fbpx
gelati

“შინაურობაში” გადახურული გელათი – ნაწილი I

ავტორი: ანა ჭეიშვილი და ნინო ბაქრაძე  

გელათის თავზე ლურჯი ტენტის აფრიალებიდან დღემდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვარწმუნებს, რომ ეს მათი ბრალი სულაც არაა. სააგენტო მთელი მონდომებით ცდილობს, გელათის “თავგადასავლის” ცუდ გმირად მხოლოდ ის კომპანია წარმოაჩინოს, რომელმაც სახურავი განაახლა. 

არადა, შეიძლება, აღმოჩნდეს რომ დამნაშავე სინამდვილეში დაზარალებულია და დაზარალებული – დამნაშავე. ჯამი და შედეგი მაინც ერთი დარჩება: ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ისტორიაში გელათის ტაძარია – დავით აღმაშენებლის საქართველოს სიმბოლო.  

ჩვენი გამოძიებების სერიიდან შეიტყობთ, რას აკეთებდა სააგენტო გელათის რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე, როგორი “მონდომებითა” და “პროფესიონალიზმით” აკვირდებოდა სამუშაოებს და როგორ ეწირება ამ უწყების ინტერესთა კონფლიქტს გელათის უძველესი მხატვრობა. 

2020 წლის გაზაფხულზე სოციალურ ქსელში გელათის დამტვრეული კრამიტის ფოტოები გამოჩნდა. საზოგადოების ახმაურებამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც გამოაფხიზლა და მათი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენა. ამ გამოძიების დიდი ნაწილი სწორედ გელათის ამბავში სააგენტოს როლს ეძღვნება. 

და მაინც, რატომ ვერ ივარგა გელათის სახურავმა და რატომ ზიანდება უძველესი მხატვრობა? ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს და მათ ჩვენი გამოძიების სერიებში განვიხილავთ: 

  • საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზები;
  • კრამიტის ხარისხი და მისი დაგების ტექნოლოგია; 
  • წყლის საწრეტი მილებისა და ჰიდროიზოლაციის როლი.

ვიწყებთ იმ ნაწილიდან, რომელიც რეაბილიტაციის პროცესის საფუძველია და დიდწილად განსაზღვრავს სამუშაოების წარმატებას. საპროექტო დოკუმენტაციას ვგულისხმობთ, რომლის მიხედვითაც უნდა განახლებულიყო გელათის სახურავი.  

საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზი

2008 წელს გელათის საკონსერვაციო გეგმა მომზადდა. ამ დოკუმენტში განხილულია გელათის იმდროინდელი ფიზიკური მდგომარეობა, ისტორიულ-კულტურული წარსული, გეოგრაფიული მდებარეობა და ა.შ. მოკლედ ყველაფერი, გარდა სარეაბილიტაციოდ საჭირო ტექნიკური მახასიათებლებისა. დოკუმენტი ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” მოამზადა, რომლის ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა. ეს სახელი და გვარი დაიმახსოვრეთ, ამ სტატიაში კიდევ ბევრჯერ გავიმეორებთ. 

გელათის მთავარი ტაძარი, რომელიც ღვთისმშობლის შობის სახელობისაა დავით აღმაშენებლის სიცოცხლეშია აშენებული. 2008 წელს შექმნილ გეგმაში ამ ტაძრის რეაბილიტაციაზე საუბარი არ ყოფილა. ამ ნაგებობის გადახურვისა და ქვის ფასადების განახლებაზე ფიქრი 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ნაწილად წარიმართა. 

სამუშაოების პირველი ეტაპი 

პირველი ეტაპი – 2014 წელს დაიწყო გუმბათის გადახურვა; 2015-2018 წლებში გადაიხურა ტაძრის მკლავები. სამუშაოები აშშ-ს საელჩომ დააფინანსა და ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” ჩაატარა.    

როგორც წესი, რეაბილიტაციის პროცესის დასაწყებად საჭიროა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა ნაბიჯი, გამოსაყენებელი მასალები და მოცულობები. მშენებლები და  არქიტექტორები ადგილზე სწორედ ამ დოკუმენტებით ხელმძღვანელობენ.

ჩვენ ერთი თვეა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით ვითხოვთ იმ საპროექტო დოკუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც გადაიხურა გელათი. მათგან პასუხი ვერ მივიღეთ. სანაცვლოდ, ეს მასალები სხვადასხვა წყაროებისგან მოვიპოვეთ.

2014 წლის იანვარში ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” “გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი” შექმნა. ამ დოკუმენტებით განსაზღვრული იყო, როგორ უნდა გადახურულიყო გუმბათი, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი ტაძრის მკლავების გადახურვის ტექნიკურ მახასიათებლებზე.  

კახა ტრაპაიძე, პროექტის თანაავტორი გვეუბნება, რომ დოკუმენტაციაში ყველა დეტალია მოცემული, მათ შორის მკლავების გადახურვის შესახებაც და რომ სააგენტოდან გამოვითხოვოთ ეს მასალები.  

საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფმა საბჭომ 2014 წლის იანვარში დაამტკიცა. “საერთაშორისო იკომოსთან” და იუნესკოსთან მაშინ შეთანხმდა გუმბათის სახურავის შეცვლისა და ყელის გამაგრების პროექტი.  

ამ ეტაპზე გუმბათი, წყლის ჩადინების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე უპრობლემო ნაწილია.

სამაგიეროდ ბევრი პრობლემა გამოუჩნდა ტაძრის მკლავებს, განსაკუთრებით კი დასავლეთ მკლავს, რომელიც წინასწარ  განსაზღვრული გეგმისა და საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე გადაიხურა. ტაძრის ამ ნაწილში წყლის ჩასვლის ამსახველი ვიდეოები მედიაში 2016 წელსაც ვრცელდებოდა. 

პროექტში მკლავების გადახურვის ამსახველი ტექნიკური დოკუმენტაცია რომ ვერ ვიპოვეთ, მზია ჯანჯალიას დავუკავშირდით. ის ხელოვნების ისტორიკოსი და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. ჯანჯალია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი ფერწერის სექციის წევრიცაა. გელათის კონსერვაციისა და რეაბილიტაციის პროცესს პირველივე დღეებიდან აკვირდება. მანაც გვითხრა, რომ პროექტში მკლავების გადახურვის დეტალები გათვალისწინებული არ იყო და მანაც ვერ იპოვა.

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ბექა ბარამიძეს ვკითხეთ, რატომ არ იყო 2014 წლის პროექტში ეს მასალა? “თქვენ რა გინდათ თქვათ, რომ საელჩომ პროექტის გარეშე დააფინანსა გადახურვა?” კითხვა დაგვიბრუნა ბარამიძემ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამ დეტალის გარკვევაში დაგვხმარებოდა და ჩვენთვის ეჩვენებინა პროექტი, სადაც მკლავების გადახურვის სქემაა მოცემული. ბარამიძისგან მას შემდეგ არაფერი გვსმენია, არც პროექტი მიგვიღია.

შესაბამისად, გვაქვს კითხვები: რატომ მისცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შემსრულებელ კომპანიას უფლება ძეგლის მკლავები წინასწარ დამტკიცებული პროექტის გარეშე გადაეხურათ? და თუ მართლა არსებობს საპროექტო დოკუმენტაციის ის ნაწილი, სადაც მკლავების გადახურვაზეა საუბარი, მაშინ რატომ არ გვაწვდის სააგენტო მათ.

სამუშაოების მეორე ეტაპი  

სამუშაოების მეორე ეტაპი 2018 წელს დაიწყო. ამჟამად პროექტის დამფინანსებელი მსოფლიო ბანკი იყო. მათგან მიღებულ თანხას კი მუნიციპალური განვითარების ფონდი განკარგავდა. სამუშაოები ამ ეტაპზე ითვალისწინებდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეკვდერების გადახურვას, ცოკოლისა და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციას. 

ეს ეტაპი ახალი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე წარიმართა. ავტორი კვლავ ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობაა.” ორგანიზაციის  დირექტორი ამ დროსაც კახა ტრაპაიძეა.  

ამ დოკუმენტში შესასრულებელი სამუშაოები მეტი სიზუსტითაა აღწერილი, ვიდრე 2014 წლის პროექტში. თუმცა, შედეგი ისევ ის დადგა, რაც პირველ ეტაპზე მკლავების გადახურვისას. აქამდე თუ მხოლოდ მკლავებში ჩადიოდა წყალი, ახლა ეკვდერებზეც გაჩნდა სახურავის დაზიანების კერები. დატეხილი კრამიტისა თუ დასველებული მხატვრობის ვიზუალური მასალა ამ გაზაფხულსა და ზაფხულზე მრავლად ვიხილეთ. 

გელათი 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია და ვიფიქრეთ, რომ მისი სახურავის რეაბილიტაციაც მსოფლიო მნიშვნელობის ამბავი უნდა ყოფილიყო. ამიტომ სააგენტოს გამუდმებით ვეკითხებოდით, გაიარა თუ არა სახურავების რეაბილიტაციის პირველი და მეორე ფაზების საპროექტო დოკუმენტაციამ იუნესკოს ან ავტორიტეტული უცხოური ორგანიზაციების ხელში. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ბექა ბარამიძე გამუდმებით გვიგზავნიდა ბმულებს, სადაც განთავსებულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომების ოქმები. ჩვენს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტს კი, რომელიც აჩვენებს რა სახის დასკვნები გასცა იუნესკომ კონკრეტულად გელათის სახურავის სარეაბილიტაციო დოკუმენტების ტექნიკურ მხარეზე, დღემდე ველით. 

მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, საინტერესო ჩანაწერს იმ დოკუმენტშიც ვიპოვით, რასაც სააგენტო უცხოელი სპეციალისტების  ჩართულობის მტკიცებულებად წარმოაჩენს. 2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომისიის სხდომა კრაკოვში, პოლონეთში გაიმართა. ამ სხდომაზე კომიტეტი ყველა ძეგლის მდგომარეობას მიმოიხილავს ხოლმე. გელათთან  მიმართებით კი ასეთი ჩანაწერია: სახელმწიფო სტრუქტურებს ურჩევენ, რომ კონსერვაცია-აღდგენის ნებისმიერი ტიპის სამუშაოს დოკუმენტირების ნათელი სისტემა განავითარონ. 

„იკომოს საქართველო“ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტია, რომელიც თვალს ადევნებს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სტანდარტების განვითარებას ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

“იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, როგორიცაა გელათი, არ ჰქონდა “იკომოსის” საერთაშორისო დასკვნა. ასეთი დასკვნა არსებობს მხოლოდ გუმბათის ყელზე, მაგრამ არა იმ ნაწილზე, სადაც პრობლემები შეიქმნა. ეს დასკვნები რომ გვქონოდა, საერთაშორისო გამოცდილება რომ გაგვეზიარებინა, იქნებ თავიდან აგვეცილებინა ეს მძიმე ფაქტები, რაც გელათში მოხდა. “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” წარსულში თანამშრომლობდა “იკომოსის” საერთაშორისო  ექსპერტებთან და საინტერესოა, ახლა რატომ არ მოხდა ეს?!” – გვეუბნება მანანა თევზაძე, “იკომოს საქართველოს” წარმომადგენელი. 

მზია ჯანჯალია თვეებია, სააგენტოსგან ითხოვს მასალებს, რომელიც აჩვენებს, რომ გადახურვების საპროექტო დოკუმენტაციამ იუნესკოს, იკომოსის ან რომელიმე უცხოელი ექსპერტის ხელში გაიარა და შეფასება მიიღო. სააგენტო არც მის მოთხოვნას პასუხობს შესაბამისი დოკუმენტაციით. 

“წესით და რიგით, მსოფლიო მემკვიდრეობის სამოქმედო დოკუმენტაცია არსებობს. იმის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფომ. იქ არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფომ იუნესკოს უნდა შეუთნახმოს ნებისმიერი პროექტი თუ რა არის განსაზღვრული და რა კეთდება ძეგლზე. იუნესკოს აქვს თავისი “სახელმძღვანელო პრინციპები”. გაიდლაინები. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სადამსჯელო არაა. სახელმწიფოა ვალდებული, თავად დაიცვას თავისი ძეგლები და იუნესკოს შეუძლია  გვითხრას, მე ვერ დავიცავ თქვენს ძეგლებსო,”  გვიხსნის მანანა თევზაძე, “იკომოს საქართველოს” წარმომადგენელი.  

ჩვენ იუნესკოს საქმეთა ეროვნული (ქართული) კომისიის გენერალურ მდივანს, ქეთევან კანდელაკსაც ვესაუბრეთ. მისგან გვაინტერესებდა ამ ყბადაღებული დოკუმენტაციის ამბავი. კანდელაკმაც სააგენტოსთან გადაგვამისამართა და გვითხრა, რომ ჩვენს წერილებზე პასუხს დავლოდებოდით. წერილების პასუხებს კი დიდი ხანია ველით. როგორც ჩანს, სააგენტო ამ ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდებას არც აპირებს. 

ამ კითხვისნიშნებიანი საპროექტო დოკუმენტაციით დაიწყო გელათის რეაბილიტაცია და ჩატარდა ის სამუშაოები, რასაც ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ბრალდება. 

ჩვენი გამოძიების შემდეგ ნაწილში მოგიყვებით კრამიტზე, რომლის ხარისხიც არავის შეუმოწმებია და მისი დაგებისას გამოვლენილ შეცდომებზე. არ დაგვავიწყდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც, რომელიც ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებს სათანადოდ არ ამოწმებდა და ახლა ცდილობს, ყველა პრობლემა მხოლოდ კრამიტს დაბრალდეს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
წყალი არის, ფული არის და სოფელს წყალი მაინც არ აქვს
cha2 1

წყალი არის, ფული არის და სოფელს წყალი მაინც არ აქვს

ადგილობრივები ძირითადად სოფლის წყაროებით სარგებლობენ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share