fbpx
gaz cover e1674108409133

რა ხდება, როცა საქმეს სახელმწიფო კომპანიები აკეთებენ? 

“აი, ფაქტის” ფეისბუქის გვერდზე სოფელ დაბაძველიდან ნოემბერში მოგვწერეს, ბუნებრივი აირის ქსელი მოაწყვეს, მაგრამ გაზი ჩვენამდე ჯერ არ მოსულაო და მიზეზის გარკვევა გვთხოვეს.

“ამ წლის ბოლოს შემოვიყვანთო, გვაიმედებდნენ, მაგრამ დამთავრდა ეს წელი და არაფერია. ახლა წნევა არ ჰყოფნის და არ იქნებაო და აღარც გვაიმედებენ,” – გვითხრა დარეჯან გაბრიაძემ დაბაძველიდან.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაბაძველი, ძუყნური, ლეღვა, ხრესილი, ბუეთი, ჯონია, ქვედა და ზედა ჭყეპი გაზსადენის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დასრულდა

რომ გაგვერკვია, რა ინფორმაცია ჰქონდა მოსახლეობას გაზის ჩართვის სავარაუდო თარიღის შესახებ რვიდან ოთხ სოფელს ვესტუმრეთ. ჩავედით ზედა და ქვედა ჭყეპში, ხრესილსა და ბუეთში. ზამთარში ამ სოფლებში შეშაზე თბებიან. საოჯახო საქმეებისათვის თხევადი გაზის ბალონებს იყენებენ. აღმოვაჩინეთ, რომ რვა სოფლიდან გაზი არც ერთში ჩართულა.

324717928 661031365768220 9061380201589186656 n
ბუნებრივი აირის ქსელი სოფელ ქვედა ჭყეპში

“ეს სოფლები ყველა დაიქსელა, მოყვანილია, ონკანი დგას. მე მგონი, დაპრესეს, ესე იგი, შეამოწმეს.როგორც ვიცი, იმ ფირმამ, რომელმაც ეს აიღო ტენდერით, გააკეთა თავისი სამუშაო. ახლა უკვე “სოკარის” საქმეა რედუქტორის და მრიცხველის დაყენება. 2021 წლის დეკემბერი იყო, რომ დაამთავრეს სამუშაოები და მერე ხელი არ უხლია არავის ამისთვის,’’ – გვითხრა ზემო ჭყეპელმა ბიქტორი გვანცელაძემ.

როდის იქნება გაზი, ზუსტად არც ქვედა ჭყეპში იცოდნენ, არც ხრესილსა და ბუეთში. ხრესილში ვისაც ვესაუბრეთ, ვინაობის გამჟღავნება არავინ ისურვა. ის კი გვითხრეს, უიმედოდ ვართო. გაზის მოსვლა-არმოსვლის ამბავს ერთმანეთისგან იგებენ. უმეტესობამ არც ის იცის, საჯარო მოხელეებიდან ვის ჰკითხოს.

ვინ გაიყვანა გაზი ტყიბულის რვა სოფელში?

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ტყიბულის რვა სოფელში მილების გასაყვანად შპს “ინტერ გაზი” 2021 წლის ივლისში ტენდერით დაიქირავა. ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის 2 მაისის ჩათვლით ჰქონდა. “ინტერ გაზმა” სამუშაოებში 1.4 მილიონი ლარი დახარჯა და ამდენივე გადაუხადეს. თანხა კომპანიას 7 აპრილს დაურიცხეს.

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” დასრულებული სამუშაოები 2022 წლის 30 მარტს ჩაიბარა. “ინტერ გაზის” ნამუშევარს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შესრულებული სამუშაოების საფასური და ხარჯი აღრიცხა. შპს “გაზუნივერსალმა” დოკუმენტები ადგილზე შესრულებულ სამუშაოებს შეადარა, გაზმომარაგების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარა და გაყვანილი მილები დატესტა. ტესტირების ადგილზე “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენელიც იმყოფებოდა. ექსპერტებმა  გაზმომარაგების ქსელის ექსპლუატაციაზე რეკომენდაციაც გასცეს.

თუ ყველაფერი რიგზეა, რატომ ვერ მიიღო ტყიბულის რვა სოფლის 776-მა მოსახლემ ბუნებრივი აირი?

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი, გახდით ჩვენი სპონსორი

ვის ევალება საქართველოს სოფლების გაზმომარაგებაზე ზრუნვა?

საქართველოს სოფლები გაზის გარეშე რომ არ დარჩეს, ეს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მოვალეობაა. ის ერთადერთი ლიცენზირებული კომპანიაა, რომელსაც შეუძლია მაგისტრალური გაზსადენების მართვა, მოსახლეობამდე გაზსადენების მიყვანა და გაზის ხარისხის გაუმჯობესებაც კი. მუდმივი ლიცენზია მან 2009 წელს მიიღო. კომპანია 1999 წელს დაარსდა. მისი 100-პროცენტიანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკუთვნის.

საქართველოს მთავრობამ 2012 წელს გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში გაზიფიცირების პრობლემა “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” უნდა მოეგვარებინა. მას დაევალა საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების საკუთარ თავზე აღებაც.

2012-2018 წლებში “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” გაზი 403 დასახლებულ პუნქტში შეიყვანა. მერე მთავრობამ გაზიფიცირების კიდევ ორი, სამწლიანი გეგმა დაამტკიცა, 2019-21 და 2022-24 წლების. ტყიბულის ამ რვა სოფელში გაზის გასაყვანად საპროექტო სამუშაოები 2019-21 წლების გეგმის ფარგლებში დასრულდა.

Screenshot 2023 01 19 at 10.32.16
ბუნებრივი აირის ქსელი და გასათბობად შეგროვებული შეშა
სოფელ ხრესილში

სანამ სოფლამდე გაზი მივა ისეთი პროცედურებია გასავლელი, ქართულ ზღაპარს “რწყილსა და ჭიანჭველას” რომ მოგვაგონებს. ჯერ ქსელის საპროექტო და მერე სამშენებლო სამუშაოებისთვის გაზის ტრანსპორტირების კომპანია აცხადებს ტენდერს, მერე ტენდერში გამარჯვებულები ასრულებენ სამუშაოებს. ამ სამუშაოებს გაზის კომპანია იბარებს და ექსპერტებს ამოწმებინებს. ექსპერტებმა დადებითი დასკვნა თუ გასცეს, მერე ეს მილები ან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ან პირდაპირ კერძო კომპანიას გადაეცემა.

“მილებს ზოგ შემთხვევაში ჩვენ გადმოგვცემენ, შეიძლება “სოკარს” გადასცენ ან ჩვენ. ჩვენ მერე მთავრობის სხდომაზე გავიტანთ და მივყიდით “სოკარს.” ჩვენი გავლით ხდება “სოკარი” მესაკუთრე, მერე ექსპლუატაციაში შედის და რთავენ,” – გვითხრეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ჩვენ საჯარო რეესტრის საკადასტრო რუკაზე შევამოწმეთ რვავე სოფელში გაყვანილი მილების ქსელი. აღმოჩნდა, რომ სამუშაოების ჩაბარებიდან ცხრა თვის შემდეგაც მილები ისევ “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” ეკუთვნის.

კომპანიასთან ერთი კითხვა გვქონდა, მაგრამ მათი და ჩვენი ურთიერთობაც “რწყილი და ჭიანჭველასავით” გაიწელა. ჯერ ცხელ ხაზზე დავურეკეთ ბევრჯერ. ცხელ ხაზს სიცოცხლის ნიშანწყალი რომ არ ეტყობოდა, ვეცადეთ კოლეგებში კომპანიის პრესსამსახურის ნომერი მოგვეძიებინა. აღმოჩნდა,რომ  აუღებელ ციხესიმაგრეს მივადექით. ბოლოს ფეისბუქზე მივწერეთ. იქედან მოგვწერეს, კითხვები გაგვაცანითო. რომ ვუთხარით რაც გვინდოდა, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვირჩიეს. ელექტრონულ ფოსტაზე 21 დეკემბერს მივწერეთ. გვაინტერესებდა, როდის და ვის გადასცემდნენ ტყიბულის რვა სოფელში გაყვანილ მილიონლარიან გაზის მილებს.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მოგვწერა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაზსადენების გადაცემის პროცესი გაზის განაწილების ლიცენზიის მქონე კომპანიაზე. ‘’სოკარში’’ ჯერ ამაზე არაფერი იციან. როგორც ზემოთ ვახსენეთ, სააგენტომ საკითხი მთავრობის სხდომაზე უნდა გაიტანოს. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მილებში ბუნებრივი აირის გაშვება.

ქონების ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, საქმის წარმოება ახლა მიმდინარეობს და ზუსტ ვადებს ვერ გეტყვით ჯერო.

დავრეკეთ “სოკარის” ცხელ ხაზზე. კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსთან ან გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან გადაგვამისამართა. ცხელ ხაზზე გვითხრეს, არ გვაქვს ინფორმაცია მილებში ბუნებრივ აირს როდის გავუშვებთო. ამის შემდეგ იმ სოფლებში მერის წარმომადგენლებს დავუკავშირდით. ვიფიქრეთ, ისინი მაინც მიგვიყვანდნენ სწორ პასუხამდე. 

ფიჩხი ხრესილში
გასათბობად მოგროვილი ფიჩხი სოფელ ხრესილში
[გაზის შესახებ] ინფორმაციას მწირად ვფლობთ, იმიტომ რომ “სოკარზე” იყო  დამოკიდებული  ეს ყველაფერი. ალბათ, თებერვლის თვეში, როგორც მაქვს ინფორმაცია, გააგრძელებს გამრიცხველიანებას “სოკარი,” – გვითხრა ორპირში მერის წარმომადგენელმა მელიტონ ზოსიაშვილმა.

იგივე გვითხრა ხრესილის თემში მერის წარმომადგენელმა, უჩა გაბრიაძემაც. ბუნებრივი აირი ჩემს თემში შემავალ ოთხ სოფელს 2023 წელს ექნებაო.

ვიდრე მილები “სოკარს” გადაეცემა, იქაურები ისევ ეზოში მოგროვილი ფიჩხის, ნაყიდი შეშისა და ქალაქიდან ამოტანილი თხევადი აირის ბალონების იმედად არიან.  ამ ზამთრის გადაგორებაც ასე მოუწევთ.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
აზერბაიჯანელ დიქტატორთან დაახლოებული პირის ბიზნეს-იმპერია საქართველოში 
cover talibovs

აზერბაიჯანელ დიქტატორთან დაახლოებული პირის ბიზნეს-იმპერია საქართველოში 

ავტორები: OCCRP და “აი, ფაქტი” კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share