ავტორები: ია ასათიანი, მარიამ კაჭკაჭაშვილი, აიდან იუსიფი
2020 წლის აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ გვამცნო, რომ შეიქმნა “Stop Covid”-ის აპლიკაცია, რომელიც პანდემიის მართვასა და ზიანის შემცირებაში დაგვეხმარებოდა. აპლიკაციაში 120,000 ევრო გადაიხადეს. მერე ყველა მივხვდით, რომ აპლიკაციამ თავისი დანიშნულება და მოლოდინი ვერ გაამართლა. ამას სამინისტროც მიხვდა და მეორე ტალღის პიკზე აპლიკაცია გაუქმდა.
“stop covid”-ის აპლიკაცია ავსტრიულმა არასამთავრობო ორგანიზაცია novid20-მა საკუთარი ხარჯებით შექმნა და github-ზე განათავსა. მისი გადმოწერა ყველასთვის უფასოა. პროგრამის თავდაპირველი კოდი ხუთმა ადამიანმა შექმნა. თუ ქვეყანას უნდოდა, რომ აპლიკაცია საკუთარ საჭიროებებსა და ენაზე მოერგო, ეს უკვე ფასიანი მომსახურება იყო. ამ სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება ასევე ავსტრიულ კომპანია Grabner & Gretzmacher mdl-თან გააფორმა. პროგრამის ქართულ რეალობაზე მორგებასა და სამთვიან მომსახურებაში ჯანდაცვის სამინისტრომ, “მსოფლიო ბანკისგან” მიღებული დაფინანსებიდან, 120,000 ევრო, მაშინდელი კურსით 410,000 ლარი, გადაიხადა.
მთავრობა გვარწმუნებდა, რომ აპლიკაცია მოგვაწვდიდა ინფორმაციას ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ და ასე გავრცელების სისწრაფე შემცირდებოდა. ინფიცირებულისთვის აპლიკაციაში საკუთარი მონაცემების გაზიარება მისსავე ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. აპლიკაცია ამ ინფორმაციას გაუგზავნიდა ყველას, ვისთანაც ინფიცირებულს ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე 10-15 წუთის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი.
პროგრამის წარდგენისას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობდა, რომ მსგავსი ტიპის აპლიკაციები, ეპიდემიის კონტროლის მიზნით, სხვა ქვეყნებშიც აქტიურად გამოიყენებოდა და მათი წარმატება უკვე სახეზე იყო.
თუმცა, საქართველოში აპლიკაციამ მსგავსი შედეგი ვერ აჩვენა და ვერც ჩვენი საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. გამოსვლის დღიდან არ წყდებოდა მსჯელობა იმაზე, თუ რას ემსახურებოდა აპლიკაცია და რამდენად სარგებლიანი იყო ის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ.
საზოგადოება განსაკუთრებით მიკროფონსა და გადაადგილებაზე წვდომის მოთხოვნას აკრიტიკებდა. როგორც ცნობილი იყო, აპლიკაციას სამუშაოდ bluetooth-სა და gps წვდომა სჭირდებოდა. ხალხს არ სჯეროდა, რომ მათი გადაადგილებისა და კონტაქტების შესახებ ინფორმაცია ხელშეუხებელი დარჩებოდა.
“Stop Covid” აპლიკაცია მქონდა ტელეფონში გადმოწერილი. არ ვიყენებდი, არც კი დავრეგისტრირებულვარ, იმიტომ რომ ჩემი პირადი მონაცემების მიწოდება სახელმწიფოსთვის არ მინდოდა. ისიც არ იყო გარანტირებული, “Stop Covid”-ზე რომ დავრეგისტრირდებოდი სხვებიც დარეგისტრირდებოდნენ და დაცულობის ხარისხს გამიზრდიდა თუ არა. ანუ, სუფთა პოპულისტური გადაწყვეტილება იყო სახელმწიფოს მხრიდან,” – გვიყვება სანდრო სარუხანაშვილი.
აპლიკაცია მუშაობდა მხოლოდ მაშინ, თუ მას ორივე მხარე იყენებდა. ის ხელმისაწვდომი მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენაზე იყო და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს არ ითვალისწინებდა.
ანა თაბაგარი გვეუბნება, რომ აპლიკაციის არსებობის შესახებ იცოდა, თუმცა მისი გადმოწერა არც უფიქრია, რადგან ის პირად ინფორმაციაზე წვდომას ითხოვდა. “ვერ ვანდობდი ჩემს პირად ინფორმაციას, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც Facebook-ში ყველა წერდა, რომ მიკროფონზე ითხოვდა წვდომას. ისე ვიცავდი ყველა რეგულაციას და უსაფრთხოების წესებს, აპლიკაცია აღარც მჭირდებოდა,” – გვეუბნება თაბაგარი.
“ვერ ვენდე ამ აპლიკაციას. არ გამომიყენებია. იწერებოდა, რომ არ არის პერსონალური მონაცემების დაცვის მხრივ ბოლომდე გამართული. თან სამთავრობო აპია, რომელიც ლოკაციის გააქტიურებას მოითხოვს. ეს მიზეზი მქონდა ძირითადად,” – ამბობს 19 წლის ლუკა დარჩია ჩვენთან საუბრისას.
აპლიკაცია სულ 233 ათასჯერ გადმოწერეს, აქედან 151 ათასჯერ მისი გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით კი, 21 დეკემბრის მონაცემებით, აპლიკაციაში სულ 11,437 ინფიცირებული დაფიქსირდა. ამ დღეს კი საქართველოში 209,462 ინფიცირებული გვყავდა.
“Stop Covid” აპლიკაციას არ ვიყენებდი. ალბათ, არ იყო სათანადო პოპულარიზაცია და სურვილიც არ გამჩენია, რომ აქტიური მომხმარებელი ვყოფილიყავი,” – გვიყვება ნათია მიხელიძე.
კიდევ ერთი რესპონდენტი, ნოდარ ჩიხლაძე გვეუბნება რომ აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია არც მას ჰქონია. “ჩემამდე ის ინფორმაცია რომ “Stop Covid” აპლიკაცია არსებობდა, არ მოსულა. შესაბამისად, ვერ გამოვიყენებდი. არც ახლობლებისგან გამიგია და არც ინტერნეტში მინახავს რაიმე ინფორმაცია,” – გვეუბნება ჩიხლაძე.
მომხმარებლების გარდა, აპლიკაციას უარყოფითად აფასებდნენ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და it სპეციალისტები. ორგანიზაცია IMDCA-ის (“ინტერნეტ მონიტორინგი დემოკრატიული სამოქალაქო აქტივობისთვის”) ხელმძღვანელი, გიორგი ნაკაიძე “აი, ფაქტთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მოსახლეობის უნდობლობა სრულიად რელევანტური იყო, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუქარწყლებია ის ეჭვები, რაც ხალხში გაჩნდა.
“ამის ილუზია არ მაქვს, რომ მთავრობა აპლიკაციით თვალს გვადევნებდა. თუმცა, ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო. საერთოდ, ლოკაციის ინფორმაციის მიცემა ან მოთხოვნა არ არის კარგი პრაქტიკა, თუ მართლა რეალური აუცილებლობა არ არსებობს. ამათმა კი ამ პრინციპზე ააგეს მთელი თავიანთი აპლიკაცია.”
ნაკაიძის თქმით, აბსოლუტურად გაბერილი იყო ის თანხაც, რომელიც მთავრობამ აპლიკაციის მომსახურებისა და მორგებისათვის გადაიხადა. “თვითონ აპლიკაცია იმდენად მარტივია, რომ ის ვერანაირ ფინანსურ დანახარჯს ვერ “გააპრავებდა.” 200 დოლარადაც შეიძლება მაგის გაკეთება. იმიტომ, რომ ის ფუნქციონალი, რასაც აპლიკაცია იყენებს ტელეფონში, უკვე არსებობს. ამიტომ, მარტივად ამჯობინეს, რომ თანხა გადასახდელი ყოფილიყო არა კოდში, არამედ მომსახურების ნაწილში, რომელსაც ისე გაბერავდნენ, როგორც სჭირდებოდათ. შემქმნელი ორგანიზაციის მესმის, კაპიტალიზაცია გააკეთეს და არაკომპეტენტურ დამკვეთს 400 ათასი გადაახდევინეს,” – გვეუბნება გიორგი ნაკაიძე.
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე სამინისტროს თანხის უმიზნოდ ხარჯვაში ადანაშაულებს.
“აპლიკაცია, რომელსაც მხოლოდ ინფორმაციის მოწოდება ევალებოდა, ითხოვდა წვდომას პირად მონაცემებზე. რაში სჭირდებოდა? მთავარი პრობლემა ისაა, თუ რა მიზნით მოხდა შესყიდვა და ამ მიზანს მოემსახურა თუ არა ის. არასწორი გადაწყვეტილების უკან შეიძლება იდგეს არაპროფესიონალიზმი ან პირადი ინტერესი. ორივე შემთხვევა დანაშაულია,” – განმარტა ჩალაძემ.
აპლიკაციას თავიდანვე მკვდრად შობილს უწოდებს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, სერგო ჩიხლაძე. მისი თქმით, ეს თანხა ფუჭად გაიფლანგა.
“ვითომ აპლიკაციის იდეა გამართული იყო, მაგრამ ამ აპლიკაციის ფუნქციონარი და შემადგენელი ჩვენს რეალობას არ პასუხობდა. ხალხმა ასე გაიგო, რომ აპლიკაცია აჩვენებდა ინფიცირებული ადამიანი სად იყო და სად დადიოდა, მაგრამ ეს რომ ეჩვენებინა, იმ ინფიცირებულს თავად უნდა შეეყვანა მონაცემები. თავიდანვე მკვდრად შობილი აპლიკაცია იყო. ფაქტობრივად, ეს ფული გადავყარეთ,” – გვითხრა ჩიხლაძემ.
“Stop Covid” აპლიკაციამ საქართველოს რეალობაში რომ არ იმუშავა, ამას ამტკიცებს მეორე ტალღის დროს აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა. 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბერის ჩათვლით, როდესაც უკონტროლო გავრცელება მწვავე პრობლემა იყო, აპლიკაცია მხოლოდ 21 ათასმა მომხმარებელმა გადმოწერა.
2021 წლის 20 იანვარს აპლიკაცია გაუუქმეს. მაშინ სამინისტრომ თქვა, რომ მისი მოქმედების ვადის გაგრძელებას დამატებითი თანხა სჭირდებოდა. სამინისტროს დამატებით არ აუხსნია, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ან რამდენად შედეგიანი იყო აპლიკაციის გამოყენება ქვეყნისთვის. სამინისტროში ახლაც არ ისურვეს ამ თემაზე საუბარი და ინტერვიუზე უარი გვითხრეს.
გიორგი ნაკაიძე ამბობს, რომ აპლიკაციის პიკურ პერიოდში გაუქმებასთან ერთად, მეორე პრობლემა ის იყო, რომ novid20-ის მომსახურება მხოლოდ საქართველომ შეიძინა: “საჯარო წყაროების მიხედვით, მარტო ჩვენებმა იყიდეს novid20-ის ადაპტაციისა და საოპერაციო ხარჯები. საფრანგეთთანაც მიდიოდა მოლაპარაკება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არც novid20-ს, არც დეველოპერების პრესრელიზებში არაა ნათქვამი, რომ სადმე დაინერგა. მათ შორის არც ავსტრიაში, ამ ორგანიზაციის სამშობლოში. თუ ასეთი წარმატებული პროექტი იყო, რატომ არ დაინერგა სადმე, საქართველოს გარდა?“
მსგავს აპლიკაციებს ბევრი ქვეყანა დღემდე იყენებს. მაგალითად თურქეთი ავიღოთ. აპლიკაცია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად “ციფრული ტრანსფორმაციის ოფისმა” შექმნა. თურქულ აპლიკაციის ინსტრუქციით ირკვევა, რომ ლოკაციის ჩართვა მომხმარებელს მხოლოდ იმ შემთხვევა სჭირდება, თუ მის არეალში მყოფი ინფიცირებულების ნახვა უნდა. ამისთვის კი მომხმარებელს არ სჭირდება, აპლიკაციას წვდომა მისცეს მის პირად მონაცემებზე. თურქული აპლიკაცია გიჩვენებთ ინფიცირებულთა რაოდენობას მაშინ, თუ საძიებო ველში სასურველი ქუჩის ან უბნის სახელს ჩაწერთ.
საქართველოსა და თურქეთის მოქალაქე გულია ადიამანი გვიყვება, რომ აპლიკაციაში რეგისტრაციისას მხოლოდ ტელეფონის ნომრის შეყვანა იყო საჭირო. “თუ მე კლინიკაში დამიდასტურდა ვირუსი, ჩემი საცხოვრებელი მისამართი რუკაზე წითლდება 10 დღით. ეს ის მისამართია, რომელიც კლინიკაში გაქვს დაფიქსირებული. ინფიცირების დადასტურების შემდეგ გენიჭება “hes” კოდი. “hes” კოდი მოიცავს შენს პირად ინფორმაციას და სამედიცინო ისტორიას. 10 დღის მერე კი გამოჯანმრთელებულს ახალ “hes” კოდს განიჭებენ, რომლის დახმარებითაც მარტივად გადაადგილდები სავაჭრო ცენტრებში, ქალაქებს შორის თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აქ ძალიან აქტიურად ვიყენებთ აპლიკაციას. ასე ჩვენ ვამოწმებთ, ჩვენს გარშემო ინფიცირებული ხალხი ბევრია თუ არა”.