fbpx

ქვეყანა წყალს მიაქვს – ხალხს სასმელი წყალი არ აქვს

ukhuti scaled 2

ავტორი: გიორგი ჯანგავაძე

იმერეთში მხარე არ დარჩა, წყლის მიწოდების პრობლემა რომ არ ჰქონდეს. ამ დროს ადგილობრივ მთავრობებს სოფლებში მცხოვრებთა პრობლემებზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ბიუჯეტში კი ყოველწლიურად ასიათასობით ლარი რჩებათ აუთვისებელი. 

არადა, შესაძლებელია, რომ მთავრობამ ხალხის გასაჭირი გულთან მიიტანოს, ეფექტიანად დაგეგმოს სამუშაოები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ყოფა როგორმე შეამსუბუქოს. მითუმეტეს,  რომ ამის ფინანსური რესურსი არსებობს. 

ახლა ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ უხუთში უწყლოდ დარჩენილ 40 ოჯახზე უნდა მოგიყვეთ. 

“ამ წუთას კრანში წყალი არ გვაქვს ერთი წვეთი. ერთი თვის მომარაგებული წყალი მაქვს, გორადან ამომიტანა ჩემმა შვილმა მანქანით და ამას ვიზოგავ. ახლა კიდე ველი შვილს ქუთაისიდან, დასალევი წყალი ახალი უნდა მომიტანოს, თორემ ამ ძველმა წყალმა, შეიძლება, დაგვწამლოს,” გვიყვება უხუთელი თინა სოხაძე. 

ვანის მუნიციპალიტეტის ეს სოფელი ზღვის დონიდან 450 მეტრზე მდებარეობს. უწყლობასთან ერთად ამ სოფელს უგზოობაც აწუხებს. 

“75 წლის ვარ, ორივე ფეხებზე თითები მაქვს დაჭრილი, ძლივს დავდივარ და დავბანცალებ. თორე იყო დრო, 80-იან წლებში გავაკეთეთ ჩვენ ეს კრანები. ადგილობრივებმა ავკრიბეთ ჩვენი ფული, ჩვენი ძალებით გამოვიყვანეთ წყალი, მაშინ შეგვეძლო და ფასებიც არ იყო იმდენად დიდი. ახლა გვიფუჭდება წყალი, ერთ დღეს იქნება, მეორე დღეს აღარ იქნება, ამიტომ გვაქვს წყალი მომარაგებული. 

როცა წვიმს, ბასეინები მაქვს და წყალს ვაგროვებ. საქონლისთვის, სარეცხისთვის და ესეთი საქმეებისთვის ვიყენებთ, მაგრამ აგვისტოში არ გაწვიმდა და რა მექნა?! აღარ იყო არაფრის საშუალება,” იხსენებს ანდრო სოხაძე.

სოფლის მოსახლეობამ გვითხრა, რომ წინასაარჩევნოდ მიმართეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიას და წყლის პრობლემის მოგვარება ითხოვეს. “მერიაში გვითხრეს, რატომ შემოიტანეთ ახლა ეს განცხადება ამ წინა საარჩევნოთო?! სად გვაქვს ახლა მაგის ფულიო?” – გვიყვება თინა სოხაძე.

მზევინარ სოხაძეც უხუთელია. წყლის პრობლემაზე მერიას მანაც მიმართა. “ვუძახე ჩემს გამგებელს, მიდი მერთან, მიდითქო და ასე მითხრა, შენ მიდიო. მივედი და ვუთხარი ვანის მერსაც, მაგრამ არანაირი შეღავათი, არაფერი არ მოსულა. დასალევი წყალი ათ-ათ ლიტრიანებით ქვედა ქუჩიდან ხელით მომაქვს, მანქანა მე არ მყავს და რამე. დღეში 50 ლიტრი წყალი მომაქვს, ხან ოც ლიტრიანი ავიდევი მხარზე, ათ ლიტრიანი მეორე ხელში დავიკავე და ამოვიტანე ერთად.”

ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ სოფელს ძველი ავზი აქვს და წყლის მილებიც გამოსაცვლელია. მილების სიგრძე ექვს კილომეტრს აღწევს. მათი შეკეთებით კი ამ ორმოც ოჯახს წყალმომარაგება აღუდგება. 

მოსახლეობისგან განსხვავებით ამ პრობლემის გადაწყვეტის გზაზე ნაფიქრი არ აქვს უხუთში მერის წარმომადგენელს, ვიტალი ოქროპილაშვილს. გვითხრა, რომ არ იცის რა გზებით და რა სახსრებით მოაგვარებს ამ პრობლემას. 

ვანის მერს, ალექსანდრე გოგორიშვილსაც ვესაუბრეთ. უხუთის უწყლობის შესახებ არც ალექსანდრე გოგორიშვილმა იცოდა. მან გვითხრა, რომ 2021 წლის დაფინანსებიდან დიდი პროცენტი წყლის სისტემების მოწესრიგებაზე იქნება გათვლილი. თუმცა, მოხვდება თუ არა უხუთი ამ სიაში, არ ვიცით. 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წლის ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 730,800 ლარი. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“შინაურობაში” გადახურული გელათი – ნაწილი IV
NEW DECEMBER 02 5

“შინაურობაში” გადახურული გელათი – ნაწილი IV

გამოძიების ამ ნაწილში გიყვებით, რა გადახდა წმინდა გიორგის ეკლესიას თავს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share