fbpx
skheuli

მზად ხართ, საკუთარი სხეული მეცნიერებას შესწიროთ?

თბილისის სახელმწიფო სამეციდინო უნივერსიტეტის სარდაფში, ე.წ. “ანატომიურ თეატრში,” სულ მცირე, 25 წელია ორი ადამიანის გვამი ჩანებში, ალუმინის ორი მეტრის სიღრმის კონტეინერებში ინახება. ინფორმაცია გვამების სოციალური წარმომავლობის შესახებ უნივერსიტეტში არ აქვთ. ერთადერთი, რაც ამ გვამების შესახებ უნივერსიტეტის პროფესორმა და ნეიროქირურგმა კონსტანტინე ჩუტკერაშვილმა იცის, ისაა, რომ ისინი ერთ დროს მამაკაცსა და ქალს ეკუთვნოდათ.

კანონი “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულება ვალდებულია სამეცნიერო და სასწავლო მიზნით გვამის გამოყენების შემდეგ იგი დაკრძალოს. თუმცა, კანონი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ვადით შეიძლება სასწავლო დაწესებულებამ გამოიყენოს გვამი.

ამიტომაც, საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი გვამების დაკრძალვა გაჭიანურდა.

“ალბათ, 80-იან წლებში შემოტანილი გვამებია, ზუსტად ვერ გეტყვით. ის ვიცი, რომ ჯერ არ ვაპირებთ ამათ დამარხვას. ახალი გვამები თუ შემოვა ან ესენი თუ ვარგისი აღარ იქნება სასწავლებლად, მაშინ დავმარხავთ. ამათ უკვე ისეთი თვალსაჩინოება აღარ აქვთ, რადგან ფორმალინი ქსოვილს ანეკროზებს და აზიანებს, მაგრამ მულაჟებს მაინც სჯობს,” – ამბობს ჩუტკერაშვილი. – “სტუდენტი რომ გვამს ხედავს, სხვა ეფექტი და ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს.”

1997 წელს შექმნილი კანონით “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” ჩაიწერა, რომ ადამიანის ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების გაცემა როგორც სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის შემდეგ, ნებაყოფლობითი აქტია. ეს ირიბად იმას ნიშნავდა, რომ აიკრძალა საბჭოთა კავშირში მიღებული პრაქტიკა: უმეთვალყურეო გვამების სასწავლო მიზნებით გამოყენება, გარდაცვლილთაგან წინასწარ გაცხადებული ნების გარეშე.

როგორც საქართველოში მოქმედი სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლები ამბობენ, ამის შემდეგ მათ ახალი გვამი სასწავლებლად არ მიუღიათ. ამ კანონით გარდაცვლილის ნათესავების ნებართვის გარეშე სიკვდილის მიზეზის დადგენის მიზნით პათოლოგიურ-ანატომიური კვეთაც აიკრძალა, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის დროს საავადმყოფოში გარდაცვლილი ყველა პაციენტის გვამი იკვეთებოდა. ამისთვის კი მაშინ ოჯახის წევრების თანხმობა საჭირო არ იყო.

2007 წელს კანონში “ჯანრმთელობის დაცვის შესახებ” ცვლილება შევიდა და უმეთვალყურო გვამების სასწავლო მიზნებით გამოყენება ისევ შესაძლებელი გახდა.

საქართველოს სამედიცინო ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, გივი ჯავაშვილის და მისი ყოფილი მასწავლებლის, გურამ კიკნაძის ძალისხმევით კანონში მინიმალური სტანდარტი-პროცედურა მაინც ჩაიდო, რაც უნდა ჩატარდეს სანამ უმეთვალყურო გვამის სასწავლო-სამეცნიერო მიზნებით გამოყენებას გადაწყვეტენ:

1. 6 თვის განმავლობაში საქართველოს პოლიციამ ყველა რესურსი უნდა ამოწუროს გვამის ნათესავის საპოვნელად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოცხადდეს გვამი უმეთვალყუროდ;
2. უნდა მოხდეს იმის გამოძიება, რომ პირს სიცოცხლეში უარი არ განუცხადებია გვამის სასწავლო მიზნით გამოყენებაზე.

“ეს მინიმალური სტანდარტიც არაა დამაკმაყოფილებელი, რადგან გადამოწმების მექანიზმი სუსტი და რთულად განსახორიელებელია. ვინ არის პასუხისმგებელი იმის გაგებაზე, რა უნდოდა გარდაცვლილს თავის სხეულთან დაკავშირებით?” – ამბობს გივი ჯავაშვილი.

“დღეს რომ ვუყურებ, ეს იყო გარკვეული დასავლური ეთიკური ნორმების დამკვიდრების მცდელობა. ჩვენს სინამდვილეში ეს რამდენად ადეკვატური იყო, არ ვიცი. ამით სასწავლო პროცესის ხარისხი გაფუჭდა,” ამბობს დიმიტრი კორძაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

ეთიკური მიმართულებები ანატომიაში

ამერიკასა და ევროპაში მოღვაწე თანამედროვე ანატომები უკვე ათწლეულია კამათობენ, თუ რამდენად ეთიკურია გვამების სამეცნიერო და სასწავლო მიზნებით გამოყენება ადამიანებისგან სიცოცხლეშივე გაცხადებული თანხმობის გარეშე.

2011 წელს დეივიდ გარეტ ჯონსმა, ოტაგოს უნივერსიტეტის ანატომმა, ResearchGate-ში გამოაქვეყნა ნაშრომი სათაურით: “მოუკითხავი გვამების გამოყენება ანატომიაში: მიზეზები, რომლებიც ამ პრაქტიკის არაეთიკურობაზე მეტყველებს.” ამ ანატომების აზრით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოუკითხავი გვამებით ანატომიის სწავლება მიღებული პრაქტიკაა. ეს ბევრ ეთიკურ კითხვას აჩენს.

“ანატომები იმ მიზეზის უკან კი არ უნდა დაიმალონ, რომ პრაქტიკა კანონიერია. კანონიერი ნაცისტურ გერმანიაშიც იყო,” – ნათქვამია კვლევაში.

ამის საპირწონედ, ეთიკური ანატომები ამბობენ, რომ კარგი იქნებოდა სხეულის მეცნიერებისთვის მიძღვნის კულტურა განვითარდეს და ასე ავირიდოთ თავიდან მოუკითხავი გვამების გამოყენება. მეცნიერებისთვის სხეულის შემწირველები, ძირითადად, მედიკოსები აირიან – ისინი, ვინც საკუთარი ცხოვრება მეცნიერებას მიუძღვნეს.

ამ სტატიაზე მუშაობისას ჩვენ ყველა ქართველ მედიკოსს ვკითხეთ, იყვნენ თუ არა მზად საკუთარი სხეული მეცნიერებისთვის შეეწირათ. უმრავლესობას პირდაპირი თანხმობა არ განუცხადებია. ყველაზე ხშირად ამბობდნენ, რომ ამაზე არ უფიქრიათ.

“არ ვარ მზად მაგ პასუხისთვის – არ მიფიქრია. არ ვიცი, რა მაკავებს, მაგრამ არ ჩამოვყალიბებულვარ,” – ამბობს პროფესორი დიმიტრი კორძაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

“არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ რომც ვიფიქრო, ასე უცებ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ მარტივად პასუხგასაცემი კითხვა არ არის,” – ამბობს პროფესორი რამაზ ჩიხლაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

“რატომაც არა? თავისუფლად შეიძლებოდა, თუ ამის წესი იქნებოდა. თუმცა, მე კრემაცია მირჩევნია,” – გვითხრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა რამაზ ხეცურიანმა.

“ვერ შევწირავდი იმიტომ კი არა, რომ ჩემი სხეული მენანება. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, [სხეული] მიწას უნდა მიბარდეს,” – ამბობს ლიანა კიკალიშვილი, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ლიანა კიკალიშვილის ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე მუზეუმია, სადაც ათწლეულების წინ პრეპარირებული გვამები, გვამების ცალკეული ნაწილები, შინაგანი ორგანოები, გულები, ტვინები და ტორსოებია გამოფენილი. მათ შორისაა ორი ბავშვის მოკვეთილი თავიც.

 

ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის მუზეუმში შენახული პრეპარატების უმრავლესობა საბჭოთა მეცნიერებმა შალვა თოიძემ და შამშე ქევანიშვილმა მოამზადეს.

“როდესაც მოძღვარი მოვიყვანე და კათედრა ვაკურთხებინე, ზუსტად აქ [მუზეუმში] შემოვიყვანე. უცებ პირჯვარი გადაიწერა და თქვა, ეს რა არისო. ავუხსენი, რომ ეს სასწავლო მიზნით არის. რომ გითხრათ, რომ მომწონს – რა თქმა უნდა, შინაგანად არ მომწონს. მიცვალებული მიწას უნდა მიბარდეს. მაგრამ აქ არის დიდი მაგრამ, სასწავლო პროცესი ამას მოითხოვს. ამას ვერ გავექცევით,” – გვითხრა ლიანა კიკალიშვილმა.

გივი ჯავაშვილი, საქართველოს სამედიცინო კომისიის თავმჯდომარე და გურამ კიკნაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი თვლიან, რომ უმეთვალყურო გვამების სასწავლო-სამეცნიერო მიზნებით გამოყენების პრაქტიკა არაერთიკური იყო.

ამ მოსაზრებით გივი ჯავაშვილი ყოფილ მასწავლებელს, ცნობილ პათანატომ თამარ დეკანოსიძეს დაუპირისპირდა.

“ადამიანის გვამის გამოყენება უნდა მოხდეს მისი ნების, მისი სურვილის, მისი თანხმობის შესაბამისად. ეს იყო და არის პრინციპი, რომელსაც დღესაც ვეთანხმები,” – ამბობს ჯავაშვილი. – “რახან გარდაიცვალა და გვამია, ყველაფრის კეთება არ შეიძლება.”

საბჭოთა პრაქტიკა

საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული 1990-იანი წლების ბოლომდე, საქართველოში ანატომიის სწავლება ჩვილ ბავშვთა სახლებსა და უპოვართა თავშესაფრებში გარდაცვლილების გვამებით ხდებოდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიის დღევანდელი კათედრის ხელმძღვანელის, ლიანა კიკალიშვილის თქმით, ბავშვების გვამებს უპატრონო ბავშვთა სახლებიდან იღებდნენ. ერთ-ერთი ასეთი დაწესებულება თბილისში ნუცუბიძის ბავშვთა სახლი იყო, ამბობს კიკალიშვილი.

“შეთანხმება იყო სამეციდინო უნივერსიტეტსა და ბავშვთა სახლს შორის, რომ როცა ინსტიტუციაში ბავშვი გარდაიცვლებოდა და გვამი პატრონს არ მიჰქონდა, იგი კათედრაზე შემოდიოდა,” – ამბობს კიკალიშვილი.

კითხვაზე, იყო თუ არა საჭირო გარდაცვლილი ბავშვების მშობლების ნებართვა შვილის სხეულის სასწავლო მიზნებით გამოყენებისთვის, ლიანა კიკალიშვილმა გვიპასუხა:

“მშობლებზე არაფერი ვიცი. ამ მხარეს ჩვენ არ ვაკონტროლებდით – ჩვენ ეს არ გვეხებოდა.”

მარგალიტა ხეჩინაშვილი, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ერთ-ერთი ასისტენტ-პროფესორი იყო 1950-ან წლებში. ნაშრომში “ახალშობილთა სიგმოიდური კოლინჯის ცვალებადობის საკითხისათვის” ხეჩინაშვილი აღწერს, რომ გამოკვლევისთვის მათ 101 ცალი ახალშობილის გვამი ჰქონდათ ლაბორატორიაში.

ჩვენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ვთხოვეთ იმ ინსტიტუციების სრული სია, საიდანაც მათ უპატრონო გვამებს აწვდიდნენ. უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნინო რუხაძემ ოფიციალურ წერილში გვიპასუხა, რომ მსგავსი რამ უნივერსიტეტში არ ხდებოდა.

“ამასთან დაკავშირებით [უნივერსიტეტის და ინსტიტუციების შეთანხმებაზე გვამების გადაცემის შესახებ] არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, ვინაიდან ამ პუნქტებში მითითებულ მოქმედებებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ადგილი არ ჰქონია,” – ნათქვამია წერილობით პასუხში.

დიმიტრი კორძაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე საბჭოთა კავშირის დროს გვამების ინსტიტუციებიდან მიღების პრაქტიკას იხსენებს. “მიუსაფართა სახლის სახელზე უნდა დაეწერა წერილი უნივერსიტეტს, რომ როცა გაჩნდებოდა უჭირისუფლო ავადმყოფი, შეეტყობინებინათ. როცა ვინმე გარდაიცვლებოდა ავადმყოფობით, სიმსივნით და გარშემო არავინ იყო ნათესავი, გვატყობინებდნენ. ჩვენ უზრუნველვყოფდით მის ტრანსპორტირებას, გამოყენებას სასწავლო მიზნებით და ამის შემდეგ დამარხვას,” – ამბობს კორძაია.

მისივე თქმით, გვამის შენახვის ვადა არ იყო განსაზღვრული. თუ გვამის დამარხვის საკითხი დადგებოდა დღის წესრიგში, იგი კუკიის საძმო სასაფლაოზე იმარხებოდა.

“ამ კათედრაზე 1970 წლიდან ვმუშაობ, როგორც პედაგოგი. ჩვენ იმ ჩანებში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი გვამები გვქონდა. მე რომ სტუდენტი ვიყავი, 1967 წელს, 40 წლის გვამები გვქონდა შენახული ფორმალინში და ასევე ფორმალინში შეგვქონდა სტუდენტებთან,” – იხსენებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მორფოლოგი რამაზ ხეცურიანი.

ფოტო მოგვაწოდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ საზოგადოებრივი არქივის უცნობი დოკუმენტების კოლექციიდან
ფოტო მოგვაწოდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ საზოგადოებრივი არქივის უცნობი დოკუმენტების კოლექციიდან

 

ახალი გვამების მიღების პრობლემა

დღეს თბილისის სახელმწიფო სამეცდინო უნივერსიტეტი აქტიურად ცდილობს ახალი გვამების მოძიებას სასწავლო მიზნებისთვის, რისთვისაც ის მიმართავს სხვადასხვა უწყებას, რომელსაც უმეთვალყუროდ გარდაცვლილი ადამიანების გვამებზე ხელი მიუწვდება. მათ შორის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროცაა. ერთ-ერთ ასეთ თხოვნაზე ბიურომ უნივერსიტეტს უარი შემდეგი მიზეზით უთხრა:

“სასამართლო ექსპერტიზის ბიურო არ არის უფლებამოსილი მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება. ამიტომ, დადგენილი კანონმდებლობის გათვალისწინებით, სამედიცინო უნივერსიტეტს ეთქვა უარი.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2014-2015 წლებში საქართველოს მასშტაბით რვა არაიდენტიფიცირებადი გარდაცვლილი დაფიქსირდა. ჩვენ ვცადეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იურისტებთან გაგვერკვია, რომელ პასუხისმგებელ ორგანოსთან აქვს უნივერსიტეტს მოლაპარაკება გვამების მიღების მიზნით, თუმცა იურისტებთან ჩვენი დაკავშირება ამ დეტალებზე სასაუბროდ უნივესრისტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ტალახაძემ არ ისურვა.

დღეს უმეთვალყურო გვამების სასწავლო მიზნით გამოყენებას “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 112-ე პრიმა მუხლი არეგულირებს. ეს მუხლი ბუნდოვანია და არ აზუსტებს ბევრ მნიშვნელოვან ეთიკურ დეტალს:

1. არ არსებობს კონკრეტული წესები გვამების სასწავლო მიზნების გამოყენების პროცედურებზე (მაგალითად, შეიძლება თუ არა გვამის დაჭრა და დანაწევრება);
2. რა დროის განმავლობაში შეიძლება გვამი დაუმარხავი დარჩეს;
3. ვინ უნდა დაადგინოს, რომ ადამიანს მისი გვამის სასწავლო მიზნებით გამოყენება ან უნდოდა, ან არ უნდოდა.

ეს და მთელი რიგი დეტალები სხეულის სამეცნიერო მიზნით გამოყენების შემთხვევაში ღია რჩება.

“წესით და რიგით, უნდა გვქონდეს კანონქვემდებარე აქტი, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი, რა წესია, როგორი დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს, როგორ უნდა იქნეს პროცედურულად მიღწეული და ასე შემდეგ. სტანდარტი უნდა იყოს პროფესიული და ეთიკური: როგორ უნდა მოექცე ამ გვამს, რამდენ ხანში უნდა დაკრძალო, როგორ უნდა გამოიყენო. ეს გაწერილად არ არსებობს,” – ამბობს გივი ჯავაშვილი.

კოტე ჩუტკერაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური თეატრის დირექტორი კი აცხადებს, რომ თუ ახალი გვამების მიღების შესაძლებლობა იქნება, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა მზადაა სასწავლო მიზნებით 10-15 გვამი შეინახოს.

 

რა წესებით ხელმძღვანელობდნენ საბჭოთა კავშირში გვამების გაკვეთისას:

1. ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის ანგარიში (1953-1954 სასწავლო წელი)
2. გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის წესები (ახალშობილთა გვამის გაკვეთის წესი, 1928 წელი)
3. სასამართლო-საექიმო გვამების გამოკვლევის წესი (1925 წელი)
4. სასამართლო მედიცინის სახელმძღვანელო (1931 წელი)
5. ქალაქის ზოგიერთი საიდუმლოებანი (მელიტონ შარაშიძე, 1930 წელი)

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მოიგო თუ წააგო სახელმწიფომ ლატარიაში?
lottery

მოიგო თუ წააგო სახელმწიფომ ლატარიაში?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share