fbpx
alternativa

“ალტ ინფო” – რუსეთის “ალტერნატივა საქართველოსთვის”

მას შემდეგ, რაც ლევან ვასაძემ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში მისი პერსონის მიმართ არაერთგვაროვანი, ირონიული დამოკიდებულება მიიღო, გადაწყვიტა, რომ სცენაზე თავად აღარ გამოჩენილიყო. შეკრიბა ახალგაზრდები, რომელთა ახლანდელი აქტივობა და მისწრაფებები უფრო რუსეთის ინტერესებს ემთხვევა, ვიდრე ქართული სახელმწიფოს საჭიროებებსა და მიზნებს. 

საუბარია გაერთიანებაზე, რომელიც საკუთარ თავს “ალტერნატივა საქართველოსთვის” უწოდებს. არასამთავრობო ტიპის ორგანიზაციად ის კონსტანტინე მორგოშიამ 2019 წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა. თანადამფუძნებლებლად ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და გიორგი ქარდავა აირჩია. ორი დღით ადრე დარეგისტრირდა შპს “ალტ-ინფო” და ა(ა)იპ “ახალგაზრდული ალტერნატივა.” 

მოგვიანებით, ფეისბუქზე ამ გაერთიანების ათეულობით გვერდი გამოჩნდა. მთავარი გვერდი “ალტ-ინფო” იყო. ამავე სახელით შექმნეს ვებგვერდიც, სადაც აზიარებენ უცნობი წყაროებიდან აღებულ მასალებს, რომელშიც მუდმივად ხაზგასმულია დასავლური სამყაროს მანკიერებები. 

“ალტ-ინფოს” ჰყავს ახალგაზრდა ლიდერები. ისინი ინტერნეტსივრცეში აქტიურად ეწევიან ანტიდასავლურ პროპაგანდას. წერენ ვიდეობლოგებს, მიჰყავთ გადაცემები, სადაც განიხილავენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მათი იდეოლოგია არის კონსერვატიზმი და შესაბამისად, გულშემატკივრობენ დონალდ ტრამპს. ეწინააღმდეგებიან ლიბერალიზმს, რომელიც მათი თქმით ქვეყანაში კონსერვატულ ღირებულებებს ასუსტებს. მსჯელობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ლგბტქ პროპაგანდა, ეკლესიის შევიწროება, აბორტის აკრძალვა, მიგრაცია, თურქული ოკუპაცია, რუსეთის სიძლიერე და მის წინააღმდეგ ქართული შეიარაღებული ძალების უძლურება. “ალტ-ინფოს” ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასაც ეწევიან. 

“ალტ-ინფოს” მიერ გაჟღერებული იდეები ხშირად ერთი-ერთში ემთხვევა საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის გზავნილებს. Მკვლევრები, რომლებიც სოციალურ ქსელში “ალტ-ინფოს” მისი დაარსების დღიდან აკვირდებიან, იხსენებენ მოვლენებს, როცა მათი “მესიჯები” ზუსტად იმეორებდა რუსული პროპაგანდის თემებს. Მათი თქმით, “ალტ-ინფო” ნიღბად იყენებს კონსერვატულ იდეოლოგიას, თითქოს მათი მთავარი პრინციპი ესაა, სინამდვილეში კი კრემლის ინტერესებს ატარებენ.

“ალტ-ინფო” საუბრობდა, რომ აშშ თავს გვახვევს გარკვეულ პოლიტიკას და ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ქართული ხელისუფლება მათ ვერ ეწინააღმდეგება და ფაქტობრივად, ამერიკული დიქტატის ქვეშ ვართ. ეს ნამდვილად არის პრორუსული გზავნილი. წინასაარჩევნოდ, ეს ჯგუფი და მათთან დაკავშირებული გვერდები სისტემურად ესხმოდნენ თავს აშშ-ს საელჩოს და ელჩს. ღიად პრორუსული ჯგუფების მსგავსად, “ალტ-ინფო” ამბობდა, რომ კელი დეგნანი თავს გვახვევს თავის აზრებს და კოლონიასავით გვექცევა. ეს მესიჯები აღრმავებს ანტიდასავლურ დეზინფორმაციას.  ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელება კი საქართველოში რუსეთის ინტერესებისთვის ხელის შეწყობას და მათ წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს,”- ამბობს Რეფორმების განვითარების ასოციაციის მკვლევარი, მარიამ წიწიკაშვილი. 

“თავისი საქმიანობა განხილული აქვთ კონსერვატული იდეოლოგიის მატარაბელ ჯგუფად, მაგრამ რეალურად ეს არის შენიღბვის მცდელობა. თუ წავიკითხავთ მათ ნარატივებს ან ვუყურებთ ვიდეოებს, დავინახავთ რომ ის რიტორიკა, რომელიც არჩეული აქვთ, ერთი-ერთში ემთხვევა კრემლის რიტორიკას. Მაგალითად, ყარაბაღის ომთან დაკავშირებით, “ალტ-ინფომ” თქვა, რომ საქართველო სრულიად დაუცველია, მას არც ერთი დასავლელი პარტნიორი არ დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისგან აგრესია წამოვა და რუსეთის აგრესია არის გარდაუვალი. როგორ ემთხვევა ეს რუსეთის ნარატივებს? ითესება შიში საზოგადოებაში და რუსეთი ამას აკეთებს იმით, რომ ამბობს, თუ ნატოში გაწევრიანდებით, კონფლიქტი გარდაუვალია. “ალტ-ინფო” ამას იმეორებს და ხალხს აჯერებს იმას, რაც რუსეთს უნდა, რომ დააჯეროს,” – ამბობს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, გივი გიგიტაშვილი. 

“ალტ ინფო” და მისი წარმომავლობა

უკეთ რომ გავიგოთ ამ გაერთიანების წარმომავლობა, შექმნის მიზეზი და სამომავლო მიზნები, თვალი უნდა გადავავლოთ რა ხდება ევროპაში. გერმანიაში, ჩეხეთში, ესპანეთში, ბულგარეთსა და შვედეთშიც არსებობს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები იგივე სახელწოდებით, როგორც საქართველოში. სიტყვა “ალტერნატივა” ფიგურირებს თითოეული მათგანის სახელში. მაგალითად, “ალტერნატივა გერმანიისთვის” 2013 წელს შეიქმნა. მათი ლიდერი მარკუს ფრონმაიერია, რომელიც რუსული საინფორმაციო ომის მთავარ იდეოლოგ ალექსანდრე დუგინსაც ხვდება. 2019 წელს BBC წერდა, რომ “გერმანული ალტერნატივა” შესაძლოა რუსეთიდან კონტროლდებოდეს. ევროპაში ყველა “ალტერნატივა” ერთსა და იმავე თემაზე აპელირებს, ძირითადად, ესაა მიგრანტების საკითხი და ლგბტქ თემი.

“ალტ-ინფოს” შექმნა იყო გამოძახილი იმ ტენდენციის, რომლითაც ევროპაში ანტიდასავლური განწყობები გაძლიერდა. Მკვლევრები, რომლებიც საქართველოში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების საქმიანობას იცნობენ, ფიქრობენ, რომ დასავლეთში ამგვარი ჯგუფების მომრავლებამ, “ალტ-ინფოს” დამფუძნებლები წაახალისა. მათი იდეები უკვე ემთხვეოდა ევროპული ორგანიზაციების იდეებს და წარმატების იმედიც გაუჩნდათ.

Როდესაც ტრამპი აირჩიეს და როდესაც რეფერენდუმი ჩატარდა ბრიტანეთში, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები იყვნენ აქტიურები. ამ ტალღამ რომ გადაურბინა მთელ მსოფლიოს, ტალღის ნაწილი იყო “ალტ-ინფოს” ფენომენიც. Მათ დაინახეს, რომ დასავლეთშიც კი, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების აკვანი იყო, გაჩნდნენ ფენომენები, რომლებიც პოლიტიკაში ჩაერთნენ. ეს იყო ბიძგის მიმცემი, რომ “ალტ-ინფო” უფრო წარმატებული ყოფილიყო. მათ მაგალითების მოყვანა შეუძლიათ დასავლეთიდან, სადაც იგივე თემებს “ლობირებენ,”- ამბობს რეფორმების ასოციაციის მკვლევარი მარიამ წიწიკაშვილი. 

უნგრული ორგანიზაცია “პოლიტიკური კაპიტალის ინსტიტუტი” კვლევაში წერს, რომ რუსეთისადმი დამოკიდებულების მიხედვით, ევროპული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ასე იყოფიან: 

1. ანტირუსულები, რომლებიც ისტორიულად, რუსეთთან კონფლიქტში მყოფ ქვეყნებში არსებობენ; 2. “ღია ჯგუფები” – რუსეთს მხოლოდ კონკრეტულ თემებში ეთანხმებიან; 3. ”ერთგულები/მიმდევრები” – ღიად პრორუსული ძალები, მაგალითად, მარინ ლე პენის და მატეო სალვინის პარტიები.

ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი გივი გიგიტაშვილი ამბობს, რომ ამ კატეგორიების მიხედვით, “ალტ-ინფო”, როგორც ულტრა-მემარჯვენე ძალა, რუსეთისადმი მტრულად განწყობილი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა. 

“ქართული “ალტ-ინფო” და სხვა მემარჯვენე ძალები განსხვავდებიან აღმოსავლეთ ევროპული მემარჯვენე ძალებისაგან, მთავარი პრინციპით – ეს არის რუსეთისადმი დამოკიდებულება. Პირველი ჯგუფი არის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უკრაინა, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებსაც ისტორიულად აქვთ კონფლიქტი რუსეთთან. კატეგორიზაციას რომ აკვირდები, გიჩნდება წარმოდგენა, რადგან საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს კონფლიქტი დღესაც გრძელდება, ალბათ, აქ ულტრა-მემარჯვენე ძალები უნდა იყვნენ ანტი-რუსულები. Საქართველო არის გადახვევა იმ მეთოდოლოგიიდან, რომელიც ამ ინსტიტუტმა შექმნა. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი წარმოდგენილი იყოს საფრთხედ, ეხმარებიან თავისი ნარატივით.

2020 წლის ივლისში “ალტ-ინფოს” ეთერში ინტერვიუ გავიდა ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელ, კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინთან. ინტერვიუში დუგინი განმარტავს, რომ თუკი საქართველო უარს იტყვის პროდასავლურ მისწრაფებებზე და ნეიტრალურ კურსს აირჩევს , მაშინ, რუსეთი მის ტერიტორიულ მთლიანობას მიესალმება. დუგინთან ინტერვიუ „ალტ-ინფოს“ ქსელში ჩართულ 26 გვერდზე გავრცელდა. ვიდეო ასევე გაზიარდა ალექსანდრე დუგინის ფეისბუქის ჯგუფში და მის პირად ანგარიშზე. 

“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია 2016 წელს “პარტიოტთა ალიანსის” მცხეთის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს. მაშინ ის “პატრიოტთა ალიანსში” ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და დამფინანსებელი იყო. 

“ალტ-ინფოს” თანადამფუძნებელი და წამყვანი შოთა მარტინენკო (და მისი ძმა ირაკლი ყიზილაშვილი) ირმა ინაშვილის ნათესავია დედის მხრიდან. ესეც რომ არა, “ალტ-ინფოსა” და “პატრიოტთა ალიანსის” იდეური ერთობაც თვალსაჩინოა: ხშირად იზიარებენ ერთსა და იმავე მოწოდებებს; დადიან ერთმანეთის აქციებზე; მოუწოდებენ საკუთარ მხარდამჭერებს შეუერთდნენ მეორე მხარის განცხადებებსა თუ ქმედებებს.  

“ალტ-ინფოს” კონტენტი და გავრცელების არხები 

ქართული “ალტერნატივა” ანტილიბერალური, ანტიდასავლური, კონსერვატული ღირებულების მქონე ადამიანების გაერთიანებაა. “ალტ-ინფოს” გუნდის წევრები თავს გვაჩვენებენ განათლებულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ფიზიკურად ნაკლებ აგრესიულ ადამიანებად. წერენ ვიდეობლოგებს, აქვთ გადაცემები, აქვეყნებენ სტატიებს, მართავენ მედია ვებგვერდს. თანამშრომლობენ სხვა მედიასაშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

თუმცა, ISFED-ის კვლევის მიხედვით, მათი მთავარი სარედაქციო ინსტრუმენტი სიცრუე და მანიპულაციებია. „ალტ-ინფოს“ სარედაქციო ჯგუფი იზიარებს ულტრამემარჯვენე, კონსერვატულ ხედვებს და საკუთარ რიტორიკაში ხშირად ეყრდნობა პრეზიდენტ  დონალდ ტრამპს, საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს და იტალიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, მატეო სალვინის. მათი ანტიდასავლური რიტორიკა კი მიმართულია გლობალიზაციის, ევროკავშირისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ.

2020 წლის ოქტომბერში ფეისბუქმა დაბლოკა “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამის ანგარიში. მიზეზი პროპაგანდისტული  მასალების სხვადასხვა გვერდიდან შეთანხმებულად გავრცელება იყო. 

ეს არ იყო “ალტ-ინფოს” ფეისბუქზე დაბლოკვის პირველი შემთხვევა. 2016 წლიდან მათი საქმიანობა ხუთჯერ მოყვა სხვადასხვა წმენდაში. გზადაგზა უქმდებოდა ხან მათი გვერდები, ხან კი ორგანიზაციის წევრების პირადი ანგარიშები.  

ფეისბუქმა ბოლო “წმენდა” ნოემბერში ჰქონდა. მიუხედავად ამისა, “ალტ-ინფოს” მუშაობა არ შეუჩერებია. პირველ ეტაპზე ისევ ძველებურად სცადეს საკუთარი რესურსის აღდგენა. შექმნეს ახალი გვერდი, ჯგუფები, ანგარიშები და მათი აქტიური გაზიარება დაიწყეს. ჯგუფების ადმინისტრატორებად ახლობელ-მეგობრები დანიშნეს და არა უშუალოდ ორგანიზაციის წამყვანი სახეები. ფეისბუქმა ეს გვერდები და ჯგუფებიც მალევე დაბლოკა. 

ახალ წმენდას “ალტ-ინფოს” ჯგუფი ახალი სტრატეგიით შეხვდა. ახლა მასალების გავრცელება viber, whatsapp, telegram-ის ჯგუფებში დაიწყეს. იქ შექმნეს ჩატები, სადაც მომხრეებს მოუწოდებენ გადმოწერონ ვიდეოები და facebook-ზე საკუთარი პროფაილებით ატვირთონ. არ გააზიარონ ერთი წყაროდან, რომ წმენდის შემთხვევაში მასალები ისევ დარჩეს სოციალურ ქსელში. 

2020 წლის ნოემბერში “ალტ-ინფომ” მაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო და საქმიანობა ტელევიზიაშიც გადაიტანა. 8 იანვრის 14:00 საათზე პირველად გავიდნენ ეთერში. როგორც თავად ამბობენ, ექნებათ “რეალითი შოუს” ფორმატი. ყოველდღე, მაყურებელთან ერთად განიხილავენ სხვა მედიების ახალ ამბებს და პარალელურად, საზოგადოებას ეტყვიან, მათი აზრით რა არის მართალი და რა არა. 

“ჩავრთავთ საინფორმაციო გადაცემას და ვნახავთ მედიასივრცე რითი არის დაკავებული, ვის უტევენ, ვის იცავენ, ვინ რა გააფუჭა,”- ამბობს ზურაბ მახარაძე, რომელსაც აქამდე ვიდეობლოგები ჰქონდა, ახლა კი სატელევიზიო ეთერის ერთ-ერთი წამყვანია. 

“უკვე დროა და იძლევა ამის საშუალებას ინტერნეტი, რომ რომელი ინფორმაციაა მართალი და რომელი ტყუილი, რა რეაქცია უნდა გქონდეს, სინამდვილეში ინფორმაცია როგორ უნდა გადაიხარშოს, აი, ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანის დროა,”-  ამბობს ირაკლი მარტინენკო “ალტ-ინფოს” პირველ სატელევიზო ეთერში. 

“ალტ-ინფოს” აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია ირაკლი ჯანყარაშვილი. ის ბათუმში საქმიანობს. ანტიდასავლური და პრორუსულად განწყობილი ვებგვერდების, “თვალსაზრისისა” და “ნიუსფრონტის” ბლოგერია. მხარს უჭერს “პატრიოტთა ალიანსს.” მონაწილეობს ამ პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებში და პირად გვერდსა თუ ბლოგებში ირმა ინაშვილის აქტიური მხარდამჭერია.  არჩევნების წინა პერიოდისთვისაც  მისი გვერდები და ანგარიშებიც “ალტ-ინფოსთან” ერთად მოხვდა ფეისბუქის წმენდაში. ერთ-ერთ ახალ ფეისბუქ ანგარიშზე, ირაკლი ჯანყარაშვილი წერს, ნიღაბს სახლშიც არ ვიხსნი, აქაც არ წამშალონო. ამჟამად ჯანყარაშვილს აქვს ოთხი ფეისბუქ ანგარიში: irakli irakli; ირაკლი’ ირაკლი; ираклий джанкарашвили; irakli jankarashvili. ოთხივეზე მთავარ სურათად ირაკლი ჯანყარაშვილის ფოტოა. 

გარდა ამისა, მას ჰქონდა ყალბი ანგარიშებიც. მაგალითად,  ლაშა მოდებაძე, რომელიც საქართველოში 5G-ის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი წამომწყები იყო ფეისბუქზე. მან შექმნა ჯგუფები “stop 5G” და “კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა”. ამ ჯგუფებში ვრცელდებოდა მასალები 5G-ის უარყოფით გავლენაზე, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უარყოფით მხარეებზე და ე.წ. დაჩიპვაზეც.  ამ ყალბ ისტორიებს ლაშა მოდებაძის ანგარიშის გარდა ავრცელებდა nina marji-ც.  ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფეისბუქზე აქვეყნებდა ანტენებისა და ვითომ 5G-ის გავლენით გარდაცვლილი ფრინველების ფოტოებს. nina marji დღეს ირაკლი ჯანყარაშვილის ჯგუფის, “politikos” ერთ-ერთი ადმინისტრატორია. ახლა, არც ლაშა მოდებაძის ყალბი ანგარიში იძებნება და არც stop 5G-ის ჯგუფი. 

პრორუსული “ალტ ინფოს” დაფინანსება

“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ბიზნესმენი და ყოფილი მარშისტი, “პატრიოტთა ალიანსის” მცხეთის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, კონსტანტინე მორგოშიაა. მორგოშია ორგანიზაციის მთავარი “ფინანსისტიც” არის. 

“აი, ფაქტთან” ინტერვიუში მორგოშია ამბობს, რომ “ალტ-ინფოს” სხვადასხვა აქტივობას საკუთარი ბიზნესის შემოსავლებით აფინანსებს და ეს თანხა კოლოსარული არ არის. მანამდე, მორგოშია “ქართული მარშის” დამფინანსებელი იყო. სანდრო ბრეგაძე ამბობდა, რომ ოფისის ქირასაც ის და კონსტანტინე მორგოშია იხდიდნენ

თავად მორგოშია საკუთარ სახელზე უძრავ ქონებასა და ბიზნესის დიდ ნაწილს არ ფლობს. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, მას შემდეგ რაც სააკაშვილის დროს დაიჭირეს და ბიზნესი ჩამოართვეს, “ჭკუა ისწავლა და ასე უფრო კომფორტულადაა.” მისი ბიზნესის ძირითადი ნაწილი მამასა და მამიდაზეა გაფორმებული.  

კონსტანტინე მორგოშია ორი კომპანიის მეწილე, ორის დირექტორი და ორის დამფუძნებელი/თავმჯდომარეა. ეს ორგანიზაციებია: შპს “გრანდე გრუპ ჯორჯია,” ააიპ კავკასიონი, ა(ა)იპ “ალტერნატივა საქართველოსთვის,” შპს “კემ კონსტრაქშენი” და შპს “მაგნუს დიზაინი.” მისი თქმით, თავად “ქეის მენეჯერია” და 5-6 კომპანიასთან თანამშრომლობს, სადაც მისი პარტნიორები დსთ-ს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები და მათთან დაკავშირებული უცხოელი პარტნიორები არიან. 

რეგიონები 

“ალტ-ინფო” ცდილობს, რომ თავისი საქმიანობით ქვეყნის მთელი ტერიტორია მოიცვას. ჰყავთ წევრები რეგიონებიდან და მათი აქტივობა წახალისებულია. ლევან ვასაძე და “ალტ-ინფოს” გუნდის წევრები პანდემიამდე პერიოდში ხვდებოდნენ სამეგრელოსა და აჭარის მოსახლეობას. 

ორგანიზაციას რეგიონებში აქტიური მხარდამჭერები ჰყავს, რომლებიც ფეისბუქის გვერდებზე გამოქვეყნებულ მასალებს მათ ანგარიშებზე, გვერდებზე და ჯგუფებში აზიარებენ; ესწრებიან ჯგუფის სამუშაო შეხვედრებს. ალტ-ინფოს რეგიონული ლიდერები ჰყავს კახეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.  

“ალტ-ინფოს” გუნდში და მხარდამჭერებად მოიაზრებიან ბექა ვარდოსანიძე, რომელიც კონსერვატული იდეების გამავრცელებელი ბლოგერია, “პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, ა(ა)იპ “ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი” და ა(ა)იპ “ერი და სახელმწიფო” (ორივე ორგანიზაციის თავმჯდომარეა ზვიად ტომარაძე).  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ქვეყანა წყალს მიაქვს – ხალხს სასმელი წყალი არ აქვს
ukhuti scaled 2

ქვეყანა წყალს მიაქვს – ხალხს სასმელი წყალი არ აქვს

ახლა ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ უხუთში უწყლოდ დარჩენილ 40 ოჯახზე უნდა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share