fbpx
police

რას სწავლობენ პოლიციელები შსს-ს აკადემიაში?

“ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი ხალხის სამსახურში!” – ასე ულოცავს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებს პროფესიულ დღეს. სინამდვილეში “ხალხის სამსახური” როგორ ესმით, ვხედავთ. 

23 იანვარს პოლიციელმა სცემა არასრულწლოვან ბიჭს, რომელსაც სმენის და მეტყველების უნარი არ ჰქონდა. ორი დღის შემდეგ კი კიდევ ერთმა პოლიციელმა ზუგდიდში ქალს ხელი დაარტყა. სამართალდამცველები რომ სამართალს თავად არ იცავენ, ახალი ამბავი არ არის.

ორი წლის წინ 15 წლის ლუკა სირაძემ გამოკითხვაზე ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა. ხუთი წლის წინ ასევე პოლიციელის მხრიდან ზეწოლის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 22 წლის დემურ სტურუამაც. 

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიციის განყოფილებაში რომ ერთნაირად იქცევიან, დაშინება, მუქარა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა რომ ნორმა ჰგონიათ, პოლიციის სისტემის პრობლემაა და არა ცალკეული თანამშრომლების. 

“აი, ფაქტი” დაინტერესდა, რა გზას გადიან ეს ადამიანები მუნდირის ჩაცმამდე, სად და როგორ ასწავლიან მათ პოლიციელობას, რა ღირებულებების ერთგულებას სთხოვენ ჯერ სწავლის პროცესში და შემდეგ – პოლიციის განყოფილებაში. 

ვესაუბრეთ მოქმედ და ყოფილ პოლიციელებს, ასევე შსს-ს აკადემიაში ჩაბარების მსურველ ახალგაზრდებს. აღმოჩნდა, რომ აკადემიაში ჩარიცხვის კრიტერიუმები ხშირად ბუნდოვანია, უცნობი რჩება, რის გამო შეარჩიეს ან დაიწუნეს კანდიდატი. თუ გაუმართლათ და იქ მოხვდნენ, ნასწავლი პრაქტიკაში მაინც არ ადგებათ. პოლიციელები რომ ხდებიან, სისტემის წესებს ემორჩილებიან,  ასრულებენ ისეთ დავალებებს, რომელიც მათ პრინციპებს და აკადემიაში ნასწავლ მიდგომებს ეწინააღმდეგება.

“პოლიციაში რომ შედიხარ, კარებშივე გხვდებიან და გეუბნებიან, დაივიწყე ყველაფერი ის, რითიც გაქ თავი გამოტენილი, რაც აკადემიაში გასწავლეს, გარეთ დატოვე. ის სამყარო აქ არ არის, ეგ არის რაღაცა ზღაპრები და ილუზია, ” – ამბობს ყოფილი გამომძიებელი პოლიციელი ვიტალი გუგუჩია. ის დეტექტივად და უბნის ინსპექტორად 2007-2012 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო და რაიონულ სამმართველოებში. 

p3

შინაგან საქმეთა სამინისტროს წლიური ბიუჯეტი, საშუალოდ, 6 მილიონი ლარია. 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, აკადემიაში 206 ადამიანი მუშაობს. სასწავლებელს ივანე პაპიაშვილი ხელმძღვანელობს. ის 2013-2015 წლებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორი იყო

Შსს-მ არ მოგვაწოდა აკადემიის ბიუჯეტის მონაცემები მისი დაარსებიდან დღემდე, Შრომატევადი საქმე იყოო. შემდეგ კი გვითხრეს, 2018 წლამდე ეს მონაცემები ელექტრონულად არ გვქონდა, მხოლოდ ქაღალდებზე ინახებოდაო. 

როგორ ხვდებიან აკადემიაში? 

აკადემიაში მოსახვედრად, კანდიდატმა ექვსი ეტაპი უნდა გაიაროს: წარადგინოს განცხადება, ჩააბაროს ტესტი IQ-სა და ზოგად უნარებში, გავიდეს გასაუბრებზე, ამის შემდეგ შეამოწმებენ მის ჯანმრთელობას და ფიზიკური მომზადების დონეს. ბოლო ეტაპი კი სპეციალური შემოწმებაა. აქ კანდიდატის პიროვნულ და პროფესიულ კეთილსინდისიერებას, საქმიან და მორალურ რეპუტაციას ექცევა ყურადღება.

გამომძიებლობის მსურველები IQ-სა და ზოგადი უნარების გარდა, აბარებენ პროფესიულ ტესტსაც, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსის ცოდნა მოწმდება. მინიმალური ზღვარი 60%-ია და ხელახლა გადაბარებაც შეუძლიათ.

p01 new

საიტზე გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით, გასაუბრების ეტაპზე ყურადღებას აქცევენ კანდიდატის ემოციურ მდგრადობას, კეთილსინდისიერებას, ტოლერანტობას, თავდაჯერებულობას, საუბრის მანერას. ასევე მათ პროფესიულ ცოდნას და გამოცდილებას. კანდიდატებს ევალებათ, წაკითხული ჰქონდეთ საქართველოს კონსტიტუცია, კანონი პოლიციის შესახებ, ეთიკის კოდექსი, შსს-ს, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის დებულებები.

შემდეგი ეტაპი ფიზიკური მომზადების შემოწმებაა. კანდიდატები აბარებენ ე.წ ნორმატივებს, მაგალითად, სირბილი 100 და 500-მეტრიან დისტანციაზე, აზიდვები და მუცლის პრესები.

ექვსივე ეტაპის გადალახვის შემდეგ, დებენ პოლიციელის ფიცს, ენიჭებათ პოლიციელის რიგითის წოდება, მინიმუმ ერთი წელი მუშაობენ გამოსაცდელი ვადით და პარალელურად, სწავლობენ აკადემიაში.

დაარსებიდან დღემდე შსს აკადემია 7,386-მა პოლიციელმა და 1225-მა გამომძიებელმა დაამთავრა.  

2007 წელს აკადემიამ 1170 პოლიციელი მოამზადა, 2021-ში კი მხოლოდ 315. რომელ წელს რამდენი მსმენელი ჰყავდა სასწავლებელს, დეტალურად ნახეთ აქ

p 02 1

გასაუბრების გადალახვის ბუნდოვანი კრიტერიუმები

პოლიციელობის ზოგ მსურველს აკადემიაში ჩაბარება რთული ჰგონია, რადგან ბუნდოვანია, რის მიხედვით მოსწონთ ან იწუნებენ შერჩევის ეტაპზე. 

მათ, ვინც აკადემიაში მოხვედრა სცადა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ 

სტუდენტებს ნეპოტიზმით იღებენ, ისინი უკვე შერჩეული ჰყავთ და გასაუბრებები ფორმალურად ტარდება. კანდიდატების თქმით,  ზოგჯერ გამსაუბრებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, ვინ იყო მათი რეკომენდატორი. 

“გასაუბრებას რომ ველოდებოდი, ფოიეში ყური მოვკარი შემთხვევით, ‘არ არის პრობლემა, თქვენ ვისზეც მითხარით, ის კადრი უპრობლემოდ აყვანილი იქნებაო’. დავაკავშირე, რომ მე რომელზეც ვიყავი, იმ გასაუბრებაზე იყო საუბარი, რადგან ამ გასაუბრების კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო,”- გვითხრა აკადემიაში ჩაბარების მსურველმა, რომელმაც მართლწესრიგის პოლიციელობა 2021 წელს სცადა. მან ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.

“შუაში მკითხეს, გყავთ ვინმე ნათესავი ან ახლობელი, რომელიც მუშაობს შს სამინისტროშიო? დავუსახელე ერთი პიროვნება, რომელიც მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ნათესავია ჩემი, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია,”- გვითხრა გიორგი ფეიქრიშვილმა. ის 2021 წელს შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პროგრამაზე აბარებდა.

გასაუბრებები ინდივიდუალურად ტარდება და როგორც კანდიდატები გვიყვებიან, 10-დან 30 წუთამდე გრძელდება. როგორც ახსოვთ, გასაუბრებას მინიმუმ ხუთი პირი ესწრებოდა, კითხვებს აქტიურად კი მხოლოდ სამი მათგანი სვამდა. დანარჩენები, სავარაუდოდ, ფსიქოლოგები იყვნენ. ისინი მაგიდიდან მოშორებით ისხდნენ, მხოლოდ კანდიდატის საუბარს, მანერებს, რეაქციებს აკვირდებოდნენ და თავისთვის ინიშნავდნენ. პოლიციელობის მსურველები გვეუბნებიან, რომ მათთვის უცნობია, გამსაუბრებლების სახელები და გვარები, რადგან “ბეიჯებიც” არ ეკეთათ. 

კომისიის წევრები არ ამბობენ, როდის და რა ფორმით შეატყობინებენ კანდიდატს გასაუბრების შედეგს. მხოლოდ მათი ჩაკითხვისას განუმარტავენ, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში დაუკავშირდებიან. ეს პოლიციელობის მსურველებში უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ვერ იგებენ, რის გამო დაიწუნეს და გაურკვევლობაში რჩებიან. 

“უარის შემთხვევაშიც უნდა ხდებოდეს დაკავშირება და მიზეზის თქმა, რის საფუძველზე არ მიიღეს ადამიანი. ამით შანსი გეძლევა, გამოასწორო შემდეგ ეტაპზე ის მინუსი. მითუმეტეს, როცა ასე ძალიან გინდა მოხვდე და ოცნებად გაქვს შენი ქვეყნის სამსახურში ყოფნა,”- გვითხრა ციცი ჩაჩუამ. მან შსს-ს აკადემიაში საპატრულო პოლიციის პროგრამაზე მოსახვედრად გასაუბრება 2021 წლის ნოემბერში გაიარა.

“ბევრისგან მქონდა გაგებული, რომ გასაუბრებაზე თუ აგიყვანეს, ვერასდროს გაიგებ, რის გამო და თუ არ აგიყვანეს, ვერც მაგას გაიგებო. თავისი კრიტერიუმები აქვთ, რომელიც, რატომღაც, არავინ იცის,”- გვითხრა ნოდარ ჩიხლაძემ. მან შსს-ს აკადემიაში საპატრულო პოლიციელის პროგრამაზე ჩაბარება ორჯერ, 2016 და 2017 წელს სცადა. 

ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის მანდატური ლელა ქელეხსაშვილი გვეუბნება, რომ თავის დროზე, როცა შსს-ს აკადემიაში გასაუბრება ვერ გადალახა, მიზეზს თავადაც მიხვდა. თუმცა, მაინც ერჩივნა, კომისიისგან სცოდნოდა, რის გამო დაიწუნეს. ასე ფიქრობს ხატია ზაქაიძეც. 

“შეიძლება შემდეგ ეტაპზე კიდევ შევავსო ვაკანსია და ხომ უნდა ვიცოდე პრობლემა კონკრეტულად. ზოგადად არ ვარ ამ სფეროსთვის შესაფერისი, კარგი სამართალდამცავი? ან რა მიშლის ამაში ხელს? ლოგიკურია, შენს თავთან გიჩნდება კითხვა, რატომ დაგიწუნეს? როცა გეტყვიან, აი ამიტომ… შეიძლება გამოასწორო,”- ამბობს ხატია ზაქაიძე. 

ის პროფესიით ექსპერტ-კრიმინალისტია, შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პროგრამაზე კი გასულ წელს აბარებდა. ხატია ზაქაიძე გვეუბნება, რომ შსს-ს აკადემიაში მარტივად სამართავ პირებს ეძებენ, თვითონ კი ასეთი არ არის და ამიტომაც დაიწუნეს. 

“როცა მკითხეს, რა არ მოგწონს, რას შეცვლიდიო, ვუთხარი, გულგრილ დამოკიდებულებას მოქალაქეებთან მიმართებაში-მეთქი. როდესაც ვიღაცის იმედი მქვია და იმ ადამიანს უჭირს, ეს იმედი არ უნდა გაუცრუო, ამისთვის მოვდივარ-მეთქი. ამ შემართებით როდესაც მიდიხარ, გატყობენ, რომ სისტემაში როცა მოხვდები, მარტივად ვერ დაგიმორჩილებენ ,”- გვითხრა ხატია ზაქაიძემ. 

რას და როგორ ასწავლიან პოლიციელებს აკადემიაში?

აკადემიაში მომავალი პოლიციელები 4 თვე სწავლობენ, მესაზღვრეები – 3 თვე, გამომძიებლები კი მხოლოდ 2 თვე.

ლელა ქელეხსაშვილი, რომელიც მართავს ფეისბუქ ჯგუფს “პოლიციის აკადემიის მისაღები გამოცდები”, გვეუბნება, რომ აკადემიაში გამომძიებელთა კურსზე მოსახვედრად იურიდიული განათლება სავალდებულოა. თუმცა, ეს აუცილებელი არაა მართლწესრიგის ოფიცრობისთვის, საკმარისია ბაკალავრის უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით. საპატრულო პოლიციის და უბნის ინსპექტორებისთვის კი უმაღლესი განათლება საერთოდ არ არის აუცილებელი. 

akademia 1
პოლიციელთა საბაზისო კურსის დახურვა, 2019 წელი

პოლიციელთა მომზადების კურსს, რომელიც 4-თვიანია,  გადიან პატრულ-ინსპექტორები, მესაზღვრე კონტროლიორები, უბნის ინსპექტორები და მართლწესრიგის ოფიცრები. მათი სასწავლო პროგრამა მოიცავს 27 თეორიულ საგანს და ერთ ფიზიკური მომზადების მოდულს. საგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ

აკადემიის დირექტორის ყოფილი მოადგილე ფიქრობს, რომ ოთხი თვე პოლიციელის სრულყოფილი მომზადებისთვის არასაკმარისია და კომპეტენციის ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს გადამზადებას. 

“სწავლება 2-წლიანიც რომ იყოს, არ არის საკმარისი, რომ მივიღოთ პროფესიული კადრი. განათლებას საბაზისო იმიტომ ჰქვია, რომ მერე მიდიხარ სამუშაოდ, იქ ხვდები რა იცი, რა არ იცი და მოდიხარ გადამზადებაზე,” – გვეუბნება მადლენ ხელაშვილი. ის 2004-2012 წლებში შსს-ს აკადემიის დირექტორის მოადგილე იყო და სასწავლო პროგრამის მომზადებასაც ხელმძღვანელობდა.

ახლა შსს-ს აკადემიაში საბაზისო პროგრამების გარდა, ტარდება რვა სხვადასხვა მიმართულების ტრენინგი, ასევე დაწინაურების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ცხრა სხვადასხვა კურსი

“აი, ფაქტმა” დაადგინა, რომ შსს-ს აკადემია პოლიციელების გადამზადებას წლების წინ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე ახლა. ადრე მათ კვალიფიკაციის ასამაღლებლად წელიწადში რამდენიმეჯერ იძახებდნენ. სამმართველოებში პირდაპირ შსს-დან რეკავდნენ და კურსებზე თანამშრომლების რეგისტრაციას ითხოვდნენ. უარს ვერავინ იტყოდა, ახლა კი გადამზადება სავალდებულო აღარაა.

2007-2021 წლებში პატრულ-ინსპექტორების გადამზადება 4087-მა თანამშრომელმა გაიარა. 

დეტექტივების და მათი თანაშემწეების გადამზადების კურსებს კი ამ წლებში 1084 მსმენელი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ მათთვის გადამზადებები 2011 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.  დეტალური მონაცემები ნახეთ

“წელიწადში 4-5-ჯერ ვაბარებდი გამოცდებს, ტრენინგებზე რასაც გვასწავლიდნენ. 2013 წლიდან აღარ ვყოფილვარ. ახლა არაფერი არაა, განყოფილების მოადგილე და უფროსობა სადმე წასული არ მინახავს. ახლა წელიწადში ერთხელ შეიძლება იყოს და ერთ ადამიანზე,”- გვითხრა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, რომელიც ამ სისტემაში 1999 წლიდან მუშაობს. 

“სამხარეოს უფროსთან რეკავდნენ, ის სამმართველოს უფროსთან რეკავდა და სამმართველოს უფროსი არჩევდა, ვინ გაეშვა კურსებზე. ვის გინდათ წასვლა და ხომ არ გინდათ წასვლაზე არ იყო. შეიძლება მთელი სამმართველოც წასულიყო. 5 კაცი ორი კვირით, მერე კიდე ხუთი და ასე…,” – გვიყვება ვიტალი გუგუჩია. ის 2007-2012 წლებში დეტექტივად მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო და რაიონულ სამმართველოებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ გადამზადებებს ადრე უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, გვიდასტურებს ნიკა გოგიაშვილიც. ის კრიმინალურ პოლიციელად 2000-2012 წლებში მუშაობდა. ამ პერიოდში ძველი თბილისის სამმართველოში ვერის და აღმაშენებლის განყოფილებების უფროსიც იყო. ამბობს, რომ მასთან 300-მდე პირი მუშაობდა და 80% გადამზადებული იყო.

“რეკავდნენ სამინისტროდან და გვეუბნებოდნენ, 3-თვიანი კურსებია, მაგალითად, ინგლისურის. ვეუბნებოდი თანამშრომლებს და ვისაც სურვილი ჰქონდა, უფასოდ მიდიოდა. ახლა მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, ჯერჯერობით არავისგან გამიგია, წავედი სამოქალაქო თავდაცვის კურსებზე, ინგლისურის კურსებზე… ჩვენს დროს მილიონი კურსი იყო… არ არსებობდა 2-3 თვე გასულიყო და 2-3 კაცი მაინც არ გამეშვა აკადემიაში,”- ამბობს ნიკა გოგიაშვილი.

ახლა შსს-ში გადამზადება პოლიციელების ნებაზეა დამოკიდებული. ზოგს ცოდნის და გამოცდილების შეძენა სამინისტროს ძალდატანების გარეშეც სურს. თუმცა, ზოგი გადამზადებაში აზრს ვერ ხედავს, რადგან დამატებითი ფინანსური სარგებელი არ ექნებათ.

“არის ძალადობის, შშმ პირების შესახებ, სექსუალური შევიწროების ტრენინგები, არიან ვიღაცები, ვისაც აინტერესებთ და ვიღაცები, ვისაც არ აინტერესებთ. მე შშმ პირთა კურსები გავიარე, როდესაც აკადემიას ვამთავრებდით. ხელმძღვანელობამ გამოგვიცხადა, ნებაყოფლობითია და ვისაც გინდათ გაიარეთო. ყოველ წელს იდება, არავინ გაიძულებს რა, შენ გინდა წახვალ, გინდა – არა,”- გვითხრა ჯონი ცინცაბაძემ. ის ბათუმის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად 2016-2020 წლებში მუშაობდა.

აკადემიის და პოლიციის სისტემის შეუსაბამო მოთხოვნები

პოლიციელები “აი, ფაქტთან” საუბარში ყვებიან, რომ შსს-ს აკადემიაში სწავლის პერიოდი კარგად ახსენდებათ, იქ ეუბნებოდნენ რომ პოლიციელისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები. თუმცა, როცა პოლიციელის მუნდირი ჩაიცვეს და პრაქტიკული საქმიანობა დაიწყეს, ამის დავიწყებისკენ უბიძგეს. 

ყოფილი დეტექტივი ვიტალი გუგუჩია გვიყვება, რომ აკადემიაში ადამიანების ერთგულება ასწავლეს, პოლიციაში კი სისტემის. 

“აკადემიაში ისწავლება, რომ ვემსახურებით ადამიანებს, ვიცავთ,  მათ გამო ვშრომობთ, ვწირავთ თავს, მაგრამ როგორც კი გადადიხართ პოლიციაში, რეალურად აქვთ საბჭოთა მიზნები – დააშინონ მოქალაქეები, ჰქონდეთ კონტროლი მათზე, Სისტემა იყოს ძლიერი და მის წინაშე ვერავინ გაბედოს ხმის ამოღება. თავისუფლება აღქმულია გარყვნილებასთან. Სკამზე, მაგიდაზე დგომით შეუძლიათ სვან საქართველოს სადღეგრძელო, მაგრამ ეროვნული ინტერესების შინაარსი არ ესმით. თავიანთი ფუნქცია არ ესმით,”- ამბობს ვიტალი გუგუჩია. ის 2007-2012 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო და რაიონულ სამმართველოებში მუშაობდა. 

“პირველივე ლექციიდან რომ იწყება ადამიანის უფლებები, ბოლო ლექციამდე არ არსებობს ისეთი ჩათვლა, ისეთი გამოცდა, გამოკითხვა, სადაც ადამიანის უფლებებზე ყურადღება არ არის გამახვილებული. ეს იყო ყველაზე ფუნდამენტური თემა,”- ამბობს ჯონი ცინცაბაძე. ის ბათუმის საქალაქო სამმართველოში 2016-2020 წლებში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. 

32df10a6ea81d51a9321406ec83582ce
შსს-ს აკადემიის 2018 წლის კურსდამთავრებულები

გია ხალვაშს გული სწყდება, რომ მისი პროფესია ცუდ პიროვნებასთან ასოცირდება, რადგან საზოგადოება მათ ადამიანის მეგობრად და მხარდამჭერად ვეღარ აღიქვამს. შსს-ს აკადემიაში სწავლისას, სრულიად განსხვავებულ, ჰუმანურ მოქცევას კი აჩვევდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი საერთაშორისო პარტნიორებისთვის თავის მოსაჩვენებლად კეთდებოდა. მაგალითად, ევროკავშირისთვის და ამერიკელი ინსტრუქტორებისთვის. 

“როცა პოლიციაში შევდგი ფეხი, ჩემი მოტივაცია იყო, რომ შემეძლო კეთილის და ბოროტის განსხვავება, ხელფასი არ იყო მნიშვნელოვანი. ზოგის ბავშვობის ოცნებაა, ვიღაცას დაეხმაროს, გმირთან ასოცირდებოდა, დღეს ეს არ გვაქვს. გამოიძახებ, მოვა პოლიციელი და ისე დაგელაპარაკებიან, იქეთ გრძნობ თავს შეურაცხყოფილად.  რა მოხდა მერე, თუ შეიგინა ვიღაცამ, მეზობელი თუ ყვირის შუაღამით, თუ ხმაური არ გინდა, წადი სოფელში დაიძინე,”- გვითხრა გია ხალვაშმა. ის 2005-2007 წლებში ბათუმის კრიმინალური პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლად, ხოლო 2007-2017 წლებში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი დეტექტივი გიორგი სამუშია გვიყვება, რომ აკადემიასა და პოლიციის სისტემაში განსხვავებულად უდგებიან გამოკითხვის პროცესსაც. სწავლისას ეუბნებოდნენ, მოქალაქეებს კითხვები ისე ფრთხილად უნდა დაუსვათ, რომ ზიანი არ მიაყენოთო, პოლიციის სისტემაში კი ეს მეთოდი არ ადგებოდათ და ზოგჯერ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც არ ერიდებოდნენ.

“დაკითხვის მეთოდს რომ გასწავლიან, აბსურდია, პრაქტიკაში არ გამოგადგება. აკადემიაში გვასწავლიდნენ, რომ უნდა მოეფერო, ზედმეტად არ უნდა შეაწუხო, სულიერი ტკივილი არ უნდა იგრძნოს, მაგრამ ამ ბალანსის დაცვა ძალიან ძნელია. ყოფილა შემთხვევა, რომ მე ვერ დავიცავი. მოვეფერე და უარესად გაჯიუტდა, რომ არ მოეფერები, დარეკავდა გენერალურ ინსპექციაში და შენ შეგექმნებოდა პრობლემები. ამათ შორის შუალედი უნდა გეპოვა, უფრო ფსიქოლოგიურად, შეშინებით…,”- ამბობს გიორგი სამუშია. 

“აი, ფაქტი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აკადემიაში სწავლების სტილზე ინტერვიუ ჩაგვეწერა. Მათ კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვეს და გავუგზავნეთ კიდეც, მაგრამ ამ დრომდე არ უპასუხიათ. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ნინო ბაქრაძე
Nino Bakradze scaled e1669740358489

ნინო ბაქრაძე

დამფუძნებელი, რედაქტორი

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში

როგორ გართულდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში და რატომ არის ეს საგანგაშო?

მთავრობა კანონმდებლობას არღვევს და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს

Total
0
Share