fbpx
samkharauli

მშენებლობის დამკვეთი სამხარაულის დასკვნას მალავს

მედეა ბოჭორიშვილი ორ შენობას, მეზობლებთან ერთად, რვა თვეზე მეტია დარაჯობს. სკოლა და საცხოვრებელი სახლი თბილისში, ბარნოვის 8 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. მათ შორის შპს “თრიფელ ეი” ახლა ოთხსართულიან სასტუმროს აშენებს, რომელიც ძეგლის სტატუსის მქონე შენობებიდან 3 მეტრითაა დაშორებული.

მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ ბარნოვის 10-ში მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი დადებითად შეაფასა. ამით საბჭომ უგულებელყო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით დადგენილი ნორმა, რომელიც განსაზღვრავს ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალს, სადაც ნებისმიერმა მოქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი ძეგლიდან 50 მეტრის რადიუსით განისაზღვრება.

ბოჭორიშვილი და მისი მეზობლები ეჭვქვეშ აყენებენ კერძო კომპანიის, შპს “ლილეოს” ანგარიშს, რომელიც ასკვნის, რომ მომიჯნავე შენობებს, რომელთაც ძეგლის სტატუსი აქვთ, მშენებლობა ზიანს არ მიაყენებს.

თუმცა, 8 ნომერში მცხოვრები ნაირა ფოლადაშვილის თქმით, ბარნოვის ვიწრო ქუჩა დამატებით დატვირთვას ვერ გაუძლებს. “როდესაც ქუჩაში მძიმე ტექნიკა მოძრაობს, სახლი ზანზარებს”, ამბობს ფოლადაშვილი.

მოსახლეობა მშენებლობის დამკვეთს, შპს “თრიფელ ეის” სთხოვს, წარმოადგინოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს აზიანებს თუ არა მშენებობლობა მიმდებარედ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

ჩვენ გავარკვიეთ, რომ “თრიფელ ეიმ” სამხარაულის ბიუროს დასკვნის მომზადება 2017 წლის 16 ივნისს დაუკვეთა, პასუხი კი ერთ თვეში მიიღო. თუმცა, რა წერია დასკვნაში უცნობია. ინვესტორმა კომპანიამ ეს დასკვნა არაერთი თხოვნის მიუხედავად არ მოგვაწოდა და გვითხრა, რომ დოკუმენტი არ სჭირდებოდათ და ამიტომ სამხარაულის ბიუროდან არც გამოუტანიათ.

სამხარაულის ბიუროში კი “აი, ფაქტს” განუცხადეს, რომ კომპანიამ დასკვნა 2017 წლის 19 ივლისს გაიტანა. ვინაიდან “აი, ფაქტი” დამკვეთი არაა, სამხარაულის ბიუროდან დოკუმენტის მოპოვება ჩვენთვის შეუძლებელია.

2017 წლის ოქტომბერში თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელმა წარმომადგენლმა, ნინი მთვარაძემ აღნიშნა, რომ მერია არ იყო ვალდებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მოეთხოვა: “ეს იქნება პირდაპირი დისკრიმინაცია, რადგან არის ბევრი კერძო კომპანია, რომელიც აკეთებს მსგავს დასკვნებს.”

რაც შეეხება კომპანიას, რომლის მომზადებულ დასკვნასაც მერია ენდობა:

შპს “ლილეო” ალექსანდრე ყურაშვილმა 2011 წელს დააფუძნა. სწორედ ყურაშვილი აწერს ხელს ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ მომზადებულ დასკვნას.

“ლილეო” აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ, რომელიც კომპანიების შესაბამისობასა და კომპეტენციას საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების საფუძველზე ადგენს, აკრედიტებული არაა.

შპს “ლილეოს” სახელი კიდევ ერთ საქმეს უკავშირდება. 2014 წელს, თბილისში, ონიაშვილის 14-ში მშენებარე კორპუსის მე–7 და მე–6 სართულების კედლები ჩამოინგრა, სამშენებლო ბლოკები მომიჯნავედ მდგარ კერძო სახლს დაეცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა სამუშაო დოკუმენტში ამ მშენებლობის დროს მომხდარი შემთხვევის გამომწვევი ფაქტორებია განხილული. აქვე ნათვქამია, რომ ჩამონგრეული მშენებლობის დოკუმენტაციას თან ერთვოდა შპს “ლილეოს” მიერ მომიჯნავე შენობებზე გავლენის შეფასება. სამინისტროს შიდა კვლევაში ხაზგასმულია, რომ “ლილეოს” დასკვნა ორ დღეში არის დაწერილი და მასში ბევრი უზუსტობაა.

“გარდა მრავალი ტექნიკური ხარვეზისა, დასკვნაში არ არის მოცემული არანაირი გაანგარიშებები, კველევები, ემპირიული ან ლაბორატორიული მეთოდები. სრულიად გაუგებარია საიდან და რის საფუძველზე ასკვნის ექსპერტი გავლენა/არგავლენას მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე”, ნათქვამია სამინისტროს დოკუმენტში.

თბილისის მერიას ვკითხეთ, ენდობა თუ არა ისეთი კომპანიის დასკვნას, რომელსაც აკრედიტაცია არ აქვს. “დასკვნას ვინც აწერს ხელს, მთავარია იყოს დარგის სპეციალისტი და გააჩნდეს შესაბამისი დიპლომი. კანონმდებლობა არ მოითხოვს, რომ თავად კომპანიას, სადაც ეს პიროვნება მუშაობს, ჰქონდეს აკრედიტაცია,” გვითხრა ნინი მთვარაძემ.

[metaslider id=2126]”

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ კომპანიებს, რომლებიც გეოლოგიურ, კონსტრუქციულ თუ სხვა სახის საექსპერტო დასკვნებს წერენ, აუცილებელია აკრედიტაცია ჰქონდეთ. მისი თქმით, კანონმდებლობის ხარვეზები საშუალებას იძლევა, რომ მერიის ტენდერისთვის გამოუცდელმა პიროვნებამ დაარსოს კომპანია და დაბალი ფასით კონკურსი მოიგოს.

“ხშირად, კონსტრუქციული და გეოლოგიური დასკვნის ავტორები შეთანხმებულები არიან მენაშენეებთან. გამოსავალია, კომპანიას ჰქონდეს აკრედიტაცია. თუ არასწორ დასკვნას დაწერს უნდა შეექმნას პრობლემები,” გვეუბნება ამაშუკელი. “საჭიროა კანონდებელობის შეცვალა. თუმცა, გაურკვეველია სახელმწიფო როდის დაარეგულირებს ამ სფეროს. კანონები ლიბერალურია და მშენებლობას ხელს უწყობს, რადგან ითვლება, რომ ეს არის ერთ–ერთ ყველაზე მზარდი ბიზნესი. მოქალაქეებს და ქალაქს რომ ვაზიანებთ, ამას ყურადღებას არავინ აქცევს.”

ბარნოვის ქუჩაზე მშენებლობა 7 მაისს, საექსპერტო დასკვნის გარეშე დაიწყო. კომპანიამ “ლილეოსგან” დოკუმენტი ერთ თვეში მიიღო.

2017 წლის 11 მაისს ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებმა მერიის იურიდიულ სამსახურში სარჩელი შეიტანეს და მშენებლობისთვის გაცემული ყველა დოკუმენტის ბათილად ცნობა მოითხოვეს. 29 მაისს მერიის იურიდიულმა სამსახურმა დოკუმენტაციის გაცნობისა და გადამოწმების მიზნით მშენებლობა დროებით შეაჩერა.

მშენებლობის შეჩერებიდან 1 თვის შემდეგ შპს “თრიფელ ეიმ”, 29 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, მერიის არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელში კომპანიამ აღნიშნა, რომ მშენებლობის შეჩერებით ფინანსურად ზარალდებოდა, რადგან სამშენებლო კომპანია “მაი ბილდინგის” წინასწარ 228,363 ლარი გადაუხადა.

სარჩელში კომპანიამ ისიც აღნიშნა, რომ 30 დღის ვადაში სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მშენებლობის გავლენის შესახებ წარადგენდა. მაგრამ კომპანიას ამ დასკვნის წარდგენა არ დასჭირდა, რადგან მერიამ “თრიფელ ეის” მშენებლობის განახლების უფლება 5 ოქტომბერს, სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე მისცა.

მერიის პრესსამსახურის მაშინდელი წარმომადგენელი ნინი მთვარაძე “აი, ფაქტთან” საუბრისას განმარტავს, რომ “იურიდიულმა საქალაქო სამსახურმა შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ პრობლემა არ იყო. შესაბამისად, გაგრძელდა მშენებლობა”. მერია სამხარაულის დასკვნით დღემდე არ დაინტერესებულა.

იურიდიული სამსახური გადაწვეტილების ერთ-ერთ მიზეზი შპს “ლილეოს” მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნაა, რომლის თანახმად მომიჯნავე შენობებს მშენებლობით საფრთხე არ ექმნება.

2017 წლის ოქტომბერში, თბილისის მერის არჩევიდან რამდენიმე დღეში, სამშენებლო კომპანიამ ბარნოვის ქუჩაზე 5 თვის მანძილზე შეჩერებული მშენებლობა განაახლა.

მედეა ბოჭორიშვილი და მისი თანამოაზრეები მშენებლობის დოკუმენტაციას არ ენდობიან და მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და 6 მარტს მორიგ სხდომას ელოდებიან. მანამდე კი თბილისის მერიაში საქმის თავიდან გადახედვას ითხოვენ, იმ იმედით, რომ ახალი მერი მაინც მიაქცევს მათ პრობლემას ყურადღებას.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჰონორარების ძიების სევდიანი სიმღერა
copyright

ჰონორარების ძიების სევდიანი სიმღერა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share