გორში სპორტის სასახლე მეოთხე წელია შენდება. დაიხარჯა 8.8 მილიონი ლარი. შენობა დაკეტილია და როდის გაიხსნება, არავინ იცის.
გაურკვეველი მომავლის მქონე შენობის გარე პერიმეტრის მოსაწყობად კი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 1.5 მილიონი ლარიც დახარჯა.
გორში სპორტის სასახლის საჭიროებაზე საუბარი 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის ოქტომბერში სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ შპს “სპორტმშენსერვისთან” ერთად კანადურ კომპანიას, “ბეჰლენ ინდასტრის” კონტრაქტიც გაუფორმა.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება 54 მილიონი დოლარი იყო. კანადურ კომპანიას, გორის გარდა, სპორტის სასახლეები უნდა აეშენებინა ბათუმსა და თელავში. რამდენიმე არსებული შენობა გაერემონტებინა ქუთაისსა და თბილისში და ახლებიც დაემატებინა.
კომპანიას პროექტების განსახორციელებლად, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, წინსწრებით ჩაერიცხა 11 მილიონი დოლარი. დანარჩენი კი შესრულებული სამუშაოების კვალდაკვალ უნდა მიეღო.
გორში სპორტის სასახლე 2017 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების თანახმად, კანადურ კომპანიას უნდა მოემზადებინა საპროექტო დოკუმენტაციაც, შემდეგ კი მშენებლობა დაეწყო.
სამუშაოების დაწყებიდანვე დაიწყო პრობლემებიც. სამჯერ შეიცვალა პროექტის დასრულების ვადა. კომპანიის თქმით, პირველად ხელი მათ გრუნტის წყლის არსებობამ შეუშალა. კომპანიას გრუნტის წყლის არსებობის შესახებ თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რადგან საპროექტო დოკუმენტაციაც თავად მოამზადეს.
2016 წლის დეკემბრიდან გორში სპორტის სასახლის მშენებლობის ხარისხს სამინისტროს კუთვნილი შპს “სპორტმშენსერვისი” ამოწმებდა. კომპანიის წარმომადგენელი, მამუკა ბახტაძე გვეუბნება, რომ გრუნტის წყლის არსებობის შესახებ არ სმენია. სხვა კითხვებზე არ გვპასუხობენ იმ მიზეზით, რომ კომპანიას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და მათი წინამორბედების საქმიანობის შესახებ ახლა ინფორმაციას ვერ გვაწვდიან.
გორში მშენებარე შენობა სპორტის 14 საერთაშორისო სახეობაზე უნდა იყოს გათვლილი. პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ევროპის სპორტული საზოგადოება ამ სასახლის მეშვეობით გაგვიცნობდა და რომ ეს საჩუქარია გორელი სპორტსმენებისთვის მათი წარმატებების აღსანიშნავად.
ამ სასახლის მშენებლობის ისტორიული მნიშვნელობის აღსანიშნავად, მაშინდელმა სპორტის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშილმა, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ და გორის მაშინდელმა მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა საძირკველში კაფსულაც კი ჩაუშვეს.
მშენებლობის მიმდინარეობისას მას ხშირად სტუმრობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თუ სპორტის სამინისტროს მაღალჩინოსნები. თან ყოველ ჯერზე მის მალე ამოქმედებასა და გახსნას აანონსებდნენ. 2018 წლის მარტში შიდა ქართლის გუბერნატორმა მშენებლობის დასრულებაც კი დაადასტურა, თუმცა, ეს ყველაფერი მშენებელმა კომპანიამ და შემდეგ მერიამაც უარყო. როგორც აღმოჩნდა “დასრულებულ” სპორტკომპლექსში ჯერ იატაკი და კომუნიკაციებიც კი არ იყო.
სამუშაოების 2 წლით გაჭიანურების შემდეგ სპორტის სამინისტრომ დარღვევებიც აღმოაჩინა. მიუხედავად უამრავი მნახველისა და მონიტორინგის ჯგუფისა, რომლებიც მშენებლობას ადგილზე აკვირდებოდნენ, მანამდე ვერავინ შეამჩნია, რომ მშენებლობის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა. 2019 წლის თებერვლის მოხსენებით ბარათში კი ვკითხულობთ, რომ შეუიარაღებელი თვალითაც უამრავი დარღვევა და შეუსრულებელი სამუშაოები გამოვლინდა, ექსპერტიზის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი გამოვლინდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა იატაკის მოწყობას ეხება. კონტრაქტით გათვალისწინებული ხის პარკეტის ნაცვლად, კანადური კომპანია “ბეჰლენი” ვინილის საფარის დაგებას აპირებდა. ვინილის იატაკი კი საერთაშორისო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. მასზე უბრალოდ ბურთით თამაშიც კი შეუძლებელია.
სპორტის სამინისტროს განცხადებით, კომპანია მათ მშენებლობის პროცესში დოკუმენტაციას და ანგარიშს არ აბარებდა. გარდა ამისა, სახელმწიფოს წარმომადგენლებს აშანტაჟებდნენ და სამუშაოებისთვის საჭირო თანხებს ამ გზით იღებდა. სწორედ შანტაჟის გამო ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო, ჩატარდებოდა თუ არა საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმის სპორტკომპლექსში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნატა გუჯაბიძე გვიყვება, რომ კომპანია ნამდვილად მანიპულირებდა საქართველოს საერთაშორისო ინტერესებით და აშანტაჟებდა მათ. “ბეჰლენ ინდასტრი” გვეუბნებოდა, რომ საერთოდ არ შეგიშვებთ ობიექტზეო. ამის უფლება არ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ თითქოს ისევ მუშაობდნენ და გვეუბნებოდნენ არ ვიცით, მოვასწრებთ თუ არაო. არ ჩაგატარებინებთო. ჩვენ საკუთრებაში არ გვიშვებდა და ეს ოლიმპიადა ჩაშლის პირას იყო. გარდა ამისა, როდესაც გავუუქმეთ ხელშეკრულება, ევროპაში შემავალ ყველა ფედერაციას მისწერეს წერილი, რომ შენობა გაუმართავიაო და არაა უსაფრთხოო.”
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კომპანიას დაგვიანებული სამუშაოების გამო ჯერ 1.3 მილიონიანი პირგასამტეხლო დააკისრა. 2019 წლის მარტში კი კონტრაქტი არაჯეროვნი და გაჭიანურებული სამუშაოების გამო შეუწყვიტა. ამის შემდეგ, სამინისტრომ ბანკიდან საგარანტიო თანხა, 548 ათასი დოლარი გამოითხოვა.
“ბეჰლენ ინდასთრი” სამუშაოების ვადის გაჭიანურებაში მთავრობას ადანაშაულებს და კონტრაქტის შეწყვეტას არ ეთანხმება. კომპანიის წარმომადგენელი, პროექტების მენეჯერი ნატალი ჩიკვილაძე პირველ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ ისინი 2 წლის განმავლობაში ცდილობდნენ ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება მიეღოთ, მაგრამ საქართველოს მთავრობას ამის კეთილი ნება არ გააჩნდა. ახლა კი დავის გაგრძელებას ლონდონის არბიტრაჟში აპირებენ, რადგან მათ არამხოლოდ ფინანსური, არამედ რეპუტაციული ზიანიც მიადგათ. ჩვენ ვეცადეთ კომპანიისგანაც მიგვეღო პასუხები, თუმცა, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. კომპანიამ არც ოფიციალურ წერილზე გვიპასუხა და არც კომპანიის ყოფილმა იურისტმა ისურვა ჩვენთან საუბარი.
სპორტის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნატა გუჯაბიძე კი ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველა ვადლებულება ზედმიწევნით შეასრულა: “ჩვენი მხრიდან არ ყოფილა თანხის დაგვიანება ან რაიმე პირობის არ შესრულება, პირიქით. ყველანაირი შესაძლებლობა მივეცით. მოგვწერდნენ, გადაგვიხადე ეს თანხა, ჩვენ ვეუბნებოდით როგორ გადაგიხადოთ, მოგვეცი დოკუმენტი, არ გვაძლევდნენ, თუმცა, მაინც ვურიცხავდით, აქეთ რომ არ მოედოთ შარი, არ გვირიცხავენო.”
2019 წლის დასაწყისში გორის მერია ამბობდა, რომ ახალი ტენდერი უკვე მზადდებოდა და მარტში სამუშაოები დასრულდებოდა. მათი გეგმის თანახმად, სპორტკომპლექსი უკვე გახსნილი უნდა იყოს. არადა, ტენდერი ჯერაც არ გამოცხადებულა. არც ექსპერტიზას დაუდგენია, რამდენად ხარისხიანია არსებული შენობა და რა სამუშაოებია დასასრულებელი.
ცნობისთვის, კანადური კომპანია “ბეჰლენის” მიერ აშენებული სხვა ობიექტებიც ვერ იწონებენ თავს. თელავის სპორტის სასახლეც, გორის სპორტკომპლექსივით, უფუნქციოდ დგას. მისი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ბათუმის სპორტის სასახლეც ექსპლუატაციაში ვერ შედის.
სტატია ქვეყნდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.