ავტორები: ნათია მიხელიძე, მარიამ კაჭკაჭაშვილი და მანანა ღოღობერიძე
ევროკავშირის მიერ “საშინაო დავალებად” მოცემული 12 შესასრულებელი პირობიდან რიგით მეორე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ეხება. ერთი თვის წინ, როცა ევროკომისიამ ამ 12 პუნქტის შესრულების მაჩვენებლები შეაფასა, საარჩევნო რეფორმაზე სახარბიელო არაფერი უთქვამთ.
2022 წლის 17 ივნისს, როცა მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ჩვენ კი შესასრულებელი დავალება მოგვცეს, ევროკომისიამ შავით თეთრზე დაგვიწერა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკეთესი საარჩევნო გარემო დაგვჭირდებოდა. იგულისხმეს, რომ სისტემა უნდა შეგვეცვალა სწორედ ისე, როგორც ამას წლებია გვირჩევდა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ეუთო/ოდირი) და ვენეციის კომისია.
ეს ცვლილებები და რეფორმა, სათანადოდ შესრულების შემთხვევაში, გააუმჯობესებდა ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობას და საერთო ჯამში, დაეხმარებოდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ შეიძლებოდა საარჩევნო სისტემა გამხდარიყო უფრო დემოკრატიული, რა რეფორმების განხორციელება გვთხოვა ევროკავშირმა და რა გააკეთა მთავრობამ ამ ვითარებაში.
შეგახსენებთ 2024 წელს საქართველოში არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.
როგორ წარმოედგინა ევროპას ქართული საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება?
ევროკომისიის მიერ შედგენილი 12-პუნქტიანი საშინაო დავალების მეორე პუნქტი ხაზს უსვამდა საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების საჭიროებას. ევროპელები ამ შემთხვევაში ეყრდნობოდნენ იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან წლების განმავლობაში ისმოდა ქართული საარჩევნო სისტემის მისამართით. ჩვენი კვლევით, სამი ძირითადი საკითხი ასე გამოიყურება:
- ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ყოფილიყო მოლაპარაკებებსა და გამჭვირვალე პროცესზე დაფუძნებული;
- მკაცრად გაგვეკონტროლებინა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და აგიტაცია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში. აგვეკრძალა ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის ოთახში და მის გარეთ;
- საარჩევნო სისტემაში დაგვენერგა ახალი ტექნოლოგიები;
სპეციალისტებისა და პროცესში ჩართული მხარეების შეფასებით, ამ რეკომენდაციებიდან სრულფასოვნად არცერთი შესრულებულა. ამ სტატიაში სწორედ იმაზე გიყვებით, რა მდგომარეობაა ახლა საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, სადაა “შავი ხვრელები” დარჩენილი და რა მიიჩნევა განსაკუთრებით მწვავე პრობლემებად.
წაკითხვის შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, ჩაგვითვლის თუ არა ევროკომისია ამ პუნქტს შესრულებულად და ვისი ბრალი იქნება ეს.
რა გავაკეთეთ საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად?
2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით წლის ბოლომდე საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტი უნდა მიეღო. ჯგუფში შედიოდნენ საპარლამენტო პარტიების “ქართული ოცნება”, “გირჩი”, “მოქალაქეები”, “ევროპელი სოციალისტების” და პარტია “საქართველოსთვის” წევრი. ასევე, ცესკოს, კომუნიკაციის კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.
მიუხედავად ევროპისგან მიღებული რეკომენდაციისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი სხვადასხვა აზრის შეჯერებით წარმართულიყო, ჯგუფში მუშაობა ვერ შეძლეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. “სამართლიან არჩევნებს” (ISFED) თანამონაწილეობაზე მმართველა პარტიამ უთხრა უარი, მიზეზით, თითქოს, ნეიტრალურები არ იყვნენ. ჯგუფში უნდა ემუშავა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც” (საია), თუმცა, მათ “სამართლიან არჩევნებს” სოლიდარობა გამოუცხადეს და საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პროცესს ჩამოშორდნენ.
“შეგვიზღუდეს იქ მონაწილეობის უფლება, როდესაც ISFED გამოაგდეს, აუკრძალეს დასწრება და, ფაქტობრივად, დაარღვიეს ევროკავშირის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია სამოქალაქო სექტორის ჩართულობის შესახებ. ორგანიზაციას, რომელიც 1994 წლიდან მუშაობს არჩევნებზე, აქვს რეპუტაცია და სანდოობა საზოგადოებაში, უკრძალავენ პროცესში ჩართულობას. ეს იყო გზავნილი, რომ მმართველი პარტია მზად არაა, გააჩინოს სივრცე ჯანსაღი მოლაპარაკებისთვის,” – გვითხრა საია-ს იურისტმა, დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ნანუკა ყრუაშვილმა.
ვესაუბრეთ სამუშაო ჯგუფის წევრს, “გირჩის” ლიდერ ალექსანდრე რაქვიაშვილს. მისი თქმით, პროცესიდან ISFED-ის გამოთიშვა “ოცნების” მხრიდან არაადეკვატური ნაბიჯი იყო, რადგან ამის რეალური არგუმენტი არ ჰქონდათ. რაც შეეხება ოცნების მზაობას, შენიშვნების მიღებასა და დიალოგის წარმართვაზე, ის გვეუბნება, რომ ოპოზიციას მუშაობის პროცესში დათმობების მოლოდინი არც ჰქონია:
“ქოცები არასდროს მიდიან პრინციპულ დათმობებზე. მათ აქვთ აღქმული, რომ ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. ამიტომ, ოპოზიციას არაფერში უთმობენ.”
2022 წლის 22 დეკემბერს პარლამენტმა ამ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. თუმცა, მას იწუნებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასებით, ეს ცვლილებები მხოლოდ ცალკეულ პრობლემებს აგვარებდა და ყოვლისმომცველად ვერ ჩაითვლებოდა.
მაგალითად, კანონპროექტი ვერ აგვარებდა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ცესკო-ს და სააჩევნო კომისიების დაკომპლექტების გამჭვირვალობა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ამომრჩევლის დაშინება.
ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიჩნევენ, რომ მიღებული ცვლილებების დოკუმენტი ვერ პასუხობს იმას, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლები წლებია გვირჩევდნენ და რეფორმის წარმატებულობაც მოჩვენებითია.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი
გასული წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში არაფერია ნათქვამი იმაზე, როგორ ვაუმჯობესებთ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს. არადა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მიგვითითეს, ცესკოს თავმჯდომარე კონსენსუსით უნდა აირჩიოთო. თუმცა, მმართველმა პარტიამ ეს არ შეისმინა და მოვლენები ისე შემოატრიალა, რომ მთავარი საარჩევნო ორგანოს დამოუკიდებლობა ისევ ეჭვქვეშ დგება.
2021 წლის 28 ივნისამდე, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ამბობდა, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს წარადგენდა პრეზიდენტი და არჩევდა ან ცესკო, ან პარლამენტი. პროცესი ასეთი იყო, თუ ცესკო თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის ⅔-ით ვერ აირჩევდა, მაშინ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებდა, უბრალო უმრავლესობით.
2021 წელს შარლ მიშელის ცნობილმა 19 აპრილის შეთანხმებამ მოიტანა ის, რომ პოზიცია-ოპოზიცია მორიგდა ცესკოს თავმდჯომარის და წევრების არჩევის ისეთ წესზე, რომელიც მხარეებს შორის კონსენსუსის გარანტი იქნებოდა. ცესკოს წევრების რაოდენობა გაიზარდა 17-მდე, პრეზიდენტი კი შერჩეულ კანდიდატებს არა ცესკოს, არამედ პირდაპირ პარლამენტს წარუდგენდა.
როგორ უნდა მიეღწიათ კონსენსუსისთვის? მიშელის შეთანხმებით, გაიწერა პარლამენტში ხმის მიცემის ოთხეტაპიანი პროცესი. პირველი ორი მცდელობისას, კანდიდატებმა პარლამენტართა ⅔-ის ხმა უნდა მოაგროვოს, მესამედ, ⅗ ხმაც ჰყოფნით, მეოთხე მცდელობაზე საკმარისია კანდიდატს ემხრობოდეს პარლამენტართა უბრალო უმრავლესობა. სესიებს შორის კი ინტერვალი, ყველაზე ცოტა, ოთხი კვირა უნდა ყოფილიყო.
გადაწყვეტილება მაშინ ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ მოგვიწონა. დოკუმენტზე ხელმოწერით ამას მაშინ ქართული ოცნებაც დაეთანხმა, მაგრამ მალევე გადაიფიქრეს და წესი თავის ჭკუაზე გადააკეთეს.
2021 წლის დეკემბერში თქვეს, რომ სესიების შუალედი, ოთხი კვირის ნაცვლად, ერთი კვირა იქნებოდა, ხოლო ოთხი ეტაპი აღარ იარსებებდა და პრეზიდენტის შემოთავაზებულ კანდიდატებს პარლამენტი ან ⅔-ით აირჩევდა, ან უბრალო უმრავლესობით, 6-თვიანი ვადით. “ქართული ოცნების” ამ იდეამ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა ნათქვამი უკუღმა გაიგო და წელს ახალი “ტრიუკი” შემოგვთავაზა. 3 ივლისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც პრეზიდენტს ჩამოერთმევა უფლება, შეარჩიოს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები. მომავალში ამას პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს. მის შერჩეულ კანდიდატს კი პარლამენტი უბრალო უმრავლესობით აირჩევს.
ამას წინ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა უძღოდა, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, ნამდვილად დაიძლია თუ არა ის. “გირჩის” წევრების თქმით, “ქართულ ოცნებას” ამისთვის საკმარისი დეპუტატები არ ჰყავდა და ეს პროცესი გაყალბდა. ამბის მოკვლევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც დაიწყო.
თუ მოკვლევის შემდეგ ვეტო დაძლეულად გამოცხადდება და კანონი ძალაში შევა, ცესკოს ის ხელმღვანელი და წევრები ეყოლება, ვინც “ქართულ ოცნებას” აწყობს. ეს იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი გუნდიდანაა.
“ის, რაც ჯერ გვირჩიეს, მერე შევასრულეთ და მერე დადებითად შეგვიფასეს, ყველაფერი წყალში იქნა გადაყრილი… დავბრუნდით საწყის ეტაპზე, როცა არც ⅔, არც კონსენსუსური კანდიდატი, არაფერი საჭირო აღარაა… მათი არჩევა შეიძლება ერთპარტიულად. ეს არ არის უბრალოდ ნაბიჯი უკან, ეს არის გაუარესება, გაუარესება და დიდი ნახტომი უკან,” – ამბობს გიორგი სიორიძე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, მოძრაობა “ლელოდან.”
ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილება პრობლემად მიაჩნია საპარლამენტო ჯგუფში “გირჩის” წარმომადგენელსაც, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სამუშაო პროცესით კმაყოფილია.
“ძალიან კმაყოფილი ვიყავი-მეთქი, რომ ვთქვა, არა. მხარი დავუჭირე ამ კანონპროექტს, კარგი მაგალითი იყო მშვიდი მუშაობის. მეტი გვინდოდა, მაგრამ ყველამ ცოტა რაღაც დავთმეთ. დღევანდელი გადმოსახედიდან, თუ რამე პრობლემა გვაქვს, ეს ცესკოს თავჯდომარის არჩევის წესია, რომელიც ჰაერში გვაქვს ჩამოკიდებული. სხვა ისეთ მნიშვნელოვან ხარვეზს ვერ ვხედავ,” – ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ “ოცნებას” უბრალოდ ძალაუფლება არ ეთმობა, მის შესანარჩუნებლად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში “თავისიანი” სჭირდება. ამიტომაც აკეთებს ყველაფერს, რომ ცესკოს თავმჯდომარე ერთპარტიულად იყოს არჩეული. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ცვლილებები, რომელიც კანონმდებლობაში 3 ივლისს შევიდა, კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება.
“ცესკო არის მიბმული “ქართულ ოცნებაზე” და ემორჩილება მის გადაწყვეტილებებს. ცესკოს თავმჯდომარის სახით მნიშვნელოვანი ბერკეტი უჭირავს ხელში,” – გვითხრა პოლიტიკური მოძრაობა “დროას” იურისტმა ქეთი ბარბაქაძემ.
“პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომელიც ამ პროცესში ძალიან აქტიურად მონაწილეობდა, ჩამოერთვა ფუნქცია. ეს კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი უნდა მონაწილეობდეს კანდიდატების არჩევის პროცესში,” – ამბობს ანა კობახიძე, ცესკოს წევრი და პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენელი.
“აი, ფაქტთან” საუბარში რესპონდენტები “ოცნების” ამ გადაწყვეტილების მიზეზად იმას მიიჩნევენ, რომ გასული წლის აგვისტოში სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მმართველი გუნდისთვის არახელსაყრელი კანდიდატები წარუდგინა. ამან კი “ოცნებას” პრეზიდენტის როლის დაკნინებისკენ უბიძგა.
არჩევნების თემაზე მომუშავე მკვლევრებიც ფიქრობენ, რომ არსებობს საფრთხე, მივიღოთ სახელისუფლებო პარტიას დაქვემდებარებული ცენტრალური საარჩევნო ორგანო. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეაც. ეს კი ევროინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება.
“ევროკავშირი, თითქოს, თვალს ხუჭავს ბევრ რამეზე. ამბობს, რომ რაღაც პუნქტები შევასრულეთ, ცდილობენ, მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და იმის მაგივრად, ვიმუშაოთ, რიტორიკა პროევროპული გავხადოთ, პირიქით, უკან ვდგამთ ნაბიჯებს… ცესკო უნდა იყოს დამოუკიდებელი დემოკრატიული ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. ახალი ცვლილებებით კი ის ანგარიშვალდებული იქნება არა პარლამენტის, არამედ “ქართული ოცნების” წინაშე,” – გვითხრა საიას იურისტმა, დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ნანუკა ყრუაშვილმა. ის საარჩევნო სისტემის ხარვეზებს წლებია სწავლობს და მმართველ გუნდს რეკომენდაციებსაც უგზავნის.
“პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება უფლება, ერთპიროვნულად წარადგინოს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. არც ერთ კომპეტენტურ ადამიანს ის არ წარადგენს, მისი უფლებამოსილებაა და მორჩა… “ქართული ოცნება” უკვე ოფიციალურად იტყვის, რომ კანდიდატი და შემდეგ უკვე თავმჯდომარე არის პარტიული კეთილგანწყობიდან შერჩეული და არჩეული,” – გვითხრა თენგიზ თევზაძემ, “რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა. თევზაძე 2022 წლის დასაწყისში პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა.
“აი, ფაქტთან” საუბარში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, პარტია “ლელოს” წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ მისთვის “ოცნების” გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. იგივე განცდა დარჩა “გირჩის” ლიდერ ალექსანდრე რაქვიაშვილსაც, რომელიც საარჩევნო ცვილებებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფში იყო. მისი თქმით, სამუშაო პროცესში ეს თემა არ განუხილავთ, რადგან სჯეროდათ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტთან კომპრომისზე წავიდოდა.
“ქართულ ოცნებას” არაფერი უთქვამს და მითუმეტეს, არასდროს არაფერი შეუთანხმებია ამასთან დაკავშირებით… რა კონსულტაცია უნდა ყოფილიყო? [კენჭისყრაზე] მათდამი ყველაზე ლოიალურად განწყობილი პარტიების მხარდაჭერაც კი არ ჰქონდათ, უბრალოდ, თვითონ მიიღეს,”- ამბობს ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, “ლელოს” წევრი გიორგი სიორიძე.
დავინტერესდით, რას ფიქრობენ ცესკოში, რამდენი პროცენტით შესრულდა ევროკომისიის რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით? თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გვიპასუხა, ეს შეფასება ჩვენს კომპეტენციას სცდება, სჯობს კომისიის დასკვნას მოვუსმინოთ, მაგრამ ფაქტია, რეფორმას მაღალი მხარდაჭერა აქვსო.
კითხვაზე, უზრუნველყოფს თუ არა არსებული საარჩევნო სისტემა დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ნათელი პასუხი ვერ მივიღეთ. გიორგი შარაბიძემ ამ კითხვაზე წერილობით ასე უპასუხა: “საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო, მისი მოწესრიგების წესი, ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მათ შორის კანონქვემდებარე აქტებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაცია, შეიძლება ითქვას, რომ სრულ თანხვედრაშია კარგ საერთაშორისო პრაქტიკასთან.”
რახან შარაბიძესთან ჩვენი ინტერვიუ წერილობით ფორმატში შედგა, ჩვენ აღარ გვქონდა საშუალება, გვეკითხა, როგორ არის საარჩევნო სისტემა სრულ თანხვედრაში კარგ საერთაშორისო პრაქტიკასთან მაშინ, როცა მის გაუმჯობესებას ევროკომისია იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდა, რომ 12-პუნქტიან გეგმაშიც კი მიუჩინა ადგილი. და როდესაც ახლახანს მიღებული ცვლილებებით არც საერთაშორისო ორგანიზაციები, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია დარჩენილა აღფრთოვანებული.
პირისპირ ინტერვიუს შანსი რომ გვქონოდა, შარაბიძეს ამ კითხვას აუცილებლად დავუსვამდით. მაგრამ წლებია, საჯარო მოხელეები ჟურნალისტებთან პირისპირ ინტერვიუს სწორედ იმიტომ გაურბიან, რომ თანმდევ, დამაზუსტებელ და კრიტიკულ კითხვებს თავი აარიდონ.
რატომ ვერ ვებრძვით ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას და არასწორ აგიტაციას?
ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეგვიცვლია და რაც შევცვალეთ, სპეციალისტებისთვის ისიც ვერ გამოიყურება მისაღებად. აი, მაგალითად: საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ფიქსირებული ჯარიმა 2,000 ლარი იყო. ახლა კი ჯარიმის ოდენობა, მინიმუმ, 2,000 და მაქსიმუმ, 4,000 ლარი იქნება.
ამ სიახლის ეფექტიანობას ვერ ხედავენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, პრობლემაა ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დარღვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს, დაჯარიმების გადაწყვეტილებას ისედაც იშვიათად იღებს და ამ ფონზე, ჯარიმის ოდენობა მეორეხარისხოვანია. ამის შესახებ ვკითხულობთ 2023 წლის იანვარში “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში, რომლითაც საკანონმდებლო ცვლილებები დეტალურად შეაფასეს.
“კომისია მსჯელობს თვითონ, დავაჯარიმოთ თუ საყვედური გამოვუცხადოთო? თანხით ვერ შეაშინებ ამ ადამიანებს, ვერც 4,000-მდე გაზრდით. ეს არ არის გამოსავალი. ამ ჯარიმებსაც, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” იხდის,” – ამბობს “დროას” იურისტი ქეთი ბარბაქაძე.
რა არის გამოსავალი? როგორ უნდა ვებრძოლოთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას? “სამართლიანი არჩევნები”-ში ფიქრობენ, რომ პრობლემას მაშინ მოევლება, როცა სასამართლოს მხრიდან იქნება დარღვევებზე რეაგირების სურვილი.
ჯარიმის ოდენობის ზრდა რომ საკმარისი არ არის, ამას ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისიაც წერდა გასული წლის დეკემბერში. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაატარონ კომპლექსური და ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც შეზღუდავს მაღალი რანგის თანამდებობის პირების მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სამუშაო საათებში სოციალურ ქსელებში აგიტაციას.
საია-ს იურისტი ნანუკა ყრუაშვილი გვიხსნის, რომ კანონს ახლა აქვს ხვრელი, რომელსაც “ოცნების” მოხელეები სათავისოდ მშვენივრად იყენებენ. მართალია, აკრძალულია სამუშაო საათებში აგიტაცია, მაგრამ არაფერია ნათქვამი სოციალური ქსელების გამოყენებაზე. საჯარო მოხელეებს შეუძლიათ ფეისბუქზე 09:59 წუთზე დაპოსტონ და ამტკიცონ, კანონი არ დაგვირღვევიაო.
ადრე აგიტაცია, ამომრჩეველთა შეკრება, აღრიცხვა და მობილიზება იკრძალებოდა კენჭისყრის შენობიდან 25-მეტრიან პერიმეტრზე, დეკემბრის ცვლილებით კი ეს მანძილი 100 მეტრამდე გაიზარდა. “აი, ფაქტთან” საუბარში პოლიტიკოსები და მკვლევრები ამბობენ, რომ ვერც ეს სიახლე ჩაითვლება რეალურ წინსვლად. მათი აზრით, უბნის სიახლოვეში გააკონტროლებენ ამომრჩეველთა ნებას თუ მოშორებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
“უბრალოდ, “ბირჟებმა” გადაინაცვლა ცოტა იქეთ. წარმოუდგენელია, რომ ამით რეალურ შედეგზე გავიდეთ,” – გვეუბნება “დროას” იურისტი ქეთი ბარბაქაძე.
“კანონი რაღაც ნაწილს, თითქოს, მოაწესრიგებს და მეორე არჩევნებისთვის ხელისუფლება ამას მომზადებული ხვდება… 100-მეტრიანი დისტანცია კი განისაზღვრა, მაგრამ მალევე დაკიდეს “ბეიჯი” ადამიანებს, ვინც აგიტაციას ატარებდა და ლეგიტიმურად შემოუშვეს უბანთან,” – ამბობს ანა კობახიძე, ცესკო-ს წევრი და პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენელი.
სამუშაო ჯგუფში “გირჩის” წარმომადგენელ ალექსანდრე რაქვიაშვილს ვკითხეთ, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ დეკემბერში მიღებულ კანონს პრობლემები რეალურად გადაეჭრა:
“ჩვენი მიზანი იყო კანონის ვიწრო გაგებით გაუმჯობესება. ის რომ ზოგადი პრობლემაა საარჩევნო სისტემის, ეს ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი. ეს პრობლემა არ იცვლება საარჩევნო კანონმდებლობით. მაგის სათავე არის სასამართლო. თუ სასამართლოს მთავრობა აკონტროლებს, კანონში რაც გინდა ჩაწერე, ბოლოს მაინც მივა სასამართლომდე და წააგებ.”
ცესკოს ვკითხეთ, რა ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან შეზღუდოს, ან აკონტროლოს? თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გვიპასუხა:
“ჩვენი ინსტიტუციის კომპეტენციაში რაც შედის, ის ზედმიწევნით სრულდება. საკმარისია ნახოთ სტატისტიკა რამდენი ტიპის ჯარიმა, რამდენი ტიპის შემთხვევა განიხილა საარჩევნო ადმინისტრაციამ და რამდენზე ჰქონდა რეაგირება. მარტივად რომ ვთქვათ და დეტალებში არ ჩავიდეთ, ყველა დასაბუთებულ შემთხვევაზე საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა, აქვს და ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.”
ცესკოს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია საჩივრების რეესტრი და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ დარღვევებზე ინფორმაციის მიღება.
ბოლო წლებში ყველაზე მეტი სარჩელი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო, ცესკოში 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს შევიდა. მიღებული 29 საჩივრიდან მხოლოდ 5 განცხადება დაკმაყოფილდა. ამ ხუთიდან ოთხი განცხადება უკავშირდებოდა კონსტანტინე შარაშენიძეს, მაშინ ოზურგეთის მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატს “ნაციონალური მოძრაობიდან.” სასამართლომ დაადგინა, რომ ის ეწეოდა წინასაარჩევნო აგიტაციას და ამ პროცესში იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს. ამ დარღვევისთვის სასამართლომ მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
ერთი განცხადება კი ეხებოდა Ზვიად მხეიძეს, ამბროლაურის მერობის კანდიდატს, რომელიც წინასაარჩევნო კამპაიის ფარგლებში შეხვდა მერიის თანამშრომლებლს. ამ დარღვევის ფაქტზე საარჩევნო კომისიას “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” მიმართა, თუმცა, კომისიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა. შემდეგ “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” სასამართლოსაც მიმართა და სასამართლომ დაადგინა სამართალდარღვევა.
ადინისტრაციული და სახელმწიფო რესურსის გამოყენებას რომ უფრო მასშტაბური ხასიათი აქვს, ამას მოწმობს საერთაშორისო გამჭვირვალობისა და ISFED-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევა. მათ გაანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის და „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, იოსებ გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაცია.
ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ “კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება. ამ უწყებების მეშვეობით, სავარაუდოდ, გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.”
ამ საქმეებზე ოფიციალური გამოძიება და მოკვლევა არც ცესკოს დაუწყია, არც შსს-ს და არც პროკურატურას.
ელექტრონული არჩევნები საქართველოში – მზად ვართ?
გასული წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, უბანზე მისული ამომრჩევლის, თითქმის, 90 პროცენტი ელექტრონულ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. ელექტრონული იქნება ასევე მათი რეგისტრაციის, ხმების დათვლისა და ოქმის შედგენის პროცედურები.
გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული არჩევნები თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების ყველა უბანზე, სადაც 300-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო საუბნო და საოლქო კომისიებს შორის მანძილი 20 კილომეტრს არ აღემატება შესაბამისი მოწყობილობების გამოყენებით ჩატარდება.
დანარჩენ უბნებში, სადაც ელექტრონულ საშუალებებს არ გამოიყენებენ, მხოლოდ ის სიახლე შევა, რომ ბიულეტენები გაციფრულდება და ისე დათვლიან. ციფრული ვერსიები უბნების მიხედვით აიტვირთება ვებგვერდზე და მის ნახვას ყველა დაინტერესებული ადამიანი შეძლებს.
ცესკომ ელექტრონული არჩევნებისთვის ერთგვარი “რეპეტიცია” უკვე გაიარა. ელექტრონული საშუალებები შარშან და წელს სამჯერ გამოიყენეს. 2022-ში ახალი სისტემა გამოცადეს ბათუმისა და სენაკის საკრებულოს შუალედურ, წელს კი აპრილში, 10 მუნიციპალიტეტში გამართულ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში.
ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, “ლელოს” წევრი გიორგი სიორიძე იხსენებს, რომ საპილოტე არჩევნებმა აჩვენა არაერთი ხარვეზი და კადრების არაკომპეტენტურობა, მიუხედავად მათი წინასწარი მომზადებისა. მისი თქმით, ამ პრობლემებს აპრილში საარჩევნო პროცესის შეფერხება არ გამოუწვევია, თუმცა თუ 2024-შიც ასე გაგრძელდა და ამას პოლიტიკური წნეხიც დაემატა, არჩევნების საერთო სურათზე ექნება გავლენა. ეს იმიტომ, რომ ამჯერად ელექტრონული არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩატარდეს.
“რეგისტრატორი წევრები ამოცანას ვერ ასრულებდნენ. მაგალითად, აპარატში ID ბარათებს სწორად ვერ ათავსებდნენ, პირადი ნომრები ხელით შეჰყავდათ, შესაბამისად, პროცესი სწრაფი და ეფექტიანი აღარ იყო. ამომრჩევლებს უჭირდათ ოპტიკურ სკანერში ბიულეტენების შეცურება… ეს ხარვეზები უკავშირდება საუბნო საარჩევნო კომისიის, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების კომპეტენციასა და უნარებს, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც შიშით ეპყრობიან ტექნიკას, ბუნებრივია, იქ ჩნდება პრობლემები, განსაკუთრებით, რეგიონებში,” – ამბობს გიორგი სიორიძე.
ელექტრონული არჩევნებისთვის საჭირო აპარატურა ეტაპობრივად შევიძინეთ. ცესკოს ვთხოვეთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა ტექნიკა შევიძინეთ, ვისგან და რა დაგვიჯდა. ჯერჯერობით, წერილზე არ უპასუხიათ და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია შესაბამისად განახლდება.
2023 წლის ივნისში ცესკომ გამოაცხადა 55 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომელშიც ნიდერლანდურმა ჰოლდინგმა “Smartmatic International”-მა გაიმარჯვა. ამ თანხით მათ ევალებათ, ცესკოს მიაწოდონ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები, ასევე გაუწიონ ლიცენზირებისა და საკონსულტაციო მომსახურება. ცესკო ელექტრონულ აპარატებს სამ ეტაპად მიიღებს – 2023 წლის აგვისტოდან, ნოემბერ-დეკემბრიდან და 2024 წლის მაისიდან.
დავინტერესდით, რა ნაბიჯებს დგამს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმისთვის, რომ კარზე მომდგარ 2024 წლის არჩევნებს მოქალაქებიც მზად შეხვდნენ, არჩევნებზე პასუხისმგებელი კადრებიც და ტექნოლოგიური სიახლე უსიამოვნო სურპრიზი არავისთვის იყოს.
გავეცანით 2022-2023 წლებში ცესკოს ოფიციალურ საიტსა და ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ სიახლეებს. გამოიკვეთა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად ხვდებოდა სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. ორიენტირებული იყვნენ მათ ინფორმირებულობაზე. აცნობდნენ ახალ ელექტრონულ სისტემას, თანამედროვე აპარატებს და ხმის მიცემის ახლებურ წესებს, რომლითაც მომდევნო არჩევნები წარიმართებოდა. ჯამში, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა, მინიმუმ, ოცჯერ მოეწყო. გარდა შეხვედრებისა და ლექციათა კურსისა, ახალაგაზრდებისთვის განახორციელეს სხვადასხვა პროექტი. მათ შორის: სემინართა ციკლი “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი”, “საარჩევნო განვითარების სკოლა”, “ცესკოს საარჩევნო სკოლა”, ცესკოს “ახალგაზრდული ბანაკები”, “სტუდენტური დებატ-კლუბი 2022 და 2023”.
გარდა ახალგაზრდებისა, 2023 წლის აპრილში შეხვედრა გაიმართა მოსამართლეებთან, მაისში უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ლექტორებთან და ივლისში აჭარის სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან. განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები, სადაც ცესკოს წარმომადგენლები გადამზადდნენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე.
თავისთავად, ცესკოს ეს ნაბიჯები კარგია, თუმცა საკითხავია, რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ საერთაშორისო რეკომენდაციები შესრულდეს და მოქალაქეები სრულყოფილად შევამზადოთ. გავაგებინოთ, რომ უბანზე მისულებს ტექნოლოგიის გამოყენება მოუწევთ. პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ჯერჯერობით, ცესკო ამ მიმართულებით სათანადო ნაბიჯებს არ დგამს.
“ძალიან რთულია, როცა 30 წელია მივდივართ არჩევნებზე და ახლა უცებ აპარატი გხვდება. ამ აპარატებზე თუ ვინმე იტყვის, რომ ჰაკერები გადაწყვეტენ შედეგს, მოქალაქეებს გაუჩნდებათ უნდობლობა. ამიტომ პრევენციულად, წინასწარ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ ტარდება არჩევნები 2024 -ი და რატომ იქნება უფრო სანდო, ვიდრე მოდელი, რაც აქამდე იყო,” – გვითხრა თენგიზ თევზაძემ, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცესკომ ოფიციალური პასუხით დეტალურად გვაცნობა, რა ნაბიჯებს დგამენ ელექტრონული არჩევნების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის. იმის გარდა, რაზეც უკვე მოგიყევით, გვითხრეს, მოსახლეობას ყოველწლიურად ხვდებიან საოლქო და საუბნო კომისიების წარმომადგენლები, აცნობენ პროცედურებს, გადასცემენ ბროშურებს, ეხმარებიან სიებში საკუთარი თავის გადამოწმებაში და წელსაც ასე იქნებაო. მომავალ გეგმებზე კი დაამატეს:
“დაგეგმილია ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ხალხმრავალ ადგილებში. მედიაში განთავსდება საინფორმაციო-სარეკლამო რგოლები. გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, იმისათვის, რომ ამომრჩევლამდე ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიტანოთ… ამ ეტაპზე გაწერილია ყველა ბიზნეს-პროცესი, როგორც სასაწყობე მეურნეობის საკითხები, ისე ამ აპარატების მოვლა-პატრონობა, განლაგება, მომსახურება, სწავლება და ა.შ.,” – მოგვწერა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.
ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, “ლელოს” წევრი გიორგი სიორიძე კი პირისპირ ინტერვიუსას გვიხსნის, რომ ელექტრონული არჩევნები ძირეულად ცვლის ამომრჩევლის დასწავლილ ქცევას და იმისთვის, რომ სიახლეს ფეხი მალევე აუწყონ, ცესკო მათ ინფორმირებაზე უფრო აქტიურად უნდა ზრუნავდეს. მისი თქმით, ინფორმირების მიზნით აქამდე გადაგმული ნაბიჯები “ზღვაში წვეთია.”
“გადაიღეს რამდენიმე კლიპი, გაუშვეს ტელევიზიით და დაასპონსორეს სოციალურ ქსელებშიც. მაგრამ ეს არ არის ის კამპანია, რომელიც ასეთ მასშტაბურ ცვლილებებს უნდა ახლდეს. საჭიროა აგრესიული კამპანია, რომ ამბობენ, უთოც კი ამაზე უნდა ლაპარაკობდესო… მე პირადად ინფორმირებას გაცილებით ადრე დავიწყებდი… მართალია, 2024 წლის არჩევნებამდე საკმარისი დროა, მაგრამ ეს დრო რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული,” – ამბობს სიორიძე.
სხვა ოპოზიციონერებიც გვეუბნებიან, საინფორმაციო კამპანიები უკვე დაწყებული უნდა იყოს, რომ 2021 წლის მწარე გამოცდილება არ გავიმეოროთ, ამომრჩევლებმა ხმის მიცემისას შეცდომები არ დაუშვან და ბევრი ბიულეტენის გაბათილება არ მოგვიწიოს. მაშინ ელექტრონული არჩევნები სატესტოდ, მხოლოდ კრწანისში ჩატარდა. საშუალოდ, 500 ბიულეტენიდან აპარატმა 180 ბათილად მიიჩნია. ოპოზიციის აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მოქალაქეები არჩევნებამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე გააფრთხილეს და არ იცოდნენ, რომ შემოხაზვის ნაცვლად, უჯრა უნდა გაეფერადებინათ.
“კამპანია უკვე უნდა იყოს დაწყებული, თუნდაც ტელევიზორში პატარა ვიდეოებით. ამომრჩეველმა ჯერ არც კი იცის, რომ რაღაც სხვაზე გადავდივართ. შეიძლება სასაცილოა, მაგრამ უნდა გავაგებინოთ, როგორ შემოხაზონ, რომ მათი ხმა არ დაიკარგოს,” – ამბობს ქეთი ბარბაქაძე, “დროას” იურისტი.
2024 წლიდან უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობა გაორმაგდა და 1,500-ის ნაცვლად 3,000 გახდა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ცესკო ვერ მოახერხებს ამხელა უბნების ორგანიზებას, რადგან ელექტრონული სისტემა შესაბამისად დატესტილი არ არის. არადა, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისიაც გვაფრთხილებდა, უბნები არ გაზარდოთ, ელექტრონული არჩევნების პირველ წლებში მაინცო.
ბუნდოვანია ისიც, როგორ უნდა გამორიცხოს ელექტრონულმა სისტემამ გაყალბების ცნობილი მეთოდი, ე.წ კარუსელი. პოლიტიკოსების თქმით, არის რისკი, რომ უბნებს ცალ-ცალკე ექნებათ ელექტრონული ბაზა და არა ერთიანად. რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა ხმის მიცემა ორჯერ რომ მოისურვოს, სხვადასხვა უბანზე, სისტემა ამას ვერ მიუხვდება.
“ელექტრონული რახან იქნება, დაგვაზღვევს “კარუსელისგანო”, მაგრამ არ ვიცით, სინამდვილეში რისგან დაგვაზღვევს. უბნებზე რომ ისხდნენ კოორდინატორი ქალები და ფურცელზე ინიშნავდნენ, ახლა იგივეს იზამენ ელექტრონულად. უჩვენებს სისტემა, ეს ამომრჩეველი იყო თუ არა უკვე უბანზე? გააწითლებს? ბუნდოვანია და არ გვაქვს ამაზე პასუხები. ცესკომ რამდენიმე პარტიას მოუწყო ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია, მაგრამ ჩვენ არ გვეძახიან ასეთ შეხვედრებზე,”- ამბობს ქეთი ბარბაქაძე მოძრაობა “დროადან.”
“ეგ სისტემა ამერიკული კომპანიისაა და ზოგადად, ასე მუშაობს, რომ უბნები ერთიან სისტემაშია ჩართული. ეგ გაზღვევს გაყალბებისგან. მაგალითად, ადამიანი თუ შევიდა ერთ უბანზე და მისცა ხმა, იმ პირადი ნომრით სხვა უბანზე ვეღარ წავა, აჩვენებს სისტემა, რომ უკვე სხვაგანაა ნამყოფი. როგორც ესენი აწყობენ, თითოეული უბანი იქნება იზოლირებული. შესაბამისად, თუ დასჭირდათ “კარუსელები”, უპრობლემოდ დაატრიალებენ, სისტემა მაგაზე არ იყვირებს,” – გვითხრა “გირჩი- მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე გვიხსნის, რომ არსებობდა ორი ვერსია – ან მთლიანი, ინტერნეტქსელში ჩართული სისტემა, ან ინტერნეტისგან გათიშული და უბნების მიხედვით იზოლირებული. ოპოზიციის ნაწილმა კი კიბერთავდასხმებისგან თავის დასაზღვევად, “ოფლაინ” სისტემა არჩია. სიორიძის თქმით, ამ შემთხვევაში “კარუსელის” თეორიული შანსი არსებობს.
“ამასთან დაკავშირებით წუხილები არსებობდა. არასამთავრობო სექტორიც ხედავდა რისკებს, მაგრამ აქ ყველაფერი აწონ-დაწონვის პრინციპით უნდა გადაწყვეტილიყო. ერთ მხარესაც იყო უპირატესობები და უარყოფითები და მეორე მხარესაც. “კარუსელის” ჰიპოთეტური რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ეს რისკები, შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევაში რეალიზდეს კიდეც. არ ვამბობ, რომ გამორიცხული და ძალიან დაბალი ალბათობისაა. თუმცა, რისკებით და ამ გზით წასვლა სჯობს, სისტემის ინტერნეტთან დაკავშირებას, რომელიც კიბერშეტევებისთვის გაცილებით უფრო მოწყვლადია.”
ცესკოსგან გვაინტერესებდა, როგორ გადაწყვიტეს, რომ ბაზა იზოლირებული ყოფილიყო, ვინ იყო ამ მოდელის ინიციატორი და რას ფიქრობენ ე.წ “კარუსელის” რისკზე. თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გვითხრა, რომ ინტერნეტს გარეთ მოდელი ოპოზიციასთან შეათანხმეს, საერთაშორისო პრაქტიკაც გაითვალისწინეს და არ არსებობს მანიპულაციების სივრცე. თან, გამჭვირვალობას უბანზე დამკვირვებლებიც უზრუნველყოფენო.
“ვინაიდან ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ტარდება ელექტრონული აპარატებით, კიბერჩარევის თავიდან აცილების მიზნით ეს აპარატები არცერთ ეტაპზე არ იქნება ჩართული ინტერნეტში. ყოველი ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს, რომ მან ბიულეტენი მიიღო, გაიარა ვერიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ეს გადათვლადია. ასევე, ადგილზე გადაითვლება ყველა იმ უბნის შედეგები, სადაც ხმის მთვლელი მანქანა იქნება, ასევე, შემთხვევითი შერჩევის წესით გადაითვლება 5 უბანი თითოეულ საარჩევნო ოლქში, შესაბამისად, აქ აღარ რჩება სივრცე რაიმე ტიპის ბუნდოვანების თუ მანიპულაციის.”
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემის გამართულობაზეცაა დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს თემა ხალხისთვის პოპულარული არ არის. პოლიტიკოსებიც გვეუბნებიან, გვიჭირს ამომრჩეველს ავუხსნათ, რაში წაადგებათ საარჩევნო რეფორმაო. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი საარჩევნო სისტემის მიმართ უნდობლობაცაა.
ცესკოს რომ ვკითხეთ, რა ნაბიჯებს დგამს, მოქალაქეების უნდობლობის დასაძლევად, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გვიპასუხა, სტაბილურად გვაქვს 50%-ანი სანდოობა და ამომრჩეველთა 90% პროცედურებს დადებითად აფასებს, რაც პოლიტიკური თუ მედია პოლარიზაციის პირობებში, ნამდვილად დიდი მიღწევააო.
თავმჯდომარის მოადგილემ უნდობლობის მიზეზად დეზინფორმაციაც დაგვისახელა, თუმცა არ უთქვამს, როგორ ებრძვიან მას. ის კი დაამატა, მხოლოდ ცესკო ვერაფერს გახდება, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ვალდებულებაცაა, ამომრჩევლამდე სწორი ინფორმაციის მიტანაო.
ჩვენ კი ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეებში ამ თემების აქტიურად განხილვა, პრობლემებზე მსჯელობა და გამოსავლის ძიება არც მედიას აინტერესებს, არც პოლიტიკოსებს და არც საზოგადოებრივად აქტიურ ჯგუფებს. ამ მასალით კი ჩვენ ვეცადეთ, თქვენი ყურადღება იმ თემისთვის მიგვეპყრო, რომელზეც მომდევნო არჩევნების გამჭვირვალობა და ქვეყნის ევროპული მომავალია დამოკიდებული.