ავტორი: ანა ჭეიშვილი და ნინო ბაქრაძე
გელათის თავზე ლურჯი ტენტის აფრიალებიდან დღემდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვარწმუნებს, რომ ეს მათი ბრალი სულაც არაა. სააგენტო მთელი მონდომებით ცდილობს, გელათის “თავგადასავლის” ცუდ გმირად მხოლოდ ის კომპანია წარმოაჩინოს, რომელმაც სახურავი განაახლა.
არადა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დამნაშავე სინამდვილეში დაზარალებულია და დაზარალებული – დამნაშავე. ჯამი და შედეგი მაინც ერთი დარჩება: ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ისტორიაში გელათის ტაძარია – დავით აღმაშენებლის საქართველოს სიმბოლო.
ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებიდან შეიტყობთ, რას აკეთებდა სააგენტო გელათის რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე, როგორი “მონდომებითა” და “პროფესიონალიზმით” აკვირდებოდა სამუშაოებს და როგორ შეეწირა ამ უწყების ინტერესთა კონფლიქტს გელათის უძველესი მხატვრობა.
2020 წლის გაზაფხულზე სოციალურ ქსელებში გელათის დამტვრეული კრამიტის ფოტოები გამოჩნდა. საზოგადოების ახმაურებამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც გამოაფხიზლა და მათი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენა. ამ გამოძიების დიდი ნაწილი სწორედ გელათის ამბავში სააგენტოს როლს ეძღვნება.
და მაინც, რატომ ვერ ივარგა გელათის სახურავმა და რატომ ზიანდება უძველესი მხატვრობა? ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. წინა სტატიაში მოგიყევით საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზებზე, ასევე კრამიტის როლზე და მისი დაგების ტექნოლოგიაზე. ახლა კი ვისაუბროთ წყლის საწრეტი მილებისა და ჰიდროიზოლაციის როლზეც, რამაც გელათის ახალი სახურავის არაეფექტიანობა გამოიწვია.
წყლის საწრეტი მილების როლი გადახურვაში
2014 წელს, როცა “საქართველოს მემკვიდრეობამ” გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი განაახლა, ამოიღო საწრეტი მილების ნაწილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ტრაპაიძე გვეუბნება, რომ ბევრი მსჯელობის შემდეგ შეთანხმდა სააგენტო, რომ მილები ტაძრის იერსახეს ამახინჯებდა.
ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვისას შემსრულებელ კომპანიას საწრეტი მილები არ გაუკეთებია, რადგან ამას პროექტი არ ითვალისწინებდა.
2020 წლის გაზაფხულსა და ზაფხულზე, მას შემდეგ, რაც გელათის გასაჭირი საქვეყნოდ გახდა ცნობილი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები არაერთხელ ეწვივნენ გელათს. პირველი ასეთი ვიზიტი 2020 წლის მარტში იყო. ამდროინდელ ანგარიშში წერია, რომ “ახლად მოწყობილი კრამიტები უმეტეს შემთხვევაში კარნიზებიდან არასათანადოდაა გადმოწეული, რაც ხელს უწყობს წყლის კედელზე ჩამოდინებას.” ამავე ანგარიშში სექციის წევრები წერდნენ, რომ “სასურველია გაჩნდეს ჟოლობები, რაც დაეხმარება წყალს მიმართულების მიღებაში, შესაბამისად, ზედმეტი წყალი არიდებულ იქნება კედლებიდან.”
2020 წლის მარტის ანგარიშში თავმოყრილია ფოტოები, რომელიც აჩვენებს გელათის ფასადის დაზიანებებს. არადა, ფასადი ახალი განახლებულია და ამგვარი დაზიანებები, წესით, არ უნდა ჰქონდეს. თავად სააგენტოს წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ ფასადის ტენიანობა ინტერიერსა და მხატვრობაზე მოქმედებს.
მარტის შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლები გელათს აპრილში, ივნისსა და აგვისტოში კვლავ ეწვივნენ. ოქტომბერში სააგენტომ ამ მისიების შეჯამებული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ ფასადის ქვის სისველე ავტომატურად აისახება ინტერიერზე და აზიანებს მხატვრობას.
ანგარიშში მოცემულია სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი სექციის წევრების მოსაზრებები: “ფასადის ზედაპირების ნალექებიდან დასაცავად, ჩემი აზრით, გამოსავალი იქნებოდა წყალსაწრეტების (ჟოლობების) მონტაჟი წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით.”
საპროექტო დოკუმენტაციის თანაავტორი, კახა ტრაპაიძე ახლა ფიქრობს, რომ საწრეტი მილების პროექტიდან ამოღება არ იყო მართებული: “კორექტივი შევა და ვუბრუნდებით ძველ პროექტს და საწრეტ მილებს. ისე მოვიფიქრებთ, რომ ის ვიზუალურადაც იყოს დახვეწილი.”
ჯერ უცნობია, როდის განახლდება საპროექტო დოკუმენტაცია და მასში აისახება საწრეტი მილების მოწყობის ტექნიკაც. 2014 წელს, როდესაც პროექტიდან ამოიღეს წყლის გადამყვანი სისტემა, მაშინ არც პროექტის ავტორებს და არც სააგენტოს უფიქრია იმაზე, თუ რა გზა უნდა მიეცათ წყლისთვის, რომ ის კედლებზე არ ჩამოსულიყო და ფასადი არ დაეზიანებინა. ამის საჭიროება მხოლოდ მაშინ დაინახეს, როცა ურემი გადაბრუნდა.
წყლის კედლებზე ჩამოდინებისგან თავის ასარიდებლად 2018 წელს შედგენილ პროექტში რამდენიმე სიტყვით წყლის საწვეთურების მოწყობაზეა საუბარი. “კარნიზების გასწვრივ მოეწყობა მოჭიქული კერამიკული “ფარდები.” “ფარდასა” და კრამიტს შორის სპილენძის ფურცლის წყლის საწვეთურის მოწყობა ორკომპონენტიანი წებოთი და ლითონის სამაგრით (თუნუქი სიგანით 12 სმ).”
2020 წლის ოქტომბერში სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ამგვარი ჩანაწერია: “თუმცა, ადგილზე დათვალიერებისას ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში საცრემლე მოწყობილია ბრტყელი კრამიტის პირის შიგნით, ხოლო ზოგ ადგილას საერთოდ არაა მოწყობილი.”
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები გელათში მიმდინარე სამუშაოებს პერიოდულად ამოწმებდნენ. პროცესს მუდმივად აკვირდებოდა პროექტის თანაავტორი, კახა ტრაპაიძე და მისი გუნდის წევრები. არც ერთს, არც სააგენტოს მონიტორინგის მისიებს და არც ტრაპაიძის გუნდს ეს დარღვევები მუშაობის პროცესში არ შეუმჩნევიათ და მათ გამოსწორებაზე არ უზრუნიათ.
ჰიდროიზოლაციის საკითხი
გელათის ინტერიერში წყლის ჩასვლა რომ მხოლოდ კრამიტის ბრალი არაა, ამას პროექტის ავტორი, სექციის წევრები და ახლა უკვე სააგენტოც ამბობს. ფაქტია, რომ კრამიტი დაიმტვრა, დაზიანდა და წყალი გაუშვა. ამას დაემატა ისიც, რომ კრამიტების კედლებთან შეერთების ადგილები სათანადოდ არ იყო ამოვსებული და წყალმა აქედანაც ჩაჟონა.
“გუმბათის ყელის მიდამოებში, დასავლეთი ფასადის მხრიდან აფრებს შორის, ვერტიკალურ კედელსა და კამარის კალთებთან შეერთების ადგილებში ბზარებია, საიდანაც, სავარაუდოდ, იჟონებოდა წყალი ან გამდნარი თოვლი,” – წერია 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მისიების ანგარიშში.
2014 წლის პროექტში, რომლითაც გუმბათი გადაიხურა, არაფერი წერია მკლავების გადახურვაზე და არც კედლებისა და სახურავის ფერდების შეერთების ადგილების წყლის ჩადინებისგან დაცვის ტექნოლოგიაზე.
არადა, ეს შეერთების ადგილები არის ყველაზე საფრთხილო, რადგან ნალექის დროს მათში წყალი ყველაზე მარტივად ჩაედინება. პროექტის ხარვეზებზე და სააგენტოს გელათისადმი დამოკიდებულებაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს ის ფაქტი, რომ არც პროექტის ავტორთა ჯგუფს და არც სააგენტოს ან მის კომისიებს ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
ამ შეერთების ადგილების სწორად ამოვსებაზე რომ ბევრი არ ჰქონდათ ნაფიქრი, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიც მოწმობს. 2020 წლის მარტში სააგენტოს სამუშაო ჯგუფი გელათს ეწვია და არსებული მდგომარეობა შეისწავლა. ამ მისიის ანგარიშში ასეთი რეკომენდაციაა გაცემული: “კედლისა და გადახურვის შეპირაპირების ადგილას ტონირებული თუნუქის წყლის გადამყვანების მოწყობა, რათა არიდებულ იქნეს წყლის ინფილტრაციის პრობლემა. ამ მიზნით საჭიროა შესაბამისი პროექტის შემუშავება.”
არადა, სააგენტოსა და ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობის” წარმომადგენლები გელათში მიმდინარე სამუშაოებს წლების მანძილზე აკვირდებოდნენ. რატომ ვერ შეამჩნიეს სამუშაოების ამგვარი ხარვეზები? – მთავარი კითხვა სწორედ ესაა.
სააგენტო ყოველთვის თავს არიდებს გელათში გამოყენებულ ჰიდროსაიზოლაციო მასალაზე საუბარს. მაქსიმალურად ცდილობს, რომ სახურავის მთელი პრობლემა კრამიტსა და ბზარებს დაბრალდეს. არადა, ჰიდროიზოლაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც ტაძრის ინტერიერი წყლისგან უნდა დაეცვა.
2014 წელს მომზადებულ სარეაბილიტაციო პროექტში, რომელიც გუმბათის გადახურვას აღწერდა, ნათქვამია, რომ “კრამიტის ქვეშ აუცილებელია წყალგაუმტარი საიზოლაციო ფენის მოწყობა, რომელზეც კრამიტი დამონტაჟდება საგანგებო კონსტრუქციის მეშვეობით.” სხვა, უფრო სიღრმისეული და დეტალური აღწერა იმაზე, თუ რა მასალა უნდა შეეტანათ სახურავის ქვეშ ან რა ოდენობით, პროექტში მოცემული არაა.
2020 წლის მარტში სააგენტოს მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გუმბათზე, მკლავებზე, ნართექსსა და აფრებზე ჰიდროიზოლაციის სხვადასხვა მეთოდით გამოყენებული. განსხვავებულია შეტანილი მასალის ოდენობაც.
მაგალითად, გუმბათის შეფიცვრაზე მოეწყო ფურცლოვანი ჰიდროსაიზოლაციო ფენა (ბიკროსტი). გუმბათის ნახევარსფეროს გარე გარსსა და ხის კოჭებს შორის სიცარიელეა, რაც ჰაერის იზოლაციის შრეს ქმნის.
გუმბათისგან განსხვავებით, ცარიელი სივრცეები ამოივსო ტაძრის გადახურვის ყველა ნაწილში, აფრებზე, მკლავებზე, ნართექსზე და ეკვდერებზეც. აქ არ არის დატოვებული ჰაერის შრე, რომელიც იზოლაციას ბუნებრივად შექმნიდა, როგორც ეს გუმბათის შემთხვევაში მოხდა.
გუმბათის ქვედა ნაწილში, რომელსაც აფრები ეწოდება, სიცარიელე შევსებულია პემზის ქვის ფენით. შემდეგ მოწყობილია კირის 10-12 სმ სისქის ფენა. ამ გადახურვაზე იზოლაცია საერთოდ არაა გამოყენებული.
მკლავების სახურავის ქვეშაც დიდი არეულობაა. ერთ მხარეს პემზაა შემავსებლად გამოყენებული, მეორე ნაწილში ქაფ-ბეტონი. ამ ფენის ზემოთ მოთავსებულია კირის ფენა (არმატურის გარეშე), შემდეგ თხევადი იზოლაციის ფენა. შემდეგ ისევ არმირებული კირის ფენა და ბოლოს ისევ თხევადი იზოლაციის ფენა.
ამ სტილში მოეწყო ეკვდერების საიზოლაციო ფენაც. სახურავქვეშა სიცარიელეები კვლავ პემზისა და კირ-დუღაბის ხსნარით შეივსო.
“სავარაუდებელია, რომ ფასადების ზედა მონაკვეთების დანესტიანება/დასველება უკავშირდება კრამიტების დაზიანებას და ჰიდროსაიზოლაციო ფენა ვერ უზრუნველყოფს დაზიანებული გადახურვიდან წყლის ინფილტრაციის პრევენციას. შედეგად, კედლის სტრუქტურაში ხვდება წყალი, თუმცა ჰიდროსაიზოლაციო ფენის არსებობის გამო ვერ ხდება მისი აორთქლება და გამოსასვლელს პოულობს კედლის ზედაპირზე,” – წერია სააგენტოს ანგარიშში.
სააგენტოს დასკვნითვე გამოდის, რომ ჰიდროიზოლაცია იწვევს ინტერიერის დანესტიანებას. ჰიდროიზოლაცია ისეა გაკეთებული, რომ მხატვრობის წყლისგან დაცვის ნაცვლად, პირიქით, მის დაზიანებას უწყობს ხელს. პროექტში არც ეს რისკი იყო დეტალურად გაანალიზებული და გათვლილი.
ცნობილ იტალიელ ექსპერტს, ძველი ნაგებობების წყლისა და ნესტისგან დაცვის სპეციალისტს, იპოლიტო მასარის “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” 2020 წლის ზაფხულზე, მას შემდეგ მიმართა, რაც გელათზე ლურჯი ტენტის გადაფარებამ საზოგადოება აღაშფოთა. 2020 წლის სექტემბერში მასარიმ კომპანიას სამუშაო დოკუმენტი გამოუგზავნა, სადაც განხილულია გელათზე ჩატარებული სამუშაოები.
“კრამიტის დაწყობა უშუალოდ კირის ხსნარზე ან ხის ფიცარზე, კონკრეტულად გელათის შემთხვევაში, შესაძლოა არ იყო მიზანშეწონილი სხვადასხვა მიზეზით:
- შეუძლებელია მოხდეს სახურავის საჭირო დონეზე გადმოშვერა ფასადების და ჩარჩოების პროფილის შესაბამისად;
- კრამიტზე და საიზოლაციო ფენაზე დაგროვილი წყლის პირდაპირი ჩამოდინება;
- პროგრესული გაჟღენთვა, რომელიც გამოწვეულია კრამიტის საფუძვლად გამოყენებული კირის შრეში ჩარჩენილი წყლის აორთქლების შეუძლებლობით.
აღნიშნული დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილი იქნება კრამიტი მოთავსდეს გარდიგარდმო ხის ფიცრებზე, რომლებსაც იჭერს სხვა გრძივი ხის ფიცრები, ქვის გადახურვის ანალოგიურად,” – წერია მასარის გამოგზავნილ დოკუმენტში.
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მთლიანი გადახურვის საპროექტო დოკუმენტაციას უცხოელი ექსპერტების ხელში რომ გაევლო, იქნებ უკეთესი შედეგიც გვქონოდა დღეს: არც ლურჯი ტენტი დაგვჭირვებოდა და არც უძველესი მხატვრობა დაზიანებულიყო. როგორც ჩვენი წინა სერიიდან იცით, მიუხედავად იმისა, რომ გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის, მისი გადახურვის საპროექტო დოკუმენტაციას არც საერთაშორისო იკომოსის და არც იუნესკოს ხელში არ გაუვლია.
მხატვრობა და ინტერიერი მხოლოდ გელათის მთავარ ტაძარში არ ზიანდება. იგივე პრობლემები აქვს კომპლექსში შემავალ წმინდა გიორგის ტაძარსაც. აქ კედლის მხატვრობის კონსერვაცია 2010 წელს, გელათის სახურავის რეაბილიტაციამდე ჩატარდა. კონსერვაციის მიზანი ის იყო, რომ სახურავზე მიმდინარე სამუშაოებს მხატვრობა არ დაეზიანებინა.
მიუხედავად ამისა, გადახურვის შემდეგ ინტერიერში წყალი არაერთგზის ჩავიდა, რამაც კედლები დაანესტიანა და მხატვრობა დააზიანა. სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, წერია, რომ მონასტრის წევრებისა და დამხმარეების თქმით, გუმბათქვეშა სივრცეში, იატაკზე მუდმივად აღინიშნება ძალიან წვრილი, ჩამოცვენილი ნაწილაკები.
ღვთისმშობლის შობის ტაძრისგან განსხვავებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ აღიარებს წმინდა გიორგის ტაძარში არსებულ პრობლემებს და არც დროებითი გადახურვის მოწყობაზეა თანახმა. რატომ? ამას ჩვენი გამოძიების მომდევნო ნაწილში მოგიყვებით.