fbpx
navtobi

ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანიას ჩინეთში ფინანსური პრობლემები აქვს

ავტორები: დევიდ ბლოსი და ნინო აბდალაძე

22 მაისს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად ახალი ინვესტორი შეარჩია. კომპანიამ სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის 25 წლიანი ლიცენზია მოიპოვა.

შპს “ჩინეთის ახალი ვარსკვლავი” იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში (11,339 კვ.კმ-ზე) სამი ლიცენზიის თანამფლობელი გახდა. ენერგეტიკის სამინისტროდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია ლიცენზიაში გადახდილი საფასურის შესახებ, რაზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

კომპანია 2007 წელს დარეგისტრირდა ჩინეთში და კონტრაქტები მონღოლეთში, ეთიოპიასა და ინდონეზიაში აქვს გაფორმებული. “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს” ხელმძღვანელის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, კომპანიამ ლიცენზიების მოპოვებამდე მათ წარუდგინა საბანკო გარანტიები და სამი წლის ფინანსური ანგარიშები.

მიუხედავად ამისა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ეჭვებს აჩენს:

– სასამართლო საქმეების მიხედვით, 2016 წელს კომპანიის ვალმა ჩინეთში მოქმედი სხვა კომპანიების მიმართ 8.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა;

– კომპანია აღიარებს, რომ მას არ შეეძლო 60 მილიონი იუანის (9 მილიონი აშშ დოლარი) გადახდა 2012 წელს გაცემული კერძო ობლიგაციებისთვის;

– კომპანია ამოიღეს National Equities Exchange and Quotations (NEEQ)-ის სიიდან. ეს არის პრესტიჟული საფონდო ბირჟა, რომელსაც ჩინეთში 7,000-მდე მცირე და საშუალო ზომის საწარმო იყენებს;

– 2017 წლის 27 სექტემბერს ჩინეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შპს “ჩინეთის ახალი ვარსკვლავი” არაკეთილსინდისიერი მოვალეების სიაში ჩაეწერათ.

საინტერესოა, ასეთი ფინანსური ისტორიის მქონე კომპანიამ როგორ ან რომელი ჩინური ბანკიდან მიიღო საბანკო გარანტია? ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროს ვთხოვეთ, მოეწოდებინათ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, მათ შორის საბანკო გარანტია. პასუხს დღემდე ველით.

შპს “ჩინეთის ახალი ვარსკვლავის” თბილისის ოფისის წარმომადგენლები კი დარწმუნებული არიან, რომ თუ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვება კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდება, ჩინეთის სახელმწიფო მათ ნებისმიერი ქართული პროექტისთვის დააფინანსებს.

სააგენტო და კომპანია თანხმდებიან, რომ ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე ნავთობისა და გაზის მოპოვება მარტივი არ იქნება. იქ არსებული მარაგების და მათი მოპოვების გზების შესწავლა რამდენიმე წელსა და მილიონობით დოლარს მოითხოვს.

“ჩინეთის ახალი ვარსკვლავის” პარტნიორები საქართველოში რეგისტრირებული ორი კომპანიაა: შპს “ვესთ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია” და “შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმითიდ კომპანი.” ორივე მათგანის მფლობელებიც ჩინელები არიან.

შპს “ჩინეთის ახალმა ვარსკვლავმა” ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზია ტენდერის გზით მიიღო. თუმცა, სატენდერო პირობების შესრულებაში ეჭვი ეპარება კომპანია “ვმ ენერჯის,” რომელიც “ჩინეთის ახალი ვარსკვლავის” კონკურენტია. “ვმ ენერჯი” ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საქალაქო სასამართლოში უჩივის, რადგან თვლიან, რომ მათი კონკურენტი “ჩინეთის ახალი ვარსკვლავი” ფინანსური პრობლემების გამო სატენდერო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ტენდერის მოსაგებად საჭირო იყო კანდიდატებს წარმოედგინათ ბანკის მიერ გაცემული ცნობა საგარანტიო თანხის (2.45 მილიონ აშშ დოლარი) არსებობის შესახებ.

შპს “ვმ ენერჯი” საქართველოში 2016 წელს დარეგისტრირდა. მისი ერთ-ერთი დირექტორი და 30 პროცენტიანი წილის მფლობელი ეროვნებით ჩინელი ლინა მა არის. 60 პროცენტს ვლადიმერ ფანგანი ფლობს, 10 პროცენტს კი ბესიკ ბუგიანიშვილი.

გიგი სისვაძემ, შპს “ვმ ენერჯის” იურისტმა “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს” ოთხი წერილი გაუგზავნა თანდართული დოკუმენტებით, რომლებიც “ჩინეთის ახალი ვარსკვლავის” ფინანსურ პრობლემებს ამტკიცებს. შპს “ვმ ენერჯი” სატენდერო შეთანხმების გაუქმებასა და ღია ტენდერის თავიდან გამოცხადებას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამრთლოში “ვმ ენერჯის” სარჩელს 8 დეკემბერს განიხილავენ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მუხტარლის მხოლოდ სასამართლოზე დასწრების ნება მისცეს
mukhtarli 2

მუხტარლის მხოლოდ სასამართლოზე დასწრების ნება მისცეს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share