fbpx
sakartvelo

საქართველო: გვიყვარხარ! გვძულხარ! გვჭირდები?

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დარჩენის მსურველ უცხოელებს სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს: მოკლევადიანი სამუშაო, სასწავლო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ამ უკანასკნელის მისაღებად საჭიროა, რომ უცხოელი ქვეყანაში 35,000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობდეს.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭიროა ქვეყანაში, მინიმუმ, 300,000 ლარის ინვესტიციის დაბანდება.

საინვესტიციო ბინადრობის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ 575 აპლიკანტმა ითხოვა ამ ტიპის ბინადრობა. 466 აპლიკანტი ჩაერთო პროგრამაში, 109-ს უარი უთხრეს. საგულისხმოა, რომ აპლიკანტების რიცხვი, რომლებსაც უარს ეუბნებიან, ყოველ წელს იზრდება. სტატისტიკა ასე გამოიყურება: 8 აპლიკანტი 2014 წელს, 13 – 2015 წელს, 36 – 2016 წელს და 52 – 2017 წელს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ხშირად საინვესტიციო ბინადრობას იღებენ: ერაყელები (90 ადამიანი), ეგვიპტელები (87 ადამიანი) და ირანელები (67 ადამიანი).
ნებართვის მიღებას, დაახლოებით, ერთი თვე სჭირდება. წარმატებულ აპლიკანტებს შემდეგ ეტაპზე შეუძლიათ პრეზიდენტს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნითაც მიმართონ. თუმცა, მოქალაქეობის მიღებას ქართული ენისა და ისტორიის ცოდნაც ჭირდება.

უარყოფილი სირიელი ოჯახი

რამდენიმე ბიზნესმენმა “აი, ფაქტს” უთხრა, რომ უარი მიიღეს საინვესტიციო ბინადრობაზე, თუმცა, ღიად ინტერვიუს მოცემა არ ისურვეს, რადგან ყურადღების მიქცევა არ სურთ.

ნაჟუა ალ დარვიში, სირიის მოქალაქე ამბობს, რომ ბინადრობის მისაღებად სამჯერ შეიტანა განაცხადი იუსტიციის სამინისტროში. სამჯერვე უარი მიიღო.

დარვიში და მისი ქმარი, მონირ ალ ჯაზარელი საინვესტიციო ბინადრობას არ ითხოვდნენ. დასაწყისისთვის მათ მოკლევადიანი ბინადრობის უფლების მიღება სურდათ, რისთვისაც აპლიკანტი მინიმუმ 35,000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს. 2016 წლის მაისში კი მათ 50, 000 აშშ დოლარად ბინა შეიძინეს დირსის კომპლექსში, რაც მათ უფლებას აძლევდა მოეთხოვათ მოკლევადიანი ბინადრობა. მიუხედავად იმისა, რომ საბუთები მზად ჰქონდათ, სირიელმა ცოლ-ქმარმა მთავრობისგან უარი მიიღო, მიზეზი კი სახელმწიფო უსართხოება იყო.

წყვილმა კიდევ ორჯერ სცადა ბინადრობის უფლების მიღება, “იმიტომ, რომ ყველა მეუბნებოდა, გააგრძელე მცდელობა, არიან ადამიანები, ვინც რამდენჯერმე თავიდან მოითხოვეს და საბოლოოდ მიიღეს ბინადრობის უფლება.” უარის მიზეზი ამ წყვილისთვის არავის განუმარტავს. მიღებულ განცხადებაში ეწერა, რომ მე-18 მუხლის საფუძველზე ისინი ვერ მიიღებდნენ მოკლევადიანი ბინადრობის უფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აზრით, ისინი ქვეყნის სახელმწიფო უსართხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ.

დარვიში ამბობს, რომ ის და მისი ქმარი ინვესტიციების განსახორციელებლად სხვა ქვეყნებსაც განიხილავდნენ, მათ შორის თურქეთსა და აზერბაიჯანსაც, ვინაიდან “სირიაში ძალიან ბევრი პრობლემაა.” ახლა ისინი დუბაიში ცხოვრობენ, მაგრამ “გაერთიანებულ საემიროებში უძრავი ქონება ჩვენთვის ძალიან ძვირია,” ამბობს დარვიში.

როგორც ჩანს, საქართველო მათთვის უკანასკენლი იმედია. მიუხედავად იმისა, რომ სირიელ ცოლ-ქმარს თბილისში ბინა აქვს, დარვიშმა აღმოაჩინა, რომ ახლა მათ უკვე ქვეყანაში შემოსვლაც აღარ შეუძლიათ.

“როდესაც ბოლოს საქართველოში ჩამოვედით (2017 წლის ივნისში), აეროპორტში პასპორტის კონტროლის დროს მესაზღვრემ ჩემს ქმარს უთხრა, რომ ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა. მხოლოდ მე მქონდა ამის უფლება,”- იხსენებს ნაჟუა. “გაკვირვებულები დავრჩით, რადგან ჩვენ თბილისში ბინა გვაქვს, აქ უკვე ორჯერ ვიყავით ჩამოსულები და ქართველი მეგობრებიც გვყავს. არავის არაფერი აუხსნია, უბრალოდ, ჩემი ქმარი არ შემოუშვეს და მორჩა.”

იმავე ღამეს დარვიშის ქმარი უკან, დუბაიში გაფრინდა.

დარვიში ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ლეგალური საცხოვრებელი დროულად მონახოს, რადგან დუბაიში მას და მის მეუღლეს მაქსიმუმ 3 წლით შეუძლიათ დარჩენა. “როდესაც ჩემს ქმარს კონტრაქტი ამოეწურება, ან თუ მას მანამდე გაანთავისუფლებენ სამსახურიდან, მაშინ ჩვენ არცერთ ქვეყანაში გვექნება ბინადრობის უფლება,” გვისხნის ის.

დარვიშის იურისტი მათ არწმუნებს, რომ კიდევ რამდენიმე მცდელობის შემდეგ წყვილი ბინადრობის უფლებას მიიღებს.
წყვილს საქართველოში მეტი ინვესტიციის ჩადება და საბავშვო ბაღის ან სამედიცინო ცენტრის მოწყობა სურდა. “მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შანსი არც მოგცეს,” ამბობს დარვიში.

როგორც ჩანს, სირიელი წყვილი ოპტიმიზმს კარგავს. “ საქართველოში ჩამოსვლისაც კი მეშინია. ბოლოს, ჩემი ქმარი საზღვარზე არ გადმოუშვეს. დარწმუნებული არ ვარ, რომ შემდეგ ჯერზე იგივე არ განმეორდება. უბრალოდ, ძალიან დავიღალე ამდენი მცდელობისა და ბრძოლისაგან,” ამბობს ის.

დარვიშის თქმით, მათ ბინადრობაზე უარი სირიული წარმოშობის გამო უთხრეს.

უარის თქმის შემაშფოთებელი ტენდენცია

დარვიშის ადვოკატს, ანასტასიოს ანასტასიოსს თბილისში იურიდიული ფირმა აქვს, რომელიც საიმიგრაციო საკითხებზე მუშაობს. “ასობით ინვესტორი იყო ჩვენი კლინეტი,” გვითხრა მან. ადვოკატი ფირმის ბოლოდროინდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით იმასაც ამბობს, რომ ბინადრობის მიცემაზე ყველაზე ხშირად უარს მუსულმანური ქვეყნის წარმომადგენლებს ეუბნებიან.

ანასტასიოსი დიდ განსხვავებას ხედავს იმ აპლიკანტებს შორის, ვინც ნებისმიერი ტიპის ბინადრობას იღებს და მათ შორის, ვისაც უარს ეუბნებიან.

“თუ ვინმე ევროპიდან ან ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, მთავრობა მას აძლევს ბინადრობის უფლებას პირდაპირ, რაიმე დოკუმენტაციის გარეშე. ეს ადამიანი, უბრალოდ, ავსებს დოკუმენტაციას ახალი კომპანიის გასახსნელად და შემდეგ ითხოვს ბინადრობის უფლებას, რასაც იღებს კიდეც 5 წლის ვადით, რეალური ინვესტიციების განხორციელების გარეშე. მაგრამ თუ ვინმე საუდის არაბეთიდანაა, აფუძნებს დიდ კომპანიას ან ახორციელებს რეალურ ინვესტიციას ქვეყანაში, იღებს უარს. ეს დისკრიმინაციული მიდგომა ჯერ არაბული ქვეყნებიდან დაიწყო და შემდეგ აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებსაც შეეხო. მაგალითად ინდოეთსა და ჩინეთს.”

ანასტასიოს თქმით, მის ყველა კლიენტს ბინადრობის ნებართვაზე უარი მე-18 მუხლის, სახელმწიფო უსართხოების დაცვის მიზეზით უთხრეს. მაშინაც კი, როდესაც ისინი სასამართლოში მიდიან გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, პასუხს იმის გამო ვერ იღებენ, რომ კანონმდებლობით ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლება.

ადვოკატი თვლის, რომ უარის რეალური მიზეზი ანტი-მუსულმანური დიკსრიმინაციაა, რაც საქართველოს, საბოლოო ჯამში, ძვირად დაუჯდება. ქვეყანა ამ გზით კარგავს ინვესტორებს, რომლებსაც დიდი ინვესტიციების ჩადება სურდათ საქართველოში.

აგენტები ინვესტორის ნიღაბს მიღმა

მაშინ, როცა მთავრობა არ განმარტავს, რატომ იყენებს ყველა აპლიკანტისთვის უარის სათქმელად მე-18 მუხლს, არსებობენ ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანას აქვს ლეგიტიმური უფლება სიფრთხილით მოეკიდოს უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მიცემას.

თორნიკე შარაშენიძე, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ საქართველოში ტურისტებთან და ინვესტორებთან ერთად, გაურკევველი რაოდენობის უცხოელი აგენტებიც შემოდიან.

“სპეციალური სამსახურის აგენტები, ჩვენი, თითქმის, ყველა მეზობელი ქვეყნიდან შემოდიან საქართველოში. არა იმდენად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ უფრო ერთმანეთს შორის დაპირისპირებისთვის,” განმარტავს შარაშენიძე. “თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი – ჩვენთან ძალიან ბევრი ინტერესი იკვეთება და ისინი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. ამიტომ ქვეყანა, რომელიც შეიძლება სერიოზული კონფლიქტის ადგილად გადაიქცეს ფრთხილად უნდა იყოს და კარგად გაიაზროს ვინ ნამდვილად ინვესტორია და ვინ ინვესტორის ნიღბით შემოსული აგენტი.”

მაჰმუდ დავარი, ირან-საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის დამფუძნებელი ეთანხმება აზრს, რომ ზოგიერთ “ინვესტორს,” რომელიც საქართველოში ჩამოდის არ აქვს რეალურად ბიზნესი ან კომპანია გახსნილი.

მისი თქმით, ირანელებისთვის საქართელოში ცხოვრება ბევრად უფრო ადვილი და მოქნილია. დავარი თვლის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვინც რეალურად აპირებს ინვესტიციის განხორციელებას და ბიზნესის წამოწყებას.
საქართველოს საინვესტიციო ბინადრობის პროგრამა არ არის ისეთი გლობალური კომპანიების ჩამონათვალში, როგორებიცაა Henley & Partners და Arton Capital, რომლებიც საინვესტიციო ბინადრობის პროგრამებს სთავაზობენ მომხმარებლებს.
ამ ფონზე არსებობს 2ndpassports.com, ნაკლებად ცნობილი ორგანიზაცია, რომელიც ქართული საინვესტიციო ბიდანრობის პროგრამას სთავაზობს მსურველებს. ამ კომპანიის სათაო ოფისი გვატემალაში მდებარეობს, საკონტაქტოდ კი ესტონური ნომერი ჰქონდათ მითითებული, რომელიც მოგვიანებით პანამაში დარეგისტრირებულ ნომერზე გადაცვალეს.

ეს კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დროებით და მუდმივ საინვესტიციო ბინადრობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 2017 წლის ოქტომბერში კი მათ საქართველოც დაამატეს ქვეყნების ჩამონათვალს და 40,000 ევროდ (15,445 ლარი) სთავაზობენ ბინადრობის პროგრამას მსურველებს, მაშინ, როდესაც მათი შემოთავაზებული თანხა, ქართული კანონით გათვალისწინებულ 300,000 ლარის თითქმის ნახევარია.ჩვენ დავუკავშირდით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეკითხვით, რა იცოდნენ მათ ამ საიტის შესახებ, თუმცა, პასუხი არ მიგვიღია.

ასევე დავუკავშირდით 2ndpassports.com-ს და ვკითხეთ როგორ შეეძლოთ მათ საქართველოში კანონით გათალისწინებულზე ბევრად ნაკლები თანხით საინვესტიციო ბინადრობის მოპოვება, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ: “ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ საინვესტიციო ბინადრობა 40,000 ევროდ საქართველოში. ამისთვის ჩვენს ვიყენებთ კონტაქტებს, რომელიც თბილისში გვაქვს.”
2ndpassports.com-ის საიტზე, საინვესტიციო ბინადრობის პროგრამის შესავალში წერია: “საქართველოს მოქალაქეობა, შესაძლოა, იყოს გზა ევროკავშირისკენ და ნელ-ნელა ევროკავშირის მოქალაქეობისკენაც.” თუმცა, საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, ამიტომ ვერაფრით იქნება საქართველოს მოქალაქეობა ევროკავშირის მოქალაქეობისკენ მიმავალი გზა.

ამასობაში კი ირანის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა საკუთარი მოქალაქეებისთვის, სადაც განმარტავს, რომ ევროკავშირის ბინადრობის მიღება საქართველოს გავლით შეუძლებელია. „ნუ ენდობით უცნობ პირებს, ნურც ირანელებს და ნურც უცხოელებს, ვინც დაგპირდებათ, რომ საქართველოში თავშესაფრის მიღებით, ევროპაში რეზიდენტობას მიიღებთ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ანასტასიო, ადვოკატი საიმიგრაციო საკითხებში აფრთხილებს აპლიკანტებს, რომ მოერიდონ იუსტიციის სახლის წინ შეკრებილ ადამიანებს, ვინც მათ საინვესტიციო ბინადრობისთვის საჭირო მომსახურების გაწევას შესთავაზებენ. ისინი საჭირო დახმარებას სთავაზობენ უცხოელებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს არასწორად აკეთებენ და თაღლითობენ. “მთავრობასაც შევატყობინეთ ამის შესახებ, მაგრამ სიტუაცია იგივე რჩება.”

პროტესტი უცხოელების მიმართ

უცხოელები, რომლებიც ქართულ მიწებს ყიდულობენ და ბიზნესს საქართველოში იწყებენ, აქტიური თემა გახდა ქართულ პოლიტიკაშიც. 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ღია კარის პოლიტიკა დაიწყო და ლიბერალური იმიგრაციის პოლიტიკისკენ გადაიხარა.

რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზოდ დარჩენილიყვნენ ქვეყანაში 360 დღის განმავლობაში. შეეძლოთ ასევე დაეწყოთ ბიზნესი, გაეხსნათ მაღაზიები და ეს ყველაფერი ძალიან მარტივი რეგულაციების სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამან ეკონომიკის საკმაოდ სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი, ასევე ბიძგი მისცა უცხოელების მიმართ უკმაყოფილების ტალღასაც. ამის ყველაზე ნათელი ნიშნები 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც ქართველი ფერმერები პუნჯაბელი ინდოელების მიერ ქართული მიწის შესყიდვას აპროტესტებდნენ. 2017 წელს პარლამენტმა გამოსცა მორატორიუმი, რომლის მიხედვითაც უცხოელს აღარ შეუძლია ქართული მიწის შესყიდვა.

დაპირისპირების შემდეგი ტალღა 2017 წელს დაიწყო, როდესაც ნაციონალისტების ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს “ქართულ მარშს” უწოდებს, გააპროტესტა უცხოელების გახსნილი მაღაზიებისა და კაფე-ბარების მზარდი რიცხვი აღმაშენებლის გამზირზე.“კავკასიის ბარომეტრი 2017”-ის კვლევის თანახმად, ქართველების მხოლოდ 38 პროცენტს არ უნდა ირანელებთან ერთად ბიზნესის წამოწყება, 31 პროცენტი უარს ამბობს თურქებთან ერთად ბიზნესსაქმიანობაზე.

ანასტასიო ამბობს, რომ ანტი-მუსულმანური ტონი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არ შეუნიშნავს. ისინი, ვისაც საბუთები წესრიგში ჰქონდათ, ჩვეულებრივ იღებდნენ ბინადრობის უფლებას, გვიყვება ის. თუმცა 2012 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ეს პროცესი უცხოელებისთვის უფრო და უფრო გაართულა, ამბობს ანასტასიო. დღეს კი, როდესაც სააკაშვილის გუნდი ოპოზიციაშია, მათ არ სურთ, რომ უცხოელების ბინადრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყურადღება გაამახვილონ, რადგან იაზრებენ, რომ ანტი-მუსულმანური მოძრაობა ძალას იკრებს, გვიხსნის ადვოკატი.

სტატია გამოქვეყნდა ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტის (OCCRP) ვებ-გვერდზე

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის
stadioni

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share