fbpx
temur gersamia 350x350 1

პანამის დოკუმენტები: ფულის გათეთრება და ქართველები

ვლადიმერ გერსამიამ დიდ ბრიტანეთში უკანონოდ მოპოვებული 160 მილიონი დოლარის გასათეთრებლად საქართველოში მყოფი ნათესავების კომპანიები და საბანკო ანგარიშები გამოიყენა.

გერსამიამ თანხის ნაწილი რამდენიმე ნათესავის ანგარიშზე ოფშორულ კომპანიებს შორის გაფორმებული ყალბი ხელშეკრულებების საფუძველზე გადარიცხა. “იღბლიანი” ნათესავების სიაში მოხვდნენ:

მამა – თეიმურაზ გერსამია (შპს “Bexerton”)
ბიძაშვილი – მიხეილ მგალობლიშვილი (შპს “Moil Petroleum”)
დედა – ნინო ცინცაძე (შპს “Tremlett International”)
ბაბუა – თამაზ ცინცაძე
დის ქმარი – მამუკა დოლიძე (შპს “Belux”)

ვლადიმერ გერსამია დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად 15 წლის ასაკში წავიდა. 18 წლის ასაკში ბრისტოლის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და მას შემდეგ ინგლისში ცხოვრობს.

გერსამიას ბრიტანული სასამართლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის უკანონოდ მითვისებას ედავებოდა.

დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, 2010 წელს გერსამიამ კომპანია Threadneedle Asset Management-ის ლონდონის ოფისში დაიწყო მუშაობა და 2011 წელს ამ კომპანიის სახელის გამოყენებით ხუთ თანამზრახველთან ერთად თაღლითური გზით 160 მილიონი აშშ დოლარი მოიპოვა.

გერსამიას თანამზრახველები (მათ შორის რუსი, უკრაინელი და გერმანელი) იმ დროს Otkritie Group-ში მუშაობდნენ. ჰოლდინგი 2004 წელს რუსეთში შეიქმნა და ხუთ კომპანიას აერთიანებს, მათ შორის- ბანკ Otkritie-საც. Otkritie Group ძირითადად აქციებით ვაჭრობს და საბროკერო საქმიანობას ეწევა. სწორედ ეს მიმართულება მიიჩნიეს გერსამიამ და მისმა მოკავშირეებმა ფინანსური მაქინაციისთვის ხელსაყრელად.

მათ 2011 წლის დასაწყისში 213 მილიონ არგენტინულ პესოდ (რაც იმდროინდელი კურსით 53 მილიონ დოლარს შეადგენდა) ერთ-ერთი არგენტინული კომპანიის ობლიგაციები შეისყიდეს. მაგრამ Otrkritie Group-ის მესვეურებს უთხრეს, რომ ობლიგაციებში 213 მილიონი არგენტინული პესო კი არა, 213 მილიონი დოლარი გადაიხადეს. თანაც დაპირდნენ, რომ Threadneedle Asset Management, სადაც გერსამია იმ დროს მუშაობდა, ამ აქციებს უფრო მაღალ ფასად შეისყიდიდა. ამ გზით ჯგუფმა 160 მილიონი დოლარი მოიპოვა და მოგვიანებით მის გათეთრებას შეეცადა.

როგორ მუშაობდა ფულის გათეთრების სქემა?

თავიდან, 2011 წლის მარტში ვლადიმერ გერსამიამ ყალბი სესხის ხელშეკრულება დის ქმრის, მამუკა დოლიძის საკუთრებაში არსებულ შპს “ბელუქსთან” გააფორმა, რომელიც ჰონკ-კონგშია რეგისტრირებული. ხელშეკრულების თანახმად, შპს “ბელუქსმა” 10 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, თუმცა რეალურად მხოლოდ ნახევარი მილიონი სჭირდებოდა, ვკითხულობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ამიტომ დანარჩენი თანხა მამა-შვილი გერსამიების ოფშორულ ანგარიშებზე გადარიცხა. მოგვიანებით დოლიძემ ბრიტანულ და ქართულ სასამართლოებს განუცხადა, რომ ამ ფულის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ორივე სასამართლომ მისი სიტყვები დამაჯერებლად მიიჩნია.

მამუკა დოლიძე საქართველოში რეგისტრირებული შპს “ბელუქსის” 50% წილის მფლობელიცაა. კომპანიას თბილისში, დიღომში მდებარე ავეჯის მაღაზია “ბელუქსი” ეკუთვნის. თუმცა კომპანიის დირექტორი, ლევან ჭყოიძე ამბობს, რომ ამ ორ კომპანიას საერთო არაფერი ჰქონდა არც 2011 წელს, როცა დანაშაული მოხდა, და არც ახლა. თუმცა, ბრიტანული სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, დოლიძეს ეს სესხი საქართველოში ავეჯის მაღაზიის ასაშენებლად სჭირდებოდა, მაგრამ რადგან მშენებლობის ნებართვა ჯერ არ ჰქონდა, იმ ეტაპზე მისთვის ნახევარი მილიონი დოლარიც საკმარისი იყო საქართველოში ავეჯის იმპორტისთვის. მამუკა დოლიძემ კი ამ თემაზე ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავა.

სქემის შემდეგი მონაწილეა ვლადიმერის მამა, პროფესიით ექიმი თეიმურაზ გერსამია. იგი შევარდნაძის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის მოდგილის თანამდებობას იკავებდა. 65 წლის თეიმურაზ გერსამია 2010 წლიდან ჰოლანდიური ფარმაცევტული კომპანიის რეგიონული დირექტორია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

საერთო ჯამში, თეიმურაზ გერსამიას ანგარიშებზე თაღლითურად მოპოვებული 2,6 მლნ დოლარი ჩაირიცხა. შპს “ბელუქსისგან” მან 2.6 მლნ დოლარი მიიღო; ვლადიმერ გერსამიას საკუთრებაში მყოფი ოფშორული კომპანიის “Tamplewood Capital Partners”-დან კი მას “ლიბერთი ბანკში” გახსნილ ანგარიშზე 1 მლნ დოლარი ჩაერიცხა.

საბოლოოდ კი, ბრიტანულმა სასამართლომ თეიმურაზ გერსამიას 2,75 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა, რომელშიც მოპარული და საკომპენსაციო თანხები შედიოდა.

ვლადიმერ გერსამიას არც ბიძაშვილი, მიხეილ მგალობლიშვილი დავიწყებია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძლების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს “Moil Petroleum”-ს ფლობს. სწორედ ამ კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა 250 000 ფუნტი სტერლინგი ვლადიმერ გერსამიას დედის ოფშორული კომპანია “Tremlett International LTD”-სგან 2012 წლის იანვარში. იმავე წლის აგვისტოში კი “Moil Petroleum”-ს Hogan Lovells-ისგან, საერთაშორისო იურიდიული კომპანიისგან ამ თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა მიუვიდა.

“Tremlett International LTD”-სთვის (დედის, ნინო ცინცაძის სახელზე არსებული კომპანია) გადარიცხული 1.5 მლნ დოლარი ვლადიმერმა ისევ თავისი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, ვკითხულობთ ბრიტანული სასამართლოს მასალებში. 2011 წლის დეკემბერში, ვიდრე ამ საქმის გამოძიება დაიწყებოდა, გერსამიამ 72 000 დოლარი მხოლოდ მოგზაურობისა და დასვენებისთვის დახარჯა , 34 000 დოლარი- საყიდლებსა და ფუფუნების საგნებზე, 105 000 დოლარი- რესტორნებში, ღამის კლულებებსა და ბორდელებში. გერსამიამ სარდინიის კუნძულზე ერთ ღამეში კლუბში 27 000 ევრო დახარჯა, ამ თანხაში შედიოდა ლამბორჯინისა და მაზერატის მარკის ავტომანქანების დაქირავება. სულ მცირე 30 000 დოლარი დაუჯდა გერსამიას მოსკოვში ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობა.

ეს ინფორმაცია “პანამის დოკუმენტებში” ვიპოვეთ. მასალები გერმანულ გაზეთს, Süddeutsche Zeitung -ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. გაზეთმა ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა, რომელმაც ის ხელმისაწვდომი გახადა 110-ზე მეტი მედიასაშუალებისთვის 82 ქვეყნიდან, მათ შორის- პროექტისთვის “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევა.”

უკანონოდ მოპოვებული მილიონების გათეთრების სქემა, რომელშიც გერსამიას ნათესავები მონაწილეობდნენ ვიზუალურად ასე გამოიყურება:

ბრიტანულმა სასამართლომ ამ საქმეზე განაჩენი 2014 წლის 10 თებერვალს გამოიტანა, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ გერსამიას 157,8 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა, რომელიც შეიცავს მოპარული თანხის ნაწილსა და საკომპენსაციო თანხას.

საქართველოს მთავრობამ ბრიტანელი კოლეგებისგან შეტყობინება ამ დანაშაულის შესახებ 2013 წელს მიიღო და გერსამიების უძრავ-მოძრავ ქონებას ლონდონსა და თბილისში, მათ წილებს კომპანიებში და ბანკის ანგარიშებს ყადაღა დაედო. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ამ საქმეზე 2015 წელს იმსჯელა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ თეიმურაზ გერსამიას რამდენიმე ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმის ზუსტი რაოდენობა სასამართლოდან მიღებულ განაჩენში დაშტრიხულია. ამ საკითხზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ ვერც პროკურატურისგან, რომლისგანაც მიღებულ წერილში წერია, რომ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას.

საქმეში მონაწილე პირები ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ.

თეიმურაზ გერსამიამ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ამ თემაზე არაფერს იტყვის, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ივანიშვილების ოჯახის სიცოცხლის დაზღვევიდან დაკარგული $500 მილიონი
bidzina

ივანიშვილების ოჯახის სიცოცხლის დაზღვევიდან დაკარგული $500 მილიონი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share