fbpx
duzagrama

დუზაგრამას ოლიგარქი ანუ როგორ დაეპატრონა მერის წარმომადგენელი სოფლის მიწებს? 

ავტორები: აიდან იუსიფი და მარიამ კაჭკაჭაშვილი 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამას თავისი ოლიგარქი ჰყავს, რომელიც სახნავ-სათეს მიწებს ეპატრონება. მუხტარ ისმაილოვი 2007 წლიდან სოფელში საგარეჯოს მერის წარმომადგენელია. წესით, სოფელში ხალხს ცხოვრებას უნდა უმსუბუქებდეს, მათზე უნდა ზრუნავდეს, ის კი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და დოკუმენტების გაყალბების გზით საკუთარ სიმდიდრეს ზრდის და ზრდის. 

ადგილობრივების თქმით, ისმაილოვის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორია საბჭოთა დროს სოფელს კოლექტიურ სარგებლობაში ჰქონდა. მან აქ მიწების მითვისება მერის წარმომადგენლად არჩევის შემდეგ, ხოლო მათი რეგისტრაცია 2020 წელს დაიწყო. ახლა ისმაილოვი განკარგავს 55 ნაკვეთს, რომელიც ოფიციალურად მისი ან მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არ არის. ამ მიწის ნაკვეთების ფართობი, ჯამში, 90 ჰექტარია. აქ მერის წარმომადგენელს ფერმა, სიმინდისა და იონჯას ყანები აქვს.  

ისმაილოვმა ეს ქონება თანასოფლელების შევიწროების ხარჯზე დააგროვა. მის წინააღმდეგ აქაურები პროტესტს აქამდეც გამოთქვამდნენ  და მათი პროტესტი მედიაშიც რამდენჯერმე გაშუქდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. 

1
ისმაილოვის მისაკუთრებული მიწის ნაკვეთი

რაბაიათ მამედოვა ერთ-ერთი დაზარალებულია. როგორც ამბობს, მიწა მისი ოჯახის სარგებლობაში იყო და ისმაილოვმა წაართვათ. მამედოვამ სოფლის რწმუნებულს პროკურატურაში უჩივლა, თუმცა მისი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. 

“მამაჩემს სარგებლობაში 2 ჰექტარი მიწა ჰქონდა. ისმაილოვმა მიწის გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტი არ მოგვცა, მე თვითონ უნდა გავაფორმო და გავყიდოო. 2020 წელს მიისაკუთრა და სხვებზე გადააფორმა. მუხტარს რომ ვუთხარი გიჩივლებ მეთქი, წადი, სადაც გინდა მიჩივლე, ვერაფერს მიზამო. ვუჩივლე პროკურატურაში, მივწერე პარლამენტს, მაგრამ 2 წელია ჩემს საჩივარზე არავინ რეაგირებს. საქართველოში კანონი არ არსებობს,” – გვითხრა რაბაიათ მამედოვამ. 

ისმაილოვს საკუთარ სახელზე მხოლოდ ორი ნაკვეთი აქვს, ჯამში 0.7 ჰა ფართობის. დანარჩენები კი ოჯახის წევრებსა და თანასოფლელებზეა გაფორმებული. “აი, ფაქტმა” ასეთი 31 ადამიანი გამოავლინა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების შესწავლით გავშიფრეთ სქემა, რომელსაც ისმაილოვი იყენებს. 

ვთქვათ, ისმაილოვს მოეწონა x ნაკვეთი, რომელიც რეესტრში არავის სახელზე არაა რეგისტრირებული. ამის შემდეგ იგი არჩევს სანდო ადამიანს, რომლის სახელზეც ეს ნაკვეთი ოფიციალურად უნდა გაფორმდეს. მისი რჩეული მიდის რეესტრში და ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს. რეესტრი იწყებს ამ პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძიებას არქივებში და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში. 

როცა რეესტრი ამ დოკუმენტს ვერ პოულობს, მიმართავს ვის? საგარეჯოს მერიას. მერიას ევალება დაადგინოს, ესა თუ ის ნაკვეთი არის თუ არა საკარმიდამო ან საოჯახო მეურნეობისთვის გაცემული მიწა. სწორედ აქ ერთვება ისმაილოვი როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი. მას მიჰყავს ნაკვეთთან ორი მოწმე, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნაკვეთი იმას ეკუთვნის, ვინც რეგისტრაციას ითხოვს. მოწმეებად ისმაილოვი მისთვის სანდო ადამიანებს იყენებს, მაგალითად მის ცოლს ან მეგობრებს… 

საბოლოო სიტყვა კი ისმაილოვზეა. მან უნდა დაუდასტუროს მერიას, რომ მიწის ნაკვეთი ნამდვილად არის მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწა. ისმაილოვი ასეც იქცევა და რეესტრი ნაკვეთს ამ პირს უფორმებს.  

ამ გზას გადის ყველა ის მიწა, რომელიც ისმაილოვის ხელშია. მან ასე დაარეგისტრირა 37 ნაკვეთი. გარდა ამისა, ისმაილოვს და მის შვილს სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული 24 ჰა მიწა. მასში, ყოველწლიურად, 9,170 ლარს იხდიან. 

ისმაილოვმა მის თანასოფლელს, აიაზ მამედოვს იჯარით ააღებინა 30 ჰექტარზე მეტი მიწა. სოფელში დაგვიდასტურეს, რომ აიაზ მამედოვის მიერ იჯარით აღებულ მიწას და მასზე არსებულ ფერმას ისმაილოვი განაგებს. თუმცა, თავად აიაზ მამედოვი ამ ფაქტს უარყოფს. 

“ის მიწებიც და ფერმაც ჩემია. მე თვითონ 1,400 ცხვარი გავყიდე. სოფლის ნახევარს  მუხტარი არ მოსწონს, მიწებს რატო ყიდულობსო. ისინი თავად არიან ცუდები და მაგიტო ერჩიან მუხტარს. მიწის ნაკვეთის კოდი არ მახსოვს და იჯარაში რამდენს ვიხდი, მაგას არ გეტყვი,” – გვითხრა აიაზ მამედოვმა. 

ფერმა
ფერმა, რომელსაც მუხტარ ისმაილოვი განაგებს

სოფელში ისიც გვითხრეს, რომ აიაზ მამედოვს ფერმერობის არაფერი ეტყობა და იორმუღანლოს ბაზარში ჭურჭლის მაღაზია აქვს. ბაზარში მისულებმა აიაზ მამედოვის მაღაზია ვიპოვეთ და მის ცოლსაც გავესაუბრეთ. 

“მაღაზია ჩემია. აქ მე ვმუშაობ. ჩემი ქმრის საქმეებში არ ვერევი, არც ის ერევა ჩემს საქმეებში. მიწების საკითხებს თავად აგვარებს, მე არ ვიცი რას აკეთებს,” – გვითხრა ელსევარ მამედოვამ.

სოფელ დუზაგრამაში ცნობილია, რომ ე.წ. 31-იანებში მიწის ნაკვეთებს ისმაილოვი აკონტროლებს. მერის წარმომადგენლის კონტროლქვეშ არსებული მიწები საჯარო რეესტრის რუკაზე მოვნიშნეთ და ადგილობრივებს ვკითხეთ, ვინ იყენებდა მონიშნულ ნაკვეთებს. მათაც დაგვიდასტურეს, რომ ისინი ისმაილოვის საკუთრებაშია. 

“მონიშნული 90 ჰექტარი მიწა სოფელში მერის წარმომადგენლისაა. თავად თესავს და თავად განაგებს, თუმცა ეს მიწები სხვების სახელზეა გაფორმებული. ფერმაც მუხტარისია და იქ ცხვრები ჰყავს,” – გვითხრა დუზაგრამას მაცხოვრებელმა კაპილ სულთანოვმა. 

“კი, ეს მიწებია. არასოდეს ყოფილა მუხტარის ეგ ადგილი. სახელმწიფოს მიწა იყო და იყენებდა. მერე ვისაც გადაუფორმა ისინი მუხტართან რაღაცის გამო ვალში იყვნენ და ამ ხალხს იყენებს,” – გვითხრა კიდევ ერთმა დუზაგრამელმა არზუმან აბბასოვმა. 

დუზაგრამაში ჩასულები სქემაში ჩართულ 31 ადამიანთაგან რამდენიმესთან მივედით და ვთხოვეთ, ეჩვენებინათ, სად მდებარეობს მათი ნაკვეთები. გვაინტერესებდა, ადგილმდებარეობა მაინც თუ იცოდნენ.

დოკუმენტების მიხედვით 2020 წლის ოქტომბერში ასკინაზ სულთანოვამ საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მიმართა. მას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არ ჰქონდა. რეესტრმა ეროვნული არქივისგან პასუხად მიიღო, რომ 2000 წლის შემდეგ სულთანოვების კომლის პირად საკუთრებაში ირიცხებოდა მხოლოდ 0,26 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და არა 11,179კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის გადაფორმებასაც ის ითხოვდა. ამის შემდეგ რეესტრმა მერიას მიმართა და მერიამ ისმაილოვს. Საბოლოოდ კი ისმაილოვის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საჯარო რეესტრმა სულთანოვას მოთხოვნა დააკმაყოფილა და 11,179 კვ.მ მიწა დაუკანონა. თუმცა ასკინაზ სულთანოვამ ჩვენგან გაიგო, რომ ე.წ. “31-იანებში” ჰექტარზე მეტი მიწა აქვს. 

“არა, შვილო, მე არსად არ მაქვს მიწა. მხოლოდ ესაა, რასაც აქ უყურებთ. [სახლს და კარ-მიდამოს] მუხტართან ერთად მხოლოდ პასპორტის ასაღებად ვიყავი წასული. არც წერა ვიცი და არც კითხვა. როცა ხელმოწერას მთხოვენ პლუსებს ვსვამ. მე არაფერი მიწა არ მაქვს,” – გვითხრა 63 წლის ასკინაზ სულთანოვამ.

სულთანოვას მსგავსად მასწავლებელმა ნისბათ გუსეინოვამაც მის საკუთრებაში არსებული მიწის შესახებ ჩვენგან შეიტყო. როცა ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა მიწის ნაკვეთი ე.წ. “31-იანებში”, გაკვირვებულმა შემოგვხედა და გვიპასუხა. 

“მამაჩემი რომ მოკვდა იმის მერე იქეთ (ე.წ. “31-იანებში”) არაფერი გვქონია. მე მხოლოდ სახლის ირგვლივ მიწები გადავიფორმე და ამის გარდა ერთი მიწა მასწავლებლების ადგილას მაქვს. მეტი არაფერი ვიცი”. 

მერის წარმომადგენლის მიერ მოფიქრებულ სქემაში მონაწილეობდა 69 წლის ხანნარ ალასკაროვიც. მან აღიარა, რომ ისმაილოვმა მის სახელზე ნაკვეთი დროებით გააფორმა, თუმცა რეალურად თავად იყენებს. 

“კი, მიწა მაქვს, ოღონდ ჩემი არ არის. მე არ ვიყენებ. მუხტარმა დროებით გადმომიფორმა. მითხრა, შვილი რუსეთში მყავს და მისი თანმხობა მჭირდება რომ გადავიფორმოო,” – გვითხრა ხანნარ ალასკაროვმა. 

გარდა იმისა, რომ ხანნარ ალასკაროვის სახელზე მუხტარმა მიწა გააფორმა, ის რამდენიმეჯერ მიწის დათვალიერების მოწმედაც გამოიყენა. ალასკაროვმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა, გვითხრა, არაფრის დასათვალიერებლად მე არ ვყოფილვარო.

მიწის კიდევ ერთ ფორმალურ მესაკუთრეს, ლათიფ ქაზიმოვს სახლში მივაკითხეთ. თავად არ დაგვხვდა და მისმა ცოლმა გვიპასუხა, რომ მინდვრებში მიწის ნაკვეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. 

“5-6 სული საქონელი გვყავს და მაგას ვუვლით, ასევე საკარმიდამო მიწას ვამუშავებთ. მინდორში არაფერი გვაქვს,”- გვითხრა ლათიფ ქაზიმოვის ცოლმა. 

ჩვენ კიდევ ოთხ ფორმალურ მესაკუთრეს ვკითხეთ, მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის შესახებ. ისინი გვარწმუნებდნენ, რომ მიწა მათი იყო და თავად იყენებდნენ. თუმცა, დაზუსტებით არც ერთმა გვითხრა ნაკვეთის მონაცემები, არ გვაჩვენა არანაირი დოკუმენტი და არც ადგილზე წაგვიყვანა. 

“აი, ფაქტი” თემაზე მუშაობისას რამდენიმეჯერ ჩავიდა სოფელ დუზაგრამაში. Რესპონდენტები და იქვე მყოფი ადგილობრივები ისე იქცეოდნენ, რომ ნათელი იყო, მუხტარ ისმაილოვს ატყობინებდნენ ჩვენი იქ ყოფნის შესახებ. Ზოგი მათგანი მაშინვე ტელეფონს იმარჯვებდა და შეტყობინებას აგზავნიდა. Ზოგი კი პირდაპირ რეკავდა. 

ანონიმური წყაროები კი გვეუბნებიან, რომ მუხტარ ისმაილოვი ჩვენი სოფელში ყოფნის შესახებ ყოველ ჯერზე იყო ინფორმირებული. შესაბამისად, მან მოახერხა და გააფრთხილა ის ადამიანები, ვინც მიწების გაფორმებაში ჰყავდა გამოყენებული, რომ ჩვენთან სიმართლე არ ეღიარებინათ. Დაგველაპარაკნენ მხოლოდ  გამონაკლისები,  რომელთა გაფრთხილებაც ისმაილოვმა ვერ მოასწრო.  

ისმაილოვი რომ მერის წარმომადგენელი არ იყოს,  ამ სქემასაც ვერ აამოქმედებდა. მერიის ყურამდე მისი საეჭვო გამდიდრების ამბავი მისული უნდა იყოს, რადგან ისმაილოვს მედია წარსულშიც აქტიურად აშუქებდა. გვაინტერესებდა, რატომ ხუჭავს მერი თვალს მისი წარმომადგენლის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. 

როგორც ჩანს, მერიაში არ აინტერესებთ მუხტარის უკანონო ქმედებები. როგორც გვითხრეს, ისმაილოვით კმაყოფილები არიან. დადებითად დაგვიხასიათეს და დააყოლეს, რომ მის პირად ქონებაში არ ერევიან და ეს ამბავი მათ არ ეხებათ.  

“მუხტარ ისმაილოვი ყოველკვირეულ თათბირზე აჟღერებს მოსახლეობის პრობლემებს, პერიოდულად გვაწვდის საჭირო ინფორმაციას და ზოგადად, ძალიან აქტიურადაა ჩართული სოფლის ცხოვრების საკითხში. მის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაციას მერიაში არ ვფლობთ. ეს არის პირადი საკუთრება და თავად უნდა გაესაუბროთ ბატონ მუხტარს. Არ ვთვლით საჭიროდ ამაზე გავაკეთოთ კომენტარი,” – გვითხრა საგარეჯოს მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა ქეთევან გრატიაშვილმა.  

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მუხტარ ისმაილოვი არ დაგველაპარაკა. 

ალბათ,  წარმოგიდგენიათ, რას აკეთებენ ისინი, ვისაც ისმაილოვზე მაღალი თანამდებობა და მეტი ძალაუფლება აქვს ამ ქვეყანაში? 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დუზაგრამას ოლიგარქი ანუ როგორ დაეპატრონა მერის წარმომადგენელი სოფლის მიწებს?
duzagrama

დუზაგრამას ოლიგარქი ანუ როგორ დაეპატრონა მერის წარმომადგენელი სოფლის მიწებს?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share