ჩვენს ქვეყანაში სიტყვას საქმეც რომ მოჰყვებოდეს ხოლმე, ახლა ქუთაისში კეთილმოწყობილი ფეხბურთის აკადემია უნდა იყოს, ოთხი მოედნით, ტრიბუნებით, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული კორპუსით. ფეხბურთის ფედერაციამ ეს ამბავი 2020 წელს გვახარა და დაგვიანონსა, მშენებლობის დასრულებას 2021 წლის ბოლოსთვის ვგეგმავთო.
საქმე გეგმის მიხედვით არ წავიდა. შენობაზე ისევ ხარაჩოებია, მწვანე საფარი მხოლოდ ორ მოედანს აქვს, ორი კი გადათხრილი და ტალახიანია. იქვე ყრია გრაგნილებად დახვეული ხელოვნური ბალახი, რომლის გაშლასაც, როგორც ჩანს, არ ჩქარობენ. ჯერ არც ტრიბუნებია მოწყობილი და არც ტაბლო.
აკადემიის ტერიტორია პირველად იანვრის ბოლოს დავათვალიერეთ. მაშინ საქმიანად მხოლოდ ერთი კაცი გამოიყურებოდა, რომელიც გარე ფასადს ლესავდა. სტადიონთან კი ორი მუშა იყო ჩამომსხდარი. ვკითხეთ, რითი იყვნენ დაკავებული, მაგრამ პასუხი არ გაგვცეს. მათ მშენებლობის ხელმძვანელის, ნესტორ ამბროლიანის ნომერი მოგვცეს, რომელმაც თემის გაგების შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა. მეორე ზარზე კი გვითხრა, სხვაგან მოხვდითო.
აკადემია 24 თებერვალსაც მოვინახულეთ. ამჯერად, არც იმ სამი მუშისთვის მოგვიკრავს თვალი.
“აღნიშნული აკადემია იქნება იმერეთის და ზოგადად, საქართველოს საფეხბურთო ცენტრი,” – ამბობდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 2021 წლის ივლისში. “მისი მსგავსი ჯერ არ გვქონიაო,” უხაროდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესაც.
რატომ გაჭიანურდა ამ სანაქებო პროექტის დასრულება, ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
ვინ არის პასუხისმგებელი ფეხბურთის აკადემიის მშენებლობაზე?
ფეხბურთის ფედერაციამ ქუთაისში აკადემიის ტერიტორიად შეარჩია პარლამენტის ყოფილი შენობის აღმოსავლეთით, შერვაშიძის ქუჩასთან მდებარე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 2020 წლის აგვისტოში ფედერაციას ეს ადგილი ქონების ეროვნული სააგენტოსგან უფასოდ, 49-წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით, აქ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გამართვის საბოლოო ვადა ჯერ 2021 წლის შემდეგ კი 2022 წლის 31 დეკემბერი იყო.
პროექტს ერთობლივად აფინანსებს ფეხბურთის ფედერაცია, “ფიფას” პროგრამა forward-ი და “უეფას” hattrick-ი. ფეხბურთის ფედერაცია თავის მხრივ 5 მილიონს ხარჯავს. სულ რა ჯდება აკადემიის მშენებლობა, უცნობია. ქუთაისის მერიაში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და არც ფეხბურთის ფედერაციიდან გაგვაგებინეს. შემოგვითვალეს, კერძო სამართლის იურიდიული პირი ვართ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ვფინანსდებით და ამიტომ, არც საჯარო ინფორმაციის გაცემა გვევალებაო.
ფეხბურთის ფედერაცია 1990 წელს შეიქმნა და წლების განმავლობაში საბიუჯეტო სახსრებით არსებობდა. ფედერაციამ სახელმწიფოს ფულზე უარი 2021 წელს თქვა.
“მოსვლის დღიდან ვიძახით, რომ ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ… ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა,” – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა 2021 წლის 5 იანვარს.
ჩვენ იმდროინდელ ამბავზე ვწერთ, როცა ფედერაცია თანხას ხალხის ჯიბიდან, ანუ ბიუჯეტიდან იღებდა. ამიტომ, სამართლიანია მოვიკითხოთ როგორ განხორციელდა 2020 წელს დაგეგმილი პროექტი.
ფეხბურთის აკადემიისთვის წინასაპქროექტო კვლევების მომზადება შპს “გურგენიძე არქიტექტურას” დაავალეს. ამ კომპანიას ფედერაციის მინდობილობა ჰქონდა და მათ ინტერესებს თბილისის მერიაში წარმოადგენდა. “გურგენიძე არქიტექტურას” ფლობს მინდია გურგენიძე, რომელიც “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. მან 2014 წელს მმართველ პარტიას 30,000 ლარი შესწირა.
წინასაპროექტო კვლევაში ვკითხულობთ, რომ შერჩეული ადგილის მიმდებარე ტერიტორია აუთვისებელია, აკადემია კი მას მრავალფუნქციურს გახდიდა, ხელს შეუწყობდა ჯანსაღი ურბანული გარემოს ჩამოყალიბებას. ჯერჯერობით, იქაურობას მრავალფუნქციურობის და სიჯანსაღის პირი არ უჩანს.
“გურგენიძე არქიტექტურას” დავალებით ადგილზე გეოლოგიური კვლევები ჩაატარა შპს “კირკიტაძე და კომპანიამ.”
პროექტით გათვალისწინებული იყო აკადემიის კომპლექსის ტერიტორიაზე ოთხი მოედნის მოწყობა. მათგან ორზე ხელოვნური, ორზე კი ბუნებრივი ბალახის საფარი უნდა დააგონ. ოთხივე მოედანი 106 მეტრი სიგრძისა და 70 მეტრი სიგანის უნდა იყოს. მშენებელ კომპანიას ევალება მოედნებზე განათები, ტრიბუნების და ტაბლოების მოწყობაც. როცა “ფეხბურთის ცენტრი” საბოლოო სახეს მიიღებს სპორტსმენების საცხოვრებელ კორპუსში უნდა იყოს ასევე გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო და სავარჯიშო ოთახები.
ქუთაისის მერიამ მოგვწერა, რომ შარვაშიძის ქუჩის მიმდებარე ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ნებართვა ა(ა)იპ-მა არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების და ძეგლთა დაცვის სააგენტომ 2021 წლის მარტში გასცა.
აკადემიის სამშენებლო სამუშაოებს შპს “სფრინგ კონსტრაქშენი” უძღვება. კომპანიის დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა გვითხრა, საქმეს 2021 წლის ზაფხულში შევუდექით და 2023 წელს მოვრჩებით, როგორც იყო განსაზღვრულიო.
“ახლა ისეთი პერიოდი არის, ცოტა ამინდის გამო იწელება სამუშაოები. გარე სამუშაოებია ჩასატარებელი და შესაბამისად, ზამთრის პირობებში ცოტა ნელდება, მაგრამ ჩვეულებრივ გეგმით მივყვებით და ალბათ ზაფხულში დავასრულებთ,”- ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.
არადა, ფედერაციაც და იმერეთის რწმუნებულიც გვეუბნებოდნენ, რომ აკადემია შარშან უკვე ფუნქციური უნდა ყოფილიყო. “ყველა ბავშვს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ ისწავლოს ამ აკადემიაში, მომავალ წელს ექნება საშუალება,” – ამბობდა რწმუნებული ზვიად შალამბერიძე 2021 წლის ივლისში.
აღნაგობის ხელშეკრულებაც ამას ამბობს, რომ შარშან წლის ბოლომდე კომპლექსი არათუ აეშენებინათ, ექსპლუატაციაშიც უნდა მიეღოთ.
ფედერაციამ სამუშაოების გაჭიანურების გამო აღნაგობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ამიტომ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ მათ დამატებითი დრო 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე მისცა. თუმცა, ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლო დააკისრა – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 200 ლარი. ახლა ჯარიმა 11,600 ლარი იქნება. ფედერაციამ თანხა სახელმწიფო ხაზინაში 30 აგვისტომდე უნდა ჩარიცხოს.
ბუნდოვანია, რა მდგომარეობაში იქნება ფეხბურთის აკადემია ზაფხულისთვის. არაა გამორიცხული ქონების ეროვნულ სააგენტოს ვადის გადაწევა კიდევ მოუხდეს. მუშები კი იმედიანად არიან, ბევრი არ დააგვიანდება, დაახლოებით ერთ თვეში დავასრულებთო, გვითხრეს იანვარში. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. მთავარ შენობას ისევ აკლია კიბე და მოაჯირები, სათამაშო მოედნები, განათების სისტემა, ტრიბუნები და ტაბლო მოუწყობელია.
ვინ არის “საფეხბურთო ცენტრის” მოლოდინში
მომავალ აკადემიასთან ახლოს დასახლება არ არის, მაგრამ მაინც მოვიარეთ შემოგარენი, რომ ქუთაისელებისგან გაგვეგო, როდის ელიან კომპლექსის დასრულებას და თუ ახარებთ მისი გახსნა.
გამოვკითხეთ სხვადასხვა ასაკის 20-ზე მეტი ადამიანი. მათგან ეს ამბავი მხოლოდ სამს ჰქონდა გაგონილი. გვითხრეს, დაახლოებით ერთი წელია აშენებენ და როდის მორჩება ჩვენ ვინ გვეტყვის მაგასო. დანარჩენებმა კი ჩვენგან გაიგეს, რომ მათ სამეზობლოში ფეხბურთის აკადემია გაიხსნება.
ფეხბურთის ფედერაცია ამბობდა, იმერეთის ახალი აკადემიით 14 და 15 წლამდე გუნდები ისარგებლებენ, კომპლექსს გამოიყენებენ საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა გუნდები კი უფასოდ ივარჯიშებენო. როდის მივა საქმე აქ ვარჯიშამდე, უცნობია. ჯერ მოედნის საფარიც კი არ არსებობს.
ვესაუბრეთ ადგილობრივი გუნდების მწვრთნელებს. მათი საუბრით ნათელია, რომ აკადემიასთან თანამშრომლობა ჯერ შორი პერსპექტივაა. მათ ახარებთ, რომ ნიჭიერი სპორტსმენებისთვის კარგი სავარჯიშო სივრცე ექნებათ და ფიქრობენ, რაც მალე გაიხსნება, მით უკეთესიო.
ქუთაისის “ტორპედოს” საფეხბურთო გუნდის 19 წლამდელთა მწვრთნელმა გიორგი გრძელიძემ გვითხრა, ჯერჯერობით, “ტორპედოს” და აკადემიის თანამშრომლობა იდეის დონეზეაო.
“ასი პროცენტით ჯერ არაფერი გვაქვს დაკონკრეტებული. რაღაც იდეის დონეზე ვიცით, რომ ესე უნდა მოხდეს. ვნახოთ, ველოდებით ჩვენც. ძალიან საჭიროა [აკადემია], ინფრასტრუქტურა ყველგან ისეთ დღეშია, მით უმეტეს, ქუთაისში. როგორც ნანახი მაქვს, ძალიან თანამედროვე და კარგი იქნება, ხელს შეუწყობს ქუთაისის ფეხბურთს. რაც მალე დამთავრდება, მით უკეთესი,”- გვითხრა გიორგი გრძელიძემ.
ქუთაისის “მართვეს” საფეხბურთო სკოლის ბავშვთა მწვრთნელმა ავთანდილ რევიშვილმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არც მათთან ყოფილა.
“ეგ ალბათ გვეცოდინება გახსნამდე ერთი თვით, ორი კვირით ადრე. ჯერ საცხოვრებლი შენობა არის რემონტში და რომ დაასრულებენ, ფედერაციის პრეზიდენტი გახსნის. აკადემია ყოველთვის საჭიროა ახალგაზრდა, ნიჭიერი ბავშვებისთვის. იმერეთში მაგის ფუფუნება არ გვქონდა. რუსთავში, ლაგოდეხში, ზუგდიდში, ლანჩხუთში იყო და აგერ ქუთაისში ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იქნება,”- გვითხრა ავთანდილ რევიშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ინტერვიუ არაერთხელ ვთხოვეთ. პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ კაპანაძემ გვითხრა, ინტერვიუ ვერ მოხერხდება, ძალიან დაკავებულები ვართ, თუმცა გახსნაზე დაგპატიჟებთ, მობრძანდით და იქ დასვით კითხვებიო. ის კი არ უთქვამს, როდის უნდა ველოდოთ საზეიმო გახსნას. ალბათ, სამუშაოების ტემპის შემყურეები, ამაში თავადაც ვერ გარკვეულან.
მასალაში გამოყენებული წყაროების სანახავად მიჰყევით ბმულს.