27 წლის ლევან ლაფაჩი “პანორამა თბილისის” გოლფის კლუბის მშენებლობაზე 21 იანვარს გარდაიცვალა.
“პანორამა თბილისი” ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის პროექტია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის ცენტრსა და სოლოლაკის ქედზე მაინც შენდება.
პროექტის შემსრულებელი, შპს “თაბორი რიზორთსი” მთელ პასუხისმგებლობას მომხდარზე ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიას, შპს “ინ-სის” აკისრებს და გამოძიების შედეგებს ელის.
21 იანვრის საღამოს, 4-დან 5 საათამდე ლევანი თავის მოვალეობას ასრულებდა, როცა ზედა სართულზე ახლადდასხმული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მისი სხეული ქვეშ მოიყოლა. შემთხვევის თვითმხილველი ამბობს, რომ ბეტონის ჭერი საკმარისად გამაგრებული არ იყო და ჩამოშლაც ამან გამოიწვია. ლაფაჩს რეზინის მილი ხელში ეჭირა და ბეტონს ასხამდა. მის გარდა ამ დროს იქ, სადაც ჭერი ჩამოწვა, არავინ იყო. ვინაიდან მუშები ხელფასს გამომუშავების მაჩვენებლის მიხედვით იღებდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი საქმე ნაკლებ დროში მოესწროთ. ამიტომ ბეტონის ბოძები, რომლებსაც ჭერი უნდა დაეჭირათ ჯერ კიდევ სველი იყო, როცა ზემოდან ბეტონის საფარი დაასხეს. ბოძებმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოწვა.
თვითმხილველი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ სასწრაფო და პატრული შემთხვევის ადგილზე მაშინვე მოვიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც ველით პასუხს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ლევან ლაფაჩს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ლაფაჩის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მშენებლობაზე კიდევ ორი ახალგაზრდა დაიღუპა: ერთი თბილისში, მეორე კი კახეთში. განსხვავებით “პანორამა თბილისზე” დაღუპული მუშისგან, მათი გარდაცვალების ამბავი მედიით მყისიერად გავრცელდა.