fbpx
qaveri alt-info

“კონსერვატიული მოძრაობა” – ვინ და საიდან სწირავს ფულს?

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი

რუსეთის მეხოტბე “კონსერვატიული მოძრაობა” მისივე წევრების მხრიდან ფინანსდება. პარტიის 101 შემომწირველიდან 50 რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ყოფილი ხელმძღვანელი ან მათი ოჯახის წევრია. ისინი ორგანიზაციას ათასობით ლარს ურიცხავენ. ამ გზით კი პოლიტიკურმა მოძრაობამ ორ წელში 590 ათასი ლარი მიიღო.

არადა, თითქოს შემწირველებს ამის სახსრები არ უნდა ჰქონდეთ, რადგან უმრავლესობა ბიზნესსაქმიანობასაც არ ეწევა.

“აი, ფაქტი” დაინტერესდა, ვინ ურიცხავს ფულს რუსეთის ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ პარტიას და საიდან აქვს ამის საშუალება უმუშევარ ხალხს. ჩვენ ეს სქემა სიღრმისეულად ვიკვლიეთ და ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას მალე შემოგთავაზებთ.

იქამდე კი მოგიყვებით, ვინ არის ყველაზე გულუხვი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიდან.

“კონსერვატიული მოძრაობა” – რა ვიცით ამ პოლიტიკურ გაერთიანებაზე?

ეს პოლიტიკური გაერთიანება 2021 წლის ნოემბერში, “ალტ ინფოს” ლიდერებმა დააფუძნეს. მათ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ, რუსეთის მოტრფიალე და ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე ბევრი გვსმენია. ამ გაერთიანებამ “თავი გამოიჩინა” ორი წლის წინ ზაფხულში, როცა მათი წაქეზებული ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ კი “ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა.

კონსერვატიული მოძრაობის დაფუძნების ყრილობა
პარტიის დაფუძნება, 2021 წლის ნოემბერი.
ფოტო: “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუქი

მათ ძალადობას პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. აქციის ორგანიზატორები დღემდე არავის დაუსჯია. მეტიც, ორ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტელემაუწყებლობა დაიწყეს, მოგვიანებით კი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს. მას “კონსერვატიული მოძრაობა” დაარქვეს, რეგიონული ოფისების გახსნა კი უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად გააგრძელეს.

ამ ჯგუფის პრორუსულობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კითხვები აღარავის აქვს. მათი ტელევიზიით ხშირად ჟღერდება რუსეთის მხარდამჭერი პირდაპირი თუ ირიბი გზავნილები. გასული წლის მარტში კი მათ გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები კომუნიკაციების კომისიამაც დაინახა. ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში მთელი გუნდი ამაყად პოზირებდა კრემლის წინ, წითელ მოედანზე და ამბობდნენ, ოკუპანტ ქვეყანაში ურთიერთობების დასალაგებლად ვიყავით ჩასულებიო.

ხშირად “კონსერვატიული მოძრაობის” მიმდევრების და მმართველი გუნდის მოსაზრებები ერთმანეთთანაა თანხვედრაში. მაგალითად, ერთნაირად საუბრობენ რუსეთის უძლეველობაზე, სანქციების არაეფექტურობაზე, დასავლეთის მხრიდან ომში ჩათრევის მცდელობასა თუ “რუსულ კანონზე”.

თუმცა, როგორც ჩანს, გამჭვირვალობის “მომხრე” ორგანიზაცია თავად ასაიდუმლოებს შემოსავლის წყაროს. 2022 წლის ივნისში აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ პარტია 217 ათასი ლარით დააჯარიმა, ფინანსური ბრუნვის და არაფულადი შემოწირულობების დამალვის გამო. ამ ამბის შემდეგ, 2023 წელს მათი შემომწირველების რიცხვი თითქმის ოთხჯერ შემცირდა.

როგორ აფინანსებს მორგოშია პარტიას?

2020 წელს, ჩვენთან ინტერვიუში კონსტანტინე მორგოშია აღიარებდა, რომ ალტ-ინფოს მთავარი დამფინანსებელი ის იყო. თუმცა, ამას ასე ღიად აღარ ამბობს და აშკარაა, რომ ცდილობს თავისი როლი დამალოს. რაკი პარტიის დამფინანსებლები უმუშევრები არიან, ჩნდება ეჭვი, ამ ფულის წყარო სწორედ კონსტანტინე მორგოშია ხომ არ არის.

მორგოშია ფინანსების კვალის დამალვაში არაერთხელ არის შემჩნეული. 2016 წელს საქალაქო სასამართლომ, აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე ის 183,000 ლარით დააჯარიმა, “პატრიოტთა ალიანსის” არაკანონიერი გზით დაფინანსების გამო. შარშან თავად მორგოშია ამბობდა, რომ ჯარიმა არ გადაუხდია და ამას არც მომავალში იზამდა.

ალტ-ინფოს დაფინანსების წყარო რომ ბუნდოვანია, ამას მის პენსიონერ მამიდასთან დაკავშირებული ამბავიც ადასტურებს. ციალა მორგოშია, რომლის სახელზეც არის კონსტანტინე მორგოშიას ბიზნესის დიდი ნაწილი, 2022 წელს “ალტ-ინფოს” ტელევიზიას თითქმის 1 მილიონი ლარით აფინანსებდა.

morgoshia kremlshi
კონსტანტინე მორგოშია კრემლის წინ, ფოტო: ნეტგაზეთი

ამ წლის ივლისში კონსტანტინე მორგოშია ამბობდა, ტელევიზიას თანხას მამიდაჩემის წარმომადგენლები სწირავენო. “აი, ფაქტის” მოპოვებული მტკიცებულებით, ციალა მორგოშიას მინდობილი პირები მისი ძმისშვილები, კონსტანტინე და ირაკლი მორგოშიები არიან. ისინი უძრავ ქონებასა და ბიზნესს სწორედ მამიდის სახელით არეგისტრირებენ ხოლმე.

მორგოშია ფულს რომ რუსეთშიც გამოიმუშავებს, ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მან ბიზნესსაქმიანობა რუსეთში გადაწყვიტა და განაცხადა, ჩემთვის აქ უფრო ხელსაყრელი პირობებიაო.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს პრორუსული ჯგუფების კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

რა შემოსავალი აქვთ კონსერვატიული მოძრაობის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელებს?

ჩვენ “კონსერვატიული მოძრაობის” რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებიდან ავარჩიეთ ისინი, ვინც პარტიისთვის ყველაზე მეტ ფულს იმეტებს ხოლმე. მათ შორის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი მერაბ გიგანი ლიდერობს. მან 2022 წლის ათ თვეში პარტიას 22 ათასი ლარი ჩაურიცხა. ყოველთვიურად კი დაახლოებით 2100 ლარს რიცხავდა.

კონსერვატიული მოძრაობა - რუსთავის ოფისის გახსნა
პარტიის რუსთავის ოფისის გახსნა, 2022 წლის იანვარი.
ფოტო: “კონსერვატიული მოძრაობა”

გიგანი შემწირველებიდან იშვიათი გამონაკლისია, რადგან თავის სახელზე რეგისტრირებული ბიზნესი აქვს – შპს “ტექნომეტალი”. კომპანიას 2027 და 2035 წლამდე აქვს ტექნოგენური ნარჩენების და საცემენტე თიხის მოპოვების ლიცენზია.

მერაბ გიგანმა თავისი “საგმირო საქმეებით” თავი დაგვამახსოვრა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს და 2023 წელს, “კონსერვატიული მოძრაობის” ყოფილი წევრის, ატო (ანტონ) თამლიანის ცემის ინციდენტით. ტელეკომპანია“ფორმულას” სიუჟეტით, მორგოშიას დაკვეთით სწორედ ის გაუსწორდა თამლიანს, უკრაინაში მიმდინარე ომზე პარტიისგან განსხვავებული პოზიციის გამო.

შემომწირველთა ნუსხაში ლიდერობს გიორგი სულაკაძეც, “კონსერვატიული მოძრაობის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი. მან პარტიას შარშან 10 თვის განმავლობაში 19 ათასი ლარი ჩაურიცხა. სულაკაძე 42 წლისაა და ოფიციალურად რაიმე ბიზნესს არ ფლობს. ამ ფონზე, განსაკუთრებით საინტერესოა, საიდან ჰქონდა  ყოველთვიურად 1900 ლარი, “კოსერვატიული მოძრაობისთვის” გასამეტებლად.

“კონსერვატიული მოძრაობის” ფოთის ოფისს დავით დვალიშვილი ხელმძღვანელობს. მან შარშან პარტიას 16,200 ლარი შესწირა. ერთ ჯერზე შეტანილი თანხა 1000-1900 ლარის ფარგლებში მერყეობდა. დვალიშვილს არც საკუთრება აქვს, არც ბიზნესი და არც ინდ.მეწარმის სტატუსი.

ხაზი უნდა გავუსვათ ორ საეჭვო დამთხვევას. ერთი, რომ აგვისტოში თანხა არც გიგანს შეუწირავს და არც სულაკაძეს. მათი და დვალიშვილის ათი ჩარიცხვიდან ხუთი კი ერთსა და იმავე დღეს იყო.

კონსერვატიული მოძრაობა - გურჯაანის ოფისი
პარტიის ოფისის გახსნა გურჯაანში, 2022 წლის 11 მარტი.
ფოტო: რეგიონული ოფისის ფეისბუქი

“კონსერვატიული მოძრაობა” თანამოაზრეების მოკრებას და რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის გაღვივებას სცდილობს გურჯაანშიც. აქაურ ოფისს ნოდარ ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობს.

გასულ წელს მან პარტია 15,000 ლარით დააფინანსა. მარტი-ივლისში, ყოველთვიურად, 2250 ლარს სწირავდა, აგვისტო-დეკემბერში კი 625-ს. აქედან ხუთი ჩარიცხვა კი დაემთხვა ფოთის და ქუთაისის ოფისების ხელმძღვანელების ჩარიცხვებს.

ჩაკვეტაძე ფლობს შპს “ჩაკვეტაძეს”. თუმცა, შემოსავლების სამსახურის მიხედვით, ამჟამად, კომპანია პასიურია. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ ანგარიშებზე ფული არ ჩარიცხულა.

გულუხვ შემწირველთა რიგებშია მცხეთის ოფისის ხელმძღვანელი თენგიზ ვეშაგურიც, რომელიც ასევე არ არის დაკავებული ბიზნესსაქმიანობით. ვეშაგურმა პარტიისთვის თანხის ჩარიცხვა მის რეგიონში ოფისის გახსნიდან სამ თვეში დაიწყო. 2022 წლის ივნისიდან მიმდინარე წლის იანვრამდე მან “კონსერვატიულ მოძრაობას” 10,800 ლარი შესწირა. ყოველთვიურად კი 1,500 ლარი შეჰქონდა.

ვეშაგური ბიზნესსაქმიანობაში არ არის ჩართული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ინდ.მეწარმე იყო და მეფრინველეობას ეწეოდა. თუმცა, 2011 წელს ინდ.მეწარმის სტატუსი გააუქმა.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციას მისივე წევრები ინახავენ. თუმცა, საიდან აქვთ სახსრები, ბუნდოვანია. პირადად ოფისების მმართველებისგან გვინდოდა მოგვესმინა, როგორ მოახერხეს პარტიისთვის სოლიდური თანხების ჩარიცხვა იმ ფონზე, რომ ბიზნესი არ აქვთ.

დავით დვალიშვილთან რომ დავრეკეთ, გვითხრეს, ნომერი გეშლებათო. არადა, ეს ნომერი მას ეკუთვნის, მობილური ნომრების ელექტრონული ბაზის მიხედვითაც. ამის შემდეგ დვალიშვილს ისევ დავუკავშირდით, თუმცა აღარ გვიპასუხა.

რაც შეეხება ქუთაისის და მცხეთის ოფისებს, აქაური ხელმძღვანელების ნომრები არც “კონსერვატიული მოძრაობის” გვერდზე იძებნება და არც სხვა ღია წყაროებში. მათ შეტყობინება სოციალურ ქსელში გავუგზავნეთ, მაგრამ ჯერჯერობით არ უპასუხიათ.

გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელმა ნოდარ ჩაკვეტაძემ გვითხრა, ფერმერი ვარ, ვენახები და ქლიავის ბაღები მაქვს და ასე მოვახერხე პარტიის დაფინანსებაო. მისი საუბრიდან ისიც გავიგეთ, რომ თურმე ამ პოზიციაზე ანაზღაურებას არ იღებს.

ყველაფერი რიგზე რომ არ არის და “კონსერვატიული მოძრაობა” სავარაუდოდ ფინანსურ მაქინაციებშია გახლართული, “მთის ამბების” სტატიითაც გამოჩნდა. გასულ წელს ფოთისა და გურჯაანის ოფისების ხელმძღვანელებს წამოსცდათ, რომ შეწირული ფული მათი ჯიბიდან არ ამოუღიათ.

“-თქვენი ჩარიცხული თანხა, პარტიის ანგარიშზე, როგორც ჩანს, ბოლომდე არაა ჩარიცხული და რამდენი მოგცეს ჩასარიცხად, რომ დაგვიზუსტოთ.

– 1,950

– და შემდეგ თვეში რა დროს ჩარიცხავთ?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგი თქვენ უნდა მითხრათ, მე რა ვიცი”- თქვა ფოთის ოფისის ხელმძღვანელმა დავით დვალიშვილმა, რომელსაც ეგონა, რომ მედიიდან კიარა, პარტიის ფინანსური განყოფილებიდან ურეკავდნენ.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს პრორუსული ჯგუფების კვლევა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
ქუთაისის მე-9 სკოლის უსასრულო რეაბილიტაცია
ქუთაისის მე-9 სკოლის უსასრულო რეაბილიტაცია

ქუთაისის მე-9 სკოლის უსასრულო რეაბილიტაცია

მოსწავლეები მესამე წელია სხვა სკოლებში არიან შეხიზნულები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share