩემმა მეგობარმა რატომ გადაწყვიტა, რომ ჩვეულებრივი სიახლეებიც გაევრცელებინა, არ ვიცი. მე მხოლოდ ntv.ge ვმართავ და დეზინფორმაცია თუ რამეა, აუცილებლად წავშლი. ნიუსებს ჩვენ არ ვწერთ, რაც დევს უკვე, იმას ვავრცელებთ,” – გვეუბნება კვირიკიძე. ჩვენს მიერ რამდენიმე დეზინფორმაციული სტატიის შეხსენების შემდეგ, გვიპასუხა, რომ ეს სტატიები უკვე წაშლილია და აღარ იძებნება. 

ამ გვერდებზე გამოქვეყნებული მასალა შემდეგ ორგანიზებულად ზიარდება ფეისბუქის ექვს ჯგუფში, სადაც მილიონი ადამიანამდეა გაწევრიანებული.

ეს ჯგუფებია: 

ჯგუფებში ინფორმაციას, ძირითადად, ყალბი ანგარიშები ავრცელებენ ან ისეთი პროფაილები, რომლებიც ამაზე მხოლოდ დროებით მუშაობს. თავად ნუკრი კვირიკიძე საკუთარი ანგარიშით ინფორმაციას იშვიათად აზიარებს. მის მიერ გაზიარებული პოსტები არც დეზინფორმაციას შეიცავს და არც ტყუილს. იცის, რომ ამის გამო, შეიძლება, ფეისბუქის ადმინისტრაციამ დაბლოკოს.  

Screenshot 2021 02 14 at 05.59.05

რამდენიმე თვეში ერთხელ იცვლება ის ანგარიშები, რომლითაც ჯგუფებში მასალებს აზიარებენ. ბოლო რამდენიმე კვირაა, ჯგუფებში ინფორმაციის გავრცელების ახალ ხერხსაც იყენებენ. ახლა მასალის ბმულის პირდაპირ გაზიარების ნაცვლად, ქვეყნდება მხოლოდ ფოტო, “მყვირალა” სათაური და შემდეგ ბმული, რომლის მისამართი შემოკლებული და შეცვლილია სპეციალური პროგრამით. შესაბამისად, ამ ბმულში არ ჩანს რომელი საიტიდან ზიარდება მასალა. ამ გზით ფეისბუქის ადმინისტრაცია ვერ ავლენს მასალის კოორდინირებულად გავრცელების შემთხვევებს. 

შეგახსენებთ, რომ ყალბი ინფორმაციის კოორდინირებულად გავრცელების გამო გასულ წლებში ფეისბუქმა საქართველოში 1000-ზე მეტი ანგარიში წაშალა და დაბლოკა. მათ შორის იყო კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი “ეSპერსონა” და სარეკლამო სააგენტო “პანდას” გვერდები. ორივე მათგანი პროსამთავრობო პროპაგანდას ეწეოდა და ასიათასობით ლარს ხარჯავდა ფეისბუქის რეკლამაში. მათი მიზანი მოსახლეობის გონებაზე გავლენა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა იყო. 

ნუკრი კვირიკიძეს ვკითხეთ, რატომ შეცვალა ფეისბუქის ჯგუფებში მასალის გავრცელების გზა და ხომ არ იყო ეს კავშირში ფეისბუქის პოლიტიკის გამკაცრებასთან? მან გვიპასუხა, რომ დარღვევა არ აქვთ და უბრალოდ ასე მოუნდა პოსტების გაზიარება. 

როგორც ჩანს, კვირიკიძისთვის ეს საიტები შემოსავლის ცუდი წყარო არაა. “დაახლოებით ქლიქბაიტ სისტემაა კი, აქამდე უცხოურ კომპანიებთან მქონდა მოლაპარაკებები, ახლა ქართულ რეკლამებზე ვმუშაობ, კაზინოებთან,” – გვეუბნება კვირიკიძე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნუკრი კვირიკიძემ 2019 წელს 50,000 ლარად შეიძინა 563 კვ.მ. მიწა ბათუმში. კვირიკიძემ ინდ.მეწარმის სტატუსი 2020 წლის სექტემბერში მიიღო, 2021 წლის იანვარში კი საჯარო რეესტრს სტატუსის გაუქმების თხოვნით მიმართა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
იმერეთი ტურიზმის გამოწვევების პირისპირ
qutaisi qalaqia

იმერეთი ტურიზმის გამოწვევების პირისპირ

პანდემიის გამო კი გართულდა სასტუმროს მფლობელთა, ტურისტული ორგანიზაციების,

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share