16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს მთავრობამ კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში ორივე მათგანი მოხსენიებულია როგორც ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი. ორივე მათგანი “ალტ-ინფოს” დამფუძნებლები და ლიდერები არიან.
2021 წელს მათ პოლიტიკური პარტია დააფუძნეს, თუმცა წელს მთავრობამ რეგისტრაცია გაუუქმა და არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ. ამიტომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე “ალტ-ინფო” “პატრიოტთა ალიანსის” სიით მიიღებს მონაწილეობას.
რა ვიცით “ალტ-ინფოს” შესახებ?
2019 წლის 30 იანვარს კონსტანტინე მორგოშიამ გაერთიანება “ალტერნატივა საქართველოსთვის” დაარეგისტრირა. თანადამფუძნებლებლად ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და გიორგი ქარდავა აირჩია. ორი დღით ადრე დარეგისტრირდა შპს “ალტ-ინფო” და “ახალგაზრდული ალტერნატივაც”.
„ალტ-ინფოს“ იდეოლოგია კრემლთან დაახლოებული ფილოსოფოსი და პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი. 2020 წლის ივლისში დუგინი ამბობდა, რომ თუკი საქართველო უარს იტყვის პროდასავლურ მისწრაფებებზე და ნეიტრალურ კურსს აირჩევს, მაშინ, რუსეთი მის ტერიტორიულ მთლიანობას მიესალმება. უფრო ადრე კი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დუგინი ამბობდა, რომ რუსეთის მთავრობას ტანკები პირდაპირ თბილისისკენ უნდა გამოეგზავნა.
დუგინის ახლო მეგობარი და თანამოაზრეა ლევან ვასაძეც, ქართველი ბიზნესმენი. სწორედ ვასაძე იყო “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი მაშინ, როცა ამ მოძრაობამ საქმიანობა დაიწყო.
“ალტ-ინფოს” წარმომადგენლები ინტერნეტსივრცეში აქტიურად ეწევიან ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ, პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიდევ უფრო გამძაფრდა.
“ალტერნატივა საქართველოსთვის” იყო 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზატორი. ამ დღეს, “ალტ-ინფოს” მიერ მართულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა სცემა 53 ჟურნალისტი. ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი ისე მძიმედ იყო ნაცემი, რომ ერთ კვირაში დაიღუპა.
5 ივლისისთვის “ალტ-ინფომ” ხალხი ჯერ სოციალური ქსელებით შეამზადა, თითქოსდა, ანტი-ლგბტქ აქცია უნდა დაერბიათ. პარლამენტის წინ შეკრებილებს ადგილზე უმცირესობის არც ერთი წარმომადგენელი დახვედრია, თუმცა, ადგილზე იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც გახდნენ თავდასმის ობიექტი.
სცენიდან ლიდერები ძალადობისკენ მოუწოდებდნენ იქ შეკრებილებს, მოძრაობდნენ რაციებით და ასე აკონტროლებდნენ რაზმების გადაადგილებას. ამ ყველაფერს ხედავდა პოლიცია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში გაბნეულ “ალტ-ინფოელებს” მოქმედებაში ხელს არ უშლიდა.
“ალტ-ინფოს” ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებს წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლოიალური დამოკიდებულებაც ასაზრდოებდა. ხშირად, “კონსერვატიული მოძრაობის” მიმდევრების და მმართველი გუნდის მოსაზრებები ერთმანეთთან თანხვედრაშიც იყო. მაგალითად, ერთნაირად საუბრობენ რუსეთის უძლეველობაზე, სანქციების არაეფექტურობაზე თუ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე. თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, “ალტ-ინფოსა” და “ქართული ოცნების” გზები გაიყარა.
რა ვიცით “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ?
სამაგიეროდ, “ალტ-ინფო” კიდევ უფრო დაუახლოვდა რუსეთის გეოპოლიტიკური ზრახვების გამტარ პარტია “პატრიოტთა ალიანსს”, რომლის მეშვეობითაც ახლა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
“ალტ-ინფოს” თანადამფუძნებელი შოთა მარტინენკო (და მისი ძმა ირაკლი ყიზილაშვილი) ირმა ინაშვილის ნათესავები არიან. სწორედ “პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით, 2022 წელს, 53 ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ პუტინს ღიად მიმართა. გაგზავნილი ტექსტის შინაარსი იზიარებდა რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ხედვებს. მაგალითად იმას, რომ საქართველომ და უკრაინამ “ნატო”-სკენ არ უნდა გაიხედონ და რუსეთს “ბაბაია” დაუძახონ.
“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო..” – ასე იწყებოდა პუტინისთვის განკუთვნილი წერილი.
“აი, ფაქტმა” მაშინ ამ წერილზე ხელმომწერების ვინაობა და მითითებული ორგანიზაციების საქმიანობა გადაამოწმა. “პატრიოტთა ალიანსს” პუტინის საამებლად უნდოდა წარმოეჩინა, თითქოს მიმართვას ბევრი ორგანიზაცია უერთდებოდა. თუმცა, საჯარო რეესტრში მათი რეგისტრაცია არ მოიძებნა იმ სახელით, რომლითაც წერილში იყვნენ მოხსენიებული. ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ხელმომწერთაგან 20 “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, 6 კი პარტიის შემწირველი იყო.
პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსი” 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა, 2013 წელს კი ორგანიზაცია პარტიად ჩამოყალიბდა. 2012 წლის სექტემბერში, ირმა ინაშვილის ტელევიზიამ, “ობიექტივმა” ცნობილი “ციხის კადრები” გაასაჯაროვა, რამაც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა გამოიწვია. 2019 წელს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი გიორგი ლომაია ამბობდა, რომ ციხის კადრები “პატრიოტთა ალიანსის” მიერ იყო გაკეთებული და რომ არა ისინი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში უმრავლესობით ვერ მოვიდოდა.
“ობიექტივი” წლების განამვლობაში “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკური გზავნილების გამავრცელებელი და გამტარი იყო. ამას ადასტურებს “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” 2022 წლის ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომპანია მკვეთრად ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ისლამოფობიური რიტორიკით ხასიათდება.
მათი გზავნილები რომ კრემლის პოლიტიკას იმეორებს, ახალი ამბავი აღარ არის. მეტიც, “პატრიოტთა ალიანსი” ერთადერთი პარტიაა, რომელიც წლების განმავლობაში, რუსეთს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს და შეხვედრებს მართავს.
პრორუსული პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა რუსეთში ვიზიტები აღარ იკმარეს და სამების საკათედრო ტაძარს რუსი წმინდანის ხატიც შესწირეს, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
2014 წლამდე პარტიამ თავი როგორ გაიტანა, დოკუმენტებში ვერ ვხედავთ. 2014 წლიდან კი ცნობილია პარტიის შემომწირველთა ვინაობაც. დავით თარხან-მოურავი 2013 წლის აპრილში ამბობდა, რომ პარტიას მისი წევრები აფინანსებდნენ. 2020 წლიდან დღემდე “პატრიოტთა ალიანსმა” იურიდიული და ფიზიკური პირებისგან ორ მილიონ ლარზე მეტი შეწირულობა მიიღო.
ამ არჩევნებისთვის “პატრიოტთა ალიანსს”, “ალტ-ინფოს” გარდა, სხვა პარტიები და ორგანიზაციებიც შეუერთდა. მათ ივნისში “ქართველ პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას” მოაწერეს ხელი. “პატრიოტთა ალიანსის” გარდა, ხელმომწერთა შორის „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და “ქართული იდეაცაა”. ირმა ინაშვილის თქმით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ისინი “შთამბეჭდავი შემადგენლობით შევლენ პარლამენტში”.
წინასაარჩევნოდ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” და “ალტ-ინფოს” ლიდერებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეხვედრები დაიწყეს. “ალტ-ინფოს” ლიდერი, ირაკლი მარტინენკო ამბობს, რომ არც “ქართულ ოცნებას” და არც ნებისმიერ სხვა ძალას ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება არ შეუძლია. სამაგიეროდ, მათი თქმით, საითაც არ უნდა სცადონ არეულობა, ამის განეიტრალებას მხოლოდ ისინი შეძლებენ.
ზურაბ მახარაძის თქმით კი ქართველს არავითარი “მაშასადამე” არ სჭირდება და ქვეყანამ ევროპული მომავლისთვის კი არა, “ქართული მომავლისთვის უნდა იბრძოლოს”. მახარაძე იმასაც ამბობს, რომ მშვიდობისთვის “მეზობლებთან დალაგებაა საჭირო და თუ ჩვენი ქართველობა არ შევინარჩუნეთ, არც ოსს და არც აფხაზს ჩვენთან დაბრუნება არ მოუნდება”.
“პატრიოტთა ალიანსი” და “ალტ-ინფო” საქართველოს ნეიტრალიტეტის მხარდამჭერები არიან. ნეიტრალიტეტი კი ნიშნავს, რომ საქართველო არ უნდა იყოს არც ერთი სამხედრო გაერთიანების წევრი, არ მონაწილეობდეს საერთაშორისო კონფლიქტში, ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა იყოს განლაგებული არც ერთი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალები.
ალბათ, თავადაც მიხვდებით, რომელ ქვეყანას აწყობს ის, რომ საქართველო არც ერთი სამხედრო გაერთიანების წევრი არ იყოს და სრულიად მარტო, დაუცველი დარჩეს მტრის წინაშე.