fbpx
mukhtarli

მუხტარლიმ შინაპატიმრობის მოთხოვნაზე კვლავ უარი მიიღო

აფგან მუხტარლის დღევანდელ სასამართლო პროცესზე პირველად განიხილეს ქართული წარმოშობის დოკუმენტები, რომლებიც მის გაუჩინარებას ეხება.

სასამართლოსთვის წარდგენილი მასალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ვებ-გვერდებიდან აღებულ განცხადებებს მოიცავს, რომლებშიც მითითებულია, რომ მუხტარლის გატაცების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. აზერბაიჯანელმა პროკურორმა დოკუმენტის შესწავლისთვის დამატებითი დრო მოითხოვა.

მუხტარლი 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა და მომდევნო დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანში მას საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

ბალაკანის დასახლების სასამართლოში ის პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი და, მცირეწლოვანი დისშვილი და ძმისშვილი 31 დეკემბერს გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

მუხტარლის ადვოკატმა, ნემატ კამირლიმ სთხოვა სასამართლოს, რომ მომხდარი ტრაგედიის გათვალისწინებით, მუხტარლის პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალათ. თუმცა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მუხტარლი არც დაკრძალვაზე დასასწრებად გაუშვეს.

სასამართლო დარბაზის დამკვირვებელმა მუხტარლის “დანაღვლიანებული, მაგრამ ძლიერი” პიროვნება უწოდა.

ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ მუხტარლის დაკავებისთანავე მოითხოვეს მისი სხეულის სრული ექსპერტიზის ჩატარება. თუმცა, ექსპერტიზა მხოლოდ 40 დღის შემდეგ ჩატარდა, როცა მუხტარლის დაზიანებები უკვე აღარ ეტყობოდა.

სასამართლოს შემდეგი სხდომა 12 იანვარს, დღის 11 საათზე გაიმართება.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
აზერბაიჯანულმა სასამართლომ მუხტარლის 6 წელი მიუსაჯა
mukhtarli

აზერბაიჯანულმა სასამართლომ მუხტარლის 6 წელი მიუსაჯა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share