fbpx

ვის ვანდეთ გელათის უნიკალური მხატვრობა?

20211113 165720 scaled 3

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სახურავიდან ჩასული წვიმის წყლით დაზიანებული კედლის მხატვრობის შესასწავლად იტალიელი ექსპერტები მოიწვია. “ჯოვანი სეკო სუარდოს,” იტალიურ ასოციაციას ოთხი ხელშეკრულება გაუფორმეს. 

გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის შეფასების მიზნით,  პირველი ხელშეკრულება 2021 წლის 9 ივნისს გაფორმდა. შეთანხმებისამებრ, კომპანიას უნდა შეემუშავებინა გამოსასწორებელი ქმედებები, შემდეგი გაუარესების თავიდან ასაცილებლად. ასევე, ექსპერტებს უნდა წარმოედგინათ შესაბამისი რეკომენდაციები კედლის მხატვრობის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ამისთვის 78,511 ლარი გადავიხადეთ. 

სამუშაოები 7 ივლისს უნდა ჩაებარებინათ, მაგრამ ხელშეკრულებაში ორჯერ შევიდა ცვლილება. პირველად ხელშეკრულების ვადამ გადაიწია 13 ივლისამდე. მიზეზად ნათქვამია, რომ კვლევებისთვის საჭირო მასალების ჩამოტანა შეფერხდა. მეორე ცვლილების მიხედვით კი დამატებითი ლაბორატორიული კვლევების გამო საბოლოო ანგარიშის დასრულების ვადამ გადაიწია 21 ივლისამდე. 

ხელშეკრულების მიხედვით, საბოლოო ანგარიშის ჩაბარებამდე კომპანიას უნდა წარმოედგინა შუალედური ანგარიში. თუმცა, მეორე ცვლილებით ეს პუნქტი შეიცვალა და კომპანიას მხოლოდ საბოლოო ანგარიში უნდა ჩაებარებინა. ასევე, ამ ცვლილებით შეიცვალა ანგარიშწორების წესიც. თუ საწყისი ხელშეკრულებით, სააგენტოს თანხა ორ ეტაპად უნდა გადაეხადა, ცვლილების შემდეგ თანხა ერთეტაპად უნდა მიეცათ. 

ერთი თვის თავზე, ისე რომ ჯერ პირველი ხელშეკრულებაც არ იყო ამოწურული, სააგენტომ “სუარდოსთან” მეორე ხელშეკრულება გააფორმა. ამჯერად იტალიელ ექსპერტებს ევალებოდათ  გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის ცენტრალური სივრცის კედლის მხატვრობის ორიგინალი ტექნოლოგიისა და მდგომარეობის, კერძოდ: საფუძვლის ქვის, ნალესობის ფერწერული ფენის, მარილებისა და ბიოლოგიური  პატინის – ჯამში 23 სინჯზე, სხვადასხვა ინსტრუმენტული მეთოდის გამოყენებით კვლევის განხორციელება და შედეგების ინტერპრეტაცია. ამ ხელშეკრულების ბოლო ვადაც 21 ივლისს იყო დათქმული. ამ სამუშაოს შესასრულებლად იტალიურ კომპანიას გადაუხადეს 17,330 ლარი. 

მეორე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ “სუარდოს” სააგენტომ უფლება მისცა, პირველი და მეორე სამუშაოების ანგარიში გაერთიანებული ფორმით წარმოედგინა. 

მესამე ხელშეკრულება კი 14 სექტემბერს გაფორმდა. ეს უკვე არის მეორე ეტაპის საკონსულტაციო სამუშაოები. ამ შეთანხმებით ექსპერტებს შემდეგი სამუშაო უნდა შეესრულებინათ: ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი გამოსასწორებელი ქმედებების შემუშავება მდგომარეობის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის გადაუდებლად არასტაბილური არეალების სატესტო გამაგრებების განხორციელება კედლის მხატვრობის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვადა 22 ოქტომბრამდე ჰქონდათ. სამუშაოების ფასი ამჯერად 9,835 ევრო იყო. შესყიდვების სააგენტოს ბაზაში დღემდე არ არის ატვირთული მიღება-ჩაბარების დოკუმენტი. ამრიგად, არ ვიცით, კომპანიამ ეს სამუშაო ნამდვილად შეასრულა თუ არა. სამუშაოების დამკვეთი, ანუ სააგენტო კითხვებს არ პასუხობს.  

მეოთხე ხელშეკრულება გაფორმდა 26 ოქტომბერს, რომლის მოქმედების ვადაც 13 დეკემბერ იწურება. ხელშეკრულების თანხაა 39,945 ევრო, აქედან 27,945 ევრო არის კომპანიის მომსახურების და 12 ათასი ევრო ლაბორატორიული შემოწმებისთვის (წყლის შემცველობის, გაწონასწორებული ტენიანობის, ხსნადი მარილების განსაზღვრა). 

ხელშეკრულების მიხედვით, “სუარდოს” ექსპერტებს ევალებათ შემდეგი სამუშაო: 

  • გელათში კონსტრუქციების ჰიგირომეტრული მდგომარეობის შემოწმება, განსაკუთრებით დეკორატიული აპარატურით, რომელიც მიზნად ისახავს შესაძლო კორელაციის დადგენას, როგორც მზიდი კონსტრუქციების ჰიგირომეტრიულ მდგომარეობასა და ზედაპირის დეგრადირების სავარაუდო მოვლენებს შორის (ამჟამად ან წარსულში), ასევე კონსტრუქციების ჰიგირპმეტრიის გასაუმჯობესებლად შესაძლო ჩარევის პირველად შეფასებას; 
  • შენობის შიგნით მიკროკლიმატის მონიტორინგისთვის სპეციფიკური პროგრამის განსაზღვრა (გარემოს პარამეტრების განსაზღვრა, რომელთა მონიტორინგია საჭირო, სენსორების ტიპი, რაოდენობა და პოზიცია, მონიტორინგის ხანგრძლივობა და სხვა), რომელიც მიზნად ისახავს მიკროკლიმატის გასაუმჯობესებლად შესაძლო ინტერვენციების დადგენას, როგორც კონსტრუქციების გაშრობის პროცესის დროს, ასევე გელათის რეაბილიტაციის შემდგომ; 
  • ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი გამოსასწორებელი ქმედებების შემუშავება მდგომარეობის შემდგომი გაურესების თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის, გადაუდებლად არასტაბილური არეალების სატესტო გამაგრებების განხორციელება კედლის მხატვრობის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

ეს ბოლო პუნქტი იმეორებს პირველი და მესამე ხელშეკრულების შესასრულებელი სამუშაოს აღწერას. რატომ მოხვდა იგივე სამუშაო მეოთხე ხელშეკრულებაში და შეასრულა თუ არა “სუარდომ” იგივე სამუშაო პირველი და მესამე ხელშეკრულებებით დათქმულ ვადებში, უცნობია. სააგენტო არც ერთ კითხვას არ პასუხობს. 

მხოლოდ გელათის ამბით კი “სუარდომ” სააგენტოსგან 270 ათას ლარზე მეტი იშოვა.  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რატომ დაიკეტა ნავენახევის მღვიმე?
navenakhevi cover scaled 2

რატომ დაიკეტა ნავენახევის მღვიმე?

აქ დამთვალიერებლები აღარ ჩადიან, სოფელი კი უმუშევრობის გამო თანდათან იცლება

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share