ტურიზმს საქართველოს ეკონომიკაში 5-7-პროცენტიანი წილი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში ასიათასობით ადამიანია დასაქმებული.
წლიდან წლამდე იზრდებოდა ქვეყანაში შემოსული უცხოელების რიცხვი. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს საზღვარი 5.3 მილიონმა ადამიანმა, 2019 წელს კი – 7.7 მილიონმა უცხოელმა ვიზიტორმა გადმოკვეთა. ამავე წელს ტურისტების მიერ დახარჯულმა თანხამ 8.5 მილიარდ ლარს მიაღწია.
ქუთაისის და მისი შემოგარენის მოსახლეობის ნაწილის შემოსავლის წყაროც ამ სფეროზე იყო დამოკიდებული. პანდემიის გამო კი გართულდა სასტუმროს მფლობელთა, ტურისტული ორგანიზაციების, დამოუკიდებელი გიდების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამქირავებელთა ცხოვრება.
ამ გასაჭირში სასტუმროების ნაწილმა გამოსავალი მაინც იპოვა. მათთან მთავრობამ ხელშეკრულებები გააფორმა და ტერიტორიაზე საკარანტინე სივრცეები მოეწყო. გაჩერებული ეკონიმიკის ფონზე სასტუმრო ბიზნესისათვის ეს შემოსავალი ერთგვარ შვებად იქცა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რჩეულთ უფრო უმართლებთ.
მაგალითად, 2020 წლის მიწურულს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ხელშეკრულება ექვს იმერულ სასტუმროსთან გააფორმა: შპს ‘’ბაგრატი 1003’’, შპს ‘’თოლია’’, შპს ‘’სანი’’, შპს ‘’წყალტუბო პლაზა”, შპს ‘’კურორტი საირმე’’.
ჩამოთვლილთაგან ორი სასტუმრო მმართველი პარტიის შემწირველებს ან მაღალჩინოსნებს უკავშირდება.
სასტუმრო ‘’სანი’’ მმართველი პარტიის ყოფილი წევრისა და ყოფილი პარლამენტარის, ომარ ნიშნიანიძის მეუღლეს, ნინო თხელიძეს ეკუთვნის. გარდა ყოფილი პოლიტიკოსის ცოლობისა, თხელიძე ‘’ქართული ოცნების‘’ შემწირველიცაა. 2014 წელს მმართველ პარტიას მან 3,000 ლარი შესწირა. 2020 წლის 30 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით მისმა სასტუმრომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისაგან 200 ათასი ლარი მიიღო.
მმართველი პარტიის დამფინანსებელია შპს “კურორტი საირმეს’’ აღმასრულებელი დირექტორი, დავით ყიფიანი. 2020 წლის აგვისტოში ‘’ქართულ ოცნებას’’ მან 5,000 ლარი შესწირა. 2020 წლის 14 დეკემბერს შპს ‘’კუროტის საირმის’’ საკარანტინე ზონად გადაკეთებულმა სასტუმრომ, “ბესთ ვესთერნ საირმე რიზორთსმა” 110,160 ლარი მიიღო.
ბოლო შეზღუდვების დროს, დეკემბერ-იანვარში, როცა სამთო კურორტებზე გახსნილ სასტუმროებს აჯარიმებდნენ, ამ კომპანიის სასტუმრო “საირმე” და მის მფლობელობაში მყოფი აუზები აგრძელებდა ფუნქციონირებას.
პანდემიის გამო სრულიად შემოსავლის გარეშე დარჩნენ ტურისტული კომპანიები და გიდები.
დავით ფოცხვერაშვილი ადგილობრივი, სერთიფიცირებული გიდია. რამდენიმე წლის წინ სამუშაო დატოვა და ტურიზმის სფეროში გადავიდა. უკვე წელიწადნახევარია, შემოსავლის გარეშეა. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარება მხოლოდ ერთხელ, გასული წლის აგვისტოში აიღო. მთელი ამ დროის განმავლობაში ფიქრობს, როგორ შეიძლებოდა სახელმწიფო ამ სექტორის დახმარებოდა.
‘’სახელმწიფოს შეეძლო, დროზე გაეხსნა საზღვრები, როდესაც მწვანე ქვეყანა ვიყავით. ჩვენს თავს ჩვენ თვითონვე მივხედავდით და სახელმწიფოს დახმარება დიდად აღარ დაგვჭირდებოდა. ვიშოვიდით იმდენს, რომ ნოლზე არ გავჩერებულიყავით და თავი გაგვეტანა მომდევნო წლამდე. ახლა საზღვრები კი გავხსენით, მაგრამ ტურისტი რომ მივიღოთ ვერსად წავიყვანთ ბუნებისა და რელიგიური ძეგლების გარდა. ყველა ტურისტული ობიექტი, მუზეუმი, კანიონი, დაკეტილია.’’
პანდემიამ იმოქმედა მანქანების გაქირავების ბიზნესსა და ტურისტულ კომპანიებზეც. ლაშა ბერეკაშვილი ორივე მათგანს ფლობდა.
‘’გავყიდეთ, დაახლოებით, 4 მანქანა. ოფისი დროებით დაკეტილია და შეიძლება ისიც დავთმოთ. კომპიუტერი, ტელეფონი, რომელიც თანამშრომელს აღარ სჭირდებოდა, იმიტომ რომ თანამშრომელიც აღარ გვყავდა, გავყიდეთ. რომ აღდგება მდგომარეობა, ჩვენი ბიზნესი, დაახლოებით, ათი წლის წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, როცა თავიდან ვიწყებდით ყველაფერს,‘’ – ამბობს ბერეკაშვილი.
DMO იმერეთი
შარშან მთავრობა ცდილობდა, სხვადასხვა პროგრამით, კამპანიითა და დაფინანსებით წაეხალისებინა შიდა ტურიზმი.
იმერეთში ასეთი დაწესებულება, რომელიც ტურიზმის განვითარებაზე და ტურისტების მოზიდვაზე უნდა ზრუნავდეს “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია,” იგივე DMO-ა.
ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/ZRDA -ს ინიციატივით, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ბაზაზე 2019 წელს დაფუძნდა. DMO ქალაქის ბიუჯეტიდან , ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით წელს 900 ათასი ლარით ფინანსდება. აქვს საკუთარი შემოსავლებიც. ორგანიზაციის საერთო ბიუჯეტში გარკვეულ თანხას რიცხავენ იმერეთის მუნიციპალიტეტებიც.
DMO იმერეთის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მარი დევიძე ამბობს, რომ ჰქონდათ შეთავაზება კერძო სექტორთან- მათ ყოველწლიურად გარკვეული თანხა შეეტანათ ორგანიზაციის ბიუჯეტში.
‘’კერძო სექტორი სამწუხაროდ ჯერ არ არის მზად, რომ შემოვიდეს კონტრიბუციით მსგავს გაერთიანებაში. შესაბამისად, გადაწყდა რომ ამ ეტაპზე კერძო სექტორი შემოიფარგლებოდა [ორგანიზაციის] მრჩეველთა საბჭოში შესვლით.’’- აღნიშნავს დევიძე.
ორგანიზაციის ადმინისტრაციის ხარჯებს ყოველწლიურად 600,000 ლარი ხმარდება. ორგანიზაციას წევრთა საბჭო მართავს, რომელიც იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტისა და ქუთაისის მერისგან შედგება, ხოლო დირექტორი პაატა ლილუაშვილია.
2020 წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე DMO იმერეთმა 486,149 ლარის სხვადასხვა ტიპის მომსახურება და ნივთები გამარტივებული წესით, კონკურსის გარეშე შეისყიდა (სტატიის თავდაპირველ ვერსიაში 4 მილიონი ლარი ეწერა. “აი, ფაქტის” რედაქცია ბოდიშს იხდის ამ შეცდომისთვის). ამ თანხის დიდი ნაწილი ოფისის აღჭურვის, ქუთაისის საიმიჯო ბანერებისა და ავტომომსახურებისათვის დაიხარჯა. გასული წლის დეკემბერში DMO-მ კომპანია “ჩირიფრუტისაგან” 1,380 ლარად იყიდა ჩირების ნაკრები, რომელიც ქალაქში მომუშავე გიდებს წინასაახალწლო საჩუქრად გადაეცა.
2020 წელს ორგანიზაციამ 58,200 ლარი პანდემიის დროს ქალაქში ახალი და უკვე მომუშავე გიდების გადამზადებაში დახარჯა. ეს თანხა ორგანიზაცია ‘’საქართველოს გიდების ასოციაციამ’’ მიიღო. 6,188 ლარი გადაიხადა ბილბორდებზე ქუთაისის ტურისტული სლოგანის განთავსებაში. ხოლო 4,770 ლარი მანათობელი ყუთების დამზადებაში, სადაც ასევე სლოგანი და ქუთაისის საიმიჯო ფოტოები განთავსდა.
რა შეიძლებოდა გაეკეთებინა dmo-ს რეგიონში ტურიზმის სფეროს გადსარჩენად და წასახალისებლად?
ორგანიზაციას ტურიზმის სტიმულირებისა და დახმარების კონკრეტული გეგმა არ აქვს, თუმცა აქვს მხარისა და ქალაქის ბრენდინგის დოკუმენტი, რომელშიც ქუთაისის ბიუჯეტიდან 2020 წელს 50,000 ლარი გადავიხადეთ. ბრენდინგის დოკუმენტი კომპანია “მილენიალ ჰაბმა’’ შეიმუშავა.
დოკუმენტში საუბარია, რა კუთხით შეიძლება დავანახოთ უცხოელ და ქართველ ტურისტებს ქუთაისი, თუმცა არაფერია ნათქვამი პანდემიასა და შიდა ტურიზმის განვითარებაზე.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ რატომ იქცა ქუთაისის დევიზად და ტურისტულ სლოგანად ფრაზა ‘’ქუთაისი ქალაქია’’ და როგორ მივიდნენ ბრენდინგის ექსპერტები ამ ფრაზამდე.
“ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, წარმოდგენები ქუთაისის შესახებ მწირია და ზოგჯერ ვერ ცდება ბათუმის გზაზე ‘’მაკდონალდსს’’, არადა სინამდვილეში ქუთაისი სრულფასოვანი ქალაქია, რომლის ისტორიას და კულტურას უდიდესი გავლენა აქვს მთელ საქართველოზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვუთხრათ, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელ სტუმრებს რომ ‘’ქუთაისი ქალაქია’’.
კითხვაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ იმერეთში ტურიზმის წასახალისებლად, კონკრეტული პასუხი პანდემიის დასაწყისიდან დღემდე არ არსებობს. DMO იმერეთში გვპასუხობენ, რომ წინა წლის ბიუჯეტი 2019 წლის ნოემბერში დამტკიცდა და მასში ვერ გაითვალისწინებდნენ 2020 წელს განვითარებულ ფორსმაჟორულ სიტუაციას/ ხოლო ტურისტული სექტორის დახმარებისა და მხარეში ტურიზმის სტიმულაციისათვის წელს ბრენდინგის დოკუმენტით იხელმძღვანელებენ. თუმცა, პანდემიისაგან გამოწვეული კრიზისის მართვაზე არც იქ წერია რაიმე.