fbpx

რა აწუხებთ გაღმა ჩუნეშში?

“Ბევრი რამის გაკეთება მინდოდა სოფელში, მათ შორის მუსიკალური ფესტივალის, თუმცა შეუძლებელია, იქ არავინ მოვა. Სესხი გავაკეთე და ჯიპი ვიყიდე სპეციალურად, მაგრამ ჯიპიც დავანგრიე, ისეთი გზის მონაკვეთებია,”- გვითხრა ქუთაისელმა მუსიკოსმა გივი შალამბერიძემ. მან გაღმა ჩუნეშში მიწის ნაკვეთი სამი წლის წინ იყიდა. სოფელში ხალხის მოზიდვას აპირებდა, მაგრამ ცუდი პირობების გამო გეგმებზე უარის თქმა მოუწია.

გაღმა ჩუნეში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის თემს ეკუთვნის. აქ 2-კილომეტრიან მონაკვეთზე არც გზა აქვთ და არც წყალი. არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ადგილობრივები ქალაქ წყალტუბოში რომ ჩავიდნენ, ორ კილომეტრამდე მანძილი ფეხით უნდა გაიარონ და ცენტრალური გზიდან გაჰყვნენ სხვა სოფლის ავტობუსს. 

იმერეთის სოფლებში კარდაკარ რომ დავდივართ და პრობლემებზე ვეკითხებით, ყველა წყალზე და გზაზე ჩივის. გაღმა ჩუნეშიც არაა გამონაკლისი. აქ უწყლობის გამო ვერც მოსავალი მოჰყავთ. ადგილზე ჩავედით და მოსახლეობას გავესაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, უყურადღებობის გამო სოფელი იცლება. 2014 წლის აღწერის მონაცემებით აქ 40 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი 23 ოჯახია შემორჩენილი. 

scaled
გაღმა ჩუნეშის გზა

“მდინარით ვსარგებლობთ, მერე წყარო გავაკეთეთ ხალხმა მარა წვიმა როცაა ტალახადაა გადაქცეული, უსაშველო გვაქ გაჩენილი. ყველა უბანში თითქმის გაკეთებულია, ჩვენ ვართ დარჩენილი უპატრონოდ. ყველა გვპირდება ვინც მოდის, გავაკეთებთ გავაკეთებთო, მაგრამ არც ერთი გვაქცევს ყურადღებას,”- გვითხრა ადგილობრივმა ნონა გურდიანმა.

“წყალზე სადაა საუბარი, რაღაც სასაცილო წყაროა და რომ წვიმს, მღვრიე წყალს ვსვამთ. წყალზე საერთოდ არ გვიფიქრია, აუსრულებელ ოცნებად მიგვაჩნია,”- ამბობს გივი შალამბერიძე.

“სოფელს რო ყურადღება არ ექცევა, გარბის ხალხი, აქანა კაცი არ ჩერდება. ყველა მთავრობა დაგვპირდა ვითომ გზის გაკეთებას, მაგრამ დავბერდი იმას შუა და ამას შუა, რომ გვპირდებიან. აქ რომ ვინმე უცხო მოვიდეს მანქანით, გაჭირვებით მობრუნდება გზაზე და წავა,”- გვითხრა 62 წლის გია კუტივაძემ გაღმა ჩუნეშიდან.

ის სოფლის ბოლოში, ტყის პირას ცხოვრობს. სახლს რომ მივუახლოვდით, ძაღლების ყეფა და საკვამურიდან ამოსული ბოლი რომ არა, ვერ შევამჩნევდით დასახლებულ პუნქტში რომ შევედით. გზა ქვით, ტალახით და ხმელი ფოთლებითაა დაფარული. ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ამ მონაკვეთზე ბეტონი არასოდეს დაუსხამთ.

სოფლის შედარებით ცენტრალურ ნაწილში ალაგ-ალაგაა მობეტონებული მხოლოდ მცირე, ორმეტრიანი მონაკვეთები და ისიც დაბზარულია. ადგილობრივებმა გვითხრეს, ეს ხუთი წლის წინ გააკეთესო.

“ადგილ-ადგილ დაასხეს გზა ვითომ მარა წაიღო წყალმა. როცა ვანგრევთ რამეს, ორმოებს ჩვენით ვავსებთ. 21-ე საუკუნეში წყალი და გზა რომ არ გექნება, ელემენტარული, კიდე როგორ ვართ…,”- გვითხრა ნონა გურდიანმა.

Screenshot 2022 11 14 at 11.02.49
გაღმა ჩუნეშის გზა

რომ გაგვეგო, როდის მოუგვარდებათ გაღმა ჩუნეშში პრობლემები, ცხუნკურში წყალტუბოს მერის წარმომადგენელს, მერაბ სულაბერიძეს დავუკავშირდეთ. მან ადგილობრივების გასაჭირზე ყველაფერი კარგად იცოდა. ზუსტი თარიღი ვერ დაგვისახელა, მაგრამ ჩუნეშთან დაკავშირებით მთავრობის სამომავლო გეგმები დეტალურად გაგვაცნო.

“ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმისა და თვალოძეების უბნის გზა კაპიტალურად დაიგება. ტენდერი გამოცხადდება ახალი ბიუჯეტის პირველივე კვარტალში. ცენტრალური მაგისტრალიდან ეფრემიძეების უბანში შესასვლელ გზაზეც გამოცხადდება მალე ტენდერი ბიუჯეტის ნაშთებით და გაზაფხულზე დაიგება,”- გვითხრა მერაბ სულაბერიძემ.

მერის წარმომადგენელს თუ დავუჯერებთ, მომდევნო წელს გაღმა ჩუნეშს წყალიც უნდა ჰქონდეს.

“გაზაფხულიდან დაგვჭირდება კვლევა არტეზიული ჭის მოწყობაზე, რომ გადავქაჩოთ წყალი მაღალ წერტილზე და მივაწოდოთ სოფელს. ახლა ვყალიბდებით იმაზე, რომ დაახლოებით ორი წერტილი გვჭირდება, იმდენად გაფანტულია მოსახლეობა და დიდ ტერიტორიაზეა. ამხელა ქსელის მოწყობას სჯობს ორი ჭაბურღილის გაკეთება. წყლის მარაგი მიწის ქვეშ კი არის,”- აგვიხსნა მერის წარმომადგენელმა მერაბ სულაბერიძემ.

მთავრობები დაპირებებს კი გასცემენ, მაგრამ ყოველთვის კეთილსინდისიერად არ ასრულებენ. კარგია, რომ გაღმა ჩუნეშის მისახედად გეგმა მაინც არსებობს. ამიტომ, Ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, როგორ გაჰყვება წყალტუბოს ადგილობრივი მთავრობა ამ გეგმას. დავაკვირდებით, როდის გამოაცხადებენ ტენდერს და ვინ შეასრულებს სამუშაოებს წყლის სისტემის და გზის მოსაწესრიგებლად.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რატომ ეძახიან უბანს “ბერმუდის სამკუთხედს”?
გზა scaled 1

რატომ ეძახიან უბანს “ბერმუდის სამკუთხედს”?

სოფელში მოსაწყობია 900-მეტრიანი გზა, თუმცა, ყურადღებას არავინ აქცევთ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share