ავტორი: ანა რობაქიძე
“აი, ფაქტი” იმერეთის სოფლების გასაჭირზე ორი წელია გიყვებათ. პერიოდულად გვიკავშირდებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, გვაცნობენ მათ პრობლემებს და ადგილობრივ მთავრობებთან კომუნიკაციაში შეშველებას გვთხოვენ. ამჯერად, ტყიბულის სოფლებიდან მოგვმართეს.
ბუეთში, კისორეთში და გურნაში თავს უყურადღებოდ გრძნობენ. დაპირებების მიუხედავად, ზოგან სასმელი წყალი, გზა და ბუნებრივი აირი არ აქვთ, ზოგან კი ხიდი წყალმა წაართვათ და ახალს არ უშენებენ. ჩვენ სამივე სოფელში ჩავედით, მოუვლელი ინფრასტრუქტურა საკუთარი თვალით ვნახეთ და იქაურ ხელისუფლებასთან მოვიკითხეთ, რას აპირებენ.
სოფელი ბუეთი ხიდის გარეშე
ბუეთი ქალაქ ტყიბულიდან 16 კილომეტრში მდებარეობს. შარშან ზაფხულში სოფლის ერთადერთი ხიდი ადიდებულმა წყალწითელამ წაიღო. “ბონდის ხიდი” საფეხმავლო იყო, აი ისეთი, ბეწვის ხიდს რომ ეძახიან. ახლა კი მისი ბაგირები გაწყვეტილია, ფიცრები კი ჩავარდნილი.
სოფელში 30-მდე მოსახლეა. მათთვის ეს ხიდი იყო ერთადერთი საშუალება, მდინარის მეორე მხარეს მოსახვედრად. მის გარეშე მეზობელი სოფლის, ხრესილის გავლა მოუწევთ. გაღმა ნაპირას საქონლები საძოვრად მიდიან, მის მოსაყვანად კი მდინარეს რეზინის ბოტებით გადალახავენ ხოლმე. ისიც მხოლოდ მაშინ, როცა კარგი ამინდია და წყლის დონე დაკლებულია.
“ეს ხიდი მე-12 საუკუნის მთავარანგელოზის ეკლესიასთან გვაკავშირებდა. მიცვალებულები იქით გვყავს. ყანები გვაქვს იქეთ და ადამიანი ცხოვრობს. ძალიან გაჭირვებულად ვართ, არავინ გვაქცევს ყურადღებას. ჩვენი ძალებით ვიზამდით მარა ფული არ გვაქ და…” – გვითხრა სოფლის მკვიდრმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.
“ეს ხიდი აუცილებელია, მეორე ნაპირზე ქალბატონია მარტო სახლში. რომ მოდიდდება წყალი, ადის ჩვენს ძველ სოფელში, გორაზე გადმოდის, გზას უვლის და მიდის მერე ქუთაისში, რომ საჭმელი იყიდოს,” – გვითხრა ბუეთელმა დავით ვარდოსანიძემ.
მერიაში ამ პრობლემაზე კარგად უნდა იცოდნენ, აქაურებმა ადგილობრივ მთავრობაში ხიდის პრობლემის მოსაგვარებლად წერილი რამდენიმეჯერ გაგზავნეს.
სოფელში ტყიბულის მერის წარმომადგენელს უჩა გაბრიაძეს ვკითხეთ, როდის მიაქცევენ ყურადღებას წყალწაღებულ ხიდს? გვიპასუხა, ტენდერი დღე-დღეზე გამოცხადდებაო. ეს საუბარი ორი კვირის წინ გვქონდა. სოფლის ხიდის შესაკეთებლად სახელმწიფო შესყიდვა კი ახლაც არაა გამოცხადებული. საინტერესოა, როგორ ესმით ტყიბულში სიტყვის “დღე-დღეზე” მნიშვნელობა.
მერის წარმომადგენელს მისი ნათქვამი 6 თებერვალს რომ შევახსენეთ, გვითხრა, “ასე უცებ არ ხდება, ყველაფერს თავისი ვადები აქვსო.”
რა პრობლემები აქვთ გურნაში?
“ადამიანს საჭმელი შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ წყალი აუცილებელია,” – გვითხრა 70 წლის ამირან ცირეკიძემ სოფელ გურნადან. აქ სასმელ წყალსაც ითხოვენ, ბუნებრივ აირსაც და გარე განათებებსაც. წლებია, ადგილობრივი მთავრობისგან ესმით, რომ პრობლემები მოუგვარდებათ. თუმცა, დრო გადის და სოფლისთვის არაფერი იცვლება.
ყველაზე მეტად, მაინც წყალზე შემოგვჩივლეს. გურნის მარანში ასეც გვეხუმრნენ – ღვინოს კი დაგალევინებთ, ოღონდ, წყალი არ გვაქვსო.
უწყლობა განსაკუთრებით აწუხებთ ზაფხულში, როცა წყაროები შრება და საკმარისი არ არის. სოფელში გვითხრეს, რომ ექვსი წყარო აქვთ, თითოს კი 10-15 ოჯახი იყენებს. 2014 წლის აღწერით სოფელში 419 მოსახლე იყო, ახლა კი ეს რაოდენობა განახევრებულია.
“ოღონდ აქამდე მოვიდეს წყალი და სახლებამდე ჩვენი ხარჯებით შევიყვანთ. თუ ვინმე ჩაუდგება სათავეში ამას, ინვესტორს შევუმსუბუქებთ ხარჯს და მორიგეობით ვიმუშავებთ 10-10 კაცი, ორგანიზებას გავუკეთებთ, ჩვენ თვითონ ვიქნებით მუშახელი,” – თქვა გურნის მკვიდრმა ალეკო გაბადაძემ.
საბავშვო ბაღის ეზოში გვითხრეს, ძალიან გაჭირვებაში ვართ, წყალს ავზებში ვიმარაგებთ ხოლმე, თუკი დაგვეხმარებით, კარგს იზამთო.
როგორც გვჩვევია, აქაურ მთავრობას დავუკავშირდით, რომ გაგვეგო, რისი იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს, როდის ეღირსებათ წყალი, განათება და ბუნებრივ აირზე გათბობა.
ტყიბულის მერის წარმომადგენელმა გიორგი ჩივაძემ გვითხრა, წყლის შეყვანა საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და მხოლოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდებაო. კონკრეტულს ვერაფერს დაგვპირდა გაზსა და განათებებზეც. 9 თებერვალს არის ჩანიშნული სოფლის კრება და თუ განათებებს მოგვთხოვენ, მივხედავთო.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს რეგიონის პრობლემების გაშუქება, გახდით ჩვენი სპონსორი
რა აწუხებთ კისორეთში?
დალხენილად ვერ არიან ვერც გურნას მეზობლად, კისორეთში. იმერეთის ბევრი სოფლის მსგავსად აქაც წყალს და გზას ნატრობენ. ახლა სასმელ წყალს სოფლის ჭებიდან ეზიდებიან, რომელსაც ცუდი გემო აქვს. თუმცა, ზაფხულში ესეც შრება
“არანაირი პირობა არაა, ელემენტარულად, ხომ უნდა დასუფთავდე, ხელი დაიბანო, საჭმლის წყალი გინდა…ახლა წვიმები არის და იქნება წყალი და ზაფხულში იგიც არაა,”- გვითხრა ანა მუშკუდიანი.
სოფელში რომ მივდიოდით, ბეტონის-საფარიანი გზა გურნაში შეწყდა. დასახლებულ პუნქტამდე მისაღწევად მოუხრეშავ, ორმოებით სავსე გზაზე ვიარეთ. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი რომ არა, მგზავრობას ვერც გავაგრძელებდით.
“ჩვენისთანა გაძაღლებული სოფელი არ ვიცი, თუ არის კიდე სადმე. გზა არაა, მაღაზია ჩვენ არა გვაქვს. ხალხი ვერ მიდი-მოდის, კაციშვილი ჩვენკენ არ იხედება,” – გვეუბნება ირა ლომთაძე კისორეთიდან.
აშკარაა, რომ პირობების არქონის გამო სოფელი თანდათან იცლება. სოფელში 13 ოჯახია დარჩენილი. ცუდი გზის გამო დროულად ვერ მოდის სასწრაფოც.
“[ოჯახის წევრი] გაგვიხდა ცუდად, ჩვენით იმასვქენით, უკვე გამოსული იყო მდგომარეობიდან და რამდენი ხნის მერე მოვიდა სასწრაფო,”- ამბობს ადგილობრივი ანა მუშკუდიანი.
შეხვედრაზე ყველაზე ხნიერი შაქრო ზოსიაშვილი იყო. იგი შემაღლებულ ადგილას მარტო ცხოვრობს, ახლო-მახლო მეზობელი არ ჰყავს. ის არც ბეტონის გზას ითხოვს და არც ხრეშიანს. უნდა, რომ კიდეებზე ტრაქტორით ზედმეტი მიწა ჩამოუჭრან და გაუადვილდეს სახლამდე ასვლა.
“აქანე წყალი არ არის, გზა არ არის, მაღაზია არ არის, ავტობუსი არ არის. ხალხი რანაირად იქნება, თუ არაფერი გააკეთე? 82 წლის კაცი ვარ, გზაზე რომ სასწრაფო ვერ ავა, რაფერ იცხოვროს ადამიანმა 21-ე საუკუნეში ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი?”
მერის წარმომადგენელმა გვითხრა, 9 თებერვალს სოფლის კრება გვაქვს ჩანიშნული და გზის დაპროექტებასაც ვგეგმავთ, მთავარი გზიდან სოფლის ცენტრამდეო.
მსგავსი დამაიმედებელი განცხადებები ტყიბულის სამივე სოფელში მოუსმენიათ. პერიოდულად, იმედი ჩაესახებოდათ, მაგრამ სულ ტყუილად, სიტყვას რეალური ქმედება არ მოჰყვებოდა ხოლმე.
ამჯერად, “აი, ფაქტის” ჟურნალისტები დააკვირდებიან, მოიქცევა თუ არა პირნათლად ადგილობრივი მთავრობა. დანაპირები თუ მიავიწყდებათ, ჩვენც მაგისთვის ვართ, რომ შევახსენოთ.