ავტორი: შორენა ლაღაძე
მთავრობას თუ დავუჯერებთ, ახლა ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა წელიწადში 40,000 მანქანას უნდა უშვებდეს. სამი წლის წინ, აპრილში ასე დაგვპირდა საქართველოს მაშინდელი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. ელექტრომობილების ქარხნის იდეის პრეზენტაცია მუსიკის ფონზე ჩაატარეს, ეკრანზე ელექტრომობილების ვიდეო გვაჩვენეს. Პრეზენტაციაში მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, “აიგრუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახაბერ გულედანი და დიზაინერი ზვიად ციკოლია მონაწილეობდნენ. ელექტრომობილები სწორედ მისი დიზაინით უნდა შექმნილიყო.
სანახაობა კი მივიღეთ, მაგრამ პური ჯერ ვერ ვჭამეთ. რა ბედი ეწია დაპირებულ ქარხანას, ქუთაისელებმაც არ იციან.
ქარხანა ქუთაისში ინდუსტრიულ ჯგუფ ‘’აიგრუპს’’ და ჩინურ კომპანია ‘’ჩანგანს” ერთად უნდა აეგოთ. პროექტს ისე წარმოგვიდგენდნენ, თითქოს ეს იქნებოდა ქართულ-ჩინური თანამშრომლობის შედეგი. სინამდვილეში კი ‘’აიგრუპსა’’ და ‘’ჩანგანს’’ საქართველოზე მეტი საერთო მეზობელ რუსეთთან აქვთ.
“აიგრუპი” ჩვენს საჯარო რეესტრში ამავე სახელით არ იძებნება, ის “ბიგ სერვისადაა” რეგისტრირებული. Რეესტრის მონაცემებით, კომპანიას 8 მფლობელი ჰყავს, მათგან ორი რუსეთის მოქალაქეა.
ჩინური ‘’ჩანგანის’’ ქართულ საიტზე კი ვნახეთ, რომ კომპანიის პარტნიორები რუსული “ლადა,” “უაზი” და “ჩეტრა” არიან. კომპანიასთან საკონტაქტოდ იგივე ნომერია მითითებული, რაც რუსული “ლადას” ქართული წარმომადგენლობის (“ლადა ცენტრი თბილისი”) საიტზეა.
‘’ლადას’’ წარმომადგენლობაში რომ დავრეკეთ, მისმა მეპატრონემ, გოჩა როსტიაშვილმა გვითხრა, ქუთაისში ქარხნის მშენებლობა განუსაზღვრელი ვადით დაკონსერვდა და ამ თემაზე, ჯერჯერობით, სხვას ვერაფერს გიპასუხებთო.
სამაგიეროდ, კომპანიას დარჩა მთავრობისგან 1 ლარად საკუთრებაში გადაცემული 1 მილიონი კვ.მ. მიწა ქუთაისში.
‘’ჩანგანს’’ ჩინური საიტიც აქვს. იქ ვნახეთ, რომ კომპანიას საქართველოში ოფიციალურად შპს ‘’აიფროდაქშენი’’ წარმოადგენს. ეს კომპანია საქართველოში 2019 წლის 4 აპრილს რუსეთის მოქალაქე ანდრეი პაუკმა დაარეგისტრირა. პრემიერმა ელექტრომობილების ქარხნის იდეა რომ დააანონსა, იქედან ორი დღის შემდეგ.
‘’ჩანგანის’’ ჩინურ საიტზე მითითებულია კახაბერ გულედანის ტელეფონის ნომერი. გულედანი ახლა თბილისის მერიის თანამშრომელია. რომ დავურეკეთ, გვითხრა, უკვე ორი წელია ‘’აიგრუფთან’’ შეხება არ მქონია და არ ვიცი იქ რა ხდებაო.
ბოლოს გულედანის ინტერვიუ ელექტრომობილებთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში 2020 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მაშინ ამბობდა, პანდემიამ შეგვაფერხა, ეს რომ ჩაივლის, ქარხნის მშენებლობის განახლებაზე საუბარს მერე შევძლებთო.
“აიფროდაქშენის” მფლობელ კომპანიას, “ბიგ სერვისს” ეკუთვნის მიწა, სადაც ქარხანა უნდა აეგოთ. 2019 წლის 27 მაისს სახელმწიფომ ამ კომპანიას სახელმწიფოს მიწა, 1 მილიონი კვ.მ. და მასზე განთავსებული ნაგებობები საკუთრებაში 1 ლარად გადასცა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ‘’ბიგ სერვისმა’’ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება 2019 წლის 27 მაისს დადეს. სახელმწიფომ კომპანიას დაავალა მიწის გადაცემიდან 2 წლის ვადაში აეშენებინა და აემუშავებინა ელექტრომობილების ქარხანა, 1 წლის ვადაში დაესაქმებინა 300 ადამიანი.
ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებულ ხელშეკრულებაში წერია, მყიდველი ვალდებულებას თუ ვერ შეასრულებს, ჯერ სიტყვიერად გავაფრთხილებთ, მერე-დავაჯარიმებთო. თუ ‘’ბიგ სერვისი’’ ქარხანას დროულად ვერ ააგებდა, ყოველ ვადაგადაცილებულ ერთ დღეში 500 ლარი, ხოლო თითოეულ დაუსაქმებელ ადამიანზე დღეში 50 ლარი უნდა გადაეხადა.
კომპანიას სახელმწიფოსთვის უნდა წარედგინა აუდიტორული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ვალდებულებები შეასრულა. ამასთანავე, 2019 წლის მარტში ‘’ჩანგანმა’’ და ‘’აიგრუფმა’’ სახელმწიფოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
ჩვენ მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროსა და ქონების ეროვნულ სააგენტოს და გაფორმებული მემორანდუმები მოვიკითხეთ. ისიც გვაინტერესებდა, ქარხანა რომ ვერ აიგო, რაიმე გაფრთხილება თუ მიიღო კომპანიამ? სამინისტროსგან პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღეთ. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო არცერთ კითხვასა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხს რომ არ აბრუნებს, ამაში აღარაფერია ახალი.
საჯარო ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს უწყებისგან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგანაც გამოვითხოვეთ. პასუხი არც მათ მოგვაწოდეს და არც კომენტარი გააკეთეს. ‘’აი, ფაქტმა’’ ადმინისტრაციული საჩივარი გააგზავნა. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვწერა, შეგიძლიათ სასამართლოში გვიჩივლოთო. Ბუნებრივია, ასეც მოვიქეცით. სამინისტროსთან სასამართლოში ვიდავებთ და ვეცდებით მოვიპოვოთ “აიგრუფთან” გაფორმებული მემორანდუმი.
2021 წლის 5 აპრილს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის შემდეგ, კომპანიას უბრალოდ ხელშეკრულება გაუახლეს. ქარხანა არ გახსნილა, მაგრამ ‘’ბიგ სერვისმა’’ და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს. შენობის აგების ვადამ 36 თვით გადაიწია.
ახალ ხელშეკრულებას თუ დავუჯერებთ, ელექტრომობილები ქუთაისში 2022 წლისთვის უნდა გამოგვეშვა, თუმცა ტერიტორიას, სადაც ქარხანა უნდა აიგოს, საამისო ჯერ არაფერი ეტყობა.
ავტომშენებლის 41-ში სიცოცხლის ნატამალიც არაა. ადგილზე მისულებს მხოლოდ ქარი, სახელდახელოდ აგებული ორი პატარა თეთრი შენობა და მათ ირგვლივ დასაწყობებული რკინის მილები დაგვხვდა. მშენებლობის შესახებ არც ადგილობრივებს სმენიათ რაიმე.
ამგვარად, ქუთაისმა ინდუსტრიის მშენებელი ქალაქის სახელი და დიდება ამ ჯერზეც ვერ დაიბრუნა.