რამდენიმე თვეა, ვცდილობთ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა ინსტიტუციისგან მივიღოთ ზუსტი ცნობები იმაზე, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ქართული მიწა დაიპყრეს რუსებმა 2008 წლიდან დღემდე და სულ რამდენჯერ გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი. პასუხი მთავრობას არ აქვს. ამ საკითხზე არც საუბრობენ და რუსების მიერ მავთულხლართების გავლებას უცხოური, გაუგებარი, ემოციებისგან დაცლილი სიტყვით მოიხსენიებენ. თქვენც ათასჯერ გექნებათ გაგებული ეს სიტყვა “ბორდერიზაცია.”
აქ გიყვებით იმას, რაც ადგილობრივებისგან და საკითხით დაინტერესებული ადამიანებისგან მოვაგროვეთ. ოფიციალური წყაროები კი სდუმან.
სოფელ ბერშუეთში ადგილობრივებს სათვალავიც კი აერიათ, იმდენჯერ გადმოსწიეს რუსებმა მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ. “დამშლელი არავინ ჰყავთ და გადმოსწევენ, აბა, რას იზამენ, სწევენ და სწევენ,” – გვეუბნება სოფელში ჩასულებს გრიშა კვიჭინაძე.
ბერშუეთელი დავით ჭიჭინაძე გვიყვება, რომ ადრე საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ჯვრის უკან იყო მოქცეული და არ ჩანდა, ნელ-ნელა მავთულხლართებმა ჯვარიც შთანთქა და ბანერებიც წინ და წინ გადმოიწია.
ჩვენ ბერშუეთის ცენტრში ვიდექით, სადაც ადგილობრივები გვიყვებოდნენ და გვაჩვენებდნენ, სად იდგა ბანერი ადრე და სადამდე გადმოიწია. მოგვიყვნენ, რომ ბანერს ადრე ფერდობი ეფარებოდა და შემდეგ ყველასთვის შესამჩნევი გახდა მწვანე ფონზე არსებული თეთრი, რუსული წარწერა. ხელთ არც ჭოგრიტი გვქონია და არც ობიექტივით მოგვიახლოებია კადრი, თუმცა ყველა ნათლად ვხედავდით ჯვარსაც და იმ შიშის ბანერსაც, რომელიც სოფლის ზემოთ, მთისკენ არის აღმართული.
მედიაში მოძიებული სიახლეების თანახმად, ბერშუეთში რუსებმა საოკუპაციო ხაზი 2013 და 2017 წელს გადმოსწიეს. იქაურები ახლა უკვე ვერც ტყით სარგებლობენ. თუ ადრე შედიოდნენ, ხეს ჭრიდნენ და ზამთარში შეშა მაინც ჰქონდათ, ახლა გატაცების შიშით ტყეშიც ვეღარ შედიან და ვეღარც მესაქონლეობას ეწევიან პირუტყვის თუ მწყემსის გატაცების შიშით.
ოფიციალური მონაცემებით, მავთულხლართები თუ ბანერები შეეხო შიდა ქართლის 32 სოფლის მიწას. თუმცა, რამდენჯერ გადმოსწიეს საოკუპაციო ხაზი 2011 წლიდან დღემდე, არავინ იცის. ეს მონაცემები ჩვენ ვერც საჯარო ინფორმაციის სახით მივიღეთ, ვერც რომელიმე ანგარიშში ვიპოვეთ და ვერც ადგილობრივებთან გავარკვიეთ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან იმის გარკვევაც ვცადეთ, კონკრეტულად რამდენი კვადრატული მეტრი მიწა დაიკარგა მცოცავი ოკუპაციის პერიოდში, თუმცა ვერც ეს ინფორმაცია მივიღეთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ანგარიშში წერია, რომ სამსახურმა 2020 წელს შიდა ქართლში ბორდერიზაციის 60 ფაქტი დააფიქსირა. წინა წლების მონაცემები კი უცნობია.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავაც გვეუბნება, რომ მთავრობა იმ ინფორმაციას, თუ რამდენი კვადრატული მეტრი დაიკავეს 2008 წლის შემდეგ რუსებმა ან რამდენჯერ გადმოიწია ე.წ. საზღვარი, არ აზიარებს. ის მისი გუნდის დათვლილ მონაცემებს გვიზიარებს და გვეუბნება, რომ 2012 წლიდან, რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში 60 მილიონი კვ.მ. მიწა დაიკავეს. ამაში შედის ე.წ. შიშის ზონებიც – ტერიტორია, რომელიც ოფიციალურად ოკუპირებული არაა, მაგრამ ადგილობრივები მას ვერ იყენებენ, რადგან ოკუპანტები ადამიანებს ამ არეალიდან ხშირად იტაცებენ.
“ჩვენ გვაქვს დაკარგული მიწების და ე.წ. შიშის ზონების ფართობის დათვლის ჩვენეული მეთოდი. მაგალითად ასეთი: ჩავდივართ სოფლებში, მოსახლეობას ვთხოვთ წაგვიყვანონ იქამდე, სადამდეც მიდიან და რომლის იქითაც აღარ გადადიან. ვთხოვთ, გვაჩვენოთ სად იწყება შიშის ზონები. შემდეგ ამ ადგილიდან ვიღებთ წერტილების კოორდინატებს და ვადარებთ ძველ რუკებს. სწორედ ამ მეთოდოლოგიით დავთვალეთ, რომ 60 მილიონ კვ.მ. მიწაზე გვაქვს კონტროლი დაკარგული.”
დავით ქაცარავა იმასაც გვიხსნის, რომ ბორდერიზაციის პროცესი დრო და დრო უფრო აქტიურდება. მისი თქმით, ყველაზე მზარდი ტემპი 2012 წლიდან 2017 წლამდე იყო. მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” “არ გაღიზიანების” პოლიტიკას აქტიურად ატარებდა. ამ პერიოდში ოკუპანტებმა 48 კილომეტრი შემოღობეს. შემდეგ კი, რაც “ანტისაოკუპაციო მოძრაობამ” დაიწყო ყველა ასეთი ამბის სააშკარაოზე გამოტანა, თემის გააქტიურება, პატრულირება, ადგილობრივებთან მჭიდრო კომუნიკაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და საჭიროებისამებრ აქციები, შემთხვევებმაც იკლო.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ფიქრობს, რომ ბორდერიზაციის პროცესის დროში ასე გაწელვა, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის ტერორში ყოფნას ემსახურება: “მე მეჩვენება, რომ ბორდერიზაცია სპეციალურად არ კეთდება სწრაფად. 350 კილომეტრია მთელი პერიმეტრი და რამდენი წელია ამის შემოსაზღვრას აკეთებენ. დიდი ანალიტიკოსობა არ უნდა. რეალურად, შემოსაზღვრაზე რომ იყოს საქმე, მაქსიმუმ 1-2 თვეში გააკეთებდნენ. მე მგონი, აქ მთელი ამბავი ის არის, რომ რუსეთმა მუდმივი დაპირისპირება მოახდინოს საქართველოს პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის და იყოს მუდმივი კითხვაც – რა გავაკეთოთ?”
მხოლოდ ქართული მედიის ბოლო ერთი წლის არქივს თუ გადავხედავთ, რუსი დამპყრობლები მავთულხლართებს ავლებდნენ ოკუპირებულ ორჭოსანსა და ყარაფილასთან; კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორაკასთან; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთთან, სოფელ ტახტისძირთან, სადაც ოკუპანტებმა ბოძები ერთ კილომეტრზე დაამონტაჟეს და ა.შ.
2020 წლის მაისში, როცა საქართველოში მკაცრი კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებდა, რუსეთი მავთულხლართებს ერთდროულად 12 სოფელში “ხლართავდა.”
2011 წლიდან ბორდერიზაციის გარეშე არცერთ წელს არ ჩაუვლია. 2015 წელს კი მავთულხლართებმა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალამდე 400 მეტრში, სოფელ ორჭოსანში მოაღწია.
ე.წ. ბორდერიზაცია აქტიურად 2011 წელს დაიწყო. მაშინ დამპყრობელმა დიდი ხურვალეთი მავთულხლართებით ორ ნაწილად გაყო. ამ ამბის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო დათა პაპა გახდა, რომლის სახლიც რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, მიწა კი საქართველოს.
არჩილ სრესელი ჯარიაშენში ცხოვრობს. ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც რუსეთმა მიწა წაართვა. სრესელი იხსენებს, რომ რუსებმა მის სოფელში საოკუპაციო ხაზი პირველად 2010 წელს გადმოსწიეს და მისი ბაღი მავთულხლართების უკან მოექცა: “ვაშლის ბაღები მქონდა ახალი გაშენებული, მთლიანად იქეთ მხარეს მოექცა. მერე ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს ჩემი ბაღები. რაც მახსოვს, სამჯერ გადმოსწიეს. ჯერ თქვეს აქამდე ჩვენიაო, მერე კიდევ გადმოსწიეს და ერთი 50-მეტრიანი ნაკვეთი სრულად მიითვისეს. 4-5 წლის წინ კი ისევ გადმოსწიეს და კიდევ ერთი 50-მეტრიანი ნაკვეთის ნახევარიც მიამატეს.”
ადგილობრივებს ვკითხეთ, რას აკეთებს პოლიცია და ქართული სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში, რას ხედავენ ადგილზე. პასუხი ისეთივე უიმედოა, როგორც ამ ადამიანთა ყოფა საოკუპაციო ზოლთან. “რა უნდა გააკეთონ, რო?” – კითხვას კითხვითვე პასუხობენ ისინი.
იგივე კითხვა კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილსაც დავუსვით. მან გვითხრა, რომ ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადი არ არის, თუმცა მეორეა ის, თუ რა ფასის გადახდა უწევს რუსეთს ამ ბორდერიზაციისა და გატაცებებისთვის.
“საქართველოს ხელისუფლებას უფრო აქტიური პოზიცია უნდა ჰქონდეს და უნდა დააფიქსიროს რუსეთის პოლიტიკაზე საკუთარი შეხედულება. უნდა წაახალისოს ადგილობრივების დარჩენა ადგილზე და მეტი ყურადღება მიაქციონ, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც. იქ მოსახლეობას არც უსაფრთხოების და არც ყურადღების განცდა არ აქვს. წლებია ზოგან წყლის გაყვანას, ზოგან გადახურვას თუ ფინანსურ დახმარებას უშედეგოდ ჰპირდებიან. ამ ფონზე მიგრაციული პროცესი მძიმდება. ალბათ, ესენი უნდა მოგვარდეს. ამით პირდაპირ ბორდერიზაციას ვერ შეაჩერებ, მაგრამ გამოყოფ საკითხის მნიშვნელობას,” – გვეუბნება კანაშვილი.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავაც მიიჩნევს, რომ აუცილებელია “არ გაღიზიანების” პოლიტიკის გადახედვა, რადგან ეს სრული ფიასკოა.
“ადრე ჩვენი პოლიციის პოსტები იყო მთელს პერიმეტრზე და ოკუპანტებს არ ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. ამასთანავე, ქართული მხარე ძალიან აქტიური იყო საერთაშორისო არენაზე. ეს იყო საკმაოდ ეფექტური საშუალებები რუსეთის წინააღმდეგ. 2012 წლიდან 2017-მდე, როდესაც ქართულ ოცნებას არავინ ხელისშემშლელი არ ჰყავდა, მოიხსნა საპოლიციო პოსტების უმრავლესობა და სოფლების შესასვლელებში გადმოინაცვლა. ყველაფერმა ამან კი ოკუპანტებს უფრო აქტიური ბორდერიზაციისთვის გაუხსნა ხელ-ფეხი,” – გვიყვება ქაცარავა.
საერთო ჯამში, საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ია. აქედან 56 კილომეტრი უკვე მავთულხლართებითაა მონიშნული. ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშიას” დათვლით, მცოცავი ოკუპაციით უკვე დაკარგული გვაქვს 60 მილიონი კვ.მ. მიწა. რომ წარმოიდგინოთ, ეს სოხუმსა და ცხინვალზე, ერთად აღებულზე, მეტი ტერიტორიაა.
სტატია მომზადებულია “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ მხარდაჭერით.