გურიის რამდენიმე სოფელში ბენტონიტის 23 მილიონ ტონაზე მეტი მარაგია. ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე ძვირი ღირს, რადგან ისეთ მომგებიან სფეროებში გამოიყენება როგორიც ღვინისა და ნავთობის წარმოებაა. ერთი ტონა ნედლი ბენტონიტის ფასი 82 დოლარია, გადამუშავებულის ფასი კი ხარისხის მიხედვით იზრდება.
დღეს გურიაში ბენტონიტის მოპოვება ორ კომპანიას შეუძლია. მათ ლიცენზიები საქართველოს მთავრობისგან სხვადასხვა დროს შეიძინეს.
ორივე ლიცენზიას შპს “ასკანგელ ალიანსი” იყენებს, რომლის 60 პროცენტს კვიპროსის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია “სერტორა ლიმიტედი” ფლობს.
იგივე კომპანია ფლობდა შპს “მთისპირ 2010”-ში ჯერ 40, შემდეგ კი 60 პროცენტიან წილს 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე. “სერტორა ლიმიტედი” დღესაც ფლობს 60 პროცენტიან წილს შპს “ასკანგელ ჯგუფში.” შპს “მთისპირი 2010,” შპს “ასკანგელ ჯგუფი” და შპს “ასკანგელ ალიანსი” ერთსა და იმავე ადამიანების გარემოცვას ეკუთვნით – სხვადასხვა დროს ამ კომპანიების მფლობელები იყვნენ თენგიზ შარაშიძე, გოჩა ჩხაიძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ნინო ჩხეიძე, დავით შარაშიძე და “სერტორა ლიმიტედი.”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ეკონომისტის, ბესო ნამჩავაძის თქმით, საქართველოში შემოსული ოფშორული კომპანიების მიზანი უფრო კონფიდენციალურობის შენარჩუნებაა, ვიდრე გადასახადებისგან თავის არიდება. “ოფშორის მიზანია, ვერ გავიგოთ ან მარტივად ვერ გავიგოთ, რეალურად ვისი ფული შემოდის.”
შპს “მთისპირ 2010”-ში ოფშორული “სერტორა ლიმიტედის” გამოჩენამდე 5-5 პროცენტიან წილებს ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის მძღოლი, ვეფხია ღლონტი და ივანიშვილების ბიძაშვილი, პეტრე ივანიშვილი ფლობდნენ. 2015 წლის ბოლოს ორივე მათგანმა თავიანთი წილები უსასყიდლოდ დავით შარაშიძეს გადასცეს. არადა, ეს წილები 2015 წლის ივნისში დავით შარაშიძისგანვე მიიღეს უსასყიდლოდ.
“სერტორას” შემთხვევაში ვერ დავადგინეთ მისი რეალური მფლობელის ვინაობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შესაძლო წყაროს ვკითხეთ. ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი შევისწავლეთ, რომელთა მიხედვით, “სერტორა” კვიპროსელ კოსტა ციელეპისს ეკუთვნის. ციელეპისი კვიპროსში საკონსულტაციო და აუდიტორულ საქმიანობას ეწევა. ჩვენს კითხვას, რატომ დაინტერესდა საქართველოში ბენტონიტის მომპოვებელ კომპანიაში ინვესტირებით, მან არ უპასუხა.
იურისტმა დავით კლდიაშვილმა გვითხრა, რომ კვიპროსში რეგისტრირებული “სერტორა ლიმიტედის” რეალური მფლობელის ვინაობა არ იცის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამავე კომპანიის დოკუმენტებში ოფიციალურ წარმომადგენლადაა მითითებული.
დავით შარაშიძის მამა, თენგიზ შარაშიძე ორივე კომპანიაში დღემდე 10-10 პროცენტს ფლობს. მისი თქმით, “წილების გადანაწილებისას საგადასახადო კუთხით ყველაფერი სწორად და ჭკვიანურად გაკეთდა,” თუმცა, არ გაგვიმხილა სერტორას რეალური მფლობელის ვინაობა.
სწორედ თენგიზ შარაშიძის შვილმა, დავით შარაშიძემ 2016 წელს მიჰყიდა ოფშორულ “სერტორა ლიმიტედს” “ასკანგელ ჯგუფის” 27 და შპს “მთისპირი 2010”-ის 15 პროცენტი. მათ შორის, ადიკო ივანიშვილის მძღოლისა და ბიძაშვილის მიერ უსასყიდლოდ დათმობილი 5-5 პროცენტი. საერთო ჯამში, დავით შარაშიძემ წილების გაყიდვიდან 1.8 მლნ აშშ დოლარი აიღო.
ბენტონიტის ბიზნესის გარდა, დავით შარაშიძისა და ადიკო ივანიშვილის გზები შპს “ტერმინალ ნეოიბერიაშიც” იკვეთება. კომპანია სასაწყობო გადაზიდვების სფეროში საქმიანობს. ივანიშვილი ამ კომპანიასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. თუმცა, საჯარო რეესტრის მიხედვით იგი დღემდე “ტერმინალ ნეოიბერიაში” 5 პროცენტს ფლობს, რომელიც ადიკო ივანიშვილმა 2017 წლის 28 თებერვალს შარაშიძისგან უსასყიდლოდ მიიღო.
ივანიშვილმა “აი, ფაქტთან” სატელეფონო საუბრისას ვეფხია ღლონტთან და პეტრე ივანიშვილთან კავშირიც უარყო და განმარტა, რომ ბენტონიტის ბიზნესიდან “დიდი ხანია გამოსულია.”
შპს “ასკანგელ ალიანსსა” და შპს “ასკანგელ ჯგუფში” 10-10 პროცენტს ფლობს ალექსანდრე ჩხეიძეც, რომელსაც ოფშორული კომპანიის რეალური მფლობელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ბენტონიტის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორმა, კახა სიორიძემ ჩვენს წერილობით კითხვებს არ უპასუხა. სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ ოფშორული კომპანიის მფლობელის ვინაობას არ გვეტყოდა და რომ სახელმწიფოს ამ თემაზე ინფორმაცია აქვს.
სახელმწიფოს რომ ინფორმაცია აქვს, ამას საწარმოს გახსნის ცერემონიაც მოწმობს, რომელსაც პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდნენ. მეტიც, 2016 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის (“აწარმოე საქართველოში”) ფარგლებში კომპანიას ბენტონიტის გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად 43,974 ლარის ღირებულების მიწა ოზურგეთის რაიონში 1 ლარად გადასცა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კომპანიის ოფშორში რეგისტრირებულ წილებს არ მიიჩნევს მიწის მათთვის გადაცემის დამაბრკოლებელ გარემოებად.
ბენტონიტს გურიაში საბჭოთა დროსაც მოიპოვებდნენ და ფხვნილს აწარმოებდნენ, სახელწოდებით “ასკანიტი” და “ასკანგელი.” 1990-ანი წლების ბოლოს ასკანის საბადოდან ბენტონიტური თიხის მოპოვების უფლება ბერძნულმა კომპანიამ Silver and Barite Mining Company-მ (SBMC) შეიძინა. ბერძნები ამ სახის ბუნებრივი რესურსის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებლები არიან მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, მათ გურიაში ბენტონიტის მოპოვების პროცესი ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეაჩერეს, კარიერი კი დააკონსერვეს. SBMC ფლობს ბენტონიტის კარიერსა და გადასამუშავებელ საწარმოს საბერძნეთშიც, თუმცა, სპეციალისტების ვარაუდით, ბერძნული ბენტონიტი ქართულს ხარისხით ჩამოუვარდება, ამიტომაც, გურიაში ლიცენზიის შეძენით, ბერძნებმა კონკურენციის რისკი შეამცირეს.
კარინე ხაჩატურიანმა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა 2012 წელს კვლევის ფარგლებში ექსპერიმენტი ჩაატარა. მან ერთმანეთს შეადარა ვაიომინგის–ამერიკის შეერთებული შტატების ბენტონიტური თიხების საბადოს, ბერძნული ბენტონიტისა და ასკანის საბადოს თიხის ნიმუშები. ვაიომინგის თიხები ბენტონიტური თიხების ეტალონად ითვლება. ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც თიხის ხარისხიანობას ადგენენ გაჯირჯვებადობა, ანუ წყალში მოცულობის ზრდაა. ფოტოზე კარინე ხაჩატურიანის ექსპერიმენტის შედეგებია ნაჩვენები, რომლის მიხედვითაც გაჯირჯვებადობის ყველაზე მაღალი დონე (20–ჯერ მოიმატა მოცულობაში) ქართულმა ბენტონიტმა (ნიმუში 4,5 ) გამოავლინა.
ბერძნული კომპანიის ლიცენზიას ვადა 2017 წლის დეკემბერში ამოეწურა და ქართული ბენტონიტის ერთადერთი ექსპორტიორი “ასკანგელ ჯგუფი” გახდა, რომლის 60 პროცენტს ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ფლობს. საქართველოდან ექსპორტზე გატანილი რესურსის რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება.
”ოფშორი გამჭვირვალე საზოგადოებაში ცუდ ტონად ითვლება, რადგან იქ დარეგისტრირებული კომპანიების მფლობელების ვინაობა დაფარულია და ისინი საგადასახადო პრივილეგიებით სარგებლობენ. ჩვენი კანონმდებლობა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების საქმიანობას კი არ კრძალავს, არამედ გადასახადებისაგან თავის არიდებას,” – ამბობს გოგი ღლონტი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში.
ღლონტს ვკითხეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოუვიდოდა “ასკანგელ ჯგუფის” მიერ ბენტონიტის მოპოვებითა და გადამუშავებით მიღებულ მოგებას: “საქართველოში რასაც გავაკეთებ და ბიზნესიდან რა ფულსაც ავიღებ, მაინც დავიბეგრები, მაგრამ იმ 60 პროცენტს, რომელიც ოფშორშია, ვერავინ ახლებს ხელს. გამოდის, რომ 60 პროცენტს მალავ, ხოლო დანარჩენზე ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით იხდი გადასახადებს.”
ანალოგიურად გვიპასუხა შემოსავლების სამსახურმა. მათი ინფორმაციით, თუ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის 60 პროცენტს ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ფლობს, მოგების გადასახადს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული პარტნიორი იხდის, კუთვნილი 40 პროცენტიანი წილის გათვალისწინებით.